სუსმა სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მამუკა ჟღენტი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. დააკავეს. ასევე, ბრალდება წარედგინა კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტ.მ-ს.

კომპანიის სახელი უკავშირდება კიდევ ერთ მონაკვეთს. ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი 2024 წლის ივლისში ჩაინგრა. ხიდზე საგზაო სამუშაოები ორი წლით ადრე სწორედ „გურია ენერჯიმ“ ჩაატარა. მაშინ კომპანიაში BMG-ის განუცხადეს, რომ კონტრაქტის ფარგლებში მათ აღნიშნულ ხიდზე მხოლოდ ასფალტის საფარი დააგეს.

სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, „გურია ენერჯის“ დირექტორმა, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოტყუებით დაეუფლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 095 ლარს.

სუს-ის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად ჩაბარებული სამუშაოები ექსპლუატაციისთვის უვარგისია, რაც სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებას ნიშნავს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა), 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თანამონაწილეობა) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება). დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს დანაშაულებზე რეაგირება შეუქცევადი ხასიათის იქნება.

აღსანიშნავია, რომ მამუკა ჟღენტი შპს ბ.პ. ბეტონის თანამფლოებელია ბიჭიკო პაიკიძესთან ერთად, რომელსაც ასევე ბრალად ედება ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი თანხის მითვისება.

შპს „გურია ენერჯი“ 2020 წლის 30 დეკემბერსაა რეგისტრირებული, რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი მამუკა ჟღენტია.

 

მსგავსი სტატიები