ავტორი ივანე ჯაფარიძე
უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა.
უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ ალმერს ხვდათ წილად.
1900 წლის 14 მაისს ვენაში ვილი რიკმერსმა მეგობრებთან ერთად დააარსა კავკასიის კლუბი. 1903 წელს მისი თხოვნით მთამსვლელებმა 1000 მარკა შეაგროვეს კავკასიონზე 34-დღიანი ექსპედიციის ხარჯებისათვის. იმავე წელს უშბაზე ასასვლელად გაემგზავრა გერმანელ, ავსტრიელ და შვეიცარიელ მთამსვლელთაგან შემდგარი ჯგუფი 11 კაცის შემადგენლობით, რომელსაც ადოლფ შულცე ხელმძღვანელობდა. სამხრეთ უშბაზე ავიდნენ გერმანელი მთამსვლელები შულცე (ხელმძღვანელი), რაიხერტი და შუსტერი, შვეიცარიელები ჰელბლინგი და ვებერი. ორი კვირის შემდეგ, 12 აგვისტოს კვლავ გერმანელები: დისტელი, პფანი (ხელმძღვანელი) და ლაიხსი ავიდნენ ჩრდილოეთ უშბაზე და განაგრძეს გზა სამხრეთ მწვერვალისაკენ. 13 აგვისტოს ისინი უშბის სამხრეთ მწვერვალზე იმყოფებოდნენ, ხოლო 14 აგვისტოს შულცეს გზით დაეშვნენ გულის მყინვარზე.
ამ ასვლებმა კიდევ უფრო პოპულარული გახადეს უშბა. მას სხვადასხვა ქვეყნიდან სახელმოხვეჭილი მთამსვლელები მოაწყდნენ, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ მისი ხილვით კმაყოფილდებოდა და ხელმოცარული უკან ბრუნდებოდა. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მრავალჯერ სცადეს უშბაზე ასვლა, მაგრამ ამაოდ.
უშბაზე ასვლისათვის `ბრძოლა~ იმპერიალისტური ომისა და რევოლუციის შემდეგ განახლდა და მხოლოდ 1929 წელს, შულცეს გზით მიაღწია მწვერვალს გერმანელების ჯგუფმა მერკლის, ბეტხოლდისა და რეხლის შემადგენლობით.
1933 წელს უშბას ისევ უცხოელ მთამსვლელთა ჯგუფი ესტუმრა, ამჯერად – შვეიცარიელები, რომელთა შესანიშნავმა მომზადებამ უზრუნველყო მათი გამარჯვება. ასვლა ამ შემთხვევაშიც შულცეს გზით განხორციელდა.
ამით დამთავრდა უშბაზე ასვლის ისტორიის პირველი პერიოდი.
თითქმის 50 წლის მანძილზე უშბაზე ასვლის ევროპელთა რამდენიმე ათეული ცდიდან მხოლოდ ოთხი დამთავრდა სრული გამარჯვებით. და აი, დადგა დრო, როცა უშბაზე ასვლისათვის „ბრძოლაში“ ქართველი მთამსვლელებიც უნდა ჩაბმულიყვნენ.
1934 წელს ცნობილი ექიმისა და მთამსვლელის, შემდგომში სპორტის დამსახურებული ოსტატის სოსო ასლანიშვილის თავმჯდომარეობით შეიქმნა `უშბის ექსპედიციის კომიტეტი~, რომელსაც ევალებოდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ექსპედიციის შემადგენლობის შერჩევა. „უშბის კომიტეტის“ გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა უშბის ექსპედიციის შემადგენლობა: ალიოშა ჯაფარიძე (ხელმძღვანელი), სანდრო გვალია (მოადგილე), ალექსანდრა ჯაფარიძე, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ნიგურიანი, ლევან მარუაშვილი და მიქელ პატარიძე.
1934 წლის 20 აგვისტოს ექსპედიცია სვანეთში ჩავიდა და სოფელ უშხვანარში, შემდგომ „უშბის დიასახლისად“ ცნობილ მაკრინე ქურდიანის ოჯახში გაჩერდა.
რამდენიმე დღის მზადებისა და დასვენების შემდეგ ექსპედიციამ ძირითადი ბანაკი გულის მყინვარზე გამართა. 29-ში დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა მწვერვალზე ასასვლელად და მხოლოდ 31 აგვისტოს დღის 3 საათზე გულის მყინვარიდან, შემდგომ შერქმეულ ე.წ. „ზაზუბრინას“, „ჰალსტუხისა“ და „წითელი კუთხის“ გავლით, უშბის სამხრეთ მწვერვალზე პირველად შედგა ფეხი ქართველ მთასვლელთა ოთხეულმა: ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეებმა, იაგორ კაზალიკაშვილმა და გიო ნიგურიანმა.
დიდი ქვებისაგან აგებულ ნიშში უცხოელთა წერილების ნაცვლად მათ საკუთარი ბარათი დატოვეს, ხოლო როცა დაღამდა და ნისლი გაიფანტა, მწვერვალზე მოციმციმე ცეცხლი აანთეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, უშბაზე ანთებული ცეცხლის საპასუხოდ, სვანეთის სოფლებში კოცონების ალი ავარდა და, როგორც მოხდენილად წერდა ალიოშა ჯაფარიძე „ამ კოცონებზე იწვოდა უკანასკნელი ნაშთები სვანების ცრუმორწმუნეობისა, უშბის წვერზე ადამიანის ასვლის შეუძლებლობის შესახებ.”
ამ ასვლით, ქართველმა მთამსვლელებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და ყოფილ საბჭოთა კავშირში საფუძველი ჩაუყარეს ტექნიკურად რთული ასვლების კლასს.
იმავე 1934 წელს, სსრ კავშირში შემოიღეს „ალპინიზმის ოსტატის“ წოდება და საქართველოში იგი პირველად ალიოშა ჯაფარიძეს, სანდრო გვალიას და დავით წერეთელს მიენიჭათ. 1940 წელს ეს წოდება შეიცვალა და დაწესდა „სსრ კავშირის სპორტის ოსტატი ალპინიზმში“.
1936 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართველი მთამსვლელებისათვის. თბილისში დაარსდა საქართველოს ალპური კლუბი, რომელიც პირველი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში.
რამდენიმე სიტყვა აუცილებლად უნდა ითქვას იმ დიდ წვლილზე, რომელიც ქართველმა მთამსვლელებმა შეიტანეს პამირის მთიანეთის შესწავლა-ათვისების საქმეში; ამ ექსპედიციებს, გარდა მეცნიერულისა, სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა და პამირის უმაღლეს მწვერვალებზე მასობრივი ლაშქრობები ეწყობოდა, სადაც ინსტრუქტორებად სხვებთან ერთად, ქართველი მთამსვლელებიც იყვნენ მიწვეულნი. 1932 წელს ჯერ ლევან მარუაშვილი მიიწვიეს, შემდეგ ზედიზედ 1933-34 და 36 წლებში დავით წერეთელი და 1936 წელს ალიოშა ჯაფარიძე, რომელმაც კორჟენევსკაიას პიკზე ასასვლელი გზების ძიებისას, მის გვერდით მდებარე უსახელო მწვერვალზე ასვლის დროს ტერფები მოიყინა და განგრენა რომ არ განვითარებულიყო, ორივე ფეხზე ყველა თითი მოჰკვეთეს (ოპერაციის შემდეგ, ფეხის თითების გარეშე, ალიოშა ჯაფარიძემ 10 წელი იღვაწა მთამსვლელობაში და მრავალი მნიშვნელოვანი ასვლა განახორციელა კავკასიონის ურთულეს მწვერვალებზე).
ამ ექსპედიციაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დავით წერეთლისა და ალიოშა ჯაფარიძის თავგანწირვა, როცა ზვავმა თითქმის მთელი ბატალიონი დამარხა და მათ არაერთი განწირული ადამიანი გაათავისუფლეს თოვლიდან, რისთვისაც ორივე ქართველ მთამსვლელს „პამირის გმირის“ წოდება მიენიჭათ და სიგელები გადაეცათ.
1937 წელს ქართველმა მთამსვლელებმა ახალი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს. გაბრიელ ხერგიანის ხელმძღვანელობით, ჯგუფმა ბექნუ და ბესარიონ ხერგიანების, ჭიჭიკო ჩართოლანისა და მაქსიმე გვარლიანის შემადგენლობით, საეტაპო ასვლა განახორციელა უშბის სამხრეთ მწვერვალზე სრულიად ახალი, კედლოვანი გზით, რითაც საფუძველი ჩაეყარა კედლოვანი ასვლების კლასს საბჭოთა კავშირში. უშბაზე ეს მარშრუტი დღემდე „გაბრიელის გზის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
მეორე მსოფლიო ომმა, ბუნებრივია, ხელი შეუშალა სპორტული ალპინიზმის განვითარებას, თუმცა მთამსვლელები იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ოსტატობის სრულყოფას. მაგალითად, 1943 წელს, ალიოშა ჯაფარიძე, გოჯი ზურებიანთან, ქელეშბი ონიანთან, ტელემაკ ჯაფარიძესთან, ევგენი რაიზერთან და ნიკოლოზ მუხინთან ერთად შეუდგა თავისი დიდი ხნის ჩანაფიქრის – უშბა-შხელდის ტრავერსის განხორციელებას. უამინდობის მიუხედავად, მთამსვლელებმა შეძლეს უშბის სამხრეთ მწვერვალზე ასვლა, მაგრამ გამძვინვარებული სტიქიის შემოტევის შედეგად, შვიდი დღე-ღამის მანძილზე შერჩნენ მწვერვალზე და მშიერ-მწყურვალნი უკან გამობრუნდნენ…
ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წლის შემოდგომაზე, ალიოშა ჯაფარიძე ქელეშბი ონიანთან და ნიკოლოზ მუხინთან ერთად, კვლავ ცდილობს უშბა-შხელდის ტრავერსის განხორციელებას, მაგრამ ოქტომბრის თვის დასაწყისში საქართველოში მოულოდნელად შემოჭრილმა ციკლონმა, ჯგუფი ერთი კვირით უშბის სამხრეთ მწვერვალზე მოამწყვდია. საკვების, საწვავისა და წყლის მარაგის გარეშე დარჩენილმა ჯგუფმა გამოდარებისთანავე დაიწყო მწვერვალიდან დაშვება გულის მყინვარისაკენ, მაგრამ დაბნელებამდე ვეღარ მოასწრო სამშვიდობო ადგილამდე ჩასვლა (200-ოდე მეტრი იყო დარჩენილი) და ღამის სათევად კარავში შეფარებული მთელი ჯგუფი ზვავმა იმსხვერპლა.
ალიოშა ჯაფარიძისა და მისი მეგობრების დაღუპვამ შეძრა მთამსვლელთა სამყარო, მაგრამ მათი პოვნა ვერ მოხერხდა…
მხოლოდ 12 წლის შემდეგ, 1957 წლის აგვისტოში, გულის მყინვარზე, ალიოშა ჯაფარიძის ნეშტს შემთხვევით წააწყდნენ სამხრეთ უშბაზე მიმავალ მთამსვლელთა ჯგუფის წევრები. ამის შესახებ ორმოცდაათი წლის შემდეგ გვიამბო ამ ასვლის ხელმძღვანელმა, სპორტის ოსტატმა ავთანდილ ძიძიგურმა:
„21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, მოიერიშე და მეთვალყურე ოთხკაციანი ჯგუფის წევრები სოფელ უშხვანარში მაკრინე ქურდიანის ეზოში ვიმყოფებოდით. ტრადიციულად, უშბაზე და შხელდაზე მოიერიშე ჯგუფები მაკრინე ქურდიანის სახლში აწყობდნენ საბაზო ბანაკს. აქედან იწყებოდა მწვერვალებზე იერიში. მთამსვლელებს დეიდა მაკრინე დაულოცავდა გზას და მშვიდობით დაბრუნებას უსურვებდა.
რამდენიმე ხნის დასვენების შემდეგ სოფელ გულისაკენ გავემართეთ, ავედით გულის მყინვარზე და დავბანაკდით მორენაზე. მოიერიშე ჯგუფში ჩემს გარდა ხუთი მთამსვლელი იყო, მათ შორის ორი ქალი. ისინი უშბაზე ასვლით საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატობის ნორმატივებს ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ უშბაზე ასვლების ისტორიაში იმ დროისათვის პირველი შემთხვევა იყო გუნდში რომ ორი ქალი მონაწილეობდა.
ის იყო კარვების გაშლა დავამთავრეთ, რომ დავინახეთ სამხრეთ უშბიდან ოთხი მთამსვლელი ეშვებოდა. გადავწყვიტეთ, მეთვალყურე ჯგუფის ორი წევრი გაგვეგზავნა დაღლილი მთამსვლელების შესაგებებლად და ჩვენს ბანაკში მოგვეწვია. მთამსვლელებს დაღამებამდე სურდათ სოფლამდე ჩაღწევა, მადლობა შემოგვითვალეს და მყინვარის მარჯვენა მორენით სწრაფად დაეშვნენ სოფლისაკენ, ხოლო მეთვალყურე ჯგუფის წევრებმა მოიტანეს ფოტოაპარატი, რომელიც მყინვარის ენაზე ეპოვნათ. იქვე ყოფილა პატარა ზომის სამთო ფეხსაცმელი და ადამიანის ჩონჩხი. აშკარა იყო ეს ყველაფერი უშბაზე დაღუპულ მთამსვლელს ეკუთვნოდა. იმ დროისათვის უშბაზე დაღუპულთა ორი ჯგუფი იყო, რომელთა ნეშტები არ იყო ნაპოვნი. ერთი – ალიოშა ჯაფარიძის, ქელეშბი ონიანისა და ნიკოლოზ მუხინის, მეორე – რუსული ჯგუფის მონაწილე ქალ-ვაჟისა. რადგან ნანახი ფეხსაცმელი პატარა ზომისა იყო, ჯგუფის წევრების აზრით ის დაღუპული ქალისა უნდა ყოფილიყო. მაგრამ მომაგონდა, რომ ალიოშამ პამირის ექსპედიციაში ფეხები მოიყინა და ფეხის თითები ამპუტირებული ჰქონდა. ადგილზე აღმოჩნდა აგრეთვე ხაკისფერი შალის ქურთუკი, რომელსაც „კანადკას“ უწოდებდნენ. ალიოშაც ასეთ ქურთუკს ატარებდა. ეჭვი აღარ გვეპარებოდა, რომ ნაპოვნი ნეშტი ალიოშა ჯაფარიძეს ეკუთვნოდა.
გადავწყვიტე, დილით დეიდა მაკრინესათვის შემეტყობინებინა ყოველივე და მეთხოვა, დეპეშა გაეგზავნა დეიდა ალექსანდრასათვის, სასწრაფოდ რომ ჩამოსულიყო. ჩემი ვარაუდით, ყველაფერ ამას ხუთი დღე დასჭირდებოდა. ამასობაში ჩვენც დავამთავრებდით უშბის ტრავერსს და შევუერთდებოდით მძებნელთა ექსპედიციას.
დავწექით დასაძინებლად. დილით ადრე შტურმზე უნდა გავსულიყავით. დიდხანს ვერ დავიძინე. გავიხსენე 1945 წლის ტრაგედია:
…1945 წელს ალიოშამ კვლავ გააგზავნა განაცხადი მოსკოვში ტრავერსის ჩატარების ნებართვის მისაღებად. ნებართვამ ისევ დაიგვიანა, ის მხოლოდ შემოდგომაზე, სექტემბრის მეორე ნახევარში მოვიდა, როცა სპორტული ასვლები ძალზე იშვიათად ტარდებოდა. ჯგუფმა ალიოშა ჯაფარიძის (ხელმძღვანელი), ქელეშბი ონიანისა და ნიკოლოზ მუხინის შემადგენლობით 26 სექტემბერს დაიწყო ტრავერსი სამხრეთ უშბიდან. მიაღწიეს ჩრდილოეთ უშბას. აქ კვლავ თავს დაატყდათ ძლიერი ქარბუქი. დიდხანს ელოდნენ გამოდარებას. გაუთავდათ საკვები, საწვავი და მაშასადამე წყალიც. ამოიწურა საკონტროლო ვადაც. დამხმარე ჯგუფმა სცადა დაეწყო სამაშველო სამუშაოები, მაგრამ უამინდობამ ხელი შეუშალა როგორც მაშველთა ცდას, ისე მოიერიშე ჯგუფის დაშვებას. უკანასკნელად 12 ოქტომბერს, როცა ცოტა ხნით გაიხსნა უშბა, მეთვალყურეებმა დაინახეს მოიერიშეები, რომლებმაც გულის მყინვარისაკენ დაიწყეს დაშვება. ამის შემდეგ ისინი აღარავის დაუნახავს.
მხოლოდ 25 ოქტომბერს, როცა გამოიდარა, მაშველმა ჯგუფმა ცნობილი მთამსვლელების ევგენი აბალაკოვის, ნიკოლოზ გუსაკის, ბექნუ ხერგიანისა და გოჯი ზურებიანის შემადგენლობით შეძლო გულის მყინვარით მიეღწია უნაგირამდე. იპოვეს კლდეში ჩარჭობილი პალო თოკის მარყუჟით. მათი კვალი კი არსად ჩანდა. ეტყობა ამ პალოზე დაეშვნენ მთამსვლელები უნაგირადან. სავარაუდოდ, 12 ოქტომბერს, ყინულის კედელზე ღამისთევისას, მთამსვლელები ზვავმა მოწყვიტა. მყინვარზე ძებნამ შედეგი არ გამოიღო.
საძიებო სამუშაოები 1946 წელს განახლდა. მთამსვლელთა ჯგუფი კაკო მარის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაში ალექსანდრა ჯაფარიძეც შედიოდა, სამხრეთ უშბაზე ავიდა და უნაგირადან გულის მყინვარზე დაშვება დაიწყო. მათ, მყინვარის ზედა წელში, ბერგშრუნდის თავზე იპოვეს ყინულის პალოებზე დამაგრებული თოკი და კარვის ნაგლეჯი. ეს იყო უკანასკნელი ღამისთევის ადგილი. დაღუპულთა შემდგომმა ძებნამ შედეგი კვლავ არ გამოიღო…
და აი, 12 წლის შემდეგ, მყინვარმა დაღუპულ მთამსვლელთა ნეშტები ზედაპირზე გამოიტანა.
22 აგვისტოს დილით, წერილი დავწერე და მეთვალყურე ჯგუფის უფროსს დავავალე იმ დღესვე ჩაეტანათ უშხვანარში დეიდა მაკრინესათვის. დეიდა მაკრინეს ჩემი წერილის მიღებისთანავე გაუგზავნია დეპეშა ალექსანდრასათვის, რომელიც მესამე დღეს სვან მთამსვლელებთან ერთად ჩამოსულა უშხვანარში. ალექსანდრამ ყურადღებით დაათვალიერა გულის მყინვარი და ალიოშას პოვნის ადგილიდან ზემოთ, დაახლოებითE25 მეტრში მიაკვლია ქელეშბი ონიანს, რომელიც ყინულიდან ამოჭრეს. ნიკოლოზ მუხინის ნეშტს კი ვერ მიაკვლიეს.
უშხვანარში ჩვენს დაბრუნებამდე, ალიოშა თბილისში გადაუსვენებიათ, ქელეშბი კი – მესტიაში. ადგილობრივმა მთამსვლელებმა ორი კვირის ძებნის შემდეგ ნიკოლოზ მუხინიც აღმოაჩინეს და იგი ვლადიკავკაზში გადაასვენეს.
დღეს, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, განვლილ მოვლენებს როცა ვაანალიზებ, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩვენს მიერ ალიოშას ნეშტის პოვნა შემთხვევითი არ ყოფილა – უფალმა არ ინება გმირი მთამსვლელების უკვალოდ გაქრობა“.
უშბის ტრაგედიამ უშბა-შხელდის ტრავერსს ფრიად მრისხანე მარშრუტის რეპუტაცია დაუმკვიდრა და, ერთგვარად, უმაღლესი ოსტატობის საზომიც გახადა.
1950 წელს, ალიოშა ჯაფარიძის დაწყებული ტრავერსი, მისმა უმცროსმა მეგობრებმა და თანამებრძოლებმა კაკო მარმა, ბექნუ ხერგიანმა, გოჯი ზურებიანმა, ჭიჭიკო ჩართოლანმა და მაქსიმე გვარლიანმა გააგრძელეს. ამ ხუთეულმა მიზანს მიაღწია. კაკო მარმა ალიოშა ჯაფარიძის გეგმაში ერთი მნიშვნელოვანი შესწორება შეიტანა: ტრავერსი იწყებოდა არა უშბით, არამედ შხელდით. ტაქტიკური თვალსაზრისით ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ჯგუფის ყველა წევრი უშბას კარგად იცნობდა, შხელდას კი ნაკლებად. ამიტომ უმჯობესი იყო დასვენებულ ჯგუფს ჯერ უცნობი შხელდა გაევლო.
შხელდა-უშბის ტრავერსის დაწყებიდან მის დასრულებამდე თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე უზარმაზარი პანო იყო გამოფენილი, რომელზეც ტრავერსის მარშრუტი იყო დატანილი და ასვლის მიმდინარეობას მთელი თბილისი და დედაქალაქში მყოფი სტუმრები ადევნებდნენ თვალს. ჯგუფის მიერ ყოველდღიურად გავლილ გზას პატარა დროშების გადაადგილებით აღნიშნავდნენ, რაც მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევდა.
ტრავერსი, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ბრწყინვალედ დასრულდა და მთელი საქართველო აღფრთოვანებით შეხვდა შხელდა-უშბის გმირებს.
წარმატებით განხორციელებულმა შხელდა-უშბის ტრავერსმა წარუშლელი ფურცელი ჩაწერა ქართული მთამსვლელობის ისტორიაში, მთელი მთამსვლური სამყარო აალაპარაკა და საბჭოთა კავშირში წლის საუკეთესო ასვლად აღიარეს.
1950 წელს რეჟისორმა შოთა მანაგაძემ, ოპერატორებმა: ოთარ დეკანოსიძემ და ბორის კრეპსმა შექმნეს დოკუმენტური კინონარკვევი „შხელდა-უშბის ტრავერსი“. მასალა ნაწილობრივ გადაღებული იყო ტრავერსის ჩატარების დროს, დანარჩენი კი იმავე შემოდგომით გადაიღეს შხელდა-უშბის მიდამოებში. ფილმმა მთელ საბჭოთა კავშირის კინოეკრანები მოიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ძვირფასო მეგობრებო! დღეს პირველად ვაქვეყნებ ჩვენი ოჯახის არქივში დაცულ, 1934 წელს უშბის მწვერვალზე გადაღებულ ქართული ექსპედიციის ერთადერთ ფოტოს. აქვე გთავაზობთ პირველი ასვლის მონაწილეთა ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილნი არიან: უშბის ექსპედიციის ხელმძღვანელი ალიოშა ჯაფარიძე, უშბაზე პირველი ამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე, უშბაზე პირველამსვლელი სვანი გიო ნიგურიანი და პირველი მოხევე მთამსვლელი, ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ფუძემდებელი იაგორ კაზალიკაშვილი. სვანი და მოხევე ალპინისტების ასვლას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ ხშირად, შეცდომით, სხვას მიაწერენ ხოლმე პირველობას. მაგალითად, ცნობილ სვან გამყოლ მურათბი კიბოლანზე წერენ, რომ 1906 წელს უშბაზე პირველად ავიდა ვილი რიკმერსის ხელმძღვანელობით ინგლისელების ჯგუფთან ერთად, რაც არასწორია და სამწუხაროდ, წიგნებშიცაა შეტანილი. სინამდვილეში, 1903 წელს ინგლისელების კი არა, ავსტრიელი ალპინისტების ჯგუფმა გადაწყვიტა უშბაზე ასვლა, რომელიც იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მწვერვალად იყო მიჩნეული. ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვილი რიკმერ რიკმერსი (ხელმძღვანელი), ადოლფ შულცე, ცენცი ფონ ფიკერი და მისი ძმა ჰაინრიჰ ფიკერი.
სამწუხაროდ უშბაზე ასვლა ჯგუფისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ადოლფ შულცე და ჰაინრიჰ ფიკერი დაშავდნენ და ჯგუფის სხვა წევრებს მათი უკან დაშვება მოუხდათ. რიკმერსი უშბაზე არ ასულა და კიბოლანი როგორ ავიდოდა.1906 წელს კი რიკმერსი პამირში იმყოფებოდა და საქართველოში არ ჩამოსულა. ამ წელს უშბაზე არავინ ასულა. ასე რომ, უშბაზე პირველი ამსვლელი სვანეთიდან გიო ნიგურიანია და არა მურათბი კიბოლანი.
მსგავსი სტატიები
- 89ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
- 86ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
- 85დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 85დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 82გარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა. ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება... ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები. 1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო…