ეს არ არის ონლაინ მედიის კრიტიკა. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის აუტოდაფე, ეგზეკუცია _ ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები მედიასაშუალებების წინააღმდეგ ამ წარმოებულ ბნელ კამპანიაში ერთვებიან,_ ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ონლაინ მედიის მისამართით, „ქართული ოცნების“ განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ რიგი მედიაორგანიზაცია არის „მიკროფონიანი NGO“, ტუღუშის შეფასებით, ტერმინოლოგია, რომელსაც ხელისუფლება ონლაინ მედიასაშუალებების მისამართით იყენებს, „37-იანი წლების კლასიკური ტერმინოლოგიაა, რომელიც თანამედროვე პოლიტიკაში ხელოვნურად გადმოიტანეს“.
„სტანდარტებიდან ის ე.წ. მედია გადის, რომელიც ონლაინ მედიასაშუალებებს აბრალებს, თითქოს ისინი სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებენ და ა.შ. არიან გაყიდულები და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატში მხილებულები. ის მხარე არის გასული სტანდარტებიდან და არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, კრიტიკა შეიძლება მიემართოს ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მიმართ, როგორიც არის ადამიანი თუ მედიასაშუალება, მაგრამ ჩვენ ხომ კრიტიკაზე არ ვსაუბრობთ? ონლაინ მედიაორგანიზაციების მიმართ ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, აუტოდაფე, ეგზეკუცია, რომელსაც ახორციელებს ის ძალა, რომელიც საკუთარ თავს რაღაცას ეძახის. რა არის ეს? დაბრალება ამ ღალატის და ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება? წარმოუდგენელია.
[რაც შეეხებაშალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ბრიუსელის დავალებას ასრულებენ] ეს განცხადება ძალიან არასერიოზულია, იმიტომ, რომ ბრიუსელი არ არის ნეგატიური სიტყვა. ბრიუსელი ევროკავშირის დედაქალაქია, იქ განთავსებულია ნატო-ს შტაბბინა. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს მიზანი, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ისტორიული ამოცანა. ახლა „ღადავი“ და ცინიზმი ბრიუსელთან დაკავშირებით, თითქოს, ის ნეგატიური რაღაცაა, არასერიოზულია. ძალიან ცუდია, როდესაც პაპუაშვილი და ასევე, სხვა ადამიანები, პოლიტიკოსები მედიასაშუალებების წინააღმდეგ წარმოებულ ბნელ კამპანიაში ერთვებიან. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ბნელი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედიის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის დანგრევას. ეს ფრაზეოლოგია – „ქსელი“, „აგენტურა“, „800 ადამიანია ჩართული“, „სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები“, „მტრები“, ნუ წარმოუდგენელია. ეს არის წინა საუკუნის 37-იანი წლების კლასიკური ტერმინოლოგია, რომელიც საქართველოში გადმოიტანეს საუკუნის შემდგომ. საშინელი სიზმარი რომ გეგონება, თანამედროვე პოლიტიკაში პირდაპირ, ხელოვნურად გადმოიტანეს. ეს ტერმინოლოგია ჩვენ წიგნებში გვაქვს წაკითხული. ეს ჩვენი ხალხისთვის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ნაწილია, რომელშიც ქართველები ტრაგიკული მსხვერპლი აღმოჩნდნენ. სიტყვიერად რომ იმეორებ, შეიძლება ამას ხვალ მოქმედებები მოაყოლო.
ეს კამპანია, რომელიც მედიის მიმართ ახლა მიმდინარეობს, გულისხმობს მათ მზადყოფნას ყველაზე უარესი სცენარის განხორციელებისთვის. ეს გამოიხატება მათ განცხადებებში, იმ სიუჟეტებში თუ გადაცემებში, მათ მიდგომებში, რომელსაც ისინი დიდი ხანია ავლენენ. დღეს ამან გარკვეულწილად პიკს მიაღწია, ყველა კარტი გაიხსნა, თუმცა დღეს არ არის ის ვითარება, როდესაც ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას ვხედავთ. დღეს არის მზადყოფნა, რომ თუ დასჭირდათ, ამ ნაბიჯებს გადადგამენ“,_ განაცხადა ლაშა ტუღუშმა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრიუსელთან „ყველა ხიდი ჩაანგრია“.
რაც შეეხება უშუალოდ არაბული საინვესტიციო ჯგუფის, „იგლ ჰილსის“ პროექტს, რომლის „გაშავებაშიც“ ადანაშაულებს „ქართული ოცნება“ რიგ ონლაინ მედიასაშუალებას და რა საკითხზეც პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს, ინტერპელაციის წესით უსმენენ, ტუღუშის შეფასებით, მსგავს თემებზე „კრიზისები იმიტომ იქმნება, რომ ე.წ. ხელისუფლება საზოგადოებასთან არ ურთიერთობს“.
„მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რომ ნდობა საერთოდ არ არსებობს. ასეთი კრიზისები იქმნება სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებასთან არ ურთიერთობენ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენენ. ისინი მოქალაქეებს არ ესაუბრებიან ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. იქმნება კრიზისები, კოლაფსები და შემდგომ „გმირულად“ ცდილობენ დასძლიონ ეს ვითარება და რაღაც შოუებს აწყობენ. თვითონ ეძახიან ინტერპელაციით საკუთარ წარმომადგენლებს და დასმულ კითხვებზე უნდათ, რომ პასუხები გასცენ. პრობლემა სწორედ ისაა, რომ პასუხები თავის დროზე უნდა გაცემულიყო“, _განაცხადა ტუღუშმა.
გარდა ამისა, ტუღუშმა, კიდევ ერთხელ შეაფასა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენები, რა საქმეზე დაკავებული ორგანიზატორი პოლიტიკოსების წინასასამართლო სხდომაც დღეს იმართება. მისი თქმით, ორბელიანების სასახლესთან მომხდარი ფაქტი ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა და „უკანონობა დააკანონა“.
„არაერთგზის მოვისმინეთ ის აზრი, რომ ამ პროცესს [4 ოქტომბრის მოვლენები], გარკვეული თვალსაზრისით, სახელისუფლებო ე.წ. ძალამ ხელი შეუწყო. ის, რაც მოხდა, შემდგომ თავის სასარგებლოდ გამოიყენეს ძალაუფლების გამყარებისთვის, ოპონენტების დისკრიმინაციისთვის. სტილი შეცვალეს, ბევრად უფრო გაამკაცრეს, რაღაც ცვლილებები დამატებით შემოიტანეს, მათ შორის, სამართლებრივი ხასიათის იმისთვის, რომ უფრო მეტი ბრუტალური ძალა გამოიყენონ. ფაქტობრივად, უკანონობა დააკანონეს. ის კანონები, რასაც იღებენ, არ არის სამართლიანი და შესაბამისობაში მაღალ სტანდარტებთან. ამის საშუალება, შეიძლება ვთქვათ, რომ პირდაპირ თუ ირიბად, ამ პროცესმა მისცა. მთავარი ისაა, რომ ამ ძალის მიმართ ნეგატივი, მიუღებლობა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ეს ხალხი ახორციელებს; მიუღებლობა იმისა, რომ ჩვენ გადავუხვიეთ დასავლურ კურსს, არსად წასულა. ის პროტესტი და მუხტი არ დაკარგულა. შეიძლება ასე ღიად არ ჩანს, როგორც შარშან, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაბრუნდეს. მათ შორის, პოლიტიკაშიც, ისეთივე მძლავრად. ეს აუცილებლად მოხდება. არსად წასულა ის არასწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღეს. ადამიანებს მეხსიერება ისეთ ცუდ მდგომარეობაში არ აქვთ, რომ ერთი წლის წინ რა ითქვა, დაავიწყდეთ. ანგრევენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. როგორ შეიძლება ეს დაგავიწყდეს, როგორი გაუგებრობაც არ უნდა მომხდარიყო 4 ოქტომბერს“, _განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 74
რაზმაძის თქმით, მასთან ინტერვიუს დიდი ნაწილი არასწორადაა გაშუქებული. „ვერცერთ ინტერვიუში ვერ ნახავთ, რომ რუსებს რამე კეთილ კონტექსტში მოვიხსენიებდე. მე მხოლოდ ზიზღი შემიძლია გამოვხატო რუსეთის მიმართ და ამ შემთხვევაში გამოიყვანეს, რომ მე მათი დითირამბებს ვუძღვნიდი, რაც არის აბსოლუტური ცილისწამება. საერთოდ არ მიხსენებია სააკაშვილის ხულიგნები. მე ვთქვი, რომ როგორც კი შემოვიდნენ ოსური… - 72
მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, _ ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში“ აცხადებს. როგორც გულნოსა საიდი აღნიშნავს, ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ის მოუწოდებს ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ. „პირველ რიგში,… - 72
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები… - 70მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა - არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ მიღებულ სტანდარტებთან დაკავშირებით რამე კითხვა გაჩნდება, ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში უნდა მიმართონ. „მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა.…
- 69
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გმობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხიდან წამყვანების გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ ეს მაუწყებლის მხრიდან მენეჯმენტის მიკერძოებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნისა და შევიწროების მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებელმა ხელშეკრულებები შეუწყვიტა დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბისა“ და თოქ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანებს - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს,…