მასალა მოამზადა მაია გელაშვილმა
ეს ისტორია მოსკოვში მცხოვრები მაქსიმელიშვილთა გვარის შთმომავლის ქეთევან იმნაიშვილის გურიაში ჩამოსვლით დაიწყო. ის ესტუმრა სოფელ ბაღდადს, რომელიც მაქსიმელიშვილთა ძველი სათავადო სამკვიდრო გახლდათ. აქ ცხოვრობდნენ თავადი მაქსიმელიშვილები, იგივე მაქსიმელაშვილები და დიდი სასახლეც ედგათ. ჩამოსული სტუმარი თავისი წინაპრის ნასახლართან მიიყვანეს. აქ კი პატარა ბავშვის საფლავის მეტი ხელშესახები არაფერი დახვდა.
ბოლო თავადი, რომლის შესახებაც მეტნაკლები ცნობები მოგვეპოვება, ჩევენთვის საინტერესო პიროვნება, მომღერალი, მეცენატი და გურიის ბულბულად წოდებული სამუელ ჩავლეშვილის დიდი ხელშემწყობი და ქომაგი სამუელ მაქსიმელიშვილი იყო. სწორედ სამუელ ჩავლეშვილთან დაკავშირებით ვიცნობთ ჩვენც ამ თავადს. თავადი ისე მოიხიბლა პატარა სამუელის მონაცემებითა და ნამღერით, რომ თავისთან დაიტოვა ბავშვი და შეასწავლა რთული გურული სიმღერები და საგალობლები. შემდეგ კი თავის მეგობარ დათა გუგუნავას გაუგზავნა დასაოსტატებლად.
თავადთა ბედი რეპრესიების დროს, როგორიც იყო თქვენც მოგეხსენებათ. მისი სასახლე გადაწვეს და გადაბუგეს. ნასახლარზე კი დღესაც უჩვენებენ პატარა ბავშვის საფლავს. თუმცა მისი შვილი ამ ავადსახსენებელ დროს არ შეწირვია. უბრალოდ თავადს რამდენი ბიჭიც შეძენია, იმდენი გარდაცვლილა. მისი შთამომავლობა კი გოგოების ხაზით გამრავლდა.
თავადს ბედი საოცარ საჩუქარს უმზადებდა. ჯაყელების ოჯახში სტუმრად მისულს ულამაზესი მართა ცხოიძე მოსწონებია, რომელიც ჯაყელებთან ჩოხატაურის სოფელ დაბლაციხეში, საყვავის ტყეში მოახლედ იყო მიბარებული. თან ხელსაქმეს – ჭრა-კერვას, წერა-კითხვასა და ბანტიან გიტარაზე დაკვრასაც სწავლობდა. თავადს გაუცვნია მართა და ძლიერ მოხიბლულა მისით. მალე შვილიც შეეძინათ. მართა თავის ოჯახში, სოფელ ქვენობანში დაბრუნდა, მერე არც გათხოვილა, მალევე გარდაიცვალა და ბავშვი მისმა მამამ – ბეჟან ცხოიძემ გაზარდა. ბიჭს ვიქტორი (ბიქტორი) დაარქვა და თავის ძედ – ვიქტორ ბეჟანის ძე ცხოიძედ თვლიდა. 10-12 წლის იქნებოდა, როცა ფაეტონით მოაკითხეს მაქსიმელიშვილებმა, უამრავი საჩუქარი მიუტანეს , მიეფერნენ და წაყვანა მოუნდომეს, მაგრამ ბაბუა ბეჟანს ერთი ამბავი აუტეხავს და ბავშვი არ გაუტანებია.
ასე გაიზარდა ბაბუასთან, დაოჯახდა, შვილები და შვილიშვილები შეეძინა. მაგრამ ყველაფერი ასე უბრალოდ არ დამთავრებულა. სოფელში მისი ამბავი ბევრმა იცოდა. თქმით კი ერთმა უსინათლო ხელოვანმა კაცმა შუშუნი თავართქილაძემ მის 9-10 წლის შვილიშვილს, სახელად რომანს უთხრა.
-შენ თუ იცი რა გვარის ხარო?
– როგორ თუ რა გვარი ვარ, ცხოიძე ვარო, – უპასუხა ბავშვმა.
-არა, შენ მაქსიმელიშვილი ხარო.
სახლში მისულმა ბაბუას ჰკითხა: – ბაბუა ჩვენ რა გვარები ვართო? მას კი გაეცინა, ხელი გადაჰხვია და მერე ეს ამბავი მოუყვა.
ბავშვს დიდი ხნის ეჭვებიც აეშალა. სულ უკვირდა, ცხოიძეებში ასეთი მაღალი და ტანადი არავინ იყო, ამასაც თავი რომ დავანებოთ სოფელში არც მომღერალი ცხოიძე იყო ვინმე. მათ ოჯახში კი, ბაბუადან მოყოლებული, ყველანი კარგად მღეროდნენ. ბაბუა ურთულეს გურულ სიმღერებს ასწავლიდა. 7-8 კლასში უკვე ხასანბეგურა და შვიდკაცა იცოდა. თუმცა თავად ბაბუამ სად ისწავლა და საიდან ამოკრიბა ეს სიმღერები , მისთვის უცნობია.
ბაბუა პირველ, მეორე ხმასა და ბანში ასწავლიდა რთულ სიმღერებს. ეტყოდა: შეიძლება სამი კაცი შეიყაროთ და სამივე ბანი იყოთ, ყველა ბანს ხომ არ იტყვითო. უნდა იცოდე მეორე ხმაც და პირველიცო. ბებიაც კარგად მღეროდა. ხშირად სტუმრებიც მოდიოდნენ, დასხდებოდნენ შუაცეცხლთან და ერთად მღეროდნენ. ბაბუა საგალობლებსაც ასწავლიდა და მისი ანდერძის თანახმად, ტირილში სწორედ მათ მიერ ნამღერი საგალობლების ჩანაწერი ისმოდა. სიმღერის ნიჭმა მომდევნო თაობებშიც იჩინა თავი: ვიქტორის შვილი ილარიონ ცხოიძე ქვენობნის ანსამბლის ხელმძღვანელი იყო. სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცაშიც“ არის გადაღებული. მათი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ დიმიტრი იმედაიშვილი და დავით მათითაიშვილი. რომანის მამასთან ერთად სამივე მღეროდა ლადიმე ბერძენიშვილთან.
მისი შვილი – რომან ცხოიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ანსამბლ „ნაბეღლავს“. ანსამბლისთვის სახელი ანზორ ერქომაიშვილს დაურქმევია. ერთ-ერთი გასტროლის დროს „ნაბეღლავმა“ ანსამბლი „რუსთავი“ ჩაანაცვლა კიდეც. ამჟამად ანსამბლ „გურიას“ თანახელმძღვანელია ავთანდილ მახარაძესთან ერთად. ბატონ რომანის შვილებიც მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებილნი არიან. ვაჟი ლევან ცხოიძე-მაქსიმელიშვილი ანსამბლ „ბათუმში“ მღერის, ქალიშვილს, ლელა ცხოიძეს კონსერვატორია აქვს დამთავრებული.
ასე რომ მაქსიმელიშვილთა ჯიში და ნიჭი არ გამქრალა. როგორც ისტორიკოსმა იური სიხარულიძემ ჩვენს თანამშრომელს ინგა დუმბაძეს უთხრა: „-ბიძია, მაგი გვარი არ შეჩერებულა, მაგ გვარის გამგრძელებლები ცხოიძეები არიან იქინე ბათუმში.“
მაქსიმელიშვილთა გვარის შთამომავლები თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ერთი შტო მაქსიმელიშვილებისა, რომელიც მიხა მაქსიმელიშვილიდან მოდის, ქალიშვილების ხაზით გაგრძელდა. მიხას შვილიშვილი ქალბატონი თინა ჯაყელი იხსენებს დედის მონაყოლს სამუელ მაქსიმელიშვილზე: „სამუელთან მის მოურავს ჩამოჰყავდა ნიჭიერი ბავშვები, რა თქმა უნდა, ოჯახის თანხმობით. აცხოვრებდა, ასწავლიდა და ზრდიდა მომღერლებად. პირველ სართულზე ჰქონდა დიდი დარბაზი, რომლის შუაშიც უზარმაზარი მაგიდა იდგა. ამ მაგიდას შემოუსხდებოდნენ და მიდიოდა სიმღერების სწავლება. დარბაზს კედელზე მიდგმული ჰქონდა გრძელი ხის საწოლი, რომელზეც ბავშვებს ეძინათო“. ეს ცნობა მეტად საყურადებოა. ერთის მხრივ კიდევ ერთხელ გვიდასტურებს აქამდე ცნობილ ფაქტს სამუელის ქველმოქმედებაზე. მეორეს მხრივ კი მის ასეთ საქციელში შეგვიძლია დავინახოთ შვილთან დაახლოების მცდელობა: იქნებ ბაბუა ბეჟანის თახხმობით მისი შვილი, ვიქტორიც მოურავს მოსწავლედ მოეყვანა მასთან.
ასეა, თუ ისე, ერთი რამ ახლაც საიდულმოდ რჩება : თუ ვინ ასწავლა სამუელ მაქსიმელიშვილისა და მართა ცხოიძის ვაჟს – ვიქტორ ცხოიძეს სიმღერა. თუ კი თავადმა სამუელ ჩავლეშვილი გამოზარდა, სიმღერა ასწავლა და შემდეგ დასაოსტატებლად ცნობილ მომღერალ-მგალობელ დათა გუგუნავასთან გააგზავნა, თავის საკუთარ შვილსაც არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა უყურადრებოდ, ცხადად, თუ მალულად მიაბარებდა ცნობილ მომღერალს. ვინ იყო ეს მომღერალი, ჩვენთვის დღემდე უცნობია, თუმცა ვიქტორ ცხოიძე სამივე ხმის ცოდნის მიუხედავად, ბანის კარგი მთქმელი იყო, შვილსა და შვილიშვილსაც გამორჩეულად ბანს ასწავლიდა. საფიქრალია, რომ მისი მასწავლებელიც ბანის ჩინებული მთქმელი იყო…

მსგავსი სტატიები

  • 95
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 89
    „რუსები ინტენსიურად ბომბავდნენ ირპენს, იძულებული გავხდით პოლონეთში გადავსულიყავით“ქეთევან ჯინჭარაძე და ტარიელ თავბერიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან არიან. 2012 წლიდან ქეთევანი სოფელ მთისპირის გამგებელი იყო. შემდეგ ოჯახური გარემოებიდან გამომდინარე უკრაინაში გადავიდნენ და ბოლო 6 წელი კიევიდან ჩრდილოეთით, ქ. ირპენში ცხოვრობდა. რუსეთ-უკრაინის ომმა აიძულა ირპენი დაეტოვებინა და ამჟამად პოლონეთში, ქვემო სილეზიის დედაქალაქ ვროცლავშია. გაზეთი „ალიონი“ ქეთევან ჯინჭარაძეს სოციალური ქსელის…
  • 89
    პირველი ლიგა | „არწივები“ ზამთრის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდაპირველობის ლიდერმა ოზურგეთის „არწივებმა’ “იმდინარე სეზონის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გურულებმა 53 საცხრილო ქულა დააგროვეს, მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და საშობაო არდადეგების წინ მდევარ „არმიასთან“ უპირატესობა 5-ქულამდე გაზარდეს. „არმაზი“ და „ტაო“ მოწინავე კვარტეტში ქულებით კვლავაც ტოლ-სწორად რჩებიან, თუმცა მესხები უკეთესი პირისპირ ბალანსის…
  • 84
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…