მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც საია-ში აღნიშნავენ, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
ამასთან, საია-ში განმარტავენ რომ მზია ამაღლობელის დაცვის მხარე გაასაჩივრებს წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის დაცვის უფლების გარეშე დატოვების თაობაზე 5 დღის ვადაში.
„4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე (მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ.
სასამართლომ მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის საფუძვლით, კიდევ ერთხელ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. ბრალდების მხარე ამ არგუმენტს კვლავ ამყარებდა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების ფაქტით, რომლის უკანონობის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იყო ამავე საქმეში, რომლებიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ. სასამართლომ პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდება არც კი მიუთითებდა, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.
დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით საკმარისი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარდგენილ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც პოლიციელზე თავდასხმად სასამართლომ არ შეაფასა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორებიცაა პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა და ა. შ. აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი.
სასამართლომ ასევე, იმსჯელა მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე და მიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის 1 შუამდგომლობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან მოწმე ეთერ თურაძის ამოღებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნო ბრალდების მხარის უკანონო და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გაცემული განჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს მიეცა უფლება, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან გამოითხოვოს პირადი, პერსონალური მასალა შეუზღუდავად. ამით, ირღვევა მისი საკუთრების, პირადი კომუნიკაციისა და პროფესიული საქმიანობის კანონითა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარე გაასაჩივრებს წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის დაცვის უფლების გარეშე დატოვების თაობაზე 5 დღის ვადაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მზია ამაღლობელის უფლებების დასაცავად ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.
მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 71
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 67
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.…
- 63
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ipn.ge იუწყება. სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმის განხილვა არ მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში საქმეზე საჩივარი გუშინ შევიდა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ცნობისთვის,…
- 59
- 58
დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინ. აქციაზე შეკებილი, ბრალდებულ ბ.გ-ძე-ს ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებული უდანაშაულოა და საქმის არაობიექტურ გამოძიებას აქვს ადგილი. მათივე განცხადებიით, მოწმეებზე ხდება ზეწოლა . ბ.გ-ძე სექტემბერში დააკავეს და მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და გაუპატიურება ედება. ბრალდებულის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:…