რა ითქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე

ავტორი: გაზეთი „ალიონი“

12 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, დამტკიცდა განკარგულება ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ.“

რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგის ამოწურვის შემდეგ სიტყვით გამოვიდა გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი ნუგზარ ასათიანი, რომელიც ქ. ოზურგეთის ცენტრში ისტორიული შენობების შესაძლო აღება-გასხვისების თემას შეეხო და საკრებულოს გაზეთ „ალიონის“ გარშემო არსებული ვითარება გააცნო.

_გაზეთ „ალიონის“ 95-წლიანი არსებობა ქალაქ ოზურგეთის და რეგიონის  ისტორიას უკავშირდება.

იცით, რომ ქალაქის ისტორიას დიდი ზიანი მიაყენა 1918 წლის აპრილში თურქების შემოსევამ,რომლებმაც გადაწვეს ოზურგეთი, გაანადგურეს არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულების მქონე ნაგებობა.  მხოლოდ რამდენიმე  შენობა გადარჩა. საბედნიეროდ, გასული საუკუნის 20-იან, 30-იან წლებში ქალაქს რამდენიმე არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობა შეემეტა. მათგან უპირველესად აღვნიშნავ ცნობილი არქიტექტორის, ალექსი შჩუსევის პროექტით აგებულ რკინიგზის სადგურს, შემდგომში არქიტექტურაში სწორედ კონსტრუქცივიზმის გავლენით აგებულ ოზურგეთის კინოთეატრს, ქ. ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციულ შენობას და სხვა ნაგებობებს, რომლებიც ქალაქის ისტორიის ნაწილი გახდა.

გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს „ბრეჟნევის მუზეუმის“ აგების მოტივით აიღეს ქალაქის ისტორიული ნაგებობები: ყოფილი თეატრის, იმჟამად რაიონული კულტურის სახლის შესანიშნავი შენობა, არქიტექტურული ღირებულების ნაგებობა _რესტორანი „იზაბელა“, კაფე „ენძელა,“ნაწილობრივ დაანგრიეს  საუკუნეების წინ აგებული ე.წ. „რომაული აბანოები“, რომელიც კიდევ უფრო დაზიანდა წინა ხელისუფლების დროს, იუსტიციის სახლის მშენებლობისას და წლებია ელოდება დაპირებულ გადახურვას. 80-იან წლების ბოლოს ჯერ დანგრევის გეგმაში იყო და შემდეგ ხანძრის საშუალებით მოუღეს  ბოლო ყოფილი „სახელგამის“, „მონკავშირის,“#1 აფთიაქის ორსართულიან ნაგებობებს (აქ არსებულ სტამბაში 1892-94 წლებში სხვა გამოცემებთან ერთად ორჯერ დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“).

გაზეთ „ალიონს“ ქ. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ე.წ. „პროგრესის სახლში“ (რამდენიმე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვა დაწესებულებებიც იყო განთავსებული) მეორე სართულზე უვადო უზუფრუქტით გადაცემული ჰქონდა 200 კვადრატული მეტრი სამუშაო ფართი. სამწუხაროდ, 2005 წლის 16 ივლისს, დღემდე დაუდგენელი მიზეზით ხანძარი გაჩნდა და შენობა განადგურდა. რედაქცია ქუჩაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, მაშინაც ხანძარი შენობის სხვა უწყებაზე გადაცემას უკავშირდებოდა. ქალაქის იმჟამინდელი მერის, ლევან ურუშაძის კეთილი ნებით, რედაქციას მიეცა ოთახი მერიის შენობაში. ხოლო შემდგომ, 2014 წლის 30 აპრილს გაფორმებული სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე ვფლობთ აღნიშნულ შენობაში 64 კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებას.

სამწუხაროდ, „ალიონის“ და სხვა ორგანიზაციების წინაშე კვლავ დგას ფართის საკითხი.

გვესმის, ქალაქის ცენტრში ისტორიული შენობების აღებით გარკვეული პირები არიან დაინტერესებული.

სამწუხარო ის არის, რედაქციას ერთი ფართი გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა, მეორეს დაწვის მცდელობა იყო,  მუნიციპალიტეტის მერიამ კი მოგვწერა (წერილი #36-362327112, 02/10/2023 წ.) ალტერნატიული ფართის გადმოცემის გარეშე აპირებს სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაუქმებას.

ამ წერილის შემდეგ, 2024 წლის 12 თებერვალს, დღემდე დაუდგენელმა პირებმა რედაქციაში ე.წ.„მოლოტოვის კოქტეილები“ შემოყარეს, ცეცხლი გაჩნდა, მაგრამ არ გავრცელდა და რედაქცია და მთლიანად ქალაქის ცენტრი მასშტაბურ ხანძარს გადაურჩა. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის (# 13/10 -17529, 15.03.2024წ.) ცნობით  გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაზარალებულად ცნეს.

ფოთში, სენაკში, საგარეჯოში, საქართველოს სხვა პატარა ქალაქებში მაქსიმალურად ცდილობენ რესტავრაცია ჩაუტარონ, აღადგინონ ძველი, ისტორიული შენობები, მიანიჭონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსი. ეს ტენდეცია განსაკუთრებულია ევროპის რეგიონულ ქალაქებში.

ჩვენ ვიბრძოდით ეროვნული მოძრაობის დროს,ძლიერ კომუნისტურ რეჟიმთან. ახლა არავისთან პოლიტიკურ ბრძოლას  არ ვაპირებთ, ჩემი გამოსვლა არაა დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებთან, მაგრამ არც მონური სულისკვეთების ადამიანები ვართ, რომ შევეგუოთ იმას, რაც ჯერ-ჯერობით დაფარულად ხდება.  საუკუნეს მიტანებული რედაქცია, რომელიც ამ ქალაქის, ამ რეგიონის ისტორიის ნაწილია, სადაც მუშაობდნენ ისეთი შესანიშნავი პუბლიცისტები, მამულიშვილები, როგორიც იყვნენ თამაზ  სალუქვაძე, აფთონ გურგენიძე, მამია კილაძე, ელგუჯა შევარდნაძე, გიზო ჭელიძე, ვაჟა ჭანუყვაძე, ნუგზარ ქინქლაზე და სხვები, ქუჩაში არ უნდა აღმოჩნდეს. ჩვენ ამ თემაზე მეტ ყურადღებას ვიმსახურებთ. ჩვენც ამ ქალაქის ნაწილი ვართ. დაგვიწვეს ოფისი, მეორე დაწვის მცდელობა იყო. ახლა ირკვევა, ვიღაცას ქალაქის ცენტრის შენობების ინტერესი აქვს. მდინარის აუზში, კარიერებზე მიხვალ და იქ გაურკვეველი პიროვნებები დაგვხდება,(რამდენჯერ დაგვჭირდა საპატრულო პოლიციის გამოძახება), ასეა გზშ-ს განხილვებზე, მართალია, ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ პირობებში ჩვენი მოვალეობის შესრულებას, მათაც ვცემთ სათანადო პასუხს, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, რა გველოდება ხვალ_განაცხადა ნუგზარ ასათიანმა.

მანვე ისაუბრა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული გაზეთის მუშაობის პირობების შესახებ.

_გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მძიმე პირობებში გვიწევდა მუშაობდა. გაზეთის რედაქტორი, ბატონი თამაზ სალუქვაძე იბრძოდა გადაერჩინა გაზეთი და დაეცვა იმათგან, ვინც ცდილობდა კიდევ უფრო გაერთულებინათ რედაქციის მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ იმჟამინდელ ბიუჯეტში სახსრები ხშირად პენსიების გასაცემადაც პრობლემა და რთულად მოსაძიებელი იყო, რაიონული გამგეობის რამდენიმე თავმჯდომარე: _ ვლადიმერ კუნჭულია, ვასილ ტუღუში, ავთანდილ ღელეყვა, გამგებლის პირველი მოადგილე ამირან გირკელიძე ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ გაზეთს, თუნდაც ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.

იყო პრობლემებიც. ერთ-ერთი საპარლამენტო არჩევნებისას რედაქცია გაძარცვეს და ახლად შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს. პოლიციამ საქმე კი აღძრა, მაგრამ არ გახსნილა. ერთ-ერთი ვერსიით ამის „მიზეზი“ ბიზნესმენის და მეცენატის ზვიად ცეცხლაძის  რედაქციასთან მეგობრობა იყო, რომელიც იმჟამად ბათუმში მოღვაწეობდა.

ჩვენ გაგებით ვეკიდებით მუნიციპალიტეტის პოზიციას, მედიისათვის  ყოველწლიურად ბიუჯეტში გამოყოფილი 10 ათასი ლარიდან, (4 წელიწადში 40 ათასი ლარი), ერთი თეთრიც არ გამოუყვიათ „ალიონისთვის“ ფასიანი ინფორმაციის ან განცხადებების გამოსაქვეყნებლად, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ვფიქრობ, რედაქციის ბედისადმი ასეთი დამოკიდებულება არაა მიზანშეწონილი.

მადლობა საკრებულოს რომ მოგვცა საშუალება, ერთხელ კიდევ გვესაუბრა დეპუტატებთან და საზოგადოებასთან (საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლიაცია მიმდინარეობდა) რედაქციის მძიმე მდგომარეობის შესახებ _ თქვა ნუგზარ ასათიანმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლავრენტი ბიგვავამ აღნიშნა, რომ საკრებულოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს ამ საქმის სიღრმისეულად განხილვას, ეს არის ისეთი საკითხი, რომლის  უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერიის პრეროგატივაა.

_ჩვენ ვთხოვთ საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკს, ჩაინიშნოს აქ წარმოთქმული საკითხები, საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს ნუგზარ ასათიანს და მისგანაც მიიღოს დამატებითი ინფორმაცია _თქვა ლავრენტი ბიგვავამ.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 64
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 63
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 60
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
  • 59
    კურორტ ბახმაროს ცენტრში „მაგთის“ ანძა უნდა აღმართონ?მოსახლეობა  კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
  • 59
    მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართასამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…

არ გამოტოვოთ