2025 წლის 9 ივნისს გაზეთ „ალიონის“ ვებგვერდზე (alion.ge) გამოქვეყნდა ინტერვიუ (ავტორი ნუგზარ ასათიანი), სახელწოდებით „ლაგის წევრი პროექტის „მწვანე გურია“ შესახებ“, რომელიც მოიცავს ერთი განაწყენებული რესპონდენტის ტყუილით და ცილისწამებით სავსე შეხედულებებს. ქალბატონი მარინა ჩიხლაძე, როგორც თავად არაერთგზის ამტკიცებს, „უსამართლოდ დატოვეს დაფინანსების მიღმა“. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ: ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“, დემოკრატიის ინსტიტუტთან, ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად (LAG), გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის.
კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 342 განაცხადი, რომელთაგან დაფინანსდა 50 პროექტი (25 – ოზურგეთი, 12 – ჩოხატაური, 13 – ლანჩხუთი). ყოვლად გაუგებარი ლოგიკით, თურმე 50 მონაწილე ფიქრობს, რომ კონკურსი სამართლიანად ჩატარდა, ხოლო 292 მონაწილეს, სავარაუდოდ, შეიძლებოდა ქალბატონ მარინა ჩიხლაძესავით ეფიქრა. აღნიშნულ პირს არაერთხელ პირადად (მათ შორის, წერილობით) და რამდენჯერმე საჯაროდ განემარტა, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებდა მისი საპროექტო წინადადება კონკურსის პირობებს და რა გახდა მისთვის უარის თქმის მიზეზი.
მიუხედავად აღნიშნული ახსნა-განმარტებებისა, მან გამოიყენა ყველა ოფიციალური და არაოფიციალური მექანიზმი (ზოგიერთი მათგანი – პიროვნული ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი), რითაც ეცადა, რომ თავის „სიმართლეში“ დაერწმუნებინა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ, როგორც კი დაინახა, რომ საწადელს ვერ მიაღწია, უკვე დაუფარავად მიიღო განაწყენებული ადამიანის პოზა და დაიწყო კონკურსში გამარჯვებული პროექტების, განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და კონკრეტული თანამშრომლების შესახებ სიძულვილით და ტყუილებით სავსე სტატიებისა და სტატუსების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში. ამ ქალბატონის ტყუილებსა და ცილისწამებაში თავად რომ დარწმუნდეთ, გთავაზობთ ამონარიდებს მისი ზემოხსენებული ინტერვიუდან (სტილი დაცულია): ტყუილი N1 – „ საქმისადმი ფორმალური დამოკიდებულება , ლაგის მმართველი საბჭოს არჩევნებიდანვე გამოჩნდა , სადაც უმეტესად , წევრობის კანდიდატები , ნაცნობ პირებს ხმის მიცემას თხოვდნენ … ხოლო , საბოლოოდ თავმჯდომარედ გათვალისწინებულ პერსონას , რომელიც მოგვიანებით როგორც იქნა , გამოჩნდა , დარბაზში ამაოდ ეძებდნენ “ .
LAG-ის არჩევნები ჩატარდა სრულიად გამჭვირვალედ. არჩევნებში 26 კანდიდატი მონაწილეობდა. ხმის მისაცემად მოსული იყო 100-მდე წევრი. 26 კანდიდატიდან LAG-ის 16 წევრი შეარჩიეს ფარული კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს მიეცა საკუთარი პროგრამის წარმოდგენის შესაძლებლობა და სწორედ რომ თითოეული კანდიდატი ხმის მიცემას სთხოვდა არა მხოლოდ ნაცნობებს, არამედ სრულიად უცნობებსაც – ასეთია არჩევნების პრინციპი. ქალბატონი მარინა ჩიხლაძის ლოგიკით, გამოდის, რომ ნებისმიერი არჩევნები ამ ქვეყანაში ფორმალურია, რადგან კანდიდატები თურმე ხმის მიცემას ითხოვენ. ეს ტყუილია და თან სახალისო ტყუილიც.
ტყუილი N2 – „ როცა შედეგი გავაპროტესტე და გავასაჩივრე , მარინა თოფურიამ , ჟიურის ერთ – ერთმა წევრმა , ( რომელიც თავიდან უარყოფდა , რომ ის იყო ჟიურის წევრი ), „ განმიმარტა “: ბოლო ეტაპზე დასაქმების პოლიტიკა წამოვიდა სამსჯელოდ და ეს სად გიჩანსო ? ინოვაცია სად არისო ? “ ქალბატონ მარინა თოფურიას არასდროს უარუყვია, რომ იყო საკონკურსო კომისიის წევრი. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, პროექტ „მწვანე გურიის“ საგრანტო კონკურსის პირობებისა და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ შინაგანაწესის მიხედვით, ის (ისევე, როგორც კომისიის სხვა წევრები) ინტერესთა კონფლიქტის გამო ვალდებული იყო, არ მიეღო მონაწილეობა ისეთი პროექტების განხილვაში, რომელთა ავტორებთან მას პირდაპირი ან არაპირდაპირი ნათესაობა ან ისეთი გარემოებები აკავშირებდა, რომლებიც შეუძლებელს ხდიდა საკონკურსო კომისიის განხილვის პროცესში მის მონაწილეობას. ქალბატონი მარინა თოფურია და ქალბატონი მარინა ჩიხლაძის მეუღლე დეიდაშვილები არიან. სწორედ ამ ნათესაური კავშირის მიზეზით მარინა თოფურია არ იყო ჩართული მარინა ჩიხლაძის პროექტის განხილვაში პროცესის არც ერთ ეტაპზე.
ტყუილი N3 – „ 20 ათასი ლარის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტით ოთხი ადამიანის დასაქმება მიუღებელი აღმოჩნდა და 70 ათას ლარიანი პროექტი , უვენახო , უყურძნო , შუა ქალაქის გარემოში _ მისაღები … თან სამი ადამიანის დასაქმებით ! ქოთანი ამათ ხელშია და ყურის წაღმა – უკუღმა მიწებებას ვინ დაუშლით ? თითქოს , გურიაში ვაზი და უთვალავი ახლად წამოწყებული საქმეები , მევენახეობა – მეღვინეობის მიმართულებით ცოტა ან ძნელი მოსაძიებელი იყოს . და ასეთ დროს , დაფინანსება გაცემულია შედარებით ფსევდო და სამოყვარულო დონეზე მყოფ ობიექტზე (!!!) “
მევენახეობა და მეღვინეობა სოფლის მეურნეობის ცალკე-ცალკე მიმართულებებია. LAG-ის სტრატეგიის მიხედვით, შეიძლება დაფინანსებულიყო ან ცალკე ყურძნის წარმოება და მისი გაყიდვა, ან ცალკე მხოლოდ ღვინის დაყენება, რაც ეკონომიკური წარმოების ჯაჭვის ნაწილია. რესპონდენტი საერთოდ არ იცნობს მის მიერ ნახსენები პროექტის ავტორების გამოცდილებას,
პროექტის მიზნებსა და შედეგებს. მისთვის რთულია, ერთმანეთისგან განასხვაოს მევენახეობა და მეღვინეობა, დივერსიფიცირებული ეკონომიკური წარმოება. მისი შეფასება „ფსევდო და სამოყვარულო დონეზე მყოფი ობიექტი“, სიცრუესთან ერთად, არის შეურაცხმყოფელიც და ლახავს ამ საწარმოს საქმიან რეპუტაციას. აღნიშნული პროექტის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მარნის ბაზაზე ღვინის მცირე ლაბორატორიის შექმნის იდეა იყო, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში, სულ მცირე, 150 ღვინის ნიმუშის კვლევა იქნება შესაძლებელი, რაც შესაძლებლობას მისცემს გურიის რეგიონის მეღვინეებს, გამოავლინონ სავარაუდო დარღვევები ღვინის დაყენების პროცესში და დროულად გამოასწორონ ისინი. მეღვინეებს სჭირდებოდათ თბილისის ლაბორატორიებთან კომუნიკაცია, რაც ართულებდა და აძვირებდა ამ მომსახურებას (გასათვალისწინებელია, რომ ღვინის დაყენების პროცესში პროდუქტს (ღვინოს) რამდენჯერმე სჭირდება ლაბორატორიული კვლევა). მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ მარანში პროექტის ფარგლებში გაფართოვდა ღვინის დაყენების პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მარანს მისცემს საშუალებას, ერთი მხრივ, ადგილობრივი მევენახეებისგან შეიძინოს უფრო მეტი ყურძენი, მეორე მხრივ, გადაამუშაოს მეტი გურული ჯიშის ყურძენი და არ დაუკარგოს მას ავთენტურობა (აღსანიშნავია, რომ ხშირად, როდესაც სხვა რეგიონებისა და თბილისის ღვინის ქარხნები ყიდულობენ გურული ჯიშების საღვინე ყურძენს, ის ერევა სხვა რეგიონების საღვინე ყურძენთან და იკარგება გურული ჯიშების სახელწოდებები). არ შეიძლება არ ითქვას, რომ „ნოდოს მარანი“, რომელზედაც არაკეთილსინდისიერად ლაპარაკობს ქალბატონი მარინა ჩიხლაძე, ყოველთვის განსაკუთრებით ცდილობს გურული ხარისხიანი ღვინოების პოპულარიზაციას. ამის დასტურია ისიც, რომ მევენახეების 2025 წელს ჩატარებულ WineExpo Georgia-ზე აღნიშნული მარნის ღვინომ ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურა. ამავე მარნის 2 სახეობის ღვინო წარმოდგენილია „ქართული ღვინის გილდიის“ 100 საუკეთესო ღვინოს შორის.
ტყუილი N4 – „ ვამბობ და არაერთგზის ვიტყვი „ მწვანე გურიას “ მენეჯმენტის , მათი აბსოლუტურად უსამართლო ჟიურის მიმართ , რომლის გადაწყვეტილებები ღიად მიკერძოებულია . ( ახლა ხშირად გამოდის ხმები მათი გუნდიდან , რომ ყველაფერი თავის ჭკუაზე გადაწყვიტეს ქედის ლაგის წევრებმა , რომლებიც აქ იყ ვნენ მოვლენილი ) “ . ინტერვიუს რესპონდენტამდე მისულა ხმები, რომ ყველაფერი გადაწყვიტეს ქედის LAG-ის წევრებმა, თუმცა სიმართლე არის ის, რომ თითოეული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა საკონკურსო კომისია, რომელშიც კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი (CENN) 4 წევრით იყო წარმოდგენილი, ხოლო სამი პარტნიორი ორგანიზაციიდან თითოეული – 2-2 წევრით. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე ორგანიზაციას ექნებოდა კერძო ინტერესის
გატარების სურვილი, იქნებოდა 2 წევრი 8 წევრის წინააღმდეგ. როგორც ყველგან, ამ საგრანტო კომისიაშიც, რომელიც 10 პირისგან შედგებოდა, საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა.
ტყუილი N5 – „ ხაზს ვუსვამ ყველაზე მთავარს _ ლაგის მმართველი საბჭო , რომლის წევრები , ასევე თავმჯდომარე ( კოკა კიღურაძე ) გრანტებით დააჯილდოვეს , უკვე ა ( ა ) იპ ორგანიზაციად დარეგისტრიდა ! რა გამოდის ? რამდენი გრანტი გამოჩნდება , ისევ უმეტესად საკუთარ ჯიბეში უნდა ჩაილაგონ ? არანაირი მმართველი საბჭო არ არსებობს “ . ოზურგეთის LAG-ის მმართველი საბჭოს და ასოცირებული წევრების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა განვითარების სტრატეგია, შეფასდა არსებული სიტუაცია და განისაზღვრა შესაბამისი პრიორიტეტები. ეს იყო ამ კონკურსში LAG-ის მთავარი ფუნქცია. საგრანტო კონკურსი მთლიანად წარმართა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა (CENN), სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. კონკურსის პირობების მიხედვით, LAG-ის მმართველი საბჭოს წევრებს, ნებისმიერი სხვა მსურველის მსგავსად, მიეცათ კონკურსში მონაწილეობის სრული თავისუფლება, რაც გახლდათ LAG-ის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილება (პროცესი ასე წარიმართა სხვა რეგიონებშიც და მსგავსი გადაწყვეტილება ყველა LAG-ს აქვს მიღებული). ოზურგეთის LAG სრულიად დისტანცირებული იყო კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესისგან, მხოლოდ LAG- ის მმართველთა საბჭოს მიერ არჩეული 2 წევრი აკვირდებოდა კონკურსს გასაუბრების ეტაპზე. რესპონდენტი საერთოდ არ იცნობს არც LAG-ის თავმჯდომარეს, არც მის სამუშაო გამოცდილებას, არც მისი პროექტის შინაარსს და არც პროექტის მიმდინარეობას. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ „ მე როცა ამ მიკერძოებული , უსამართლო კონკურსის შესახებ ვსაუბრობ , პრეტენზია არ მაქვს პროექტების გამარჯვებულებთან “ , მაგრამ მისი ყველა მოსაზრება სწორედ რომ გამარჯვებული პროექტების ავტორების დისკრედიტაციას ემსახურება – მათ უაპელაციოდ აცხადებს ფავორიტებად და საგრანტო რესურსების მიმთვისებლებად.
ასევე, საოცარი და გაუგებარია, რა პრობლემას ხედავს რესპონდენტი LAG-ის ა(ა)იპ ორგანიზაციად დარეგისტრირებაში. ეს არის ორგანიზაციული ფორმა, რომლითაც დარეგისტრირებულია საქართველოში ყველა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG). აქვე აშკარავდება მისი ჩანაფიქრი, რომ ჩირქი მოსცხოს ყველა პატიოსან მეწარმეს, ორგანიზაციას (მათ შორის, იმას, რომლის წევრადაც თავს თვლის), რადგან მისმა პროექტმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა.
ასევე გვინდა , რესპო ნ დენტს შევახსენოთ ამონარიდი იმ ორგანიზაციის წესდებიდან , რომლის ერთადერთ (!) და ნამდვილ წევრად აცხადებს თავს :
„ საერთო კრების და ასოცირებული წევრის სტატუსი გულისხმობს პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს და ეს ურთიერთობები ვერ გაგრძელდება , თუ პირის ქმედება ორგანიზაციის ფასეულობებთან , მიზნებთან , ამოცანებთან , საქმიანობის ფორმებთან შეუსაბამო ხდება ; რომელიც ზიანს აყენებს ან / და ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ერთიანო ბას ,რეპუტაციას და რომელიც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით “ .
ვფიქრობთ, ამ ადამიანისთვის სიძულვილის, ტყუილის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გავრცელებაში ხელშეწყობა და მისი ტირაჟირება ცალკე პრობლემას წარმოადგენს.
ჟურნალისტური ეთიკის პრინციპი N1 – „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, ჩანდეს მედიის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად , შეთანხმების თანახმად , ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი , ადგილი , მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია . “
მიგვაჩნია, საზოგადოებრივი ინტერესის პატივისცემის და დემოკრატიული პროცესების დაცვის აუცილებელი პირობაა მედიის წარმომადგენლებმა შეინარჩუნონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და ხელი შეუწყონ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.
კოკა კიღურაძე,
ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის გუნდი.
p.s. ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) ლაგის წევრის, მარინა ჩიხლაძის კომენტარი (და არა ინტერვიუ) 9 ივნისს გამოქვეყნდა ვებ.გვერდზე alion.ge, სადაც ვწერდით, რომ „რედაქცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მეორე მხარესაც დაუთმოს შესაბამისი ფართი.“ ვფიქრობთ, რედაქციის ბრალი არ არის, ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს კოკა კიღურაძეს ორი კვირა დასჭირდა ლაგის წევრისთვის გასაცემი პასუხის მოსაფიქრებლად. (მას არც ტურში „გაიცანი ადგილობრივი ბიზნესი“ მიუღია მონაწილეობა, სადაც 5 ბენეფიციარი მოვინახულეთ და არც ახსენებს გაზეთ „ალიონში“ გამოქვეყნებულ სტატიას „როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი,“ სადაც მკვლევარ ნანა თავდუმაძის კომენტარიც იყო გამოქვეყნებული. ამ სტატიაში ვერანაირ ტყუილს, სიძულვილის ფაქტს ვერ ამოიკითხავდნენ. საინტერესოა ვისი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შევბღალეთ (?!).
ვფიქრობთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას მეტი ჯანსაღი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს! ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) ლაგის წევრის მოსაზრებების გამოქვეყნების გამო ჟურნალისტებს არ უნდა ადანაშაულებდნენ ეთიკის სტანდარტების დარღვევაში.
აქვე გთავაზობთ ვებ.გვერდზე გამოქვეყნებული მარინა ჩიხლაძის კომენტარის (და არა ინტერვიუს) ლინკს:
მსგავსი სტატიები
- 94
„ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, პროტესტი ჩაახშოს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა“ , _ ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ასობით ადამიანს უკვე შეეფარდა ჯარიმა და ადმინსტრაციული პატიმრობა, ათეულობით პირი კი,…
- 94
ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური მდგრადობის ზრდისათვის“,რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან _ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. გაზეთ „ალიონის“ #10-ში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია „როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები?“, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,…
- 94
საჯარო მოხელეების საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებას სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო. „2024 წლის…
- 93
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 93
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…