დღეს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების საკითხი განიხილა. განსახილველი საკითხის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ წარმოადგინა.

სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა იკრძალება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალური ორგანოების, პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.

სააგიტაციო მასალები ასევე არ გაიკვრება მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე; ფარნავაზ მეფის ქუჩა #1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებზე; ვიქტორ დოლიძისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფის, სადგურის მოედანზე მდებარე გარე განათების ბოძებზე; ასევე ვიქტორ დოლიძის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებზე.

სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა შეიძლება: ქ. ოზურგეთში _ გარე განათების ბოძებზე; მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში მგზავრთა მოსაცდელებზე, გარე განათების ბოძებზე, მწვანე ნარგავებზე (შეიძლება წებოვანი ან/და პლასტმასის ლენტის გამოყენებით).

ამ განკარგულებით თანდართულ  დანართში გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალის გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინაასარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით.

აღნიშნულზე საკრებულომ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

მსგავსი სტატიები