ქეთევან ჯინჭარაძე და ტარიელ თავბერიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან არიან. 2012 წლიდან ქეთევანი სოფელ მთისპირის გამგებელი იყო. შემდეგ ოჯახური გარემოებიდან გამომდინარე უკრაინაში გადავიდნენ და ბოლო 6 წელი კიევიდან ჩრდილოეთით, ქ. ირპენში ცხოვრობდა. რუსეთ-უკრაინის ომმა აიძულა ირპენი დაეტოვებინა და ამჟამად პოლონეთში, ქვემო სილეზიის დედაქალაქ ვროცლავშია. გაზეთი „ალიონი“ ქეთევან ჯინჭარაძეს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა:
_ 6 წლის წინ ჩავედით კიევის ოლქის ქალაქ ირპინში. 40 ათასიანი პატარა ლამაზი ქალაქი იყო. ერთ-ერთი აქაური ლატვიაში, ქალაქ რიგაში ცხოვრობს და საკუთარი სახლი დროებით ჩვენ გადმოგვცა. ირპენში ქართული საცხობი გვქონდა. ჩვენი ბიზნესი შვილის _ლევანის სახელზე იყო გაფორმებული, რაზედაც შესაბამისი საბუთები გვქონდა. ლევანი ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის აკადემიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. ქალაქი ირპენი კიევიდან 30 კილომეტრშია და ლევანი უნივერსიტეტშიც დადიოდა და ჩვენს ბიზნესსაც უძღვებოდა. მე და ტარიელი საცხობში ვმუშაობდით _ არალეგალები ვიყავით, შესაბამისი ნებართვის მოლოდინში.
მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია გვესმოდა, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს, არ გვჯერავდა და არც გვიფიქრია აქედან წამოსვლაზე. რატომღაც ასე ფიქრობდნენ იქაურებიც. ომი რომ დაიწყო, რამდენიმე ღამე სახლში ვიყავით, შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურად ბომბავდნენ ქალაქს, რადგან აქედან მათ გზა კიევისკენ ეხსნებათ და ძალიან საშიში დარჩა სახლში დარჩენა. ბოლო სამი ღამე თავშესაფარში გავატარეთ. შვება ის იყო, რომ თავშესაფრში შუქი გვქონდა და მობილურიც იჭერდა.
ჩვენ გვიკავშირდებოდნენ ახლობლები, მეგობრები. განსაკუთრებული იყო ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის თანადგომა. როგორც იცით, იგი პოლიტიკაში მისვლამდე დიპლომატიურ სამსახურში იყო და შესაბამისად კავშირებიც აქვს. მისი ყოველდღიური კონტაქტების, რჩევების წყალობით ჩვენ შევძელით პოლონეთში გადავსულიყავით.
ირპენის სარაკეტო დარტყმები გაძლიერდა. ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს. მშვიდობიან მოსახლეობაში იყო მსხვერპლი. ბავშვებიც დაიღუპნენ. ირპენის მერი ალექსანდრე მარკუშინი დღემდე უძღვება ქალაქის დაცვას, მაგრამ უნდა წამოვსულიყავით. ამდენი ლტოლვილის გამო ტრანსპორტი არ იყო საკმარისი, მე და ლევანი კიევისკენ ფეხით წამოვედით. მე ხერხემლის თიაქარი და თავის ნერვიული ტკივილები მაქვს. ძალიან მიჭირდა სიარული.მარცხენა ფეხს ძლივს ვამოძრავებდი. 30 კილომეტრი გავიარეთ ფეხით ლტოლვილების გრძელ კოლონებთან ერთად და კიევში ჩავედით. ძლივს მოვაღწიეთ რკინიგზის ცენტრალურ ვაგზლამდე.
ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობა იყო რკინიგზის ვაგზალში. ათასობით ლტოლვილი კიევის ოლქის სხვადასხვა ქალაქიდან. დასავლეთ უკრაინაში უნდა წავსულიყავეით ჩერნივცის მიმართულებით. მატარებელში მხოლოდ ქალებს და 14 წლამდე მოზარდებს უშვებდნენ. როგორღაც მოვახერხეთ და ლვოვის მიმართულებით მატარებელზე მოვხდით. მატარებელი გადაჭედილი იყო ლტოლვილებით…
ლვოვში გაგრელი ლტოლვილები დაგვხდა. ისინი ხარკოვიდან მოდიოდნენ.
„რუსებმა ერთხელ გაგრა დაგვატოვებინეს. ძლივს მოვუყარეთ ცხოვრებას თავი ხარკოვში და კვლავ ლტოლვილებად ვიქეცით…“ამბობდნენ ისინი. მათი დახმარებით პოლონეთში გადმოვედით. ლვოვიდან 2-3 საათის სავალის გავლას მთელი დღე-ღამე მოვანდომეთ. გავიარეთ კრაკოვი, კატოვიცე და კვირას, (ინტერვიუ 14 მარტს შედგა) ქვემო სილეზიაში, ვროცლავში ჩავედით.
სადგურზე ერთ-ერთი პოლონური ოჯახი 2 ადამიანის დახმარების სურვილს გამოთქვამდა (ასეთები სხვებიც იყვნენ), წამოგვიყვანეს, სახლში დაგვაბინავეს.
საოცარი ხალხია ჩვენი მასპინძლები, _ პეტრო და ალექსანდრა. ჩემი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო სიცხე მომცა. „კოვიდზე“ მიიტანეს ეჭვი და სასწრაფოდ კლინიკაში გამაქანეს. ვირუსი არ აღმომაჩნდა. ახლა ჩემი საფიქრალი უკრაინაში მყოფი მეუღლე (იგი ნიკოლაევიდან 100 კილომეტრში იმყოფება) და ის უკრაინელებია, რომლებიც ყოველდღიურად იბომბენიან და ვერ ახერხებენ ქვეყნის დატოვებას.
(გაზეთი „ალიონი“, 17 მარტი, 2022 წ.)

მსგავსი სტატიები

  • 100
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 90
    მურთაზ აბაშიძის ხსოვნას1992 წლის დეკემბერი იდგა. სახლში ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი თემურ გოგუაძე მესტუმრა და მითხრა: _ხვალ, საღამოს გადაღმა ექადიაზე თანამებრძოლები ვოვა ბურაკოვთან ვიკრიბებით და შენ გვინდა მოხვიდეო. მართლაც დათქმულ დროს მათთან ვიყავით. თემურისა და ვოვას გარდა მათთან მურთაზ აბაშიძე და ავთო ჩავლეიშვილი იმყოფებოდნენ. ისინი აფხაზეთში იბრძოდნენ და რამდენიმე დღით ოზურგეთში…
  • 90
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 89
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…