2026 წლის 5 იანვარს ოზურგეთში რაიონული გამოცემის დაარსებიდან 96 წელი შესრულდება.

ცოტა რამ ოზურგეთში (გურიაში)საგამომცემლო ისტორიიდან:

1888 წლის სექტემბერში  ქ. ოზურგეთში გაიხსნა უფასო სამკითხველო და წიგნის მაღაზია, რომლესაც მოჰყვა სტამბა და წიგნის გამომცემლობა.

ალფესი მიქელაშვილისა და კოწია თავართქილაძის სტამბაში ორჯერ დაიბეჭდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

1891 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“ 2000 ეგზემპლარი იყო.  თითო წიგნი დამჯდარა 25 კაპიკი. წიგნის ფასად დადგენილი იყო ექვსი შაური.

წიგნის ბეჭდვა ძალიან ძნელი საქმე იყო. 1891 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანის“ წინასიტყვეობაში ვკითხულობთ: „გურიაში სტამბის გახსნის მიზანი იყო ძლიერ იაფ ფასად ქართული წიგნების ბეჭდვა, თორემ ამისთანა პატარა მაზრაში, როგორიც გურიაა, ყველას მოეხსენება, რომ სხვა სასტამბო საქმე ხარჯებსაც ვერ აღადგენს. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენდა, ჩვენი სურვილი ვერ დავაკმაყოფილეთ ისე, როგორც სასურველი იყო. მიზეზი ამისა დასაბეჭდი წიგნების უქონლობაა. ვინ მოსთვლის, რამდენს მივმართეთ, რამდენი ნაცნობი შევაწუხეთ, რომ მათ ეშოვათ ჩვენი პატივცემული მწერლების ნებართვა მათი ნაწერების დაბეჭდვისა და გამოგვეშვა ისეთი წიგნები, რომლებიც საზოგადოებასაც სარგებელს მოუტანდა და არც ჩვენ დაგვაზარალებდა, მაგრამ ვერც ერთი მხრიდან ვერაფერს გავხდით. ამიტომ, ჩვენ „ვეფხისტყაოსანის“ ბეჭდვას შევუდექით.თუმცა ამ სამი წლის მანძილზე ორ-სამჯერ დაიბეჭდა,მაგრამ გასასყიდლად გამომცემლობას აღარც ერთი ეგზემპლარი არ მოეპოვება. ამიტომ ეს გამოცემა, რადგან სხვაზე შედარებით ბევრად უფრო იაფად არის გამოცემული, რის გამო ყველა ღარიბ კაცს შეუძლია ამის შეძენა, იმედი გვაქვს, მალე გაიყიდება.“

ოზურგეთის სტამბაში დაიბეჭდა მ. ბურჭულაძის „სკოლა და ოჯახი,“ვიქტორ ჰიუგოს „ძმა ძმის მტერი,“ „არსენას ლექსი“ და სხვა წიგნები.

მაგრამ წიგნის ბეჭდვა დიდხანს არ გაგრძელებულა. რადგან წიგნის ბეჭდვა იწვევდა ზედმეტ ხარჯებს, რომლებიც ოზურგეთის სტამბასა და წიგნის მაღაზიას არ შეეძლოა დაეკმაყოფილებინა, ალფესი მიქელაიშვილი წვრილშვილიანი კაცი იყო, ხელმოკლედ ცხოვრობდა, და ის და  კოწია თავართქილაძე იძულებული გახდნენ ბათუმში გადასულიყვნენ, სადაც გააგრძელეს სასტამბო საქმიანობა.

ოზურგეთში პირველი ნაბეჭდი გაზეთი გამოვიდა 1918 წლის 7 ივლისს _ეწოდა „გურიის ხმა.“(იყო ყოველკვირეული, ოთხგვერდიანი გაზეთი, გურიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანო). დაარსდა საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადებიდან თვენახევრის შემდეგ (რედაქტორი მ. დუდუჩავა).

1920 წლის 1 მაისს გამოვიდა გაზეთი „გურიის ერობის მოამბე“(ყოველკვირეული, შემდეგ ორკვირეული  გამოცემა, იბეჭდებოდა ა. კალატოზიშვილის სტამბაში).

1921 წლის დასაწყისში _გამოდიოდა სამზარო ერობის ორგანო  „გურიის ხმა,“(სამდღიური, ორგვერდიანი გაზეთი)_ხელს აწერდა სარედაქციო კოლეგია.

ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი ნაბეჭდი გაზეთი იყო „განახლებული გურია.“(ხელს აწერდა სარედაქციო კოლეგია), _საქ. კპ გურიის კომიტეტისა და რევკომის ორგანო. გამოვიდა 1921 წლის 14 ოქტომბერს. პირველ ხანებში გაზეთი იყო 8-გვერდიანი.

1922 წელს ოზურგეთში გამოვიდა საქ. კპ გურიის კომიტეტის გაზეთი „გურიის კომუნარი.“აგრეთვე, რაიონული გაზეთის გარდა 1922-1923 წლებში -ერთდროული ლიტერატურული გაზეთი „პოეზიის დღე“, 1924 წელს _ლიტერატურული ჟურნალი „ჩვენი არგონავტი,“ (ამ და შემდგომ გამოცემებში (ლიტ. ალმანახები და სხვ.) მონაწილეობდა პედაგოგი და მწერალი ვანო სალუქვაძე (ფსევდონიმი ვ. სერელი, ბინდელი), შემდგომში _გაზეთ „ლენინის დროშის“რედაქციის წევრი _ლიტ. მუშაკი, პასუხისმგებელი მდივანი). ვანო სალუქვაძე უპარტიო იყო, ლიტერატურული ჟურნალებისა და გამოცემების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

1931 წლის  5 იანვარს გამოვიდა ოზურგეთის რაიონული გაზეთი „ლენინის დროშა.“ (ამ სახელწოდებით გამოდიოდა 1990 წლის მარტამდე). 1962-65 წლებში იგი  იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს რეგიონული გაზეთი. იგი ვრცელდებოდა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონებში.

ამ გაზეთის რედაქტორები სხვადასხვა წლებში (თანმიმდევრობით) იყვნენ: დავით არობელიძე, აკაკი გოცირიძე, ანდრო კირცხალია, ივლიანე ძიძიგური, ვასილ ლომინაძე, მოსე ტუღუში, ლეონიდე მახარაძე, ამბროსი სალუქვაძე, ივანე გოგუაძე, ვახტანგა ჯაყელი, აფთონ გურგენიძე, თამაზ სალუქვაძე.. რედაქტორის მოვალეობას დროებით ასრულებდნენ: ალექსანდრე მგელაძე, თეო აბაშმაძე, ივანე უჯმაჯურიძე, არკადი ზაქარიაძე.

მარცხნიდან: ბორის შეწირული (პ/მდივანი), ამბროსი სალუქვაძე (რედაქტორი), აკაკი მჟავანაძე (გნყ. გამგე)

1990 წლის 22 მარტიდან გაზეთს ეწოდა „გურია“(ამ სახელწოდებით 5 აპრილამდე გამოვიდა გაზეთის სულ 5 ნომერი), ხოლო 1990 წლის 5 აპრილიდან გაზეთი გამოდის „ალიონის“ სახელწოდებით.

„ალიონი“ 1990 წლის 6 ოქტომბრიდან 1991 წლის 30 მარტამდე იყო ჯერ ოზურგეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს, შემდეგ აღმასკომის ორგანო.

1991 წლის 2 აპრილიდან _ოზურგეთის რაიონული დამოუკიდებელი გაზეთი.

გაზეთი „ალიონი“ ამჟამად არის რეგიონული დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი.

მარჯვნიდან: თამაზ სალუქვაძე, ვაჟა ჭანუყვაძე, გიზო ჭელიძე, ელგუჯა შევარდნაძე; სხედან: ლამარა სიმონიშვილი, მარუსია თუთოიანი (60-იანი წლები0.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასწისამდე „ალიონი“ ერთ-ერთი მაღალტირაჟიანი გაზეთი იყო რეგიონების გამოემებს შორის და მისი ტირაჟი 20 000 ეგზემპლარს აღწევდა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გამოცემის პერიოდულობასა და ტირაჟზეც აისახა. თუმცა მას დაარსების დღიდან დღემდე გამოშვების წყვეტა არ ჰქონია.

* * *

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ოზურგეთში რამდენიმე პერიდული გამოცემა დაარსდა. მათ შორის ყველაზე დიდი ტირაჟით გამოდიოდა ოზურგეთის ჟურნალისთა პრესკლუბის გაზეთი „თვალსაწიერი.“(რედაქტორი ნინო გოგუაძე); 1989 წელს დაარსდა ოზურგეთის სახალხო ფრონტის გაზეთი „ოზურგეთის მოამბე,“ (კ. ბერიძე, გ. თავაძე, ნ. ასათიანი,მ. ზაქარიაძე), გამოვიდა რამდენიმე ნომერი. 1990-1993 წლებში ნინო თოიძის საზოგადოება უშვებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბიულეტენს „ლეხოური“(რედაქტორები გიზო ჭელიძე, ნ. ასათიანი); გამოვიდა გაზეთ „ანაბზინის“(რედაქტორი თ. ხარაიშვილი) რამდენიმე ნომერი. თამაზ ხარაიშვილის რედაქტორობით გამოვიდა ლიტერატურულ ალმანახ „მარიოტას“ 2 ნომერი, ხოლო საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაცია უშვებდა ლიტერატურულ ბიულეტენს „გუბაზეული,“(რედაქტორები გიზო ჭელიძე, ნუგზარ ასათიანი). რამდენიმე წელია განახლებული გურიის მწერალთა ორგანიზაცია უშვებს ყოველთვიურ ლიტერატურულ გაზეთს „ლიტერატურული გურია,“(რედაქტორი თემურ მარშანიშვილი); ახალგაზრდა მეცნიერთმა კლუბმა გაზეთ „ინფო გურიას“ რამდენიმე ნომერი გამოუშვა; ჟურნალისტი ეთერ ქადეიშვილი წლების განმავლობაში გამოსცემდა გაზეთ „საჩინოს“, „თეთრ მანდილს“; ამავე პერიოდში გამოვიდა TV„გურიას“ 6 ნომერი; გამოდიოდა გაზეთი „კაპილონი“ (რედაქტორი ლია კილაძე); 2005 წელს გამოვიდა გაზეთ „მარიოტას“ 2 ნომერი (რედაქტორი ნინო ნიკოლაიშვილი), ასევე გამოვიდა „შალომ კლუბ გურიას“ რამდენიმე ნომერი.

ტურისტულ-ალპინისტურმა სახოგადოება „გურიის მთები“ გამოუშვა ამავე სახელწოდების გაზეთის რამდენიმე ნომერი (აქედან ერთ-ერთი ნომერი ინგლისურენოვანი იყო).

გასული საუკუნის 90-იან წლებში დაარსდა გაზეთი „ლანჩხუთი პლუს“, (რედაქტორი ქეთევან ნაკაშიძე) რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში  შეწყვიტა გამოცემა.

ამჟამად რეგიონში გამოდის გამოცემები: „გურია ნიუსი“, „გურიის მოამბე“ (ბეჭდური ვერსია ამ ეტაპზე არ გამოდის“), „ალიონი“, „ლანჩხუთის მოამბე,“„ჰო და არა,“ „გურია თუდეი.“

რეგიონის ყველა გამოცემას წარმატებებს ვუსურვებთ!

მთავარ ფოტოზე: აფთონ გურგენიძე (რედაქტორი), გენრიეტა ქუთათელაძე, გიზო ჭელიძე სარედაქციო თათბირზე (6ო-იანი წლები)

სტუმრად ნატანების კოლმეურნეობაში (1984 წ.)

მსგავსი სტატიები