ავტორი გია ბეშიტაიშვილი

                   (წერილი მეცამეტე-მეთოთხმეტე)

მოსკოვის მაქსიმ გორკის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკის «შესტიგრანიკის» ყველაზე დიდი დარბაზში, რომელიც 3000-მდე ადამიანზე იყო განკუთვნილი, ჩვენ ვიმუშავეთ 22.10.1973 წლიდან – 02.11.1975 წლამდე. იხ. სურათი. ამ ორ წელიწადში ყოველგვარი  ტელევიზიის და რადიოს გადაცემების გარეშე, ჩვენ  გაგვიცნო მოსკოვის ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა.  როგორ?

 

ჩვენი ჩანაფიქრის გეგმა ასეთი იყო: შეგვექმნა ისეთი საკონცერტო პროგრამა, სადაც საცეკვავოდ შემოსული ახალგაზრდები მოისმენდნენ ჩვენი შესრულებით და ორკესტრის თანხლებით იმ დროისათვის მსოფლიოში ცნობილი მომღერლების: ელვის პრესლის, ფრენკ სინატრის, დინ რიდის, მოდუნიოს, რაფაელის, კარელ გოტის, ჩელენტანოს, ტომ ჯონსის, ჯო დასენის სიმღერებს!

ამ ჩანაფიქრის განსახორციებლად პირველ რიგში პარკის პატარა ორკესტრის შემადგემლობა გავადიდეთ და ჩამოვაყალიბეთ დიდი ბიგ-ბენდი! მოიძებნა ჯერ კიდევ ამერიკაში გამოცემული ნოტები და დავიწყეთ საცეკვაო პროგრამის რეპეტიციეები! გავიცანით და მოვიწვიეთ სამუშაოდ ჩვენ კოლექტივში მოსკოვის ახალგაზრდა მუსიკოსები, «ჯაზმენები»: საქსაფონისტები, ტრომბონისტები, რიტმ-სექცია: უდარნიკი, ორი ელექტრო-გიტარისტი, ბას გიტარისტი, პიანისტი! მუსიკოსებს მივეცით  მოტივაცია თავი გამოეჩინათ როგორც სოლისტებს, თავიანთი სოლო ნომრების შესრულების დროს!

 

ჩვენ პროგრამაში ასევე მონაწილეობის მისაღებად პერსონალურად ვიწვევდით მომღერლებსაც, როგორც მამაკაცებს ასევე ქალებსაც. რა თქმა უნდა  ინსტრუმეტალისტებიც და მომღერლებიც იყვნენ თვითნასწავლი, ჯაზური სტილის ფანატიკური მოყვარულები. რამოდენიმე მათგანი უკვე მღეროდნენ ალექსეი კოზლოვის 1972 წელს ჩამოყალიბებულ გრუპპა «არსენალ»-თან, უფრო მოგვიანებით იგორ ბრილის «ტრიო»-სთან, ჯაზურ ორკესტრებთან «ალეგრო»-თან და «კადანს»-თან.

ორკესტრის გაფართოებით და შესანიშნავი მუსიკოსების ჩართვით

ჩვენ შევძელით შეგვესრულებია როკ-ნ-როლები, ტვისტები, ბლიუზები. მსოფლიოში ცნობილი ცეკვები: ბერძნული სირტაკი, ებრაელების «ჰავა ნა გილა» და  «7:40», ქართული «ლეკური», იტალიური «ტარანტელა»!

რა თქმა უნდა ვასრულებდით ქართულ სიმღერებს, ჩვენი მეგობრების, ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს.

ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავიცანით ჯერ კიდევ დამწყები, ახალგაზრდა კომპოზიტორები: დავიდ ტუხმანოვი, ვალერი ზუბკოვი, ალექსანდრე ზაცეპინი, ოლეგ სტეპურკო, ვალერი ლაზავოი, ვალოდია კუპრიანოვი, გიორგი გარანიანი, იური ჩუგუნოვი. ცოტა უფრო გვიან კი იური ანტონოვი, სლავა დაბრინინი და ჟენია მარტინოვი.

კომპოზიტორებთან ერთად გავიცანით ახალგაზრდა პოეტების მთელი პლეადა! მაშინ ჯერ კიდევ მუსიკას წერდნენ კომპოზიტორები და ლექსებს კი – პოეტები! კომპოზიტორებისა და პოეტების თხოვნით კონცერტის დროს ხდებოდა მათი ახალი სიმღერების «შემოწმება მსმენელზე» ჩვენი შესრულებით. საჭიროების შემთხვევებში ხდებოდა არანჟიროვკების და ტექტების გადაკეთება, დაზუსტება! ასე, რომ ჩვენ ვიყავით მათი სიმღერების პირველი შემსრულებლები! რაც ჩვენი მეგობრობის დასაწყისად გადაიქცა!

თავდაპირველად იყო შემთხვევები «მუშტი-კრივის», ამ რაიონისა და «სტუმრად» მოსული სხვა რაიონის ახალგაზრდებს შორის! პარკმა წესრიგის დასაცავად მილიციელები და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველები მოგვამაგრა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი ზემოქმედება «მუშტი-კრივის» მოყვარულებზე მოახდინა ჩვენმა განცხადებამ: «ვინც საღამოს მსვლელობის წესრიგს დაარღვევს, გაძევებული იქნებიან დარბაზიდან! კეთილი ინებეთ და ყველა საკითხი გაარკვიეთ დარბაზის გარეთ!»

როცა პარკის ხელმძღვანელობამ დაინახა, თუ როგორ ვითარდებოდა ჩვენი საქმე, შეიძინა ჩვენთვის მუსიკალური აპარატურა, მიკრაფონები, ინსტრუმენტები, დარბაზის საკონცერტო განათება. ასეთი დახმარებით ჩვენ მოგვეცა საშუალება კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მოგვეწვია მოსკოვის სხვა კოლექტივებიც! ძირითადად გარბუნოვის სახელობის კულტურის სახლიდან. სადაც თავს იყრიდა ჯაზის, როკ მუსიკის და ესტრადის მოყვარულები! სწორედ ასეთ დროს მაყურებელს ქონდა   შესაძლებლობა შემსრულებლების ერთმანეთთან «შედარების», ვინ უფრო მეტად მოეწონებოდათ! რა დასამალავია, ჩვენთვის სასიამოვნო იყო, როცა გვესმოდა «ნაში გრუზინი ლუჩსე ვსეხ». ასე, თანდათანობით ჩვენ გავხდით, იმ დროინდელი მოდური სიტყვა რომ გამოვიყენოთ, ახალგაზრდების კუმირები!

უკვე 1974 წლის გაზაფხულიდან 3000-ნი «შესტიგრანიკის» დარბაზი ყოველ საღამოს სავსე იყო მოსკოვის სხვა და სხვა რაიონებიდან საცეკვაოდ მოსული არა მარტო ახალგაზრდებით, ასევე საშუალო და ხანში შესული ადამიანებითაც, ცეკვის მოყვარულებით! ამას ემატებოდა ქ. მოსკოვის სანახავად ჩამოსული უამრავი სტუმრები, რომელთა მთავარი მიზანი იყო პირველად, თავისი თვალით ენახა კრემლი, დიდი თეატრი, მოსკოვის ზოოპარკი და ატრაქციონი «ჩორტოვოე კოლესო», მაქსიმ გორკის დიდ პარკში. საღამო კი ცეკვაში, მხიარულობაში გაეტარებინათ!

ამ საღამოების სარეკლამოდ პარკის ხელმძღვანელობამ დაბეჭდა და გაავრცელა აფიშები მოსკოვში ჩვენი სახელებით და გვარით! მათ შორის გამოირჩეოდა დიდი აფიშა, რომელიც გააკრეს ყველასთვის ადვილად დასანახავად პარკის გრძელ, რკინის ღობეზე!

ასე გაგვიცნო ჩვენ, მოსკოვის ათი ათასობით ადამიანმა, ყოველგვარი სატელევიზიო თუ რადიო გადაცემების გარეშე! რამაც, შემდეგ ჩვენ საკონცერტო მოღვაწეობაში დიდი როლი შეასრულა. სრულიად საკმარისი იყო დაენახათ ჩვენი სახელები და გვარი საკონცერტო აფიშაზე, რომ დარბაზი  გავსებულიყო მაყურებლით!

სამწუხაროდ 1980 წელს ხანძრის გამო თითქმის მთლიანად დაინგრა და დაიწვა «შესტიგრანიკი»! მხოლოდ 2012 წელს იქნა ეს შენობა აღდგენილი!

ასეთი გაუთავებელი, დიდი, ძალიან დაძაბული შრომის დროს, თითქოს მოულოდნელად დადგა 1974 წლის 23 აპრილი! ჩვენთვის ყველაზე დაუვიწყარი, ბედნიერი დღე ცხოვრებაში – დაიბადა ჩვენი პირველი შვილი! პირველი ანგელოზი, ჩვენი შავტუხა გოგონა, შავი თმებით, წარბებით და პეპელას მაგვარი გრძელი წამწამებით! რომელსაც იმავე  დღესვე დავარქვით ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის, დედაჩემის სახელი ია!!! სამშობიარო სახლის თანამშრომლები მოდიოდნენ «კრასავიცა გრუზინკას» სანახავად!

ბავშვის დაბადებამ ბევრ რამეზე, ჯერ კიდევ უპასუხო კითხვებზე გამცა პასუხი! სრულიად შეცვალა ჩემი შეხედულობა ჩვენი ცხოვრების არსზე, ჩვენი პატარა ოჯახის მომავალზე! დიდი სიხარული ზღვასავით შემოიჭრა ჩვენ გულებში. გახარებულები იყვნენ ტატიანას მშობლები, ახლობლები.

ყველაზე მეტად გახარებული იყო გოგი, გაგვახსენა მისი წინასწარ  ნათქვამი სიტყვები: «აი, ნახავთ, ბავშვი ზუსტად 23 აპრილს დაიბადება,  ჩემი დაბადების დღეზეო!». ჩვენდა სასიხარულოდ გამართლდა მისი სიტყვები. ამიტომაც დღემდე ასეთი დიდი სიყვარულით არიან გოგი და ია განწყობილი ერთმანეთის მიმართ, ერთად აღნიშნავენ დაბადების დღეს!

მახარაძიდან მივიღეთ ბევრი მოსალოცი დეპეშა. გვილოცავდნენ ჩვენ, ულოცავდნენ ჩვენ მშობლებს – იას და კაკოს, შვილიშვილის დაბადებას!

ამ დიდმა სიხარულმა ჩვენ მშობლებს მისცა სიცოცხლის უფრო მეტი ენერგია, იმპულსი და მოტივიზაცია, გაუჩინა მათ მეტი საფიქრალი, ჩანაფიქრები და ოცნებები!

ცნობილია გამოთქმა: «ბედნიერებას ბედნიერება მოაქვსო!» მართლაც 1974 წლის 27 ივლის, იას დაბადებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, დაიბადა ეკა! გოგის და ირას ქალიშვილი, ყველასთვის საყვარელი ჩვენი ეკუჩა! გოგის ოჯახში შემოვიდა დიდი ბედნიერება და ჩვენ სულებშიც უამრავი სიხარული!

იმასაც ამბობენ, რომ «შერეული», ორი სხვა და სხვა ეროვნების ადამიანების ქორწინებით გაჩენილი ბავშვები უფრო ჯამრთელები, ლამაზები და ჭკვიანები იბადებიანო! ამის მტკიცებას არ დავიწყებ, თუ გინდაც იმიტომ, რომ ყველა მშობლისთვის შვილი ყოველთვის ყველაზე უკეთესია, სილამაზიდაც და ჭკუითაც! თუმცა მე ვიცნობ არა მარტო მოსკოვში, საქართველოშიც კი ბევრ «შერეულ» ოჯახებს, სადაც ბავშვები მართლა ამართლებენ ამ გამოთქმას. მაგალითისთვის მოვიყვან მოსკოვში ქართული ცეკვების ანსამბლის –  «კოლხიდას» ხელმძღვანელის  რევაზ ჯანიაშვილის ორ ქალიშვილს –  მანანას და თამარს (თამუნას). გასაოცარი სილამაზის, ნიჭერების და სიკეთის განსახიერებებს! მათი ცეკვა რომ გენახათ, ქართული ცეკვის უნახავი გახდებოდით!

ბავშვების გაჩენამ უფრო მეტი სერიოზულობა შემატა ჩვენ ცხოვრებას. საფიქრალი გახდა ჩემთვის სად გვეცხოვრა! იმჟამად ფულიც რომ ქონოდა ბინას ვერ შეიძენდი. ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული კოოპერატიული  სახლების აშენება. იყო მხოლოდ ორი შესაძლებლობა: ან უნდა ჩამდგარიყავი სახელმწიფოსაგან ბინის მისაღებად ათეულ წლებიან, გაუთავებელ რიგში, ან უნდა გეყიდა მოსკოვის გარეუბანში სახლი და ეზო!

ჩვენ პატარა იათი ცოტა ხანს ვცხოვრობდით სიმამრის და სიდედრის ორ ოთახიან, პატარა ბინაში, ხუთ-სართულიან ეგრეთ წოდებულ «ხრუშოვკაში», მოსკოვთან ყველაზე ახლო, პატარა ქალაქ ხიმკიში!

შემდეგ ტუშინოში, ნაქირავებ ბინაში. სიტუაციის გათვალისწინებით მშობლებმა გადაწყვიტეს დამხმარებოდნენ და მახარაძეში, ჩვენი სახლის ეზოს უკანა მიწის ნაკვეთი გაყიდეს. იმ თანხას დაუმატეთ ჩვენი ქორწილიდან დარჩენილი ფული და დავიწეთ გასაყიდი ეზოს და სახლის მოძებნა ხიმკის გარეუბანში. მალე ვიპოვეთ და ვიყიდეთ ფიჭვის ხის სახლის ნახევარი, სამი ოთახით და აივანით, დიდი ეზოთი დაბა ფირსანოვკაში, საკურორტო ზონაში,  ზელენოგრადთან ახლოს, ხიმკამდე კი 18 კილომეტრში. მოსკოვში, ლენინგრადის სადგურამდე ელექტრიჩკით ჩასვლას ჭირდებოდა 45 წუთი. სახლში ცხოვრების პირობებიდან მარტო ელექტროობა და რუსული ფეჩქი იყო სახლის გასათბობად! შეგვპირდნენ სულ მალე სახლებში ბუნებრივ გაზის და წყალის შეყვანა შეგეძლებათო! «შეპირებების» ქვეყანაში ვცხოვრობდით და ეს «სულ მალე» ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. სანამ ჩვენ სახლში გაზი და წყალი შემოვიყვანეთ, სამწუხაროდ ბევრმა გაზაფხულმა და ზამთარმა ჩაიარა!

უფრო მოგვიანებით, როცა ჩვენ უკვე ოფიციალურად ვმუშაობდით ცენტრალურ ტელევიზიაში, საკავშირო რადიოს ხალმძღვანელობამ ორჯერ სცადა სპეციალურად კომიტეტის თანამშრობლებისთვის გამოყოფილ ბინების ფონდიდან, მოეცათ ჩემი ოჯახისთვის ბინები და გადმოყვანა მოსკოვში, მაგრამ ორჯერვე მიიღეს უარყოფითი პასუხები. ამის შესახებ ცოტა უფრო მოგვიანებით, სხვა წერილში გიპასუხებთ.

 * * * 

მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის პარკში 1973 წლიდან 1975 წლის იანვრამდე ჩვენმა მუშაობამ, კონცერტის საცეკვაო პროგრამამ, მსოფლიოში ცნობილი სიმღერების, «ხიტების» გამოყენებით, კარგი შედეგი გამოიღო. გაგვიცნო მოსკოვის პოეტების, კომპოზიტორების დიდმა წრემ. ჩვენ რეპერტუარს შეემატა ბევრი ახალი ნაწარმოებები ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ ენებზე. ამ საქმეში დროული და დიდი დახმარება გაგვიწიეს «ცეკვის საღამოებზე» გაცნობილმა, განათლებით უცხო ენების მცოდნე ადამიანებმა: გვიზუსტებდნენ სიმღერების ტექსტებს, დიდი სიამოვნებით, სრულიად უსასყიდლოდ გვავარჯიშებდნენ სიტყვების სწორად წარმოთქმაში!

ჩვენმა გაერთიანებულმა მონდომებამ შედეგად გამოიღო ის, რომ ჩვენ თანდათან, მაღალ დონეზე დავიწყეთ სიმღერების ორიგინალურ ენაზე შესრულება. ამ შედეგით და ჩვენთან მეგობრობით ამაყობდნენ ჩვენი «მასწავლებლები». ამ ადამიანების წყალობით «ჩვენ გადავლახეთ» იმ დროში გავრცელებული როგორც მოსკოვში, ასევე ყველგან, ჩვენთანაც, საქართველოშიც გავრცელებული «თვით-შემოქმედიური დამოკიდებულება» სიმღერების ტექსტებთან! ამ საკითხში იყო სრული ანარქია! რას მღეროდნენ, როგორ მღეროდნენ არავინმა არ იცოდა! მსმენელისთვის კი მთავარი იყო, რომ სცენაზე მათვის მღეროდნენ უცხოურ სიმღერას, თანაც უცხო ენაზე!

გასაგებია, რომ იმ დროის და დღევანდელი დროის ერთმანეთთან შედარება უაზრობაა! მაშინ არც კომპიუტერი, არც ქსეროქსი, არც მობილური ტელეფონი ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ ჩანაწერებისაგან თუ პლასტინკებისაგან სმენით, ყურის მეშვეობით ახდენდნენ სიტყვების ამოწერას და თუ დაუმატებთ იმას, რომ ჩანაწერებში ხშირად სიტყვები ცუდათ ან თითქმის არ ისმოდა, ასეთ შემთხვევაში მომღერლები არ ერიდებოდნენ თავიანთ, გამოგონილი სიტყვების ჩაანაცვლებას სიმღერის ტექსტში!

გაზეთ «ალიონის» მკითხველებს შევახსენებ, რომ ამავე დროს ჩვენ ვაგრძელებდით სიმღერების ჩაწერებს საკავშირო რადიოში. ვინაიდან გორკის პარკის ორკესტრს, ჩემი ხელმძღვანელობით, უკვე ათვისებული ჰქონდა დიდი საცეკვაო პროგრამა და შეეძლო ცეკვების საღამო ჩვენგან დამოუკიდებლად წაეყვანა ინსტრუმეტალური მუსიკით, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გასტროლებზე თან წავყოლოდით იური სილანტიევს ციმბირში, ნიჟნი-ვარტოკში და ნოვოსიბირკში. ასევე მონაწილეობის მიღებას მოსკოვის კონცერტებში ვიაჩესლავ მიშერინის ორკესტრთან, საკავშირო რადიოს სიმფონიურ ორკესტრსთან მაქსიმ შოსტაკოვიჩის დირიჟორობით!

აქ შეგნებულად არ ჩამოვთვლი ყველა სიმღერების დასახელებას ჩვენი  პროგრამიდან. ვფიქრობ ძალიან ბევრ ადგილს დაიკავებს ჩვენ წერილში. მთავარი კი ის იყო, რომ  ჩვენ თავიდან ავიცილეთ ჯაზურ სტილში, ჯაზური მანერით სიმღერის «ცდუნება»! ეს სტილი ძალიან სპეციფიკურია და საკმაოდ სახიფათოა სახმო აპარატისთვის! ზემოთაც ავღნიშნე, რომ ვინც ამ მანერაში მღეროდა, ყველანი იყვნენ თვითნასწავლი, ჯაზის ფანატიკურად მოყვარული ადამიანები! ცდილობდნენ, ის რაც ესმოდათ მსოფლიოში ცნობილი ჯაზმენების ჩანაწერებიდან გაემეორებინათ, მიემგზავსებიათ მაინც მათ მანერასთან! ამიტომ ძალიან ხშირად იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ «ჩახლეჩილ ან ხრინწიან ხმას»! რასაც ხშირად შედეგად მოყვებოდა იმედების გაცრუება და ხმის დაკარგვაც კი!

1974 წლის ზაფხულში მე, სპეციალურად ჩვენი ხმებისთვის ჯაზურ სტილში გავაკეთე ორი საოპერო არია: ლეონკოვალოს ოპერა «ჯამბაზები»-დან კანიოს „არიოზო“, რომელსაც იტალიურ ენაზე მღეროდა გოგი და ჟორჟ ბიზეს ოპერა «მარგალიტების მაძიებლები»-დან ნადირის რომანსი, რომელსაც ვმღეროდი მე. ორივე არიის შუა ნაწილში არანჟირების მიხედვით მე ვუკრავდი ფლეიტაზე იმპროვიზაციებს! ამ ორმა ნაწარმოებმა კიდევ უფრო დიდი წარმატება  მოგვიტანა და სახელი გაგვითქვა როგორც მომღერლებს და მუსიკოსებს! დარბაზში მოცეკვავე ახალგაზრდების 90 პროცენტს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა იყო ოპერა, არც უნახავთ, არც მოუსმენიათ. ოპერისა და ჯაზის ერთმანეთთან ასეთმა შეზავებამ კი მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა!

ჩვენ, პარკის «ცეკვის საღამოებში» უპირატესობას ვაძლევდით ჩვენი ხმებისთვის შესაფერის სიმღერებს, მაგალითად: ფრენკ სინატრის «მაი ვეი» და «სტრეინჯერს ინ ზე ნაით», ელვის პრესლის «ლავ მი ტენდერ» და «აი ქანთ ჰელპ», ტომ ჯონსის ბლიუზს «აივ ბინ ინ ლავ» და «დილაილა», ჯო დასენის მაშინ ყველაზე პოპულარულ საცეკვაო ხიტს «ტაკა ტაკა» და  «ნე გზისტეპა», დომენიკო მოდუნიოს «ვოლარე» და «ლაზზარელა», დემის რუსოს «სუვენირ» და «გუდბაი მაი ლავ, გუდბაი», ენდი უილიამსის რეპერტუარიდან «ლავ სტორი». ხამპერდინკის ცნობილ ხიტებს, შარლ აზნაურის სიმღერებს! ქართულ საესტრადო სიმღერებს ვმღეროდით ნელი, რომანტიკული ცეკვებისთვის, როცა ვაცხადებდით «საცეკვაოდ ქალები იწვევენ მამაკაცებს!» დიდი მოწონება ჰქონდა  ნაღვლიან, ბერძნულ სიმღერას «ემუ»-ს, მიძღვნილს მილიარდელი არისტოტელე ონასისის შვილის ალექსანდერის ხსოვნას, რომელიც 1973 წლის იანვარში ავია-კატასტროფაში გარდაიცვალა!

ამ სიმღერების ჩამოსახელება იმისთვის მომიწია, რომ გაზეთის მკითხველებს, განსაკუთრებით კი მელომანებს, ცოტათი მაინც გქონოდათ წარმოდგენა თუ რა სიმღერებს ვასრულებდით ჩვენ პარკის საცეკვაო საღამოების პროგრამაში! იმასაც ვიტყვი, რომ ამ სიმღერების დიდი ნაწილი წარმოადგენდა, მსოფლიოში იმ დროინდელ, სრულიად ახალ საესტრადო «ხიტებს»!

1975 წლის 7 ივნის ჩვენ პატარა ოჯახს კიდევ ერთხელ ეწვია ხვთისგან წყალებული საოცრება, დაიბადა ჩვენი მეორე ქალიშვილი, ჩვენი მანანა!

შვილის დაბადება რომ დიდი ბედნიერება არის ეს ყველამ იცით, მაგრამ გოგონას გაჩენასთან დაკავშირებით ჩემთვის არსებობდა პატარა ნიუანსი –  რატომღაც მე ვიყავი თავდაჯერებული, რომ მეორე ბავშვი აუცილებლად ბიჭი გაგვიჩნდებოდა და სახელად მამაჩემის სახელს დავართქმევდით. გარდა ამ აზრისა, სულიერ სიმშვიდეს მირღვევდა მეორე აზრიც – ჩვენ გვარში მარტო ჭუჭა ბეშიტაიშვილს ყავდა ორი ქალიშვილი და ვითომ ხუმრობითო, მაგრამ ბეშიტაიშვილები ყოველთვის, როცა ამის სულ ცოტა საშვალება ეძლეოდათ, რატომღაც რუსულად «ბრაკოდელს» ეძახდნენ: «რაო ჭუჭა, ბიჭის გაჩენა ვერ შეძელიო?!», ასე რომ «ბრაკოდელების» სიაში მეც მალე ამოუდგებოდი გვერდში ჭუჭა ბიძიას. ეს ამბავი რა თქმა უნდა ძალიან მაწუხებდა და მაფიქრებდა!

მარტო ჩვენმა ახლო მეზობელმა – ალიოშა სოსელიამ, რომელსაც უკვე სამი გოგო ყავდა, დამამშვიდა: «გია, შენ ალბათ არავისგან არ გაგიგონია ერთი გოგო სამ ბიჭს რომ ჯობია?» და მთელი ლექცია წამიკითხა, რომ მე როგორმე გამეგო თუ რატომ ჯობია ერთი გოგო სამ ბიჭს. ეს მეგრული გვარის მქონე ადამიანი ისეთი გურული იუმორით მიყვებოდა სასაცილო ამბებს, გოგოების გაჩენასთან დაკავშირებით, რომ მთელი საღამო სიცილში გავატარეთ. მეც გავხალისდი და როგორც მან დამარიგა, ღმერთს მადლობა ვუთხარი ჯამრთელი ბავშვის გაჩენისთვის. ისიც უნდა ვთქვა ბეშიტაიშვილების სამადლობელოდ, რომ არცერთ მათგანს, არასოდეს ჩემს მიმართ არ წამოცდენიათ სიტყვა «ბრაკოდელი!».

ფირსანოვკაში, ჩემი ოჯახის ცხოვრების უკიდურესად ცუდი პირობების გამო – სახლში წყალის, გაზის, სახლის ნორმალურად გათფობის უქონლობის, თან ორი მცირეწლოვანი ბავშვებით შეწუხებულმა ჩემმა მშობლებმა, იამ და კაკომ გადაწყვიტეს ჩვენი პატარა იას საქართველოში წაყვანა, რომ ცოტა მაინც დაგვხმარებოდნენ ახალშობილ მანანას გაზრდაში. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა დათანხმება მშობლებს ამ წინადადებაზე, მიგვაჩნდა, რომ ერთი წლის პატარა ბავშვის მოვლა –  პატრონობა ძალიან ძნელი იქნებოდა მშობლებისთვის, მაგრამ დაგვარწმუნეს: «სანამ პატარა მანანა წამოიზრდება ასე აჯობებსო» და ჩვენ იასთან ერთად გოგის ეკაც თან წაიყვანეს მახარაძეში! როგორც ჩანს გოგის ოჯახიც დაარწმუნეს – ორივე ბავშვის ერთად გაზრდა უფრო ადვილი და კარგი იქნებაო!

ასე ცხოვრობდნენ და ხარობდნენ ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად! როგორც ამბობენ: «ბავშვებს ცივ ნიავსაც არ აკარებდნენ». მამაჩემის მანქანით დაყავდათ ქობულეთში – ზღვის წყალი და ჰაერი მოუხდებათო. თუ კი რომელიმეს დაახველებდა, ხელად ბავშვთა ექიმს, დედაჩემის და-ქალს, ჩვენი იას და ეკას მფარველ ანგელოზს, ქალბატონ ვენერა ჭანუყვაძეს, ვანო სვანიძის მეუღლეს დაურეკავდნენ და მოიყვანდნენ, ბავშვები ავად არ გაგვიხდესო.

ჩვენ ძალიან გვიხაროდა, რომ როგორც ჩვენ პატარობისას, ასევე ჩვენ შვილებსაც, ჩვენი მშობლები ქართული ადათ-წესებით ზრდიდნენ.

დედა ია განათლებით მათემატიკის მასწავლებელი იყო. შვილიშვილებს შეასწავლა ქართულად სწორად ლაპარაკი, წერა-კითხვა, ლექსები, დათვლა ოცამდე, მიმატება-გამოკლება, ქართული სიმღერები. ცეკვების შესასწავლად დაყავდათ ცეკვების გაკვეთილებზე. როცა სკოლაში სწავლების დრო დადგა ია და ეკა მშობლებმა მახარაძის რუსულ სკოლაში და ერთდროულად მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს სასწავლებლად.

ჩვენ ხშირად, როგორც კი დროს ვპოულობდით ჩამოვდიოდით მახარაძეში ბავშვებისა და მშობლების სანახავად. აუცილებლად მივდიოდით ჩვენი საყვარელი ბიძაშვილის – იური ბეშიტაიშვილის ფოტო-სალონ «ია»-ში, ბავშვებთან და მშობლებთან ერთად სურათების გადასაღებად.

ეს ბედნიერი წუთები, დღეები, თვეები და წლეები ჩვენი ოჯახისთვის გრძელდებოდა სანამ დედა ცოცხალი გვყავდა!

დაუბრუნდეთ ისევ მოსკოვს! 1975 წლის დეკემბერში ჩვენთან  სერიოზული და საინტერესო შეთავაზებით მოვიდა მომღერალი ანატოლი ბოიკო, მოსკოვში, 1972 წელს ცნობილი საოპერო რეჟისორის, ბორის ალექსანდრეს ძე პოკროვსკის მიერ ახალ ჩამოყალიბებულ კამერული მუსიკალური თეატრის სოლისტი. აღტაცებული იყო ჩვენი ხმებით, სიმღერის პროფესიონალური დონით და შემოგვთავაზა კამერულ მუსიკალურ თეატრში მუშაობა, თუ ასეთი სურვილი ჩვენც გვექნებოდა! არ დაუმალავს, რომ თეატრის ხელმძღვანელობა ეძებდა ახალგაზრდა, პროფესიონალ მომღერლებს.

ჩვენ კიდევ ერთი, სერიოზული გზაჯვარედინის წინაშე აღმოვჩნდით! ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა!

ერთის მხრივ ჩვენ ვმუშაობდით გორკის პარკში, საკმაოდ კარგი პირობებით ჩვენი ოჯახებისთვის. მთავარი იყო ხელმძღვანელობის კეთილი დამოკიდებულების ჩვენს მიმართ. აქ მუშაობა საკმაოდ დიდ, თავისუფალ დროს გვიტოვებდა ჩანაწერების გასაკეთებლად საკავშირო რადიოში. ხელფასის მხრივადაც, ყოველ თვის ბოლოს ცდილობდნენ გამოეწერათ ჩვენთვის დამატებითი პრემიები, რაც საგრძნობლად ადიდებდა ჩვენი ხელფასის ოდენობას!

მეორეს მხრივ – თითქოს არსაიდან გვეძლეოდა საშვალება ასრულებულიყო ჩვენი ბავშვობის ოცნება – ვყოფილიყავით ოპერის მომღერლები და გვემუშავა ოპერის თეატრში, თანაც მოსკოვში! დიდი, საქვეყნოდ ცნობილი საოპერო რეჟისორის ბორის პოკროვსკის ხელმძღვანელობით!

1975 წლის იანვარში ჩვენ მოგვისმინა კამერული მუსიკალური თეატრის სამხატვრო საბჭომ, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორის გენადი როჟდესტვენსკის ხელმძღვანელობით და მიიღო გადაწყვეტილება ჩავერიცხეთ თეატრში სოლისტებად! როგორ წარიმართა ჩვენი მუშაობა

ამ თეატრში, ამაზე მოგითხრობთ შემდეგ წერილში! პატივისცემით გია!

 

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    „მომწყურდი საოცარი ძალით“    ავტორი გია ბეშიტაიშვილი                                                                                         წერილი მეცხრე-მეათე…
  • 82
              „მომწყური საოცარი ძალით“     ავტორი: გია ბეშიტაიშვილი               (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან  როგორც წარჩინებულ…
  • 82
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან  როგორც წარჩინებულ სტუდენტს დამინიშნეს პ.ი. ჩაიკოვსკის სტეპენდია! საკმაოდ დიდი თანხა,…
  • 82
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                                                              წერილი მეშვიდე-მერვე ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1971 წლის ოქტომბერში კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთხელ შეახსენა ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს ჩემთვის, როგორც წარჩინებულ…
  • 81
    ყაზახურად აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VII დღეს მხოლოდ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ — ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის მიერ თანამედროვედ აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟისორი — აბაი დაულეთი). მხატვარმა (რომელიც თავად რეჟისორიცაა) შექმნა პირობითი გარემო — ოთხკუთხედად დალაგებულია საბავშვო სათამაშო ჯარისკაცები, იარაღები,…