რამდენიმე დღის წინ რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.
_ვერ წარმოიდგენ რა მდგომარეობა შეიქმნა შემოქმედში. ზოგი მშენებლობაზეა დასაქმებული და ბუნებრივია მშენებლობას მხარს უჭერს, ზოგთან ვიღაცაები მივიდნენ. ზოგს არ ეშინია და ხმამაღლა გამოთქვამს პროტესტს ამ გაურკვეველი მშენებლობის გამო, ყველაზე საწყენი მაინც ის არის, რომ სოფელში არაერთი ენერგეტიკოსი ცხოვრობს და უმეტესობა ხმას არ იღებს _გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ შესახებ შარშან,5 ივნისს გაჟღერდა, როცა სოფელ გომში (შემოქმედის თემი) კომპანია „ენერჯის“წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, ბჟუჟჰესის ქვემოთ 2 მეგავატამდე სიმძლავრის „გომი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით. იქ გომელებმა თქვეს, რომ ბჟუჟჰესის ზემოთ მათთვის უცნობი კომპანია 2 მეგავატამდე სიმძლავრის ორი ჰესის მშენებლობას აპირებდა და ტყეში გზა შეჰყავდათ.
10 დღის შემდეგ რესტორან „ჩაქუხას“დარბაზში კომპანია „PARVUS Group“_ის წარმომადგენლები დაახლოებით 20 კაცს შეხვდნენ, სადაც ითქვა, რომ ისინი არა ორის, არამედ 3 მცირე ჰესის აგებას გეგმავდნენ.
ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ გამართეს მოსახლეობასთან შეხვედრა სამუშაოების დაწყებამდე, რატომ ჰყავდათ ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში, კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ბესელიამ გვიპასუხა, რომ ამ ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაცის ფლობს გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები და მათ სოციალური პროექტების შესახებ ხელშეკრულება აქვთ ოზურგეთის მერიასთან დადებული(25.02.2023 წ.) ამ ხელშეკრულებით, ჰესების მშენებლობისას, სამი წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 0,5 მილიონი ლარი ჩაერიცხება, საიდანაც თანხის ნაწილი მერიის გადაწყვეტილებით სოფელ შემოქმედს მოხმარდება. ამასთანავე განაცხადეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან აქვთ ნებართვები, რის საფუძველზე სამუშაოები დაიწყეს.რადგან მცირე სიმძლავრის ჰესებად არის დაყოფილი, არც გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიომრავალფეროვნების კვლევა არ აქვთ ჩატარებული…
იმჟამინდელი ინფორმაციით,ბჟუჟჰესის ზედა წელში ზ/დონიდან 1000 მ- 1610 მ-ს შორის 3 ჰესი აშენდებოდა. წყალი ჰესებს 1000 მმ-იანი მილით მიეწოდებოდა და მდინარის დებეტის 90 პროცენტი საერთო სიგრძით 7 კილომეტრის დერივაციულ მილში მოექცეოდა. როგორც თქვეს, გაიჩეხებოდა მხოლოდ 130 კუბური მეტრი ტყე და ა.შ.
შეხვედრაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა,არ მოხერხდა. კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ბესელიამ გვითხრა, რომ ისინი მომდევნო დღეებში გარემოსდაცვით არასამთავროებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავენ… თუმცა „პარვუს ჯგუფი“ რეგიონის მედიას იგნორს უკეთებს და არც ერთი შეხვედრის შესახებ მედიისათვის არ უცნობებია.
2023 წლის 31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ დასვა კითხვა მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ:
_კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერიარ იცის. რაღაც შეხვედრა კი ჩაუტარებიათ სოფელ გომში, მაგრამ მე შემოქმედელი კაცი ვარ და ამის შესახებ არ გამიგია. მე მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვაინტერესებს, ვინ არიან ისინი, რა ლოკაციაზე აპირებენ ჰესის აშენებას. მათ უკვე ტყეში გზა გაჰყავთ …_ მიმართა საკრებულოს გიორგი შილაკაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლავრენტი ბიგვავას აზრით, მათ შეეძლოთ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელები საკრებულოს სხდომაზე, ან შესაბამისი დარგობლივი კომისიის სხდომაზე მოეწვიათ, კითხვები დაესვათ და საკრებულოს დეპუტატებს კითხვებზე უნდა მიეღოთ პასუხი.
გიორგი შილაკაძემ შემდეგაც დასვა საკრებულოს სხდომაზე „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელთან შეხვედრისა და მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესახებ, თუმცა „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ბესელიასთან შეხვედრა არ შემდგარა (?!) …
მას შემდეგ, რაც მშენებლობის ტერიტორიაზე სადერევაციო მილები დაასაწყობა –ისე, რომ ადგილზე არანაირი კვლევა არ ჩაატარა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკომ“განაცხადა, რომ „პარვუს ჯგუფის“ მიერ ჰესების მშენებლობის შეჩერებას სასამართლოს ძალით მოითხოვდა…
გზების შეყვანის და სხვა სამუშაოები გაგრძელდა. ჟურნალისტებმა რამდენჯერმე მოვინახულეთ მშენებლობა. კომპანიამ შარშან მძიმე ექსკავატორები კურორტ გომისმთიდან შეიყვანეს მშენებლობაზე, რის გამოც ბუნებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
წელს, 6 ივნისს, „პარვუს ჯგუფმა“ განცხადებით მიმართა გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ბასრა1“, „ბასრა 2“, ბასრა 3“ და კიდევ ერთი „ბასრა 4“ ჰესების პროექტირების სიმძლავრეების „დაკორექტირების“ და სკოპინგის ანგარიში წარუდგინეს და თან სიმძლავრეები 5,7-დან 30 მეგავატამდე გაზრდის შესახებ მიმართეს.
26 ივნისს, სოფელ გომის საჯარო სკოლის ერთ-ერთ ოთახში კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან _რამდენიმე ათეულ ადამიანთან, თუმცა, როგორც გვაცნობეს, ეს შეხვედრა დაპირისპირების გამო ჩაიშალა.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას მოსახლეობასთან შეხვედრაზე რეგიონის მედია და არც გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიუწვევია(?!).
ამჯერად გაზეთმა „ალიონმა“ კითხვებით მიმართა „პარვუს ჯგუფს“, ქანების აფეთქებასთან,სიმძლავრეების გაზრდის და გარემოსდაცვითი და სხვა კვლევების შესახებ, რომელზედაც პასუხების მიღებისთანავე გაგაცნობთ.
მსგავსი სტატიები
- 77წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…
- 772023 წლის 31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ დასვა კითხვა: _კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის. რაღაც შეხვედრა კი ჩაუტარებიათ სოფელ გომში, მაგრამ მე შემოქმედელი კაცი ვარ და ამის შესახებ არ გამიგია. მე მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვაინტერესებს, ვინ არიან ისინი, რა ლოკაციაზე აპირებენ ჰესის აშენებას. მათ უკვე ტყეში გზა გაჰყავთ . გვეუბნებით, არ მონაწილეობთ კომისიების სხდომებში…ა, ბატონო, ვაყენებ წინადადებას და გაგვაგებინეთ რა ხდება_ მიმართა საკრებულოს გიორგი შილაკაძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლავრენტი ბიგვავას აზრით, მათ შეეძლოთ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელები საკრებულოს სხდომაზე, ან შესაბამისი…
- 762024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 75შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
- 75დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…