
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი, კურკანთელათი, ვაშლითა და კამფეტებით და თითქოს და წმინდა ბასილის წვერს წარმოადგენდა.“
გერონტი ქიქოძე
შობის წინ 4-5 დღით ადრე ქალები კვერცხს მაგრად მოხარშავდნენ. მოხარშულ კვერცხს ჩეჩოზე დააწყობდნენ და ოჯინჯალაზე გამოჰკიდებდნენ, შუა ცეცხლზე კვერცხები ხმებოდა, შემდეგ კი მუცლის სალოცავისა და ღვეძლებისთვის იყენებდნენ.
„შობის წინა დღეს ბრავაწობა თენდება “– გადმოგვცემს ეთნოგრაფი აპოლონ წულაძე.პროფესორი ალექსანრე ღლონტის განმარტებით ბრავაწობა გურული გამოთქმაა და მრავალწლობას ნიშნავს. ამ დილით ოჯახის უფროსი რამდენიმე ოყა „ყირიმის“ თეთრ პურის ფქვილს მოიტანდა დუქნიდან. უმეტესობა კმაყოფილდებოდა შინაური თალხი ფქვილით, რომელიც ზოგიერთებს იმდენი, მაინც მოჰყავდათ, რამდენიც საკაიდღეოდ ეყოფოდათ. დედაკაცები დილით შეუდგებოდნენ სახვალიო სამზადისს, პურის ფქვის მოზელდნენ,რომ „წამოღუებულიყო“ და საღამომდე თბილად შეინახავდნენ, საღამოს სასუქიდან ქათმებს გამოიყვანდნენ საცივს გააკეთებდნენ, დამარილებულ ჩიტებს ქოთნით შენახულს კი „ჩააზუბზუბებდნენ“. საღამოს კეცებს გაახურებდნენ და დააცხობდნენ ღვეძლებს და მუცლის სალოცავ კვერებს.
მუცლის სალოცავი
მუცლის სალოცავი პატარ-პატარა ყველით გატენილი კვერებია, შუაზე ერთი კვერცხია მოთავსებული. გურულების ღვეძელს ნახევარ მთვარის ფორმა აქვს (რაც ძველი გურლების რწმენით, ციური სხეულების თაყვანისცემას უკავშირდება, მასში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხლობის სიმბოლო იყო). და მას სათითაო აცხობდნენ საუფროსოს და საუმცროსოს, ზოგს 4-5 კვერცხს მიურთავდნენ და ისიც მთელს, ზოგში 2-3 კვერცხს, გამოაცხობდნენ სასტუმროს და მეალილოეს საჩუქარ ღვეძელს.
დილით ძალიან ადრე , ოჯახის დედაქალი, მუცლის სალოცავს თითოეულ შვილს სამ-სამჯერ შემოავლებდა მუცელზე და ლოცვას აღავლენდა:“ ამის მუცლის სატკივარი აღმა ქარს დაღმა წყალს“. მუცელზე შემოვლებულ კოკრებს ბავშვები მაშინვე ჭამდნენ, სხვისის შეთავაზება, თუდაც ერთი „ფინჩხა“ (ნამცეცი) არ შეიძლებოდა, რადგან ნატეხს მუცლის ტკივილი გადაყვებოდა და სხვისი ავადმყოფობა, ვის რად უნდოდა. რაკი მუცლის სალოცავს მთლიანად შეჭამდნენ ,ამით მთელი წელი მეორე შობამდე მუცლის ტკივილისაგან დაზღვეული იყვნენ.
დილით გაჩაღებული ცეცხლის პირას, ცეცხლისა და ქონის ჭრაქის სინათლეზე ოჯახის წევრები შემოუსხდებოდნენ საოჯახო სუფრას და მიირთმევდნენ მშვენიერ საუზმეს, რომელსაც არც ღვინო აკლდა. ჯერ კიდევ ბნელოდა ისე,რომ ზოგიერთი „ალცარიე“(ზარმაცი) გაენებამდე ერთ წაძინებასაც მოასწრებდა.
ბუდუა – ნათლულის საშობაო შეხვედრა
შობის დღესასწაულის ერთ-ერთი რიტუალი იყო ბუდუა-ნათლულის მოყვრების საშობაო შეხვედრა, დღეს ეს რიტუალი მივიწყებულია, ამის შესახებ ეთნოგრაფი აპოლონ წულაძე გადმოგვცემს:“შობის საღამოს წირვის დაწყებამდე, ბუდუას (ნათლიას) ნათლულიდან საშობაო ძღვენი მოუვიდოდა. ეს იყო: ფიჭვის ყავარზე დაკრული 30-40 „ საიასაღო“ (საგანგებო) ღვეძელი, „კურტუმოჩაყვითლებული“ ყვერული, ფინჩხაურით (მოზრდილი საღვინე დოქი), ჩხავერის ღვინო და ნათლულის ნახელავი წინდა, სამაგიეროთ მოყვრებს ერთად უნდა ესადილათ. ძღვნის მოსაკითხის გამომგზავნი ნათლიამ უნდა დაპატიჟოს და თან სტუმრებიც უნდა მიუპატიჟოს.
ნათლია თუ თავადი ან გავლენიანი აზნაური იყო ან ბობოლა „ ჩინოვნიკი“ , მაშინ 60 კვერცხიან ღვეძელს გამოუცხობდნენ და გარდა კვერცხისა 10-15 მსუქან შაშვს წინასწარ „ მონწალულს“( მდუღარეში ცოტა ხნით ნამყოფს) ჩაურთავდნენ, რომელიც ღვეძლის ცხობის დროს შეიწვებოდა, ჩხავერის ღვინოსთან ერთად, ძღვენს ახლდა სანთლის არაყი. შობის სადილი იყო „ძირდადგმული“, დარბაისლური, სიმღერა, ფიშტოს სროლა, ჩონგურის დაკვრა და ზედ დაღიღინება, ცეკვა _ყველაფერი ეს ჭამის მადას აღძრავდა და მასპინძელი ქალიც წამოსამატს (შემწვარ ჩიტს) და ხაჭაპურს არ ზოგავდა, აურზაური და ჩხუბი წარმოუდგენელი იყო, როგორც სიამტკბილობით დასხდებოდნენ, ასევე მოყრულად გამოეთხოვებოდნენ ერთმანეთს.გამომშვიდობებისას იტყოდნენ: გაის ამა დროს კიდევ ასე კარგად მყოლოდეს თქვენი თავი, თქვენიანებ და თქვენი კაგად ყოფნით, უპასუხებდა მასპინძელი. შობის მეორე დღე-„შობის დედაც“ უქმე იყო, პირის გემო და სიამოვნება იმ დღესაც არ აკლდათ“.(აპოლონ წულაძე „ ეთნოგრაფიული გურია“).
ალილო
ალილო მთელ საქართველოში გავრცელებული საწესო სიმღერა იყო.შობის წინა ღამეს შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი ჩამოუვლიდა ოჯახს სიმღერით, დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა. გურიაში მეალილოსათვის სპეციალურ ღვეძელს აცხობდნენ.ალილოს ტექსტებში“ ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობესა შემოჯდა“ გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.
კალანდა
გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს.
კალანდის შესახვედრად აუცილებელი იყო შემდეგი რიტუალის შესრულება: ცხემლისჭრა საღამო, გასალოცი გობის მომზადება, ჩიჩილაკის ახდა, გალოცვა ანუ ფეცხვა, ცეცხლის გალოცვა, ბედობის დღე, აგუნას გადაძახილი, წმინდა ბასილია ლოცვა.
გურულები კალანდისათვის მზადებას ადრიანად იწყებენდენ.ბარბარობამდე ორი-სამი დღით ადრე ოჯახის უფროსი მიდის ტყეში, მოჭრის ველური თხილის წნელს, მოიტანს სახლში, მოღობავს ძარას, ანუ სასუქს. ბარბარობა დღეს ქათმების პატარა დღეობაა. ამ დღეს მეოჯახე ქალი არჩევს ბებერს, ნაკლებ კვერცხის მდებელს, ცუდ მკეკელს „ფრთხუს“, უვარგის, მოჭვას, რომელიც სადგამურად არ გამოდგება, აგრეთვე ყვერულს, რომელიც საგანგებოდ საკაიდღეოდ ჰყავდათ გამოზრდილი. ბარბარობიდან ერთი კვირის შემდეგ განსაკუთრებულ ადგილას საგანგებო სამწყვდევში ჩასვამდნენ ღორს.ქათმებიც და ღორიც სასუქში უნდა ყოფილიყო, ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა დაესწრო და სასუქში მყოფთათვის „ კეკალი დაეყარა წყალიც დაესხა და თან ეთქვა: სუქ, სუქ, სუქ. ღორი პირველ დრეებში, პატივს იღებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს , როთინით ხვდება, შემდეგ კი,როცა სიმსუქნე ძლევს, საჭმლით გულს იმსუყებს, ზარმაცობა ეპარება, უხალისობა ეტყონა, წვება და ნებივრობას იწყებს“(აპოლონ წულაძე).
მანანა ლომაძე,
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი
(გაგრძელება იქნება)
მსგავსი სტატიები
- 97
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 96
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 95
ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“ ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ 40 წლის წინ ოზურგეთსა და ნატანებში გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია… - 92
თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და… - 90
