საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს.

„6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.

პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება – ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა.

გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია, ხელი ეშლება პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების სწორი გზით განვითარებას, ხელი ეშლება, ამ უმძიმესი განსაცდელის დროს, უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას, რაც ლახავს ქართულ ტრადიციას, ხელი ეშლება ჩვენს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, ხელი ეშლება 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და მის შესრულებას, მაშასადამე ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ქვეყანა მძევალია ამ ერთი და ერთადერთი საკითხის. ამ დროს, ჩვენთვის ყველა სხვა გადამწყვეტი საკითხი, დღეს არც კი განიხილება საჯარო დონეზე. არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია – არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე და არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მის შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად.

გაჩნდა ჩვენ შესახებ – ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად  შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები – ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“.

ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა.

ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება  უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას.  მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება).

ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რადგან ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების.

ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს.

ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად  ამოაგდო.

ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა. ამ დღეში მიტოვებული მოქალაქეები ქვეყნიდან რომ მიდიან ეს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული)  და რაც მთავარია ვითომც ამ  ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე.

ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია.

ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს  ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, თანაგუნდელები, ოჯახის წევრები აქტიურად მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი და იხსნას ის სიკვდილისგან.

მსგავსი სტატიები

  • 100
    არასოდეს ყოფილა, და არც ახლა არის ადვილი ხელოვნების გზაზე შედგომა და მერე... ამ გზიდან არ გადახვევაავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 37 წელი  ოზურგეთს,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო  ღონისძიების  თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი  გამხდარა ოზურგეთელი  საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა  პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით. 19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა.  საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი…
  • 100
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 100
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 100
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
  • 92
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…