გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს, 64 წლის მამაკაცს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ის ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი საცხოვრებელი სახლის საკითხს მოჰყვა. კერძოდ, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, სახლი ძველ მეპატრონეს ერთ თვეში უნდა დაეცალა, მაგრამ ახალმა მეპატრონემ სახლის დაცლა მოულოდნელად ორ კვირაში მოითხოვა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.