📌ედუარდ შევარდნაძის თვალით დანახული 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები (ჩანაწერი გავაკეთე 2008 წლის 10 ოქტომბერს მასთან კრწანისში შეხვედრისას)
💬“1977 წლის ნოემბერში თუ დეკემბერში მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, საკავშირო კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ შეეცვალათ მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციები. მოსკოვში დაგვიბარეს და მოგვცეს საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი. როდესაც გულდასმით გადავათვალიერე, თავზარი დამეცა. კონსტიტუციის ახალი პროექტიდან გამქრალი იყო ის მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენად აცხადებდა… შევედი მიხაილ სუსლოვთან, რომელიც იყო ორთოდოქსი, მიუკარებელი კომუნისტი, რომელმაც მითხრა, რომ ერთი სიტყვაც არ შეიცვლებოდა კონსტიტუციის პროექტში. შევედი ბრეჟნევთან და მოვახსენე, რას ნიშნავდა ქართველი კაცისთვის დედა ენა – მშობლიური ენა. ბრეჟნევმა მითხრა მის თანაშემწეს – ჩერნენკოს დავლაპარაკებოდი. ჩერნენკოს უფრო ვრცლად ავუხსენი საქმის ვითარება. იგი დახმარებას შემპირდა. წამოვედი მოსკოვიდან და გამოვაქვეყნეთ კონსტიტუციის ახალი პროექტი ქართულ და რუსულ პრესაში. გადის დღეები. არავითარი რეაქცია…
💬მივხვდი, ხალხი მას არ კითხულობდა. დავიბარე შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები და დავავალე, გულდასმით გაცნობოდნენ კონსტიტუციის ახალ პროექტს. სხვათა შორის, დავძინე, ქართული ენა ამიერიდან სახელმწიფო ენა აღარ იქნება-მეთქი.
💬მე: ბატონო ედუარდ! მახსენდება აკაკი ბაქრაძის მოგონება, რომელმაც გაილაშქრა ხელისუფლების წინააღმდეგ და მოითხოვა კონსტიტუციაში აღდგენილიყო ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ბატონი აკაკი აღნიშნავდა, თქვენს საამებლად როგორ დაესხნენ თავს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, და როგორ დაიცავით თქვენ, როდესაც უთხარით მათ, ეს ამხანაგი ასე ფიქრობს (აკ. ბაქრაძე) და განსხვავებული აზრისათვის არ უნდა ჩავქოლოთო.
💬ე. შევარდნაძე: აკაკი ბაქრაძე იყო უნიჭიერესი, პატიოსანი კაცი. მართალია, ხშირად ვათავისუფლებდი სამსახურიდან, მაგრამ არასოდეს უყურადღებოდ, უმუშევრად არ დამიტოვებია. მას ყოველთვის ჰქონდა რაღაც სამსახური და საარსებო ხელფასი. ის სიმართლეს ლაპარაკობდა ყოველთვის და ყველგან. ამ ინცინდენტის შემდეგ ხალხმა გამოიღვიძა. დაიწყო კონსტიტუციის პროექტის ხმაურიანი განხილვები, რაც 14 აპრილს მშვიდობიან დემონსტრაციაში გადაიზარდა.
დილის 10 საათზე დაიწყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესია, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა ახალი კონსტიტუცია. დავიწყე მოხსენების წაკითხვა. ამ დროს მომივიდა პატარა ბარათი – ხალხი უნივერსიტეტის ეზოში იკრიბება. მეორე ბარათი – ათასობით ადამიანმა გაარღვია მილიციის კორდონი ფილარმონიასთან და დემონსტრანტები რუსთაველის მოედანზე შემოვიდნენ. ამ დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი იყო გენადი კოლბინი, კარგი ადამიანი, ციმბირელი კაცი.
💬ექსტრემალურ ვითარებაში რესპუბლიკაში მეორე მდივნის ხელში გადადიოდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა. მან მითხრა, არაფრის შეგეშინდეს, უშენოდ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამო. დემონსტრანტები მოვიდნენ მთავრობის სასახლესთან. თქვენც ხომ არ იყავით?
💬მე: დიახ.
💬ე. შევარდნაძე: ჰოდა, გემახსოვრებათ, როდესაც ვთქვი, თითქოს მოვითათბირეთ და ისე მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენა დარჩენილიყო, როგორც სახელმწიფო ენა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით. არავითარი მოთათბირება არ ყოფილა. ამის გამოცხადების შემდეგ ჩავედი დემონსტრანტებთან, ოფლში ვცურავდი, თან ცხელოდა. ხალხი არ იშლებოდა. დემონსტრანტებს წინ გავუძეხი. ჩავედით კოლმეურნეობის მოედანზე. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. როდესაც მთავრობის სასახლეში მოვედი, უკან ტანკები იყო. ვიკითხე, ვისი ბრძანება არის ეს-თქო. ინაურმა მითხრა, ჩემი ბრძანებაა და ამას თქვენთან არ ვათანხმებო. დიდი იყო სისხლისღვრის ალბათობა, მაგრამ გადავრჩით. ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში თავიც გადადოს საქმის ინტერესებისთვის.
💬ეს დღე მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ წინ მოსკოვი იყო. დამიბარეს მოსკოვში მიხაილ სუსლოვთან, რომელმაც წამიკითხა დადგენილების პროექტი „რესპუბლიკაში იდეურ-პოლიტიკური მუშაობის გაუმჯობესების აქტუალურ ღონისძიებათა შესახებ“, რომელშიც მკაცრად იყო შეფასებული 14 აპრილის მოვლენები და დასკვნით ნაწილში აღნიშნული იყო ჩემი თანამდებობიდან გადაყენებისა და პარტიული სასჯელის აუცილებლობის საკითხი. სუსლოვმა ჩემი თანდასწრებით „ვეჩეთი“ დაურეკა ბრეჟნევს და მოახსენა, რომ პოლიტბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ ეს საკითხი. მესმის ბრეჟნევის ხმა – შევარდნაძეს თუ ესაუბრეთო? სუსლოვმა უპასუხა, შევარდნაძე ახლა ჩემთან არისო. მერე რა თქვაო?.. ის თავს იმართლებსო, ჰოდა, ეს საკითხი ამოწურულად ჩავთვალოთო, – უთხრა ბრეჟნევმა. სუსლოვმა არაფერი თქვა, ნაძალადევად თავაზიანად დამიკრა თავი და კაბინეტიდან გამომისტუმრა. ასე გადავრჩი. საერთოდ, ბრეჟნევის ძალიან მადლიერი ვიყავი, გულწრფელად გვედგა მხარში და გვეხმარებოდა. ბოლოს 1981 წელს ჩამოვიდა საქართველოში, უკვე შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა. სპორტის სასახლესთან გრანდიოზული აღლუმი ჩავატარეთ, უხაროდა, უცებ ჩემსკენ გადმოიხარა და მეკითხება: „გუმი“ (სავაჭრო ცენტრი მოსკოვში, წითელ მოედანზე, ს. ვ.) როდის აიღეს?
გავოგნდი…
მას მოსკოვში ეგონა თავი…”
📌სერგო ვარდოსანიძე, სოციალური ქსელი

მსგავსი სტატიები

  • 87
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 80
    გურულ მოჯირითეთა  უცნობი  დეტალები _ მარკოზ  ჟღენტიავტორი: მანანა ლომაძე, ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების  ფონდების მცველი. მარკოზ ჟღენტი, როგოც ქართველი წარმომავლობის  ამერიკელი მკლევარი და მწერალი ბატონი  რიჩარდ ალექსის  ჯორჯიანის ჩანაწერებით ირკვევა    ჯირითობდა ბაფალო ბილის უაილდ ვესთის შოუში 1894,,1895 .,1900წლების სეზონში.  მარკოზ ჟღენტი 1869  წელს სოფელ ბასილეთში დაიბადა (მის შესახებ მასალები მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა იაგორ კოპლატაძემ,  სოფლის ჭეშმარიტმა  მემატიანემ…
  • 76
    ბიჭებო სად ხართ,... ანუ, როცა შაშვები ღამით იწყებენ გალობას?ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი,  მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
  • 75
    ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთით ცხოვრობსიური ჩხაიძე 76 წლისაა. დაიბადა 1946 წლის 10 ივნისს მახარაძეში.ფეხბურთის თამაში დაიწყო ადგილობრივ სპორტსკოლაში მწვრთნელ რეზო(ტიაღო) ცერცვაძესთან. 1963-1964 წლებში თამაშობდა „მერცხალში“,( მწვრთნელი ბიძინა ტაბიძე). 1965 წელს ქუთაისის„ტორპედოში“ ანდრო ჟორდანიამ მიიწვია. 1965-71 წწ ჩათვლით 133 მატჩი ითამაშა „ტორპედოს“ შემადგენლობაში სსრკ პირველობაზე უმაღლეს ლიგაში; 1969 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების…