(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე)
ავტორი გია ბეშიტაიშვილი
1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები.
ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ!
1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკამაც, ავღანეთში 1979 წელს საბჭოთა ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით. 1984 წელს კი ლოს-ანჟელოში ოლიმპიადა 84-ს ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოთა კავშირმა და კიდევ 13 ქვეყანამ!
მოსკოვის ოლიმპიური თამაშების დიდი ნაწილი ტარდებოდა ქ. მოსკოვში. ფეხბურთში შეხვედრები ჩატარდა ქ. კიევში, ქ. ლენინგრადში და ქ. მინსკში. ესტონეთის დედაქალაქში ტალინში კი იალქნიანი რეგატა! ქ. მოსკოვში სპორტსმენებისთვის ააშენეს «ოლიმპიური სოფელი», სასტუმროები «კოსმოსი» და «სალიუტი». ასევე სასტუმროების კომპლექსი «იზმაილოვო» და ახალი სპორტიული კომპლექსი «ოლიმპიური». კაპიტალურად აღადგინეს ყველაზე დიდი სპორტიული კომპლექსი «ლუჟნიკები». ყველა ამ ახალ აგებულ თუ აღდგენილ შენობებში გააკეთეს შესანიშნავი საკონცერტო დარბაზები დიდი სცენებით, სადაც ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას კონცერტებში როგორც ცენტრალური ტელევიზიისა და საკავშირო რადიოს სოლისტები, ორკესტრების თანხლებით!

ამ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ბლაგიძემ 52 კგ.წონაში! ქალბატონმა ქეთევან ლოსაბერიძემ მოიპოვა ოქროს მედალი მშვილდიდან სროლაში. ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა შოთა ხაბარელმა 78 კგ. წონაში. ყველასთვის საყვარელმა მსოფლიოს სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამხტომში ვიქტორ სანეევმა მოიპოვა ვერცხლის მედალი!
სპორტი და პოლიტიკა ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის საკითხში ვერ თანხმდებოდნენ! ასეთი თამაშების გამოტოვება სპორტსმენისთვის უმრავლეს შემთხვევაში სპორტში ყოფნა არ ყოფნის საკითხს წარმოადგენდა! ამ საკითხის მოსაგვარებლად ოლიმპიურმა კომიტეტმა თითქოს იპოვა «გამოსავალი»: ბოიკოტირებული სახელმწიფოს სპორტსმენებს ნება დართეს მიეღოთ მონაწილეობა შეჯიბრში ოლიმპიური დროშით, მხოლოდ მისი ქვეყნის დროშისა და ქვეყნის ჰიმნის გარეშე! ოლიმპიური კომიტეტის «გამოსავალს» ჰქონდა გამოკვეთილი მახინჯური მხარეც, ადამიანის ღირსებისთვის მიუღებელი, დამამცირებელი! სპორტსმენს იწვევდნენ როგორც ინდივიდუმს, როგორც «უსახლკარო», გურულად – «უპატრონო» ადამიანს!
ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ ძნელია სპორტსმენისთვის მოხდეს თავისი ქვეყნის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენთა სიაში. რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ის არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის. შენ გევალება და იღებ მონაწილეობას არა მარტო იმიტომ, რომ ასახელო შენი სახელი და გვარი, არამედ პირველ რიგში ასახელო შენი ქვეყანა, შენი სამშობლო! შენი გამარჯვება მსოფლიო ოლიმპიადაში პირველ რიგში არის შენი სამშობლოს გამარჯვება!
რა შედარებაა, თუმცა ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების გზას რომ შევადაროთ, როცა კონკურსებში ვმონაწილეობდით მე და ჩემი ძმა, უმეტეს წილად გვარს არ მოიხსენიებდნენ, ამბობდნენ «გრუზინ პობედილ»! ქართული გვარი შეიძლება ძნელი წარმოსათქმელიც იყო უცხოელისთვის, მაგრამ ძირითადად მაინც ნაციონალობას უსმევდნენ ხაზს! საზღვარგარეთ გასტროლების დროსაც იგივე ხდებოდა, რუსული სიტყვები შეცვალა ინგლისურმა სიტყვამ «ჯორჯიან».
ჩვენ მოსკოვის ოლიმპიადას კარგად მომზადებული პროგრამით შევხვდით! მსოფლიოში ცნობილ ნეაპოლიტანურ სიმღერებს პოპულარული თანამედროვე იტალიური და ესპანური საესტრადო სიმღერებიც დაუმატეთ, ადრიანო ჩელენტანოს 1979 წელს ახალ გამოცემულ ალბომიდან «სოლი». ასევე სიმღერები ეროს რამაზოტტის, რიკარდო ფოლის, ტოტო კუტუნიოს და ფოლის რეპერტუარიდან!
შეიძლება გაზეთ «ალიონის» მკითხველებს აინტერესებს რა სიმღერებს ვმღეროდით ქართულად ოლიმპიადის კონცერტებში: რევაზ ლაღიძის «თბილისო»-ს და «ადანდალი-დანდალი»-ს, «დარი-დური»-ს, ჯანსუღ კახიძის «თუ კი რომ დაგაკლდა ალერსი», გიორგი ცაბაძის «ცოცხალი ვარ, ცოცხალი», ბასილაიას «არგო». ხალხური სიმღერებიდან «შატილის ასულო» და «აშო ჩელა, აშო ბუსკა» და მსოფლიოში ცნობილ «ციცინათელა»-ს, ოლიმპიადაში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, საცეკვაო ნელი ვალსის სტილში!
ყველაზე გამძაფრებული დისკუსიები გამოიწვია ოლიმპიადის გასახსნელი სიმღერის ამორჩევამ! საბოლოოდ დაამტკიცეს კომპოზიტორ ვასილი სალავიოვ- სედოის სიმღერა «პოდმოსკოვნიე ვეჩერა» პოეტ მიხაილ მატუსოვსკის სიტყვებზე! თუმცა ეს სიმღერა დიდი ხნის უკან, 1956 წელს იყო დაწერილი საბჭოთა ხალხთა სპარტაკიადისთვის და შემდეგ 1957 წელსაც კი გამოიყენეს ახალგაზრდებისა და სტუდენტთა ფესტივალის დროს მოსკოვში! ოლიმპიადის დახურვის დღისთვის კი დაამტკიცეს ალექანდრა პახმუტოვას და ნიკოლაი დობრონრავოვის სიმღერა «დო სვიდანია, ნაშ ლასკოვი მიშკა». კომპოზიტორთა შორის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა დავიდ ტუხმანოვის სიმღერამ «ოლიმპიადა»-მ რობერტ როჟდესტვენსკის სიტყვებზე.
ოლიმპიადის კონცერტებში ჩვენი მონაწილეობა შედეგიანი აღმოჩნდა.
- ფირმა «მელოდია»-მ ოლიმპიადის დროს გაასამკაცა ჩვენი იტალიური სიმღერების პლასტინკების გამოცემა და გაყიდვა! მათმა ასეთმა მოქმედებამ ნამდვილად გაამართლა, პლასტინკები მართლაც დიდი ოდენობით გაიყიდა!
- ჩვენმა გამოსვლებმა და განსაკუთრებით რეპერტუარმა ბორის ბრუნოვის სერიოზული ყურადღება მიიპყრო. მაშინ ბორის ბრუნოვი იყო ესტრადის თეატრის დირექტორი და საბჭოთა ესტრადის საუკეთესო კონფერანსიე! ყველა მომღერალი თუ საესტრადო კოლექტივი ოცნებობდა გაემართა კონცერტი ესტრადის თეატრში. ბორის ბრუნოვს, როგორც კონფერანსიეს მიყავდა კონცერტი ახალ სპორტის «ოლიმპიურ» დარბაზში, ჩვენ სწორედ იმ კონცერტში დიდი წარმატებით ვიმღერეთ თანამედროვე იტალიური სიმღერების პოპური. კულისებში ჩვენთან მოვიდა ბატონი ბორისი და გვითხრა: «როგორც კი ოლიმპიადა დამთავრდება აუცილებლად მოდით ჩემთან ესტრადის თეატრში, თქვენთვის სერიოზული წინადადება მაქვსო!»
- ოლიმპიური კონცერტების დროს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი, სერიოზული წინადადება დაგვეწყო მუშაობა «მოსკონცერტში», მოსკონცერტის დირექტორის საფონოვისაგან და მოსკონცერტის ვოკალურ-ინსტრუმენტალური განყოფილების გამგე სერგეი ხრისტოფორის ძე მელიკისაგან! ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი 1980 წლის ბოლოს გადაგვეწყვიტა!
საკავშირო რადიოში კონცერტებში მონაწილეობისა და სიმღერების ჩაწერის გარდა, ჩვენ კიდევ დარჩენილი გვქონდა ორი გადაუდებელი
საქმის ბოლომდე მიყვანა: 1. ცენტრალურ ტელევიზიამ გადაწყვიტა გადაეღო 30 წუთიანი ტელეფილმი, მუსიკალური კონცერტი «პესნი გრუზიი, პოიუტ
გოგი ი გია ბეშიტაიშვილი». ამ ფილმის გადაღება დაევალა ცენტრალური ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის საუკეთესო რედაქტორს, გალინა გიორგევნა სალდატოვას. ტელეფილის მთავარ მხატვრად, ჩვენი

თხოვნით მოიწვიეს შესანიშნავი ქართველი მხატვარი, სკულპტორი, გრაფიკოსი გიორგი მოსეს ძე თოიძე, მისივე ნახატებით, ხატებით, ჩეკანკებით, ფილმის მხატვრულად გასაფორმებლად! ბატონი გიორგი იყო დიდი ქართველი მხატვრის და არქიტექტორის მოსე ივანეს ძე თოიძის შვილი, სახელგანთქმული მხატვართა ოჯახის ბრწყინვალე წარმომადგენელი! შეიძლება ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს მისი უმფროსი ძმის ირაკლი მოსეს ძე თოიძის ომის დროინდელი პლაკატი «როდინა – მატ ზავიოტ»!

ასევე ჩვენი რჩევით, მოსკოვში ცნობილმა პოეტმა გენადი ფეოდორის ძე გიორგიევმა საუკეთესოდ თარგმნა ჩვენი ქართული სიმღერების ტექსტები რუსულ ენაზე! დიდებული მხატვრის, ასევე პოეტისა და რედაქტორის დიდი მონდომებით მივიღეთ შესანიშნავი მუსიკალური ტელეფილმი! იმდენად შესანიშნავი, რომ ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ეს ფილმი მიიმჩნია 1980 წლის ცენტრალური ტელევიზიის საუკეთესო ნამუშევრად! .
თუმცა პრემიერა ამ მუსიკალური ტელეფილმისა შედგა ცოტა მოგვიანებით 1981 წელს! ფილმის ჩვენება ცენტრალურმა ტელევიზიამ დაამთხვია ქართული სპორტის ბრწყინვალე დღეს, 1981 წლის13 მაისს. როცა ქართველმა ფეხბურთელებმა, თბილისის «დინამო»-მ ფინალურ შეხვედრაში მოუგო გერმანულ კლუბს «კარლ ცეისს» და მოიპოვა უეფას ჩემპიონთა თასი! სწორედ ამ თამაშის წინ, 30 წუთის განმავლობაში ფეხბურთის მოყვარულები და ქომაგები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პირველ რიგში ალბათ საქართველოში უყურებდნენ ცენტრალური ტელევიზიის პირველი პროგრამის მუსიკალურ ფილმკონცერტს «პესნი გრუზიი, პოიუტ გოგი ი გია ბეშიტაიშვილები»! შესაძლებელია ჯერ კიდევ დარჩა ის ადამიანები ვინც ნახა ეს ტელეფილმი-კონცერტი! რამოდენიმე დღის მერე საქართველოს საელჩოს კულტურის განყოფილების გამგემ ნოდარ მახარაძემ, აღტაცებულმა ჩვენი ფილმის ნახვით და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ელჩის თხოვნით დაგვიბარა საელჩოში დასაჯილდოებლად! ფოიეში სადაც ჩვენ ველოდებოდით ელჩთან შეხვედრას შემოვიდა თბილისის ოპერის მომღერალთა დიდი ჯგუფი. მოვიდა ჩვენთან პაატა ბურჭულაზე, გვაკოცა და მოგვილოცა წარმატება. პაატას თან მოყვა ნოდარ ანდღულაძე და ვითომც არაფერიო ხელი გაუწოდა ჩემ ძმას ჩამოსართმევად, მაგრამ გოგიმ სრულიად სამართლიანად ხელი არ ჩამოართვა და უთხრა: «თქვენ ჯერ ბოდიში მაინც უნდა მოგეხადად ჩემთვის და მერე გეცადათ ხელის ჩამორთმევა». ამ სიტყვების მერე, პატარა პაუზით ბატონმა ნოდარიმ ერთი სიტყვა «მოგვილოცავთ»-ო თქვა და ისევ ისე, ვითომ არაფერი არ მომხდარაო წავიდა ჩვენგან. ცოტა ხნის მერე მოვიდა თენგიზ მუშკუდიანი, ჩვენი საყვარელი მომღერალი, ხელი ჩამოგვართვა, მოგვილოცა და გოგის უთხრა «ძალიან სწორად მოიქეცი ხელი რომ არ ჩამოართვიო!». ეტყობა ყველაფერი გაიგონა და დაინახა რაც გოგისა და ნოდარის შორის მოხდა! ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიურად ვიყავით განწყობილი ნოდარ ანდღულაძის მიმართ, თუმცა ჩვენთვის, 12/13 წლის პატარა ბავშვებისთვის, თავიდან ყველაფერი კეთილად დაიწყო დავით ანდღულაძის ოჯახში. ნოდარიც ჩვენ როგორც უმცროს ძმებს გვეპყრობოდა, მაგრამ მერე, როცა წამოვიზარდეთ, მომღერლის ხმა რომ ამოვიღეთ, მაშინ სასწაულებრივად შეეცვალა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება. იმდენად, რომ ძირითადად მისი წყალობით იძულებული გავხდით დაგვეტოებია საქართველო და წავსულიყავით რუსეთში, ბედის საძებნელად! ეს იყო ჩვენ ურთიერთობაში ბოლო, ორ წუთიანი შეხვედრა ნოდარ ანდღულაძესათან!
როცა 80-ან წლეებში საქართველოდან ნოდარ ანდღულაძის შესახებ, მისი ძალიან «კეთილის მსურველებისგან» რაღაც-რაღაცეები, მამაკაცისთვის დამამცირებელი ამბები გაისმა. ასეთი არა ადამიანური სიცრუე, ბინძური ცილისწამება ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იყო! დღეს კი მე, ვამბობ ღმერთის წინაშე, ყველას გასაგონად, რომ ამ ადამიანს ჩვენს მიმართ, ან ჩვენთვის ოდნავად შესამჩნავადაც კი რაიმე უღირსი, სიბილწე არასოდეს არ გამოუჩენია. პირიქით, ის იყო ჩვენთვის ნამდვილი ქართველი ადამიანის მისაბაძი მაგალითი! რაც შეეხება ნეგატიურ დამოკიდებულებას მის მიმართ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებული იყო ჩვენ პროფესიასთან.
დაუბრუნდები საკავშირო რადიოში მეორე ძალიან სერიოზულ საქმეს. საკავშირო რადიოში უკვე იყო მიღებული გადაწყვეტილება ჩემი მუსიკის, ხუთ ნაწილიანი სუიტის «ჰიმნი მზეს» ჩაწერა ორკესტრთან, სოლისტებთან და გუნდთან ერთად! ამ სუიტაში იყო ჩემი სამი სიმღერა ვაჟა ფშაველას ლექსებზე: «იას უთხარით ტურფასა», «რა გინდა ბედმა მიმტყუვნოს», «ღმერთო სამშობლო მიცოცხლე» და სიმღერა ჩემ ლექსზე «სანატრელო ჩემო გურია!» ასევე ჩემგან არანჟირებული საქართველოს კუთხეების: სვანეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიის, ქართლის და კახეთის სიმღერები! სოლისტები ჩვენ ვიყავით, გუნდად კი მე ამოვირჩიე საკავშირო რადიოს «საბჭოთა სიმღერების ანსამბლი», რომელიც შედგებოდა ძირითადად ახალგაზრდა მომღერლებისაგან. ამოვირჩიე იმ მოტივით, რომ მათთან უფრო ადვილი იქნებოდა ქართული სიმღერების ტექსტების ათვისება! ვთხოვეთ რადიოს ვოკალური ჯგუფის დირექტორს, ჩვენ ხელმძღვანელს მატიუშინას რამოდენიმე თვით მოეცა ჩვენთვის მივლინება ამ ანსამბლში სუიტის «ჰიმნი მზეს» შესასწავლად! რეპეტიციები დიდხანს, რამოდენიმე თვე გაგრძელდა, ბევრი ქართული ტექსტის და სასიმღერო მასალის სირთულის გამო! 1980 წლის ბოლომდე ჩვენ მოვასწარით მხოლოდ სუიტის ნახევარი ნაწილის ჩაწერა ორკესტრთან, დანარჩენი, მეორე ნაწილის ჩაწერა კი გადაიდო შემდეგ წლისთვის!
* * *
1980 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი შემოქმედებითი საქმიანობისთვის! სრულიად შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება გადავსულიყავით სამუშაოდ «მოსკონცერტში». მიუხედავად იმისა, რომ იმ ფროს ბევრი მომღერლისთვის მთელ საბჭოთა კავშირში, ჩვენ ვმუშაობდით მომღერლისთვის საოცნებო ორგანიზაციაში, საკავშირო რადიო-კომიტეტში და ცენტრალურ ტელევიზიაში!
მოსკონცერტის დირექტორმა იგორ საფონოვმა და მუსიკოსების განყოფილების გამგემ სერგეი მელიკმა შემოგვთავაზეს ჩვენ საესტრადო ანსამბლის ხელმძღვანელობა და სოლო კინცერტის სიმღერა! ეს გადაწყვეტილება გვაძლევდა საშუალებას ვყოფილიყავით «შედარებით» სხვებისაგან დამოუკიდებლები, თავისი თავის პატრონები!
მოსკონცერტის სამუშაო პირობების მიხედვით ჩვენ ძირათადად უნდა
გვემუშავა მოსკოვის საკონცერტო სცენებზე და მხოლოდ ერთხელ კვარტალში, ერთი ან თვენახევრით წავსულიყავით რუსეთის, თუ სხვა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გასტროლებით. «ვტმეის» ატესტაციის მიხედვით თითოეულს ჩვენთგანს დამტკიცებული გვქონდა კონცერტში თითო განყოფილების სიმღერის უფლება და შესაფერისად ორივეს ერთად გვეძლეოდა უფლება გვემღერა სოლო კონცერტი!
საკავშირო რადიოში დარჩენილი გვქონდა ბოლომდე ჩაგვეწერა ჩემი სუიტა «ჰიმნი მზეს», მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ საბჭოთა სიმღერების ანსამბლის სამხატვრო ხემძღვანელი, რუსეთის დამსახურებული არტისტი ვიქტორ კრასნაშოკოვი რომელიც ძალიან დაინტერესებული იყო ჩემი ნაწარმოების ჩაწერით, რაღაც გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მის ადგილზე დანიშნულმა დირიჟორმა ბორის ანანინმა კი ჩემი სუიტის ჩაწერა გადაიტანა უფრო გვიან, რამოდენიმე წლით! რადიოში კიდევ ჩასაწერი გვრჩებოდა კომპოზიტორ ნიკიტა ბოგოსლოვსკის სიმღერების ციკლი და რამოდენიმე ქართული ხალხური სიმღერა.
1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადა მოსკოვში რა თქმა უნდა იყო დიდი სპორტიული დღესასწაული, ახალი მსოფლიო რეკორდებით, ათასობით სპორტსმენების მონაწილეობით, ათი ათასობით სპორტის გულშემატკივრებით
და ტურისტებით. მაგრამ ამავე დროს ოლიმპიადამ გამოაჩინა ბევრი არა სასიამოვნო ფაქტები. წინ წამოიწია ადამიანთა მორალურად გახრწნილობის დონემ. ამას ხელი შეუწყო და დიდი ბიძგი მისცა სხვადასხვა ეროვნების ხალხის ერთად თავშეყრამ და ერთმანეთში თავისუფალმა სქესობრივმა ურთიერთობებმა. შესაფერისად ძალინ სწრაფად გაიზარდა და უმაღლეს პიკს მიაღწია ვენერიული ავადმყოფობით დავაადებულ ადამიანთა რიცხვმა, მათ შორის სპიდით.
ეს ყველაფერი ხდებოდა ხალხთა ბედნიერების და სიხარულის ეიფორიის ფონზე, სიმღერის «პოდმოსკოვნიე ვეჩერა»-ს აკომპონიმენტით!
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის კულტურის სამყაროს, მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მოსკოვის ცენტრალურ ტელევიზიას. განსაკუთრებით გაძლიერდა ტელევიზიის რედაქტორებისგან თანამდებობების პირადული ინტერესებისთვის გამოყენება! წინა სტატიებში მე უკვე მივაქციე თქვენი ყურადღება ამ ფაქტების გამოვლინებას ტელევიზიის რედაქტორთა შორის. ამჯერად ამას კიდევ დაემატა რაღაც სექსუალური რევოლუციის «ახალი სახე». განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს საკმაოდ კარგად «მომწიფებულმა», ხანში შესულმა, სექსუალურად აღგზნებულმა ქალბატონებმა. უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა ამა თუ იმ მომღერალ მამაკაცს რომელი «ქალბატონი მფარველობდა». შესაფერისად ამ მომღერალს ყოველთვის იხილავდით პირველი პროგრამის მთავარ სატელევიზიო გადაცემებში «პესნია გოდა»-ში, სადღესასწაულო თუ საახალწლო კონცერტებში. მე მახსოვს ასეთი «დუეტების» გვარები. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ არ არის აუცილებელი მათი გვარების დასახელება. თითქმის ერთდროულად უფრო გამომჟღავდნენ და წინა პლანზე გამოჩნდნენ არა ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მამაკაცები.
რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიყავით წარდგენილი ოლიმპიადის ფესტივლის ლაურეატობის წოდებაზე, თუმცა როგორც ცენტრალური ტელევიზიის რედაქტორები გვიყვებოდნენ, ტელევიზია ყოველი თვის განმავლობაში იღებდა ათასობით წერილებს რადიო-მსმენელებისგან, ასევე ოლიმპიადის დროს კი ჩვენი პლასტინკების მფლობელებისგან თხოვნით: «ტელევიზიით გვაჩვენეთ ეს მომღერლებიო!». იგივე გვითხრა ჩვენთან შეხვედრისას დიდი თანამდებობის ტელევიზიის ჩინოვნიკმა: «ათეული ტომრები სავსეა წერილებით თქვენს შესახებ, ყველას უნდა ნახონ როგორ გამოიყურებითო!». მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამ დიდ ჩინოვნიკთან არ შეიძლებოდა რომ შემდგარიყო. ჩვენთვის მიუღებელი იყო და იმ გზით არ წავიდოდით არასდროს, რასაც ისინი ფარულად გვთავაზობდნენ იმიტომ, რომ არის ოჯახი და არის კარიერა!!! ჩვენ ვარჩიეთ ჩვენი მამაკაცური ღირსება და ჩვენი ოჯახი!
1980 წლის 3 აგვისტოს, ზაფხულის ოლიმპიადის დახურვის რამოდენიმე დღის შემდეგ, როგორც შეპირებულები ვიყავით, შევხვდით ესტრადის თეატრის დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ბორის ბრუნოვს! ბატონი ბორისი აღმოჩნდა გამჭრიახი გონების და დიდი გამოცდილების ადამიანი, რითაც გამახსენა ბატონი გუგული ყიფიანი, თბილისის ფილარმონიის დირექტორი.

ჩვენი შესაძლებლობები, როგორც მომღერლების, ბატონმა ბორისმა მაღალ დონეზე შეაფასა. ასეთი ხმებისა და ტიპის მომღერლები, რომლებიც მაღალ დონეზე მღერიან კლასიკასაც და თანამედროვე ესტრადასაც, მისი აზრით იმ დროს იშვიათობა იყო, ამიტომ მისი თქმით ფილარმონიის დირექტორებისთვის ჩვენ ყოველთვის ვიქნებოდით სასურველი არტისტები! არ დაგვიმალავს, მოუყევით მას, რომ მოსკონცერტის ხელმძღვანელობიდან მივიღეთ წინადადება მუშაობის შესახებ. ბატონმა ბორისმა მოიწონა ეს აზრი და შეგვპირდა, რომ სახელმწიფო ესტრადის თეატრის კარები ჩვენთვის ყოველთვის ღია იქნებოდა! ეს ბოლო ფრაზა ჩვენდა მოულოდნელად და გასაკვირად მან გვითხრა ქართულად, ყოველგვარი აქცენტის გარეშე! როგორც თვითონ მოგვიყვა ის დაბადებულა 1922 წელს საქართველოში, მაშინდელ ტიფლისში. დედით იყო იტალიელი, მარია ბრუნოს და მამით ქართველი კნიაზის მიქელაძის შვილი! ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა იმ დღეს დაიწყო და გაგრძელდა ამ ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე!
1980 წლის ბოლო რამოდენიმე თვეში ჩვენ ჩავწერეთ საკავშირო რადიოს ოქროს ფონდში კომპოზიტორი ნიკიტა ბოგოსლოვსკის «სიმღერების ციკლი» და შემდეგი ქართული სიმღერები: მეგრული «წვალებული სიცოცხლე», «სისატურა». შალვა მშველიძის «ოროველა», ოთარ თაქთაქიშვილის რომანსი «ელეგია» ვაჟა ფშაველას ლექსზე და ორი სიმღერა კომპოზიტორ ოთარ თევდორაძის «სიყვარული მოგვრევია» და «ყარაჩოღლების სიმღერა»! მეგრული სიმღერები ჩავწერეთ საკავშირო რადიოს რუსული ხალხური ინსტრუმენტების აკადემიური ორკესტრთან ერთად, რუსეთის სახალხო არტისტის ნიკოლაი ნეკრასოვის ხელმძღვანელობით. ამ შესანიშნავ, დიდ ორკესტრთან ერთად ხშირად გამოვდიოდით კონცერტებზე მოსკოვში. რაღაც საოცრებით შემომრჩა ერთი ფოტოსურათი ნ. ნეკრასოვთან რადიოს პირველ სტუდიაში ჩაწერის დროს!

1980 წლის 23 დეკემბერში ჩვენ მიგვიღეს «მოსკონცერტში», როგორც სოლისტები და ცნობილ ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლის «მუსიკის» ხელმძღვანელები,
მე ანსამბლის მუსიკალურ ხელმძღვანელად, გოგი კი სამხატვრო ხელმძღვანელად. თავდაპირველად ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ კოლექტივის ხელმძღვანელობაზე იმიტომ, რომ მუსიკოსებს შორის არსებული წესით არ არის მიღებული შენი დანიშვნით თანამდებობაზე სამსახურიდან ათავისუფლებდნენ კოლექტივის ყოფილ ხელმძღვანელს, ასეთ ქმედებას ჰქვია «ცოცხალი» ადგილის დაკავება და ითვლება სამარცხვინო საქმედ! მაგრამ განყოფილების გამგემ სერგეი მელიკმა გვითხრა, რომ ვია «მუსიკის» ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვარაბიოვმა სკანდალით მიატოვა კოლექტივი ნახევარი წლის უკან და ახლა მუშაობს ანსამბლ «მეტრანომში».
ვია «მუსიკა» ჩამოაყალიბა 1975 წელს ახალგაზრდა კომპოზიტორმა ანდრეი ბოგოსლოვსკიმ (კომპოზიტორ ნიკიტა ბოგოსლოვსკის შვილმა) და მუსიკოსმა ნიკოლაი ვარაბიოვმა! იმავე წელსვე შექმნეს საბჭოთა კავშირში ერთ – ერთი პირველი როკ-ოპერა, ოპერა-ფეერია «ალიე პარუსა» მწერალი ალექსანდრ გრინის პოემის მიხედვით! 1975 წელს «ალიე პარუსა» იქნა ჩაწერილი საკავშირო რადიოში, ხოლო 1976 წელს ფირმა «მელოდია“-მ გამოცა ამ როკ-ოპერის პლასტინკა!

ანსამბლში განხეთქილების დროს მუსიკოსების შემადგემლობის ნახევარმა მხარი დაუჭირა ნიკოლაი ვარაბიოვს და მასთან ერთად გადავიდნენ სამუშაოდ ანსამბლ «მეტრანომ»-ში. დანარჩენ მუსიკოსებს ჩვენი ხელმძღვანელობით უნდა ემუშავათ. მათ შორის აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი გოგო, როგორც მალე გამოირკვა მოსკოვში ცნობილ კვარტეტის «აკკორდ»-ის ხელმძღვანელის შოთა ხარაბაძისა და მისი მეუღლის ზოია კულიკოვას შვილი. ისიც გამოირკვა, რომ ამ დარჩენილ მუსიკოსებს ჰქონიათ ჩაფიქრებული ანსამლ «მუსიკა»-ში თავად აღედგინათ და ემღერათ როკ-ოპერა «ალიე პარუსა». მათი ჩანაფიქრი ჩვენთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო! ამ საკითხის გასარკვევად შევხვდით სერგეი მელიკს, მუსიკოსთა ყველაზე დიდი განყოფილების ხელმძღვანელს, რომლის განკარგულებაში იმყოფებოდა 3000-დე მუსიკოსი! მან მიიღო გადაწყვიტა: ანსამბლის სახელი «მუსიკა» ჩვენთვის დაეტოვებინა და შემოგვთავაზა სხვა მუსიკოსების ამორჩევა მისი განყოფილებიდან!
ჩვენი საკონცერტო პროგრამის მიხედვით ორკესტრის შემადგენლობა ასეთი სახით ჩამოყალიბდა: უდარნიკი, ბასგიტარა, სოლო და რიტმი გიტარა, სინთეზატორი, ორი საქსაფონი, კლარნეტი, საყვირი და ტრომბონი! მუსიკოსებს ინსტრუმენტალური მუსიკის შესრულებისას ხშირად მეც უერთდებოდი როგორც ფლეიტისტი! ასეთი შემადგემლობა ჩვენთვის აკომპანიმენტის გასაკეთებლადაც მიზანშეწონილი იყო და ამავე დროს მუსიკოსებს ეძლეოდათ შესაძლებლობა
თავი გამოეჩინათ ვირტუოზული შესარულებით თავის ინსტრუმენტზე!
ჩვენ მოგვეცა 24 სარეპეტიციო დღე, მუსიკოსებთან საკონცერტო პროგრამის მოსამზადებლად! მოსკონცერტმა გამოგვიყო იმ დროისთვის კარგი საკონცერტო აპარატურა, მოგვამაგრა ხმის რეჟისორი, ოთხი დამხმარე მუშა კონცერტებზე აპარატურის მობილურად გადატანისთვის, ბრიგადირად დაგვინიშნეს ქართველი ლადო სამადბეგაშვილი და მიგვამაგრეს ცნობილ საკონცერტო ადმინისტრატორს, მუზა პეტროვნა აფანასიევას! მოსკოვში კონცერტების დროს გვემატებოდა კონფერანსიე და ჩვენ განკარგულებაში გვეძლეოდა ავტობუსი! სასწრაფოდ გაგვიკეთეს და დაგვიბეჭეს საკონცერტო აფიშები, შეგვიძინეს საკონცერტო კოსტიუმები და ფეხსაცმელები.
24 დღის შემდეგ ჩვენი პროგრამა მოისმინა და მიიღო მოსკონცერტის სამხატვრო საბჭომ! დაგვიმტკიცეს უმაღლესი კატეგორია და შემდეგი დღიდან 1981 წლის თებერვლიდან დაიწყო ჩვენი კონცერტები მოსკოვში და საბჭოთა კავშირის დიდ თუ პატარა ქალაქებში, ყველა სოციალისტურ ქვეყნებში მოსკონცერტის სახელით! თებერვლის, მარტის და აპრილის თვეები წარმატებით ვიმუშავეთ მოსკოვის ყველა დიდ კულტურის სასახლეების სცენებზე. ჩვენმა საკონცერტო პროგრამამ თავისი ჟღერადობით და ორკესტრის შემადგემლობით დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც ახალგაზრდა, ასევე ცნობილი კომპოზიტორების. თავისი ნაწარმოებები და არანჟიროვკები შესასრულებლად მოგვიტანეს ცნობილმა ჯაზმენებმა იგორ ბრილმა, საშა აიზენდშტადტმა, ვალოდია კუპრიანოვმა, ოლეგ სტეპურკომ, ვლადიმირ ხარაშანსკიმ, ანატოლი კროლმა, იური ჩუგუნოვმა და ალექსეი კოზლოვმა! ეს მუსიკოსი – ჯაზმენები იყვნენ იმ დროისთვის ყველაზე მოწინავენი და მათი ყურადღება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა!
ამ მუსიკოსებმა მოგვცეს შესაძლებლობა ამოგვერჩია მათი საუკეთესო ნაწარმოებები ჩვენი პროგრამისთვის! ასევე ჩვენ, როგორც მომღერლებს ყურადღება მოგვაქციეს ისეთმა ცნობილმა კომპოზიტორებმა, როგორიც იყვნენ ალექსანდრ ზაცეპინი, ევგენი დოგა, დავიდ ტუხმანოვი, იოსიფ ტამარინი, ვალერი ზუბკოვი და იური ანტონოვი! მათ სიმღერებს უფრო გვიან დაუმატეთ ვიჩესლავ დობრინინის სიმღერები!
1981 წლის 13 მაისს ცენტრალური ტელევიზიის პირველი პროგრამით იქნა ნაჩვენები სატელევიზიო მუსიკალური ფილმი კონცერტი «პესნი გრუზიი, პოიუტ გოგი ი გია ბეშიტაიშვილი». სწორედ 30 წუთით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში უეფა-ს თასზე თბილისის «დინამო»-ს და ქალაქის იენის «კარლ ცეისის» შორის! ამის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ გაზეთ «ალიონ»-ის წინა ნომერში!
ამ სატელევიზიო ფილმა-კონცერტმა დიდი გამოძახილები გამოიწვია მოსკოვის მუსიკალურ საზოგადოებაში. ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ჩვენი ფილმი-კონცერტი დაასახელა წლის საუკეთესო სატელევიზიო მუსიკალურ ფილმად და მიანიჭა პირველი პრემია!
ჩვენდა სამწუხაროდ ამჯერადაც საქართველოში არც ფილმ-კონცერტით და არც ჩვენით არავინ არ დაინტერესებულა! არც დაგვინახეს, არც გაიგონეს და არც ქართველ ხალხს არ გააგონეს ჩვენი ხმა! მაშინ როცა მოსკოვში სახელმწიფო ესტრადის თეატრის დირექტორმა ბორის ბრუნოვმა მაისის თვეში შემოგვთავაზა ორი სოლო კონცერტი ჩატარება! ასევე კონცერტებში მონაწილეობა შემოგვთავაზა კრემლის ყრილობის საკონცერტო დარბაზის დირექტორმაც!
მსგავსი სტატიები
- 100
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი… - 100
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი… - 100
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 98
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი). ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი… - 98
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა, ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…