ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან

2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან უპატრონოდ, დიდი არჩევანის წინაშე, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მყავდა ოჯახი, მშობლები, ოთხი შვილი და არა სამსახური, შემოსავალი ნული. რაღაცა უნდა გამეკეთებინა, ჩავთვალე, რომ ყველაზე მარტივი იყო სოფლის მეურნეობა, რატომ? იმიტომ რომ მიწა მქონდა…“ 

ლევან ჩხაიძე – კომპანია „მოცვის წარმოების პარტნიორი“ ერთერთი დამფუძნებელი

“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი”

ლადო მენაბდე-გურიის მოამბე

დღეისათვის ოზურგეთში დაფუძნებული  კომპანია – „მოცვის წარმოების პარტნიორი“, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ქვეყნის, ხუთ უმსხვილეს სანერგე მეურნეობაში შედის და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა. ოზურგეთიდან რამდენიმე ათასი მოცვის ნერგი, თურქულმა კომპანიებმა შეიძინეს. კიდევ ვაპირებთ,  ჩვენი პროდუქციის ექსპორტს სხვა ქვეყნებშიც.

ლევან ჩხაიძე – წლების განმავლობაში – წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“, ასევე, წარმატებული თანამშრომელი და სამოქალაქო აქტივისტი იყო.

„2011 წელს წამოვედი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რადგან მივიღე შემოთავაზება „პრივატბანკის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე, რასაც დავთანხმდი და 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად. ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში. ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან უპატრონოდ, დიდი არჩევანის წინაშე, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მყავდა ოჯახი, მშობლები, ოთხი შვილი და ….

არა სამსახური, შემოსავალი ნული. რაღაცა უნდა გამეკეთებინა, ჩავთვალე, რომ ყველაზე მარტივი იყო სოფლის მეურნეობა, რატომ? იმიტომ რომ მიწა მქონდა ერთი ჰექტარი“. ასე იწყებს ჩვენი რუბრიკის ფარგლებში „გურიის მოამბესთან“ საუბარს, ოზურგეში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფერმერი, ლევან ჩხაიძე.

ჩვენ მას ზუსტად იმ დღეს შევხვდით და ვესაუბრეთ, როცა ოზურგეთული კომპანია “მოცვის წარმოების პარტნიორი“, გახდა პირველი ქართული სანერგე მეურნეობა, რომელმაც თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, ამ დღეებში, მათი კუთვნილი ლურჯი მოცვის 15 ათასი ნერგი, ერთ-ერთმა თურქულმა კომპანიამ შეიძინა

 

 

„დავიწყე ინფორმაციების მოძიება, გავეცანი პროგრამას „დანერგე მომავალი“, რომელიც ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.  ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური პროგრამაა, სახელმწიფო გაძლევს ფულს, გჩუქნის, ოღონდ შენ რაიმე,  სოფლის მეურნეობის კუთხით გააკეთე. პროგრამა ბევრ რამეს გულისხმობს, მაგალითად შეგიძლია ამ პროგრამის ფარგლებში გააშენო ჩაი, ლურჯი მოცვის პლანტაცია, ხილი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი, დაფნა და სხვა უამრავი რამ. რახან ახალი თემა იყო, მე დავინტერესდი ლურჯი მოცვით და გადავწყვიტე მისი გამოყვანის თემის მიმართულებით წავსულიყავი. 2015 წლიდან დავიწყე ამ თემაზე მუშაობა, ბევრი შრომა დაგვჭირდა, რადგან ვიწყებდით ნულიდან, ოჯახში მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობდა და იმის ხარჯზე ვიყავით ყველა დანარჩენი. ეს პროგრამა „დანერგე მომავალი“ უმარტივესი თემაა, პირდაპირ საკუთარი სახლიდან, კომპიუტერიდან შეგიძლია გააკეთო განაცხადი, არ ჭირდება განაცხადს ბიზნეს გეგმა, მთავარია  გქონდეს დარეგისტრირებული მიწა, ძალიან მარტივი შესავსები ფორმაა, მას თან დაურთავ საკადასტრო კოდს, რომ ეს მიწა შენია, გასცემ შეკითხვებს პასუხს, რაც შეეხება თანხას, მაქსიმალური თანხა-ერთ ჰექტარზე 15 ათასი ლარია. ვენახი ძალიან საინტერესო თემაა, მევენახეობა პერსპექტიული დარგია, ასევე მეხილეობა, მაგალითად, ბალი, რომლის ფასიც ბაზარზე კარგია და მოთხოვნადიც არის. ერთი კილოგრამი ჩხავერის ფასი ბაზარზე 6 ლარია“

შრომა სჭირდება, მაგრამ შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან. მივმართე „დანერგე მომავალს“ – დავიწყე ლურჯი მოცვის მოშენება, შემდეგ მოვიდნენ ადამიანები, ჩემი წარმოებული ნერგების ყიდვა შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, გავყიდე. შემდეგ მეორემ იყიდა, მესამემ და მივხვდი რომ ნერგების წარმოება და გაყიდვა უფრო მომგებიანი და მიმზიდველი იქნებოდა და დავიწყე ნერგების წარმოება. პარალელურად ვაგრძელებდი ჩემი მოცვის ფართობის გაშენებას. თავიდან ყველაფერი ნელი ტემპებით მიდიოდა, პირველი ორი წელი ფული არ ამომიღია, რაც შემოდიოდა ყველაფერს წარმოებაში ვდებდი, სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესო თემაა, აქ არ უნდა იჩქარო, თუმცა დაგვიანებაც არასასურველია.

„მოვლენები ისე წარმატებით განვითარდა რომ, ჩემს მეგობარ და თანამოაზრე, ლაშა ღლონტთან ერთად, ჩამოვაყალიბე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მოცვის წარმოების პარტნიორი“ – დღეისათვის, ახლა, ამ წუთში 350 ათასი მოცვის ნერგი გვაქვს გასაყიდად გამზადებული, ყოველწლიურად დაახლოებით 200 ათას ნერგს ვყიდით. უკვე  ვფლობთ 2 300 კვადრატული მეტრის სათბურს, გვაქვს ორჰექტარ ნახევარი მიწა. დამატებით ნახევარი ჰექტარი სადემონსტრაციო ნაკვეთი. სადაც გვაქვს მოცვის სხვადასხვა ჯიშები. როცა ადამიანი მოდის ვანახვებთ ყველა ჯიშს, რომელიც მოეწონება და თუ გადაწყვეტს შეიძინოს, ვასწავლით ყველა პროცედურას, რაც აუცილებელია ნერგისთვის, მის დარგვას, მოვლა პატრონობას, როგორია ნაყოფი, რამხელას იზრდება. ასევე  სადემონსტრაციო ნაკვეთში თვითონვე ნახულობს, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ანუ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულადაც ვასწავლით და გამოცდილებასაც ღებულობს, სხვადასხვა ჯიშები სხვადასხვანაირად იზრდება, სხვადასხვანაირად ისხამს, მოსავალიც სხვადასხვა დროსაა და ასე შემდეგ. დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო პროგრამებთანაც ვაკავშირებთ, რაც, როგორც ზემოთ ვთქვი, არცთუისე რთულია.

– ამ სახელმწიფო პროგრამების წარმომადგენლობა ოზურგეთშია?

– კი, ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა დაინტერესებულ პირს ვურჩევდი ამ სახელმწიფო პროგრამების წარმომადგენლებთან ურთიერთობას ოზურგეთში, ქალბატონი თეა კუპრაძე ხელმძღვანელობს, ის ძალიან კარგი და კვალიფიციური კადრია, ყველას ძალიან ეხმარება და ბევრ რამეს აკეთებს ჩვენს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მეწარმეებისათვის.

თავისთავად ჩვენი ბიზნესიც ქალბატონ თეასთან ურთიერთობით დაიწყო და მან დაგვაკვალიანა, გვასწავლა რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა.

არის ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ, თუმცა ჩვენ მათთან ურთიერთობა არ გვქონია და ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ამ ეტაპზე მსგავს დახმარებას ჩვენ არ ვსაჭიროებთ. სახელმწიფოს ისეთი კარგი პროგრამები აქვს, რომ დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ეტაპზე არ გჭირდება, აი როცა განვითარდები და შემდგომ ეტაპზე გინდა გადასვლა, მაშინ შესაძლებელია.

-სხვა პარტნიორებზეც რომ გვითხრათ

– ქვეყნის ფარგლებს გარეთ პარტნიორების შეძენა მოსდევს საქმიანობას, სწორედ ამ საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავი პარტნიორი შევიძინეთ იტალიაში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, საბერძნეთში. მაგალითად, არიან ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებსაც არ სურთ საქართველოში გამოყვანილი ნერგებით დაიწყონ პლანტაციების გაშენება, ასეთებისათვის ჩვენ ამ ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს ნერგები.

გარდა ინფორმაციისა და ნერგების მოწოდებისა, ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან ჩვენ ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების მიღებაში, განსაკუთრებით ჩვენი იტალიელი პარტნიორები. ჩვენ კი ვიცოდით რაღაც დონეზე, მაგრამ, იმათ ცოდნასა და გამოცდილებას წლების შრომა და განვითარებისაკენ სწრაფვა ეფუძნება, ჩვენ, ჩვენის მხრივ, ჩვენი პარტნიორებისგან მიღებულ ცოდნას, ჩვენს კლიენტებს გადავცემთ. 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში ვართ და სიახლეები ყოველდღიურია, თუ ჩამორჩი განვითარებას, შემდეგ პრობლემები იქმნება ბიზნესში. მაგალითისათვის, ჩვენს კომპანიაში იტალიელი პარტნიორები წლის განმავლობაში, მინიმუმ, სამჯერ ჩამოდიან. ჩვენ. საქართველოში, დღიდან მუშაობის დაწყებისა, სხვადასხვა კომნანიებისათვის შეკვეთით, შესაბამისი ანაზღაურებით, გაშენებული გვაქვს 700  ჰექტარზე მეტი პლანტაცია.

-დასაქმებულებზეც რომ გვითხრათ?

20-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 000 ლარია, კომპანიის წლიური ბრუნვა კი რამდენიმე მილიონს გადასცდა, ეს მაჩვენებელი წლებია სტაბილურია.

ლევანი, თქვენ 2015 წელს აღმოჩნდით სიტუაციაში, რომ დარჩით უმუშევარი, ფიქრობდით ემიგრაციაში წასვლაზე. რას ურჩევდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იგივე სიტუაციაში არიან, როგორშიც თქვენ 8 წლის წინ?

-არ დანებდნენ, მოიკრიბონ ენერგია და ძალა, რომ შექმნან საკუთარი წარმოება, ნახევარი ჰექტარი თუ ერთი არა, მგონი ყველა მოსახლეს აქვს სოფლად, ყველას შეუძლია მოიყვანოს სოფლის მეურნეობის კულტურები. სულ მარტივად რომ ავიღოთ, ყველაზე მოთხოვნადი ხომ კვების პროდუქტებია, ამ სფეროში მარტივია რომელიმე კულტურის, თუნდაც ბოსტნეულის მოყვანა. რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება მუშაობა. კარგი, პომიდორსა და კიტრს პრობლემა აქვს და ორგანული სასუქები სჭირდება, აი, სალათის ფურცელი ხომ წელიწადში ხუთჯერ მოდის. და ნახეთ, რა კარგი ფასი აქვს. თუ გინდ, სიმინდი იყოს, მშვენიერი ფასი აქვს. პირველ რიგში, გვჭირდება ინფორმირებულობა, შემდეგ ცოდნა და განათლება და რაც მთავარია, შრომა! ყველაფერ ამისათვის კი მზაობაა საჭირო. დამიჯერეთ, რომ მთავარია დაწყება, შემდეგ უკვე ამას ვეღარ მოშორდებით, როცა შენი პროდუქცია იზრდება, კლიენტი კმაყოფილია და ეს შენს შემოსავალზეც აისახება, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დროს კერძო საკუთრებისადმი დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა არა მარტო ეკონომიკას, არამედ ჩვენს მენტალობასაც, ქართველები ხომ „გეორგიანელები“ ვართ, როგორ შეიძლება ვინმემ სიზარმაცეზე ისაუბროს?  ანუ იმის თქმა მინდა, რომ პირველ რიგში აუცილებელია შრომისმოყვარეობა, ჩვენი წინაპრები ხომ ამით, შრომით, გამოირჩეოდნენ და განსაკუთრებული დამოკიდებულებით მიწასთან. რომ დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირს, ყველაფერი ის, რაც ახლა ჩვენ გვინდა დავიწყოთ და განვავითაროთ, აკრძალული იყო ათეული წლები და ჩვენი მშობლების და წინა თაობები, მოკლებულნი იყვნენ ამ შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე ეს ხელოვნური წყვეტა ჩვენს წარსულთან მუხლჩაუხრელი შრომით უნდა აღმოვფხვრათ. ჩვენ კავშირი დავკარგეთ ჩვენს ბებიებთან და ბაბუებთან, რომლებსაც ეს ყველაფერი გენეტიკურ კოდში ჰქონდათ. სწორედ ეს კავშირი უნდა აღვადგინოთ და დავუბრუნდეთ ჩვენს ტრადიციებს, რომელიც ჩრდილოელმა მეზობელმა წაგვართვა.

 

 

წარმატებული ფერმერები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკა – „სოფლის ცხოვრება“ – დავიწყეთ

უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.

სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.

ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.

ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.

„გურიის მოამბე“ ‘ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“  – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.

“ალიონისა” და “გურიის მოამბეს” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის “ბახვი ჰესს” – ასევე ყველა იმ წარმატებულ ფერმერს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლებენ.

მსგავსი სტატიები

  • 93
    გურიას და გურულებს მალე მსოფლიო გაიცნობს ლევან კოღუაშვილი გურულებზე ფილმს იღებს40 წელს მიტანებული ქვრივი ზურიკო ყოფილ სიდედრთან და 16 წლის შვილთან ერთად გურიაში ცხოვრობს. მოჰყავს თხილი, პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხით კი თბილისში შვილის სასწავლებლად გაგზავნა სურს. ზურიკოს უახლოესი მეგობარი, „მარშუტკის“ მძღოლი გელა და ზურიკოს სიდედრი ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდი სასწავლებლად დედაქალაქში გადავა, ზურიკო მარტო დარჩება და მარტოსული სიბერეც…
  • 93
     თემურ შაშიაშვილი: საზოგადოება უნდა  გაერთიანდეს  სისტემური ცვლილებების, ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის ირგვლივდღეს, ქ. ოზურგეთში, მოქალაქეთა ერთ ჯგუფს შეხვდა პოლიტიკური პარტია „თეთრების“ დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი. რომლის ჩამოსვლის მიზანი მეცნიერებათა კონგრესის პროგრამის _მომავალი საქართველოსათვის გაცნობა იყო. თემურ შაშიაშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი არა ბელადებთან და მილიონერებთან, არამედ განათლებულ და ღირსების მქონე ხელისუფლებასთან, არა პარტიულ, არამედ პიროვნებათა, პროფესიონალთა ხელისუფლებასთან და მეცნიერულ პროგრამებთანაა დაკავშირებული. ამიტომ სთხოვს…
  • 93
    “ბავშთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენცია“  „ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენცია"“_  ეს არის  სახელწოდება პროექტისა, რომელსაც „კავშირი ქალთა ცენტრი” ძდექ-ის გურიის რეგიონული კომიტეტის ჩართულობით ახორციელებს. დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ პრობლემა აქტუალურია. ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალადობა მოქმედებს ბავშვის სხეულებრივ თუ სულიერ განვითარებაზე. მოძალადე გულისხმობს მსხვერპლს. მოძალადეცა და მსხვერპლიც…
  • 90
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში სავარაუდო ახალი ჰესების მშენებლობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია5 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში  კომპანია „ენერგი“-ს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის თემა „ბჟუჟჰესს“ ქვემოთ 2 მეგავატამდე სიმძლავრის „გომი ჰესის“ მშენებლობა იყო. აღნიშნულს არაერთგვანოვნად შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იმის შესახებაც, რომ „ბჟუჟჰესს“ ზემოთ  ე.წ. „ჟესტერის წყაროს“ მიდამოებიდან ტყეში გზა უკვე შეჰყავთ და როგორც გვითხრეს  რამდენიმე  კილომეტრი გზა…
  • 89
    კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ძმები თალაკვაძეები თბილისიდან არიან გამოგდებული_„ძმებმა თალაკვაძეებმა, თავიანთი მიზნის მისაღწევად, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 25 ოქტომბერს თავის ოფისში გამართულ…