საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID-ის ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება, დღეში 500-მდე – პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, _ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ ყველაზე გავრცელებულ შტამად რჩება.
როგორც ცერცვაძე ამბობს, ზოგიერთ ქვეყანაში COVID-ის ახალი შტამი – „ორტრუსი“ გამოვლინდა, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ შტამით ინფიცირების შემთხვევა საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.
„ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ძირითადად სტაბილურია, ხოლო COVID გარდაცვალების შემთხვევები მცირედით გაიზარდა. ა.წ. 27 იანვარს ჯანმო-მ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება SARS-CoV-2-ის ვარიანტებს და სუბვარიანტებს, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ შტამად. გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი. ეს შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მათი რაოდენობა იზრდება. ითვლება, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ყველაზე მეტი გადამდებლობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება. თუმცა ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად. რიგ ქვეყნებში ფიქსირდება COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება, მაგალითად, იაპონიაში ა.წ. 2 თებერვალს COVID-ით 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ის მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში დღეში საშუალოდ 500-მდე COVID გარდაცვალება ფიქსირდებოდა.
ვარაუდობენ, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა სტანდარტული ვაქცინის მიმართ. ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინები კი ამ სუბვარიანტისგანაც იცავს, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.
ბოლო პერიოდში ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა – CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს. ეს სუბვარიანტი პირველად გამოვლინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამჟამად ძირითადად გავრცელებულია ახალ ზელანდიაში (40%-მდე) და უფრო ნაკლებად დიდ ბრიტანეთში (10%-მდე), აშშ-ში CH.1.1 სუბვარიანტის გავრცელება 1.5%-ია. ამ სუბვარიანტმა ძირითადად ყურადღება მიიქცია იმით, რომ შეიცავს L45R მუტაციას, რომელიც თავის დროზე ნანახი იყო „დელტა“ შტამში. მართალია, ითვლება, რომ CH.1.1 მაინც „ომიკრონის“ სუბვარიანტია და არ წარმოადგენს „ომიკრონის“ და „დელტა“ შტამის რეკომბინანტს – ასე ვთქვათ „Deltacron”-ს, მაგრამ ვინაიდან ის შეიცავს დელტა შტამისთვის დამახასიათებელ ერთ მუტაციას (L45R), ყურადღებით აკვირდებიან ხომ არ იწვევს ის უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა სუბვარიანტები.
ჩინეთში, სხვადასხვა წყაროებით, კვლავ ძალიან მაღალია COVID ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ოფიციალურად ზუსტი მონაცემები უცნობია.
საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მცირე (დღეში 500-მდე), COVID ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების (300-მდე) და დადებითობის მაჩვენებლის (6-7%-მდე) მატება. თუმცა COVID გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“,_ აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძე რეკომენდაციებსაც გასცემს და აცხადებს, რომ COVID-ის შემთხვევების მატების ტენდენცია მეტ სიფხიზლეს და პრევენციული ზომების გაძლიერებას მოითხოვს. ის მოსახლეობას რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე COVID ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
„სადღეისოდ COVID საქართველოში კვლავ იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, მაგრამ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და საქართველოში არსებული COVID შემთხვევების მატების ტენდენცია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისგან და მოსახლეობისგან მოითხოვს მეტ სიფხიზლეს და პრევენციული ზომების გაძლიერებას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში.
ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: “პაქსლოვიდი” ან “რემდესივირი”, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას. ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვევაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ “პაქსლოვიდის” ან “რემდესივირის” გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
რაც შეეხება სხვა რესპირაციულ ინფექციებს, ცერცვაძის თქმით, „მათი სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს შეესაბამება“.
„რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები.
კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება თვითდამშვიდებას მივეცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე“,_ აცხადებს თენგიზ ცე.რცვაძე.
ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 73დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 70ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 68"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 66ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 66საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…