ავტორი თემურ მარშანიშვილი
8 იანვარს ბედნიერი იყო ოზურგეთის მუსიკალური სკოლის მომცრო საკონცერტო დარბაზი და მასში ძლივსდატეული მსმენელი. ბედნიერებაა , აბა, რა არის, როცა შუბერტი, შოპენი და… ასათიანი შობას მოგილოცავენ. სხვანაირად ვერ შევაფასებ ავსტრიაში, ქალაქ ვაიდჰოფენში მოღვაწე თათა ასათიანი-აიგნერის მიერ მშობლიურ ოზურგეთში ექსპრომტად გამართულ კონცერტს. რასაკვირველია, მეც ბედნიერი ვარ, რომ ამ ბედნიერთა შორის მოვხვდი.
ნატიფი თითების შეხებით, ფორტეფიანოს მგრძნობიარე კლავიშები საათნახევრის განმავლობაში თითქმის უწყვეტად ქსოვდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის ორნამენტებს, რომელშიც იყო რაღაც ქართული, მიმზიდველი, ასათიანისეული. დატკბა და მოიხიბლა დარბაზი, არავის სურდა პიანისტთან განშორება და კონცერტის დამთავრება. ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა აღმატებულად სრულდება კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები.
მალე მომავალ შეხვედრამდეო! სცენიდან ჰაეროვანი კოცნა გამოგვიგზავნა ყვავილებითა და აპლოდისმენტებით დახუნძლულმა პირ და სულმშვენიერმა ქალმა, ჩემი მეგობრის, კოლეგის, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის, ბატონი ნუგზარ ასათიანის ქალიშვილმა თათა ასათიანმა.
სანამ, მეუღლესთან, ალექსანდრე აიგნერთან ერთად, ქუთაისის აეროპორტისკენ გასწევდა, რამდენიმე კითხვაზე გურული სიმკვირცხლითა და გამჭრიახობით გვიპასუხა:
_ თათა, რამ განაპირობა თქვენი დღევანდელი არჩევანი, მშობლიურ გურიაში, ოზურგეთში საშობაოდ შეგესრულებიათ შუბერტისა და შოპენის ნაწარმოებები?
_ ორივე კომპოზიტორი რომანტიზმის ეპოქის წარმომადგენელია. ამ პერიოდში მუსიკით ისახებოდა ადამიანის შინაგანი სამყარო, მისი ფიქრები, განცდები. ამიტომაც მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი ნაწარმოებები თანამედროვე მსმენელის გულებამდე დღესაც იოლად პოულობს გზას. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე ფრანც შუბერტის 90-ე ოპუსი, რომელიც ოთხი ექსპრომტისგან შედგება, ასევე ფრედერიკ შოპენის მეოთხე ბალადა, 52-ე ოპუსი.
_კონცერტის მიმდინარეობისას შოპენზე თქვით, მუსიკის გალაკტიონიაო. ეს ფრაზა თქვენ გეკუთვნით, თუ სხვებიც ამ აზრისა არიან?
_ შოპენს ბევრი მოიხსენიებს ფორტეპიანოს პოეტად. ძირითადად მისი შემოქმედება ამ ინსტრუმენტის ირგვლივ ტრიალებს და ვინც კი იცნობს მის ნაწარმოებებს, დამეთანხმება, რომ ის ნამდვილად მაღალი პოეტურობით რითმავს თავის გენიალურ მუსიკალურ ფრაზებს. მუსიკის გალაკტიონად კი, სპონტანურად, მე მოვნათლე სცენაზე.
_ დარბაზში შევნიშნე, როგორ გგულშემატკივრობდათ ერთი უცხო ახალგაზრდა, რომელიც თქვენი მეუღლე ყოფილა, უფრო ახლოს გაგვაცანით ავსტრიელი სიძე.
_ მე და ჩემი მეუღლე, ალექსანდრე აიგნერი, ათი წლის წინათ დავქორწინდით ავსტრიაში და შევქმენით ავსტრიულ-ქართული მუსიკალური ოჯახი. ალექსი კონტრაბასზე და ელექტრო-ბასგიტარაზე უკრავს. ჩვენ ერთად გამოვდივართ სხვადასხვა ბენდებში და გვაქვს საერთო მუსიკალური პროექტები.
_ გარდა შუბერტისა და შოპენისა, კონცერტზე შეასრულეთ ორი მუსიკალური ნაწარმოები თქვენი პროექტიდან, რომლის მიხედვით, როგორც თქვით, ფილმს იღებთ.
_დიახ, კონცერტზე შევასრულე ორი ნაწყვეტი ჩემი ახალი პროექტიდან „ტრანსფორმაცია“, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ. ეს იქნება ერთსაათიანი მუსიკალური ფილმი, რომლის სცენების გადაღებაში ჩემი მეუღლე მეხმარება. დავწერე მუსიკა და ტექსტები ინგლისურ ენაზე. შემდეგ შევქმენი სცენარი ამ მუსიკაზე. სცენების გადაღება თითქმის დასრულებულია. მე თვითონ ვუკეთებ პროექტს მონტაჟს. ამ მუსიკალურ ფილმს ჩემს თბილ გურულებსაც ჩამოვუტან. ვნახოთ, როგორ შემიფასებენ.
ავტომობილის სიგნალი ჩაერია დიალოგში, გვაგვიანდებაო, – თბილად გამოსძახეს ხალისიან და სასურველ რესპოდენტს, რომელიც იმედია, მალე გვესტუმრება თავისი „ტრანსფორმაციით.“
უფალო, უმრავლე ჩემს ქვეყანას, ჩემს ერს ასეთი ტალანტური შემოქმედები!
მსგავსი სტატიები
- 96
- 96
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 95
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 92
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი,… - 92
ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“ ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ 40 წლის წინ ოზურგეთსა და ნატანებში გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…
