2019 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა ცნობილი მთამსვლელი, ოზურგეთის, სოფელ ნატანების მკვიდრი თამაზ ბაქანიძე. იგი არა მარტო მთამსვლელი, უძლიერესი მეკლდეურიც იყო. მიხეილ ხერგიანთან ერთად ვარჯიშობდა კლდეზე ცოცვაში და იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც მიხეილ ხერგიანის თაოსნობით 1965 წელს პირველი ადგილი მოიპოვა იალტაში ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობაზე.
მის ალპინისტურ მოღვაწეობაში მძიმე მოგონებებიც იყო…
1963 წლის 27 აგვისტოს იგი გურამ თიკანაძის მეწყვილე იყო შხარაზე ტრაგიკული ასვლისას. ასევე ძალზე მტკივნეული იყო მისთვის 1984 წლის ზამთრის ასვლა მწვერვალ უშბაზე, როცა დაშვებისას ჯგუფის ხელმძღვანელ ირაკლი გელდიაშვილთან ერთად გოგი ზუმბაძე, დევი თარხნიშვილი, დათო კობახიძე, გია ტუშური, მურად ჭიჭინაძე ზვავმა ჩაიტანა (თამაზ ბაქანიძის ეს მოგონება პირველად 1997 წელს დაიბეჭდა გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე)…
მეორე ჯგუფში ხუთიდან სამი გურულები იყვნენ – თამაზ ბაქანიძე, დიმიტრი და თამაზ შარაშენიძეები.
პირველი ჯგუფი ირაკლი გელდიაშვილის ხელმძღვანელობით 27 თებერვალს ავიდა უშბაზე, მეორე 28 თებერვალს.
– „ჩვენი ჯგუფის ხუთეულის ბიჭები საღამოსკენ ისევ იმ კარავს დაუბრუნდნენ კედლის თავში, წინა ღამე რომ გაათენეს…დაღლილები კი ვიყავით, მაგრამ არ დამეძინა, რაღაც არ მომწონდა ან იქნებ გული მიგრძნობდა კიდეც ცუდს. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო, ქვემოთ კი ლამპრებით დადიოდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ჩვენ რაციით ბანაკთან კავშირზე გავედით, მაგრამ იმ დღეს არაფერი უთქვამთ, ალბათ გაგვიფრთხილდნენ მთაზე მყოფებს. მხოლოდ მეორე დღეს დაგვიკავშირდნენ: ბიჭებო, გენაცვალეთ, თქვენ მაინც იარეთ ფრთხილად! ბიჭები აღარ არიანო… მერე ჩვენც მოგვიწყდა ზვავი და იღბლად გადავრჩით.. ეს უდიდესი ტრაგედია იყო ჩემთვის“ – იგონებდა 1997წელს ტურისტულ ალპინისტური საზოგადოების გაზეთ„გურიის მთებთან“ ინტერვიუში თამაზ შარაშენიძე.
„შხარასთან“ და „უშბასთან“ შედარებით „ორწვერი“ ერთი უწყინარი მწვერვალია, მაგრამ 1997 წლის 19 აგვისტოს ასვლა ამ მწვერვალზე თამაზ ბაქანიძისათვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იყო. მის გვერდით ხომ ამჯერად გამოუცდელი, მოყვარულები იყვნენ, რომელთა ბანაკში მშვიდობიანი დაბრუნება ასეთ ცუდ ამინდში, მის გამოცდილებაზე იყო დამოკიდებული.
მახსოვს, რთული ამინდი იყო. ქედს რომ მივადექით, ამინდი გაუარესდა. მწვერვალზე ასვლის ჟინმა დაგვძლია და თამაზი დავიყოლიეთ გზა გაგვეგრძელებინა.
ისეთი ჯანღი იყო ჩაწოლილი, რომ მწვერვალზე 10 მეტრშიც კი არაფერი ჩანდა. ჩვენ მაინც აღვმართეთ გამარჯვების ნიშნად წერაყინები. სიხარულისაგან ვყვირით, გვსურდა ერთმანეთისათვის მიგველოცა მაგრამ თამაზმა გაგვაჩერა:
-მილოცვა ქვემოთ, მშვიდობიანად რომ ჩავალთ, იქ იქნება … მართლაც რთული დაშვება გვქონდა. შემდეგ თამაზს ამის გამო საყვედურობდენ კიდეც ალპურ კლუბში.
წელს ზაფხულში აჭარა-გურიის მთებში კვლავ უნდა წავსულიყავით. დაგვპირდა, იქ, დაწვრილებით მოგვითხრობდა უშბის ტრაგედიის დეტალებს. თუმცა ეს არ შედგა. ამჯერად გთავაზობთ მასთან გაზაფხულის დასაწყისში ჩაწერილ ბოლო ინტერვიუს, სადაც იგი მისი ცხოვრების ბოლო წლებზე მოგვითხრობდა.
მიუხედავად ასაკისა, თამაზ ბაქანიძეს კვლავ მთებისკენ მიუწევდა გული.
* * *
2015 წელს გერმანელ ექიმთან ერთად ავედი მყინვარწვერზე. მას შვილი დაეღუპა ალპებში და ეს ასვლა მის ხსოვნას მიუძღვნა. აგვისტოს ბოლო იყო. მთელი დღე ვიარეთ. საღამოს ავედით მწვერვალზე. დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით იქ. თქვენს ნაცნობ „ორწვერს“ და სხვა მწვერვალებს გადავავლეთ ზემოდან თვალი და დაშვება დავიწყეთ. პლატომდე ჩამოვედით. შემდეგ სვლა სახიფათო იყო და პლატოზე ჩამოვჯექით. ფეხები ზურგჩანთებში ჩავაწყვეთ და ასე გავატარეთ ღამე. მე გერმანულს კარგად ვფლობ და ჩემი მეწყვილე ღამით მის შვილზე მიყვებოდა…
მეტეოსადგურში მყინვარწვერის პლატოზე მდებარე წმ. მარინას ტაძრის მოძღვარი მამა ლუკა (სახელაშვილი) დაგვხდა. კარგი შეხვედრა შედგა. ის გერმანელი ექიმი შემდეგაც იყო ჩამოსული. ამჟამად მიწერ-მოწერა გვაქვს.
მომდევნო წელს ავთო ჩხიკვიშვილთან ერთად ავდიოდი მწვერვალზე. თავდაპირველად ამინდს კარგი პირი უჩანდა, მაგრამ, შემდეგ გაფუჭდა, დავსველდით (თქვენ ამის გამოცდილება გაქვთ). კარავი გვქონდა, სადღაც ხმაურასა და მყინვარს შორის გავათიეთ ღამე. პატარ-პატარა ზვავები წამოვიდა. ჩვენს კარავს გვერდით ჩაუარეს. დილითაც ცუდი ამინდი იყო. მხოლოდ დღის 2 საათისათვის შევძელით მწვერვალისაკენ წასვლა. ერთი საათი ვიარეთ. ამინდი კვლავ გაფუჭდა. იძულებულნი გავხდით უკან დავბრუნებულიყავით….
ყოველ წელს დავდივართ გუდაურში. ბიძინა გუჯაბიძე იქ სამაშველო სამსახურის უფროსია. იცით, ბიძინა ლანჩხუთელია, ძალიან ცნობილი მთამსვლელი. 4-ჯერ 8-ათასიანი მწვერვალი აქვს გაკეთებული. ევერესტეზე (8848 მ.) სამხრეთის მხრიდანაც ავიდა და ჩრდილოეთიდანაც: იყო ჰიმალაების ერთ-ერთ ურთულეს მწვერვალზე _დჰაულაგირზე (8167მ.); ჩო-ოიუ-ზე (8201მ);
ბიძინა გუჯაბიძე ამ რამდენიმე წლის წინათ მწვრვალ ნანგა-პარბატზე (8126 მ.) ასვლისას სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ეს მთა პაკისტანის ტერიტორიაზე, ყარაყორუმში მდებარეობს.
პაკისტანელმა თალიბებმა ნანგა-პარბატის საბაზო ბანაკში 11 უცხოელი მთამსვლელი ჩაცხრილეს.
ამ დროს ბანაკში არ იმყოფებოდნენ ქართველი მთამსვლელები ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი, რომლებიც 6100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ და თავდამსხმელებმა იქამდე ასვლა ვერ შეძლეს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ნანგა-პარბატის ყველა ექსპედიცია შეწყდა. პაკისტანელმა სამხედროებმა გადარჩენილი მთამსვლელები საკუთარ ქვეყანაში დააბრუნეს. ამიტომ იყო, რომ ბიძინა გუჯაბიძემ ვერ შეძლო ნანგა-პარბატზე ასვლა. ამ მწვერვალზე აფი გიგანია ნამყოფი.
ახლა ჩემს გუდაურის თავგადადასავლებს დავუბრუნდები. შარშანწინ (2017 წ.) მარტის ბოლოს ვესტუმრე ბიძინას გუდაურში. მარტის ბოლო რიცხვები იყო. ჩემი წამოსვლისას, დილით, ბიძინამ ჯგუფი წაიყვანა მყინვარწვერზე. მე 3 საათისათვის უნდა გავყოლოდი გუდაური-თბილისის ავტობუსს. ვიფიქრე კიდევ ერთხელ დავეშვები თხილამურებით-თქო. დავეშვი, მოხვევის დროს დავვარდი. წამოდგომა ვცადე, ვხედავ მარჯვენა ფეხი მაქვს მოტეხილი… გამიჭირდა, მაგრამ საბაგიროს ზემო სადგურამდე მივედი.
მთამსვლელების დიდი მეგობრის ვახტანგ ქირიკაშვილის ვაჟმა სამთო მოტოციკლით ჩამომიყვანა ქვემოთ. თხილამურები მოვიხსენი, ტურისტული „ბათინკები“ გადავიცვი. „ხიჟინაში“ ჩავედით. მოტეხილობა დადასტურდა. სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ღამის 1 საათზე ჩამიყვანა ქ. თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში… შემდეგ ბიჭიკო ასკურავამ მიმკურნალა და შარშან კიდევ დავდექი თხილამურებზე და 2-ჯერ ვიფრინე პარაპლანით.
მეორე დაშვება მაშველების ქოხთან მომიწია. გაუხარდათ ჩემი ნახვა, რესტორანში წამიყვანეს.
შემდეგ მათი დახმარებით მე-2 საბაგიროს ზემოთ „კუდებზე“ ავედით და იქედან პარაპლანით უფრო შორს დავეშვი.
_თქვენი სპორტული წარმატებების შესახებაც საინტერესო იქნება მკითხველთათვის.
_მეკლდერულობაში 1965 წელს მიშა ხერგიანის გუნდთან ერთად გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
1976 წელს ალპინიზმში გავხდი სსრკ-ს ჩემპიონი. ტიან-შანში მწვერვალი „ჯიგიტის კედლის“ ყველაზე რთული გზით გავლისთვის მივიღეთ ოქროს მედლები, რისთვისაც 10 დღე დაგვჭირდა. სამი წლის შემდეგ კი პამირში, ავღანეთის საზღვართან, ჯგუფური ასვლა განვახორციელეთ მე-6 კატეგორიის სირთულის „ზუგვანდის სარკეზე“. 14 დღე-ღამის განმავლობაში მივდიოდით მწვერვალისაკენ. აქედან 7 ღამე ფეხზე მდგომებმა, დაკიდულებმა გავათენეთ, ხოლო 5-ჯერ ჩამოჯდომა და ნახევრად წოლა მოვახერხეთ.
1977 წელს გივი ქართველიშვილის ჯგუფმა, რომელშიც მეც ვიყავი, ბრინჯაო დაიმსახურა აბალაკოვის პიკზე ასვლისათვის.
კიდევ ერთხელ გვქონდა მორიგი ჩემპიონობის მოპოვების შანსი, მაგრამ ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო მწვერვალის მისადგომებიდან უკან დავბრუნდით.
_როგორც ვიცით, თქვენ პროფესიით მხატვარი ხართ და თქვენი მთის ჩანახატები დიდი პოპულარობით სარგებლობს. თქვენ გერმანიაშიც ხატავდით. რა კავშირები გაქვთ ამ ქვეყანასთან.
_მე გერმანულ ენას კარგად ვფლობ. ინგლისურიც ვიცი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთაში ყოფნისას.
წლების წინ კრუპსკაიას პიკზე ავდივართ. ჩვენს ბანაკთან 3 გერმანელი მთამსვლელი ჩამოჯდა. სწრაფად შედგა კონტაქტი. სადილზეც დავპატიჟეთ. ისინი ჩვენთან ახლოს საერთაშორისო ბანაკში იყვნენ. შემდეგ კვლავ მოგვიწია კონტაქტი. დავმეგობრდით. მიმოწერა გვქონდა. 3-ჯერ გამომიგზავნეს ვიზა გერმანიიდან. უსახსრობის გამო ვერ შევძელი წასვლა. ბოლოს, 2000 წელს 500 დოლარი გამომიგზავნეს სამგზავროთ. 200 ლარი სახლში დავტოვე და სტამბულის გავლით ავტობუსით გავემგზავრე მიუნხენში.
აინშტაინის ქალაქ ულმში ჩავედი, ბადენ-ვიუტერბერგის მხარეში. აქაა ევროპაში ყველაზე მაღალი გოთური ტაძარი (მე-12 მე-15 საუკ.). პორტრეტებს ვხატავდი. თითო ნახატში 30-დან 100-მარკამდე მიხდიდნენ. ილმი სამდინარო ნავსადგურია და აქ დუნაის ნაპირებზე ველოსიპედებით სერნობდნენ.
ჩემი ერთ-ერთი მასპინძელთაგანი ჰარმან ბული ყარაყორუმში, ნანგა პარბატზე იყო ნამყოფი. გერმანიიდან ავსტრიაში გადავედი. აქ ერთ-ერთმა მთამსვლელმა მიმიღო, რომელთან ერთადაც ვიყავი მყინვარწვერზე. 5 დღე სასტუმროში გავატარე, 3 დღე კი მასთან ვიყავი სტუმრად სახლში, ინსბრუკში. ვიმოგზაურე. შემდეგ ჩვენთან ჩამოვიდნენ. გივი ქართველიშვილმა გვიშოვა ბინა.სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარდა, საქართველოს ყველა კუთხე მოვიარეთ. როცა იგებდნენ მთამსვლელები ვიყავით, სადაც მივედით ფულს არ გვართმევდნენ.
_ბატონო თამაზ, თქვენი თაობის მთამსვლელები საბჭოთა ბარიერების გამო ჰიმალაების და ყარაყორუმის მწვერვალებზე ვერ ავიდნენ. ვის დაგვისახელებდით მომდევნო თაობიდან?
_ჩვენს თანამემამულე ბიძინა გუჯაბიძეზე ვისაუბრეთ. შემდეგ, პირველ რიგში რომან გიუტაშვილს. ჩვენ ერთად დავძლიეთ პამირის მთებში „ზუგვანდის სარკე“ და ჩემპიონის ოქროს მედლებიც მივიღეთ. რომა 1991 წელს ამერიკელ მთამსვლელ დანიელ მაზურთან ერთად ავიდა ევერესტზე.
რომანს პამირიდან მოუწია პირდაპირ ჰიმალაებში ჩასვლა. მას ნეპალში ჩვენი თანამემამულე, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომიდან თალიკო კუბუსიძე დაეხმარა და დამოუკიდებელი საქართველოს დროშა შეუკერა. ქალბატონი თალიკო იქაა გათხოვილი და მისი მეუღლე ნეპალის სამეფო ტელევიზიის ოპერატორია.
1999 წლის 12 მაისს აფი გიგანი, ბიძინა გუჯაბიძე, ბენო ქაშაკაშვილი, ლევ სარქისოვი ევერესტზე სამხრეთის მხრიდან ავიდნენ… 26 მაისს ჩრდილოეთის მარშრუტით მერაბ ხაბაზი, ირაკლი უგულავა. ბიძინა გუჯაბიძე შემდეგში ჩრდილოეთის მხრიდანაც ავიდა ევერესტზე, (წელს მათ რიცხვს ავთანდილ ცინცაძე შეემატა _რედ.)
ამათგან ყველაზე რთული ასვლა რომან გიუტაშვილს ჰქონდა. მას ძალიან მწირი ფინანსური რესურსი ჰქონდა და ბევრ აუცილებელ რამეზე მოუწია უარის თქმა. თავდაპირველად შეუძლოთ მისი მეწყვილე, ამერკელი დანიელ მაზური იყო, მაგრამ 30 წლის მთამსვლელი რომამ დაარწმუნა, რომ მას მწვერვალზე ასვლა შეეძლო. მწვერვალზე ავიდნენ. (მათი ჯგუფიდან კიდევ 6 კაცი ავიდა) ჟანგბადის მარაგის ამოწურვის გამო რომა ცუდად გახდა. იგი თოვლში დაფლეს და ქვევით, ბანაკს შეატყობინეს. ღამის 1 საათზე გავიდა მაშველების პირველი ჯგუფი. ვერ ავიდნენ რომასთან, 2 საათის შემდეგ დაბრუნდნენ. შემდეგ მაშველთა მეორე ჯგუფი გავიდა. უკრაინელი მთამსვლელი გვარად კაპეიკა (ხარკოვი) ავიდა რომანთან. შემდეგ სხვებიც შეუერთდნენ. ჟანგბადის ბალონი აუტანეს და ცხელი ჩაიც დაალევინეს… რომა მაშველებთან ერთად დაეშვა ბანაკში….
გული მწყდება, რომ ჩვენი თამაზ შარაშენიძე („თოვლის ჯიქი“) ვერ მოხვდა ჰიმალაების მწვერვალებზე. იგი ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელია საქართველოში, მაგრამ იქ წასვლა მარტო ფიზიკურ მომზადებაზე არაა დამოკიდებული, სათანადო დაფინანსებაა საჭირო… აქ ჩვენი ინტერვიუ შეწყდა. გვითხრა, რომ მომდევნო თვეში კვლავ გვეწვეოდა „ალიონის“ რედაქციაში. მოსვლით ვერ მოვიდა, მაგრამ მობილურით 2-ჯერ დაგვიკავშირდა. უნდოდა მეტი ეთქვა გერმანელი მთამსვლელების გულისხმიერებასა და დახმარებაზე.
_ვინმე არ გამოგვრჩეს. ზაფხულში საყორნიასთან, ჩვენი ნაცნობების, მესხიების კარავში კიდევ ჩავწეროთ…ბადრი ინგოროყვა მომიკითხეთ, ვერ მოვახერხე მისი ნახვა (ბადრი 1997 წელს კავკასიონზე ჩვენი ექსპედიციის წევრი იყო)…
სამწუხაროდ თამაზ ბაქანიძე გარდაიცვალა.
ვფურცლავ წლების მანძილზე გაკეთებულ ჩანაწერებს და გული მწყდება ოზურგეთის საზოგადოებამ ერთხელაც ვერ მოუწყო შეხვედრა ასეთ ტიტულოვან მთამსვლელს, არ მიიწვია არც ერთ ტურისტულ ღონისძიებაზე.. ვერ მოვაწყვეთ მისი საინტრესო ნახატების გამოფენა… მაგრამ თამაზ ბაქანიძის სახელი დაუვიწყარია ქართველ და უცხოელ მთამსვლელთა თაობებში – ალპინიზმი ხომ უმაყურებლო სპორტია.
ALION.GE
დამატებულია: 2019-09-15
მსგავსი სტატიები
- 81ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 784 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 78ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების…
- 78ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს, მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…
- 76ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…