„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც „არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“.

როგორც შეხვედრის შემდეგ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია და ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება.

„მთავარი იყო მზაობა. ევროკავშირის სხვადასხვა ფრაქციიდან და სხვადასხვა კომიტეტიდან არიან, მაგრამ ერთნაირი მზაობაა, რომ გადადგმული იყოს ნაბიჯები, რათა ეს არჩევნები არ იყოს აღიარებული. საუბარი არც დაგვჭირდა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია, პირდაპირ ითქვა: სხვადასხვა ტიპის სანქციები; სანქციების ჩამოსვლა ქვედა დონეზე, იმ ხალხზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე, [საუბარი იყო] სხვადასხვა ტიპის ზომაზე, რომ დაცული იყოს ქართველი ხალხის ნება.

წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია – ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება“,- განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება იმას, როდისაა მოსალოდნელი ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, დოლიძე ამბობს, რომ „შიდა ბიუროკრატიული სამუშაო დარჩა, რომელიც ევროკავშირში უნდა გატარდეს“.

„სულ ორი მომხრე ჰყავთ ამათ [„ქართულ ოცნებას“], ვისაც ხელს ართმევენ. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და ახლა დარჩა სამუშაო შიდა არჩევის, რა დროს როგორი მიდგომა ჯობია“, – განაცხადა დოლიძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. დაგეგმილია, ასევე, მათი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები