წერილი მეშვიდე-მერვე

ავტორი გია ბეშიტაიშვილი

1971 წლის ოქტომბერში კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთხელ შეახსენა ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს ჩემთვის, როგორც წარჩინებულ ახალგაზრდა სპეციალისტისთვის ერთ ოთახიან ბინის გამოყოფის შესახებ, თანაც ყველა საბუთებს დაუმატა ახალი საბუთი, რომ მე უკვე ვმუშაობდი განაწილებით ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად. ისევ გაგრძელდა გაუთავებელი დაპირებები. როგორც ჩანს ვიღაცას ჩემზე უფრო მეტად ჭირდებოდა ბინა თბილისში! საბოლოოდ გადავწვიტეთ და მშობლების ფინანსიური დახმარებით ვიქირავეთ ერთ ოთახიანი, პატარა ბინა საბურთალოზე.

1971 წლის ნოემბერში, სრულიად შემთხვევით პოლიკლინიკის ყელ-ყურის ექიმთან საუბრის დროს გავიგე, რომ თბილისში არსებობს ბაქტერიოფაგი და სადიაგნოსტიკო ცენტრი. მან მირჩია მიმემართა ამ ცენტრისთვის. 20 ნოემბერს ანალიზების ჩაბარების შემდეგ დავიწყე მკურნალობა ექიმ გულიკო საკანდელიძის ხელმძღვანელობით! მკურნალობა დაიყო სამ ეტაპად და 1972 წლის 16 იანვარს წლების განმავლობაში «მოურჩენილი» ავადმყოფობა მორჩა. ჩემ ანალიზებში არ აღმოჩნდა არავითარი ბაქტერიალური ვირუსი, არავითარი ანთება. გულიკო საკანდელიძემ, ჩემგან ყოველთვის დიდი პატივისცემით მოსაგონარმა ექიმმა სიმღერის უფლება მომცა!

წარმოიდგინეთ რა სიხარულს განვიცდიდი მაშინ. ძალიან დიდი სიფრთხილით, ვოკალიზების და შედარებით ადვილი ნაწარმოებებით დავიწყე ხმის აღდგენა. თანდათანობით ჩემ ხმას დაუბრუნდა ძველებური მოქნილობა, ძალა, ხმის სილამაზე და სიკაშკაშე მთელ დიაპაზონზე. იმ ნაწარმოებების შესრულება ერთი თვის უკან სრულიად შეუძლებლად რომ მეჩვენებოდა, ეხლა თავისუფლად, ძალდაუტანებლად შემეძლო.

სამწუხაროთ 1971 წლის შემოდგომიდან ბატონი დავით ანდღულაძის ავადმყოფობის გამო, მის მოწაფეებთან გაკვეთილების ჩატარება ჩაიბარა ნოდარ ანდღულაძემ, მისმა შვილმა!

ერთმანეთისაგან თუ გინდ სულ ცოტა, მაგრამ მაინც «განსხვავებული სიმღერის მეთოდი», სისტემა, სკოლა, რაც გინდათ ის დაარქვით, დიდ ხიფათს, რისკს წარმოადგენდა იმით, რომ ერთ წელიწადში სიმღერის ახალ თვისებების, ჩვევების ათვისება თითქმის შეუძლებელი იყო, ხოლო ძველი თვისებების, ჩვევების დაკარგვა კი შესაძლებელი! ექვსი წლის განმავლობაში გოგის ბატონ დავით ანდღულეძასთან მეცადინეობით კარგად, თითქმის ავტომატურ დონეზე ჰქონდა გამომუშავებული ვოკალური თვისებები, ჩვევები, სუნთქვისა და დიაფრაგმის ურთიერთობა, მკერდისა და თავის ბგერების შერწყმა, ამიტომ მან გადაწყვიტა სადიპლომო პროგრამის მომზადება მხოლოდ კონცერტმეისტერთან ერთად.

მე ამ დროს მუშაობას ვაგრძელები ფლეიტის კლასის პედაგოგად «ნიჭიერთა ათწლედში» და ჩემი მასწავლებლის, მამია კახიანის მეთოდით ვასწავლიდი მოწაფეებს ფლეიტაზე დაკვრას, სკოლის ხელმძღვანელობა კმაყოფილებას გამოთქვამდა ჩემ მუშაობაზე! სახლში კი ყოველ დღე ვვარჯიშობდი სიმღერაში. კარგი ხნის მერე, როცა დავრწმუნდი ჩემი ხმის შესაძლებლობაში მივედი თბილისის ფილარმონიის დირექტორთან, ბატონ გუგული ყიფიანთან თხოვნით, მოესმინა ჩემთვის. დირექტორმა მეორე დღისთვის დამინიშნა მოსმენა, რომელსაც ესწრებოდნენ დირქტორის მოადგილე პაპიტაშვილი, ავთანდილ გელოვანი, გრიგორაშვილი ხვითო, ჯანო ბაგრატიონი და თავად გუგული ყიფიანი. მე თან ვმღეოდი და თან ვუკრავდი როიალზე. შევასრულე იტალიური სიმღერა «ფუნიკული –  ფუნიკულა», «მარია, მარი» და კოკელაძის «სისა ტურა»! მოსმენის ბოლოს დირექტორის თხოვნით კიდევ ერთხელ ვიმღერე  «ფუნიკული – ფუნიკულა». სამხატვრო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ფილარმონიაში ჩემი სოლისტად ჩარიცხვის, ოღონდ მე დამევალა საესტრადო ანსამბლის ჩამოყალიბების საკითხის მოგვარება!  ჩემი მხრიდან კი ბატონ გუგული ყიფიანს ვთხოვე გამოეყოთ ჩვენთვის სარეპეტეციო დარბაზი და მოეცათ ერთი თვის ვადა პროგრამის მოსამზადებლად. სულ მალე გამოგვიძებნეს სარეპეტიციო დარბაზი კავგიპროტრანსის ინსტიტუტის შენობაში.

თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ვოკალურ ნაწარმოებებთან ერთად შეგვესრულებინა თანამედროვე ინსტრუმენტალური მუსიკაც. ამიტომ პირველ რიგში ანსამბლში მოვიწვიე პიანისტი გიზო ვარდოსანიძე, ჯერ კიდევ «ნიჭიერთა ათწლედში» ცნობილი, როგორც « შესანიშნავი ჯაზმენი, იმპროვიზაციების დიდოსტატი». მალე გამოირკვა, რომ ის ყოფილა შესანიშნავი კომპოზიტორიც, მის ნაწარმოებს «რონდო»-ს დიდი წარმატებით ვასრულებდით კონცერტებზე!

ანსამბლის შემადგემლობაში შედიოდნენ: მიშა  შამელაშვილი,  ალიკ მარტიროსოვი, ლუიზი არუთინოვი, კოლია  არუთინოვი, შურა  გალუსტოვი, გიზო ვარდოსანიძე და გია ბეშიტაიშვილი!

1972 წლის15 ივნის კავგიპროტრანსის სააქტო დარბაზის სცენაზე, მაყურებლების თანდასწრებით, ფილარმონიის სამხატვრო საბჭომ მოისმინა და მიიღო ჩვენი ასამბლის საკონცერტო პროგრამა!

შევასრულეთ გიზო ვარდოსანიძის «რონდო», ინსტრუმენტალური ნაწარმოებები: ნოვიცკის «ელდორადო», პოლ დეზმონდის ცნობილი კომპოზიცია «Time Out », («5/4»), ასევე  ნეაპოლიტანური სიმღერები: «ფუნიკული – ფუნიკულა», «Dicitencello vuie» (სკაჟიტე დევუშკი), « Torna a Surriento» (ვერნის სორრენტო). ქართული სიმღერები «სულიკო» და «ციცინათელა», კომპოზიტორების: გიგაურის «მოგონება», ნ. ედილაშვილის «მიდიხარ», კოკელაძის «სისა ტურა».

მინდა პატივისცემით მოვიხსენიო დიდებული ადამიანი, ბატონი გუგული ყიფიანი, ფილარმონიის დირექტორი. როგორც კი ფილარმონიაში ჩვენი საკონცერტო პროგრამა მიიღეს, მან სასწრაფოდ გამიკეთა საატესტაციო საბუთი კულტურის სამინისტროში.

ამ საბუთის გარეშე მე არ მექნებოდა კონცერტებში მონაწილეობის უფლება. იხილეთ ამ საბუთის ფოტოსურათი. ბატონი გუგული თავისი კეთილი დამოკიდებულებით ძალიან მაგონებდა ბატონ დავით ანდღულაძეს! რეპეტიციებს დროს მოვიდოდა, მოგვისმენდა და ბოლოს აუცილებლად მთხოვდა მემღერა «ფუნიკული – ფუნიკულა», რატომღაც ძალიან მოწონდა ეს სიმღერა. ერთხელ მითხრა: «ერთმა ცნობილმა ადამიანმა შენზე მკითხა: «რატომ მიიღეთ ფილარმონიაშიო? თუ მიხვდი ვინ იქნებოდა? არა, ვერ ვხდები-მეთქი ვუპასუხე. გაეცინა და მითხრა: «კარგი ბიჭი ყოფილხარ, კარგად გაზრდილი, ვხვდები, რომ იცი ვინც იყო, მაგრამ არ დაასახელეო». ერთი კვირის მერე დამიძახა და გამიშვა რობერტ ბარძიმაშვილთან: «ჩადი დარბაზში, ნახე რობერტ ბარძიმაშვილი, მე მას ვთხოვე მოგისმინოს როგორ მღერიხარ იტალიურ სიმღერებს, ის მისი ანსამბლით «ორერათი» მიდის გასტროლებით იტალიაში და იქნებ მოისურვოს შენი თან წაყვანაო!» მე დიდი მადლობა გადაუხადე ბატონ გუგულის ყურადღებისთვის, თუმცა წინასწარ ვხდებოდი, რომ ჩემი ჩართვა უკვე გამზადებულ «ორერას» საკონცერტო პროგრამაში შეუძლებელი იქნებოდა! მაინც ჩავედი და შევხვდი იმ დროის ლეგენდარულ ქართველ მუსიკოსს, ლეგენდარული ანსამბლის «ორერას» ხემძღვანელს, რობერტ ბარძიმაშვილს. მან გაიხსენა: «თქვენ ის ბიჭები ხომ არ ხართ გოგი შიოშვილი რომ გაქებდათ და თქვენი უცხო ენათა ინსტიტუტში მოწყობას რომ აპირებდაო? მე გამიხარდა რომ გაგვიხსენა! ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, მერე ვიმღერე  რამოდენიმე სიმღერა მარიო ლანცას რეპერტუარიდან «Torna a Surriento» (ვერნის სორენტო), «Come prima» და «Besame mucho», «Because», თანაც როგორც ყოველთვის თან ვმღეროდი და თან უკრავდი პიანინოზე. ბატონი რობერტი მართალი და პირდაპირი სიტყვების მთქმელი ადამიანი აღმოჩნდა: «შენ ძალიან კარგად მღერიხარ, მაგრამ შენს მერე ჩვენ ხომ უნდა გავაგრძელოთ კონცერტი, შენ როგორ ფიქრობ ჩვენ მერე რა უნდა ვიმღეროთო?», ამ სიტყვების მერე ცოტა აღელვებაც კი დაეტყო. რა თქმა უნდა ის სწორი იყო, მას კონცერტის პროგრამა საუკეთესოდ ქონდა აწყობილი და ჩემი პროგრამაში ჩართვა სრულიად ზედმეტი და უადგილო იქნებოდა. მე დიდი მადლობა გადაუხადე ყურადღებისთვის, გაცნობისთვის ბატონ რობერტს და წარმატებები უსურვე მას და მის სახელოვან ანსამბლის «ორერას» წევრებს.

ფილარმონიამ თუმცა კი გამოგვიყო საკონცერტო ვოკალური აპარატურა კონცერტების ჩასატარებლად, მაგრამ აპარატურა აღმოჩნდა ძველი, ათასჯერ გარემონტებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ისეთი რომ მისი გამოყენება კონცერტებზე შეუძლებელი იქნებოდა!დირექტორის მოადგილემ: «სულ ეს არის რაც ახლა გაგვაჩნიაო.»

ბატონმა გუგულიმ კი მითხრა: «აპარატურა აქვს სამინისტროს, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევენო».

გადავწყვიტე მივსულიყავი ბატონ ვახტანგ თოხაძესთან, ყოფილ მახარაძის რაიკომის პირველ მდივანთან, იმ დროს კი საქართველოს ვაჭრობის მინისტრთან დახმარებისთვის! სამინისტროში როგორც კი მოახსენეს ჩემს შესახებ ხელად მიმიღო თავის კაბინეტში, ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, მომეფერა: « მე თქვენ სულ პატარობიდან მახსოვხართო!» მერე ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა ჩემი მშობლების, ძმის შესახებ, ჩვენი სწავლის, საქმიანობის შესახებ. მე მივეცი ფოტოსურათი სადაც ნასაკირალის ძეგლთან გადაღებულები ვართ მის შვილთან, ზაურისთან ერთად მე და გოგი. გაუხარდა, ამ სურათს პირველად ვხედაო!

მერე როგორც იქნა დიდი ბოდიშების მოხდით გავბედე და უთხარი ჩემი გასაჭირის, აპარატურის შესახებ! შემპირდა, გავიგებ ყველაფერს და აუცილებლად დაგეხმარებიო! მალე ფილარმონიას გამოუყვეს ახალი აპარატურა, თანაც ვახტანგ თოხაძემ დაურეკა გუგული ყიფიანს და შეახსენა –  აპარატურა გამოვყევით გია ბეშიტაიშვილის ანსამბლისთვისო!

1972 წლის ნოემბერში საქართველოს ტელევიზიამ გამოაცხადა კონკურსი, გამარჯვებული ამ კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას

ქალაქ მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობის ფესტივალში! ფილარმონიის დირექციამ ჩვენი ანსამბლი წარადგინა კონკუსში მონაწილეთა შორის.

28 ნოემბერს ფილარმონიის ზამთრის თეატრში თბილისის ტელევიზიის ახალგაზრდული გადაცემების რედაქციამ, რედაქტორების: ბ.თბილელის, ნ. ედილაშვილის და თ.ნაცვლიშვილის შემადგემლობით მოგვიწყო მოსმენა სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობაში მიღების თაობაზე. მოსმენის შედეგად ჩვენ  ოფიციალურად მიგვიწვიეს კონკურსში!

 

1972 წელი ჩვენ ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა ვითარების არა სახარბიელო მოულოდნელი ცვალებადობით!

დავიწყებ იმით, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანის, მაესტრო დავით ანდღულაძის ავადმყოფობა სამწუხაროდ გაჭიანურდა. ჩვენ ვცადეთ მისი ნახვა, მაგრამ: « მალე გამოჯამრთელდება და მაშინ მოინახულეთო!»  გოგი ისევ განაგრძობდა კონცერტმეისტერთან ერთად  სადიპლომო პროგრამის მომზადებას მასწავლებლის გარეშე. გაზეთ «ალიონის» წინა სტატიაში უკვე განვიხილე თუ რატომ, რა მიზეზით ჩემმა ძმამ არ დათანხმდა ნოდარ ანდღულაძესთან მეცადინეობას. ვფიქრობ ეს მისი გადაწყვეტილება არა სწორად იქნა გაგებული და შეფასებული, რამაც თავი იჩინა სახელმწიფო სადიპლომო კომისიის თავჯდომარის ნ. ანდღულაძისაგან გოგის პროგრამის შეფასებაში. ამ გამოცდას ესწრებოდნენ ბევრი სტუდენტები, მასწავლებლები, რომლებსაც ძალიან აინტერესებდათ დავით ანდღულაძის წარჩინებული მოწაფის მოსმენა, რომელმაც პროგრამის ბოლოს თბილისის ოპერის  სოლისტთან, მეცო-სოპრანო თამარ გურგენიძესთან ერთად შეასრულა კარმენისა და ხოზეს ბოლო დუეტი ბიზეს ოპერა «კარმენი»-დან, რამაც დამსწრეთა მხურვალე ოვაციები გამოიწვია! მიუხედავად ოვაციებისა გოგის ოთხიანით შეუფასეს სადიპლომო პროგრამა, რამაც დამსწრეთა, განსაკუთრებით სტუდენტებში გაკვირვება და არა ჯანსაღი მითქმა-მოთქმა გამოიწვია! არ ვიცი, ვერ გეტყვით, რანაირი «კმაყოფილების» გრძნობა განიცადა ნ. ანდღულაძემ, ან რა უთხრა საკუთარ მამას გოგის გამოცდის შესახებ? ან უთხრა კი??? შესაძლებელია ჩვენი საყვარელი მასწავლებელი, დავით ანდღულაძე კიდეც განიცდიდა, გოგიმ და გიამ, ჩემ ხელში გაზრდილმა ბიჭებმა რატომ არ მომინახულესო?! ეს უპასუხო, სევდიანი კითხვა ხშირად იბადება ჩემს მახსოვრობაში, როცა ვიხსებ ამ დიდებულ ადამიანს, მის ჩვენდამი სიყვარულს, მის კეთილ დამოკიდებულებას! ვიხსენებ როგორ ცდილობდა და გვასწავლიდა მისი შესანიშნავი, დაუვიწყარი ხმით სიმღერას! ერთხელ მაჩუქა ჯ. ვერდის ოპერა «აიდა»-დან რადამესის რომანსის ნოტები ავტოგრაფით: « ჩემ საყვარელ გიას! იმღერებდე და გამიხსენებდე!» ყოველთვის ვიხსენებ, არასდროს არ დამავიწყდება! ღმერთს ვთხოვ ნათელში და სიმშვიდეში ამყოფოს უდიდესი ქართველი მომღერალის, დავით ანდღულაძის სპეტაკი სული!

მე ჩემ მოგონებებს ვწერ სუბიექტურად, მაგრამ ვეყრდნობი მხოლოდ ფაქტებს, იმ ფაქტებს რაც ნამდვილად მოხდა და რისი შემოწმებაც შესაძლებელია! ფაქტი კი ერთია, ბატონმა ნოდარმა თავისი მოქმედებით გვამცნო მისი « კეთილი, მეგობრული» დამოკიდებულება! მეორე ფაქტი კი ის არის, რომ ხუთიანი კი არა, ათიანიც რომ დაეწერა ჩემი ძმისთვის ეს არაფერს არ შეცვლიდა ახალგაზრდა მომღერლის მომავლითვის!

მინდა ორი სიტყვით შევეხო და განვიხილო რა ფუნქციის შესრულება ევალება კონსერვატორიას, ამ უმაღლეს მუსიკალურ დაწესებულებას: მისი ძირითადი მიზანია მოამზადოს მაღალი დონის მუსიკოსები, მათ შორის ვოკალისტებიც. ამ მიზნის განსახორციერებლად ძირითადად ხალხური სიმღერების გუნდებში ეძებენ გამორჩეული ხმის ახალგაზრდებს. კონსერვატორიის პედაგოგებმა ხუთი წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდებისაგან უნდა აღზარდონ უმაღლესი დონის ვოკალისტები, კლასიკური მუსიკის, კამერული თუ საოპერო მუსიკის შემსრულებლები! ხუთი წლის მერე ეს ნიჭიერი, ახალგაზრდა მომღერლები კონსერვატორიის  დიპლომებით, იმედ გაცრუებულები აღმოჩნდებიან ცხოვრების რთულ გზაჯვარედინზე, ამ დიპლომით, ამ სპეციალობით სამსახურში მოწყობის ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე!

60-ან წლეებში ბევრმა პერსპექტიულმა მომღერალმა დატოვა საქართველო და თავისი ბედის საძიებლად გაემგზავრა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ქალაქებში, სადაც არსებობდა საოპერო თეატრები, საოპერო სტუდიები! ძირითადად კი წავიდნენ რუსეთის ქალაქებში! შეგახსენებთ, რომ ვიხსენებ 60-ან    წლეებს! ბევრი მათგანი კი ვინც საქართველოში დარჩა, სიმღერის სიყვარულის გამო ისევ ბრუნდებოდნენ თავიანთ ხალხური სიმღერების ანსამბლებში, სადაც ხალხური სიმღერების კლასიკური მანერით სიმღერა უკვე არავის არ ჭირდებოდა! აი, ეს სისტემა, «უაზროდ წრეზე ტრიალი» მეორდებოდა წლეების განმავლობაში, რა თქმა უნდა იგივე შედეგებით!

მე ვაგრძელებდი ფილარმანიაში თბილისის სატელევიზიო კონკურსისთვის ანსამბლის მომზადებას. დავიმატეთ კიდევ ორი მუსიკოსი. ძალიან კარგად მესმოდა, რომ ამ კონკურსში გამარჯვებით მოგვეცემოდა გარკვეული სტატუსის მიღების შანსი

და თუ გავიმარჯვებდით, მოგვანიჭებდნენ ლაურეატის წოდებას და გაგვაგზავნიდნენ მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ასეთი პერსპექტივა გვაძლევდა მოტივიზაციას მრავალჟანრული პროგრამა მოგვემზადებია.

ვიდრე გავაგრძელებდე ამ კონკურსზე ჩემ მოგონებას, მინდა მოგითხროთ სამი დღის წინანდელი ამბავი! ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა, დაბადებულმა და გაზრდილმა  ბათუმში, რომელიც როგორც ჩანს ყურადღებით კითხულობს გაზეთ «ალიონში» დაბეჭდილ ჩემ მოგონებებს, დამირეკა და მითხრა: «მოძებნე ინტერნეტში ნოდარ ანდღულაძის წიგნი «HOMO CANTOR», წაიკითხე წიგნის 232 გვერდზე თუ რა უპასუხა მან კორესპოდენტს შეკითხვაზე: «აუცილებელია თუ არა მასწავლებელი თვითონ იყოს ნამდვილი მომღერალი? თუ ამას არ ააქვს მნიშვნელობა? აუცილებლად წაიკითხე, პასუხი გაგაოცებს! მისი პასუხი შინაარსით თითქმის იგივეა, რაც შენ მისთვის გითქვამს 1969 წელს-ო».

მართლაც მოვძებნე ეს წიგნი ინტერნეტში, გამოცემული 2003 წელს, რუსულ ენაზე.

232 გვერდზე ნოდარ ანდღულაძე პასუხობს კორესპოდენტს მისი მასწავლებლის, ცნობილი ტენორის ჯენარო ბარას სიტყვებით: «მასწავლებელი უნდა იყოს «ჯამრთელი გამოცდილების», ვინც მრავალი წლის განმავლობაში მღეროდა, არ დაუკარგავს ხმა და გაიარა გრძელი გზა, დიდი დანაკარგების გარეშე!» მერე კი აგრძელებს თავისი სიტყვებით ამ კითხვაზე პასუხს: «ხელოვნება მომღერლისა და ვოკალის მასწავლებლისა თითქოს აგრძელებენ ერთმანეთის გზას! შემსრულებლის ჩამოყალიბების პროცესი, ეს ძირითადად არის თვითაღზრდა, თვითგანვითარება და თუ ეს ხდება შეგნებულად, მაშინ შეიძლება თანდათან გადავიდეს მასწავლებლობაში, სხვებისთვის სიმღერის  სწავლებაში!

მართალი გითხრათ არ გაოცებულვარ და არ გამკვირვებია. ჩვენ ხომ არც რობოტები ვართ და არც მარმალილოსგან გაკეთებული ქანდაკება! ადამიანი, როგორც ცოცხალი არსება ცხოვრების განმავლობაში, ასაკის მიხედვით, მუდმივ ცვლილებებს განიცდის ფიზიკურად, სულიერად და გონებრივადაც! შესაბამისად ნ. ანდღულაძეს ჩამოუყალიბდა თავისი შეხედულება ვოკალის მასწავლებლობაზე, მითუმეტეს, თუ ვიგულისხმებთ, რომ მასწავლებლის საუკეთესო ნიმუში მას სახლში ყავდა, მისი მამა და მასწავლებელი დავით ანდღულაძე!

1969 წლის ჩვენ კამათსა და წიგნის «HOMO CANTOR»-ის გამოცემამდე 34 წლის განმავლობაში, ბუნებრივია ნ. ანდღულაძემ დააგროვა მეტი ცოდნა, მეტი გამოცდილება და თანდათან გადავიდა მასწავლებლობის, სხვებისთვის სიმღერის სწავლების დროში! მან ბევრი კარგი და სასახელო მომღერალი აღზარდა, რომლებიც წარმატებით მღეროდნენ და მღერიან საოპერო სცენებზე.

მე გამაოცა სულ სხვა რამემ – როცა ამ წიგნის 205-ე გვერდზე ნოდარ ანდღულაძემ მოიხსენია მამამისის, კონსერვატორიის პროფესორის დავით ანდღულაძის ყველა მოწაფე და რატომღაც მათ შორის გამორჩა გურამ მარტინენკო და გიორგი ბეშიტაიშვილი, მამისის ორი საუკეთესო მოწაფე, საუკეთესო ხმების მქონე დრამატიული ტენორები! თითქოს არც გურამ მარტინენკოს და არც გიორგი ბეშიტაიშვილს ხუთი წლის განმავლობაში არ უსწავლიათ კონსერვატორიაში, პროფესორ დავით ანდღულაძის კლასში! ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის  ასეთ ცნობილ მომღერლისაგან, რბილად რომ ვთქვათ მისთვის დამამცირებელი, შეუფერებელი საქციელი!

მსოფლიოს გამოჩენილ, საოპერო მომღერლების ასეულში და თუ გინდ ათასეულშიც რომ მოხვდეს მომღერალი, მას უნდა ქონდეს გამორჩეული, გასაოცარი ხმა!  რაც არ უნდა ვთქვათ მომღერლის ყველა სხვა, დამახასიათებელ ვოკალურ აუცილებელ თვისებებზე: ხმის ფლობის ტექნიკაზე თუ შესრულების კულტურაზე – ხმა, საოპერო ხმა ოპერაში იყო და არის მთავარი!!! ასეთი ხმის მფლობელები, დრამატიული ტენორები, ბარიტონები, ბანები, სოპრანოები თუ მეცო-სოპრანოები ძალიან იშვიათია, დღისით სანთლით საძებნელია!!! ეს როგორც ფეხბურთში: პელეს, მიულერის, სტრელცოვის, მესხის, მეტრეველის გვერდით თამაშობდნენ სხვა ფეხბურთელებიც, მათ შორის ძალიან კარგი, მაღალი კლასის ფეხბურთელებიც, მაგრამ ჩვენ ყურადღებას, ჩვენ უდიდეს სიყვარულს იმსახურებენ ყველასგან გამორჩეული, განუმეორებელნი მსოფლიო დონის ვარსკლავები! ასეთი ხმის მქონე ახალგაზრდა მომღერლების დაკარგვა დაუშვებელია, დანაშაულია ჩვენი პატარა ერის მიმართ! დარწმუნებული ვარ საქართველოში, სიმღერის ქვეყანაში, კიდევ დაიბადებიან საოცარი ხმებით დაჯილდოვებული ახალგაზრდები, მთავარია უდიდესი ყურადღება და დახმარება არ მოვაკლოთ მათ!

მინდა იცოდეს გაზეთ «ალიონის» პატივცემულმა მკითხველმა, რომ ყველა მომღერალს, ვინც კი საოპერო სცენაზე დგას და მღერის, დაწყებული მთავარი პარტიების შემსრულებლებით და დამთავრებული გუნდის მომღერლებით, ყველას დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ იმისთვის, რომ აირჩიეს ეს ურთულესი სპეციალობა და აისრულეს ოცნება მღეროდნენ საოპერო სცენაზე.

როდესაც ოპერის თეატრში თქვენ უსმენთ და უყურებთ ოპერა «ოტელოს», რაც არ უნდა კარგად უკრავდეს ორკესტრი, რაც არ უნდა საუკეთესოდ მღეროდეს გუნდი, თუ მთავარი პარტიების: ოტელოს, იაგოს და დეზდემონას როლების შემსრულებლები ხმით არ შეეფარდებიან თავიანთ საოპერო გმირებს, მაშინ თქვენ ვერ მიიღებთ სრულფასოვან შთაბეჭდილებას ამ დიდებულ ნაწარმოებისაგან, დაგრჩებათ სრულიად არა სწორი, ცუდი შთაბეჭდილება. სწორე ამიტომაც კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდმა ოტელოს პარტიის პირველ შემსრულებლად მიიწვია უძლიერესი ხმის მფლობელი ფრანჩესკო ტამანიო, ჰეროიკულ-დრამატიული ტენორი.

ჩვენ დროში კი საოპერო შედევრების: «ოტელოს», «აიდას», «ნორმას», «ტურანდოტის», «სამსონ და დალილას» და ა.შ. შესასრულებლად ხშირად დრამატიული ტენორების უკმარისობის გამო, მაყურებელს სთავაზობენ ლირიკულ-დრამატიული ხმის (LIRICO – SPINTO) მომღერლებს! ეს ყველაფერი სასაცილო ხდება, სატირალი რომ არ იყოს! სხვა სიტყვებით –  სთავაზობენ მერსედესის მაგივრად ჟიგულს!!! არც ასეთი ხმის მომღერლები არ თაკილობენ მათი ხმებისთვის შეუფერებელ სპექტაკლებში მონაწილეობას. დიდი თანხების მიღება ალბათ კარგია, მაგრამ ასეთი ექსპერიმენტები ხმის ფორსირების გამო ხშირად ხმის დაკარგვით მთავრდება, უკეთეს შემთხვევაში ხმას უჩნდება სხვა ბევრი პრობლემები. თუმცა უნდა ითქვას, რომ ლირიკულ – დრამატიული ხმის მომღერლებს აქვთ უდიდესი საოპერო რეპერტუარი, სპეციალურად მათთვის დაწერილი: «ტრავიატა», «ბოჰემა», «ფაუსტი», «მანონ ლესკო» და ა. შ. სადაც თავის გამოჩენის შესანიშნავი საშუალება ეძლევათ!  კონცერტებში მონაწილეობის დროს კი არავინ არ უკრძალავთ მათ, სურვილის მიხედვით შეასრულონ არიები სხვადასხვა ოპერიდან.

დრამატიულ ხმის მომღერალს არა ხელოვნურად შექმნილი, არამედ ბუნებისგან ნაბოძები ხმა, დრამატიული ხმა უნდა ჰქონდეს!!!

მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ როცა ათას თუ ათი ათას მომღერალში ასეთი იშვიათი ხმის მომღერალი მაინც და მაინც შენ კონსერვატორიაში, შენ ქვეყანაში თუ მოგევლინა, კეთილი ინებე და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ეს იშვიათი სიმდიდრე შენ ხალხს არ დაუკარგო! უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ ასეთი იშვიათი, საოპერო ხმა შეიძლება შევადაროთ იაკუტიის საბადოებში მოძეულ დიდ ალმას, რომლის წახნაგების დამუშავების შემდეგ მიიღებენ უძვირფასეს ბრილიანტს! ასეთი ბრილიანტები რომ მივიღოთ მოვიყვან მაგალითად ცნობილ ქართველ დრამატიულ ბარიტონს, ვალერიან ქაშაკაშვილს: 1925 წელს განათლების სახალხო კომისარიატმა ვალერიან ქაშაკაშვილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგზავნა იტალიაში, სადაც სამი წლის მანძილზე სწავლობდა მაესტრო მარიო სამარკოსთან, მილანის თეატრ «ლა სკალაში». რომისა და გენუას საოპერო თეატრების სცენაზე ვ. ქაშაკაშვილი დიდი წარმატებით გამოდიოდა ქაშელისა და თორელის ფსევდონიმით! 1928 წელს ვალერიან ქაშაკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც დიდ შემოქმედებით და პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. მან აღზარდა შესანიშნავი ქართველი მომღერლების მთელი პლიადა!  ასეთივე დახმარება და ხელისშეწყობა გაუწიეს ბევრ ქართველ მომღერლებს, მუსიკოსებს, კომპოზიტორებს და ხელოვნების მოღვაწეებს, მათ შორის საქართველოს ბულბულს ვანო სარაჯიშვილს მეცენატებმა! გამორჩეული «საოპერო» ხმა ხშირად ბავშვის სიმღერაშიც შეიმჩნევა, ადვილია ამის შემჩნევა კლასიკური ვოკალის მასწავლებლისთვის! ჩემი რჩევა იქნება ასეთ ბავშვს თავიდანვე შეაყვაროთ კლასიკური მუსიკა, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ 60-ან წლეებში «ნიჭიერთა ათწლედში». მიმართეთ კლასიკური ვოკალის პედაგოგს!

2025 წლის 22 ივნის საქართველოს ტელევიზიის პირველი პროგრამით ვნახე ქართული ხალხური მუსიკის კონკურსი, ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ჩემი ყურადღება მიიპყრო «ქალთა ანსამბლმა», როცა მათში ერთმა ქალბატონმა, წამყვანმა მომღერალმა ძლიერი ხმით შემოსძახა: «ტურფავ ტურფავ, რას მემდური», რამაც მთელი დარბაზის აღტაცება და დიდი სიხარული, ხმამაღალი შეძახილები და აპლოდისმენტები გამოიწვია, თითქოს მაყურებელს ეძინა და გააღვიძესო! მე კი სწორედ ამ მომენტმა გამახსენა ის განცდები, რასაც დიდი ხნის წინ, ბავშვობისას კონცერტებზე სიმღერის დაწყებისთანავე განვიცდიდით! ზუსტად ასე რეაგირებდა მაყურებელი ჩვენ ხმებზე, ჩვენ სიმღერაზე, რაც შემდეგში მაყურებლების სიყვარულში გადაიზარდა, ჩვენ კი მიგვანიშნა, რომ სიმღერა არის ჩვენი გზა!

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს სულ სხვა, მეტი შესაძლებლობებია ასეთი ახალგაზრდებისთვის.

 

მსგავსი სტატიები

  • 94
    მრავალენოვანი დღე  ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო ფესტივალის VIII დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში ვიხილეთ ორი სპექტაკლი- მცირე სცენაზე ბერძნული ვოლტ თეატრ პლუსის დადგმა- „ლეგენდა კარაისკაკენაზე“ (რეჟისორი- დიმიტრი კარაციასი), ხოლო დიდ დარბაზში ქართულ-აზერბაიჯანული კოპროდუქცია - „კუკარაჩა“ ( რეჟისორი- ვასო ჩიგოგიძე). გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე, სადაც მსახიობმა სოფია კაფსოურუმ  (პიესის…
  • 92
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
  • 91
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(გაგრძელება) უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი  გოგი შიოშვილი დიდებული ადამიანი აღმოჩნდა, მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ცხოვრების გზაზე. ჯერ კიდევ 1965 წლის იანვარში, როცა კონსერვატორიაში გამოცდების ჩაბარებამდე რჩებოდა რაღაც  4 - 5 თვე, ბატონმა გოგიმ მიგვამაგრა ინგლისური ენის მასწავლებელთან, ახალგაზრდა ასპირანტ ქალთან,  რომელიც კვირაში სამჯერ, სამი საათის განმავლობაში გვიტარებდა გაკვეთილებს. ამ…
  • 91
    ყაზახურად აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VII დღეს მხოლოდ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ — ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის მიერ თანამედროვედ აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟისორი — აბაი დაულეთი). მხატვარმა (რომელიც თავად რეჟისორიცაა) შექმნა პირობითი გარემო — ოთხკუთხედად დალაგებულია საბავშვო სათამაშო ჯარისკაცები, იარაღები,…
  • 90
              „მომწყური საოცარი ძალით“     ავტორი: გია ბეშიტაიშვილი               (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან  როგორც წარჩინებულ…

არ გამოტოვოთ