ავტორი: თემურ მარშანიშვილი
2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, აქ არანაირი ახალი მშენებლობა თუ რენოვაცია არ განხორციელებულა. 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თანახმად ხელშეკრულებისა, გამორიცხული არ არის, რომ მამული ჩამოგვერთვას.
2024 წლის ნოემბერში, ოზურგეთში ერთი უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა: ავთანდილ ბერიშვილის წიგნის „ნაგომარიდან ლევილამდე“ ფოლკლორის ცენტრში გამართულ პრეზენტაციას ამ დოკუმენტურ-მხატვრული ნაწარმოების ლევილელი გმირები ტიერი ბერიშვილი და ლავრენტი (ლორანი) ჩხაიძე დაესწრნენ, რაც იმას მოწმობს, რომ თხზულებამ ლევილში ჩააღწია და თუ ზემოხსენებული სტუმრების პრეზენტაციაზე გამოსვლებით ვიმსჯელებთ, ლევილელებმა ძვირფას, საჭირო წიგნად მიიჩნიეს ავტორის ვრცელი ნამუშაკარი.

ბატონი ტიერისა და ბატონი ლავრენტის გურიაში ვოიაჟისას, შევთანხმდით, რომ ისინი, დროდადრო, მოგვაწვდიდნენ ინფორმაციებს ლევილისა და იქაური ქართველების შესახებ. გასულ კვირაში ჩვენამდე მოაღწია 2026 წლის 16 თებერვლით დათარიღებულმა ანგარიშმა პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის პროექტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რომლის შინაარსი, მსუბუქად რომ ვთქვათ, საგანგაშოა:
„წინამდებარე ანგარიშით გაფრთხილებთ, რომ არსებული აუტანელი ატმოსფეროს, მუშაობის კატასტროფული მეთოდების, როგორც სამუშაოების, ისე ტენდერების დაგვიანებისა და პროექტის სულისკვეთების გაგებაზე უარის თქმით, 2026 წლის 22 სექტემბრისთვის ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხდება 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.“
ანგარიშს ხელს აწერს ხსენებული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბატონი ტიერი ბერიშვილი, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ანგარიში მისი მომზადებულია და მასში ასახული მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს.
ანგარიშში მოცემულია 2016 წლის 23 სექტემბერს მამულის ოჯახებსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების განხორციელების სამი პერიოდის ისტორია:
2016 წლიდან 2021 წლამდე – საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის პერიოდი. მმართველი საბჭოს მიერ შერჩეული ფრანგული კომპანიის მხრიდან პროექტის არსი ვერგაგებისა და მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის ხშირი ცვლილებების მიუხედავად, მოხერხდა ორანჟერეის, მამულის ბოლო მცხოვრებლებისა და პერსონალისთვის განკუთვნილი 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზება. ეს პროექტი ადგილზე განხორციელდა შერჩეული არქიტექტორის, „Scoping“ ჯგუფისა და ირინე ციციშვილის კონტროლით.
2021 წლიდან 2024 წლის ოქტომბრამდე – საქმის წარმართვა დაევალა კულტურის სამინისტროს, რომლის მინისტრიც იყო თეა წულუკიანი. მნიშვნელოვანი სამუშაოების უმეტესობა დაიწყო, ზოგიერთი დასრულდა, ხოლო ბოლო სამუშაოებთან დაკავშირებული კვლევები განხორციელდა სატენდერო წინადადებებამდე. ანგარიშში შეტანილია ამ პერიოდში შესრულებული ოცზე მეტი დიდ-პატარა სამუშაოების ჩამონათვალი, მათ შორის მამულის გარე კედლების რესტავრაცია, ადმინისტრაციული შენობა დირექტორის საცხოვრებელთან ერთად, 6 ოთახი სტუმრებისთვის, ბიბლიოთეკა-მედიათეკა, შატოს სრული რეაბილიტაცია (სახურავი, 6 სტუდიო სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციის სივრცე, ათი სივრცე პირველი რესპუბლიკის მუზეუმისთვის და სხვ.
ხაზგასმით აღნიშნულია, რომ სამუშაოები შესრულდა მცირე გუნდის (7 ადამიანი) მიერ: მინისტრი, სამინისტროს სამუშაოების ხელმძღვანელი, პროექტის ხელმძღვანელი, მამულის დირექტორი, მისი მოადგილე, ლოჯისტიკის ხელმძღვანელი, ქართველი არქიტექტორი, მინისტრის პასუხისმგებლობით.
2024 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის თებერვლის დასაწყისამდე – პროექტის მართვას კვლავ კულტურის მინისტრი უზრუნველყოფს. თეა წულუკიანის პარლამენტის ვიცე-სკიპერის პოსტზე გადასვლის შემდეგ, ნებაყოფლობით თუ იძულებით, სამინისტროს წევრები შეიცვალნენ. დაინიშნა მენეჯერთა ახალი გუნდი, რომელსაც რაოდენობრივად გაცილებით ნაკლები სამუშაოები ჰქონდა შესასრულებელი. თუმცა, ეს სამუშაოები შეასრულა უფრო დიდმა 13-კაციანმა გუნდმა: მინისტრი, კულტურის პირველი ვიცე-მინისტრი, სამინისტროს სამუშაოების ხელმძღვანელი, პროექტის ხელმძღვანელი, ობიექტზე მიმდინარე ყველა სამუშაოს მაკონტროლებელი ექსპერტი, მისი მოადგილე, ტენდერებზე პასუხისმგებელი მენეჯერი, მუზეუმის შინაარსზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორი, ქართველი არქიტექტორი, ცენტრის დირექტორი, მისი მოადგილე და ლოჯისტიკის ხელმძღვანელი. ამ სიას უნდა დაემატოს ნეიტრალური აუდიტი და ეროვნული მუზეუმის წარომადგენლები.
ამ პერიოდს ტიერი ბერიშვილი ასეთნაირად აფასებს:
„გიდასტურებთ, რომ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, ლევილის მამულში არანაირი ახალი მშენებლობა თუ რენოვაცია არ განხორციელებულა. ახალ მენეჯერთა გუნდი მოგვაგონებს „მექსიკურ არმიას“ (უფრო მეტი გენერალი, ვიდრე ჯარისკაცი), მის წევრებს კი ძველი რეჟიმის ჩინოვნიკებსა და ევროკავშირის ჩინოვნიკებს შორის ვაყენებ“.
აქვე ის შენიშვნებში აღნიშნავს: „ადგილობრივი გუნდის წევრები გაგვაოგნა ახალმა გუნდმა, რომელსაც 4 თვე დასჭირდა საქმეში ჩასართავად. პირველი შეხვედრა გაიმართა 2025 წლის 17 თებერვალს; ახალმა გუნდმა დაუყონებლივ დაიწყო პირველი გუნდის არჩევანისა და მის მიერ განხორციელებული სამუშაოების კრიტიკა, თანაც ობიექტზე მომუშავე ფრანგული კომპანიების თანამშრომლების წინაშე; დროთა განმავლობაში მე და დირექტორი ჩამოგვაშორეს გარკვეულ შეხვედრებს, ჩვენს მოვალეობებს და განსაკუთრებით სატენდერო კომისიას; ადგილობრივი გუნდის წევრები ყოველ შეხვედრაზე ცდილობდნენ აეხსნათ პრობლემების ერთობლიობა, 2016 წლის 23 სექტემბრის კონტრაქტის ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა, შეეხსენებიათ მათთვის შემჭიდროებული ვადები, მაგრამ მენეჯერების გუნდი და პროექტის ხელმძღვანელი მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით მოქმედებენ… თუ ჩვენ არ ვეთანხმებოდით წინადადებებს, გვბრალდებოდა „ფრანგულ

ი კომპანიების დაცვა ან სამუშაოების შენელების სურვილი“, საქმის დამაბრკოლებლად მოგვიხსენიებდა სამინისტროს გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ წინა გუნდს პრაქტიკულად ყველაფერი მომზადებული ჰქონდა, მოქმედმა გუნდმა შესასრულებელი სამუშაოებისთვის ყველა ტენდერის შედგენას 7 თვე მოანდომა (?!)…
როგორც მმართველი კომიტეტის წევრი და როგორც დირექტორის მოადგილე, იძულებული შევიქენი რეაგირება მომეხდინა, ამიტომ მოვამზადე რამდენიმე ანგარიში: 2025 წლის 31 ივლისს კულტურის მინისტრის, ქალბატონ თინათინ რუხაძის სახელზე; 2025 წლის 8 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის სახელზე; 2026 წლის 24 იანვარს კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული ნეიტრალური აუდიტისთვის, რათა როგორმე გაეგოთ გუნდში არსებული ცუდი ატმოსფეროს მიზეზი“, – წერს ბატონი ტიერი და აქვე დასძენს, რომ ამ ანგარიშებზე დღემდე პასუხი არ მიუღია. ამიტომ გამოგზავნა კიდევ ერთი ანგარიში, რათა ცნობილი გახდეს მიმდინარე პრობლემების სიმწვავე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიუღწევლობა მიზნისა, რომელიც დასახულია 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით.
ანგარიშის ავტორი დაუბალანსებელს, კატასტროფულსა და ძველი დროის შესაბამისს უწოდებს ახალი გუნდის მიერ გამოყენებულ მართვის მეთოდს. მისი აზრით, კულტურის პირველი ვიცე-მინისტრი და პროექტის ხელმძღვანელი იყენებენ სხვა ეპოქის მეთოდებს, რომლებიც დაფუძნებულია მათ ტიტულებზე და არა კომპეტენციაზე; ხდება მოსმენისა და აზრთა გაცვლის სრული იგნორირება, მხოლოდ მათი გადაწყვეტილებებია აბსოლუტური ჭეშმარიტება; ადგილი აქვს ადგილობრივი გუნდის წევრების შევიწროებას; მოქმედებს ავტორიტეტის კულტი, რაც ქმნის კონფლიქტურ გარემოს ადგილობრივ გუნდთან (პირადად ბატონ ტიერს მიუღია 3 საყვედური და 3 მუქარა დისციპლინური კომისიით…) და, რაც ყველაზე სავალალოა, შეინიშნება დაპირისპირების თავიდან აცილების სურვილის არქონა, რის გამოც საქმე გუნდის წევრებს შორის ფიზიკურ აგრესიამდე და შეურაცხყოფამდე მიდის. სამინისტროს მიერ ნეიტრალური აუდიტის დანიშვნა დღემდე უშედეგოა. ბოლო მომენტში, ლოჯისტიკის ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაინიშნა დისციპლინური კომისია. უცნაურია, ის, რომ ეს კომისია არა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების გამოძიებით, არამედ პირდაპირ დისციპლინურად ადებს სასჯელს ადამიანს, მონაწილეებისა და მოწმეების მოსმენის გარეშე. დისციპლინური კომისია შეიქმნა მამულის დირექტორისა და მისი მოადგილის საქმის განსახილველად, მათ მცდარი ბრალდებები წარუდგინეს, თითქოს სამუშოების დაყოვნება და პროექტის საბოტაჟი აქვთ განზრახული.

„ჩემი მხრიდან მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ახალი გუნდი კონფლიქტებს ქმნის ფრანგულ კომპანიებთან, რადგან არ იცავს გაფორმებულ კონტრაქტებს. ეს იწვევს სამუშაოების შეჩერებას და საფრანგეთის სასამართლოებში კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ პროცესების წარმართვის რისკს. იყო ასეთი ფაქტი, როცა ერთ-ერთი მენეჯერის ქედმაღლურმა და ავტორიტარულმა ტონმა აიძულა კომპანია, უარი ეთქვა სამუშაოზე. იყენებენ მართვას, რომელიც არ ითვალისწინებს საფრანგეთის ურბანული დაგეგმარების კანონებსა და რეგულაციებს.
სამინისტრომ ადგილობრივი გუნდის წევრები ჩამოაშორა სატენდერო კომისიას, რომელიც ახლა თბილისელი მენეჯერებისგან შედგება. მათ არ იციან არც ფრანგული რეგულაციები და არც ვადები, მაშინ როცა ჩამოშორებულ წევრებს (დირექტორი და მოადგილე) წინა გუნდთან ერთად ათზე მეტ ტენდერში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. საკუთარი შეცდომების შემდეგ კი, სამინისტრო ხშირად ადგილობრივ გუნდს აკრიტიკებს“, – წერს ბატონი ტიერი.
ანგარიშის ავტორი დროის არასწორ მენეჯმენტზეც ამახვილებს ყურადღებას. 2024 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე, 23 თვეში წინა გუნდმა მოამზადა რამდენიმე ტენდერი, ზოგი ნაკლებად, ზოგი კი ძალიან სასწრაფო. 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული თითქმის ყველა ვალდებულება ჩამოთვლილი და შესწავლილი იყო, სამუშაო – მომზადებული, მიუხედავად ამისა, ახალ გუნდს 4 თვე დასჭირდა საქმეში ჩასახედად, 7 თვე უკვე მომზადებული ტენდერების გადასაკეთებლად. ამ დროში ვერ მოაგვარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მამულისთვის საკმარისი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიერთება, ასევე ესპლანადის მოწყობა ფასადებიდან წყლის მოსაცილებლად. ეს კი იწვევს შატოში შესრულებული სამუშაოების დეგრადირებას. მენეჯერებმა 5 თვე დაჰკარგეს ოდასა და სამზარეულოზე მომუშავე ფრანგულ კომპანიაზე თავდასხმით, რომლის მიერ შესრულებული სამუშაო წუნდებულად მიიჩნიეს, რაც ექსპერტმა არ დაადასტურა. შემდეგ სამინისტრომ მოინდომა კონტრაქტის შეცვლა, რამაც გამოიწვია კონფლიქტი და სასამართლო პროცესის რისკი. საბოლოოდ მივიდნენ იმავე წინადადებებამდე, რასაც ფრანგული კომპანია თავიდანვე სთავაზობდა. სამუშაოები განახლდა უამრავი დაკარგული დროის, ნდობის შემდეგ. მსგავსი ტიპის სამუშოოებში ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ტიერი ბერიშვილის აზრით, სამინისტროს გუნდს არ ესმის ლევილის პროექტის სულისკვეთება. სამწუხაროა პროექტის ხელმძღვანელის დამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ „ტექსტს“ ეყრდნობა და არ ცდილობს, ჩაწვდეს შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც 18 წლის განმავლობაში განიხილებოდა, მის პროექტში ჩართვამდე და მის გარეშე.
„შეთანხმება ითვალისწინებს სუვენირების მაღაზიის მოწყობას შესასვლელთან. ვფიქრობდით, რომ ოდა იქ აშენდებოდა. რეგულაციებმა ეს შეაფერხა, თუმცა დავტოვეთ ოდის ორმაგი ფუნქცია: რესტორანი და სუვენირების გაყიდვა. არქიტექტორმა ეს დაადასტურა, მაგრამ ახალმა გუნდმა, ადგილობრივი გუნდის საწინააღმდეგოდ, ოდიდან სუვენირების მაღაზიის ამოღება გადაწყვიტა.
წინა გუნდი (2023 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით) გვთავაზობდა პარკის მოწყობას ქართული და ფრანგული ნარგავებით (მითითებულია შეთანხმებაში), მით უმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრმა ვიზიტისას სწორედ ეს მოითხოვა. ახალი გუნდი ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმებაში მკაფიოდ არ წერია.
ყოფილი გუნდი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მუზეუმზე. მის მიერ დატოვებული შეთავაზებები უარყო ახალმა გუნდმა, რაც ცხადყოფს, რომ ის ვერ აცნობიერებს ამ პროექტის მნიშვნელობას“.
ანგარიშის ავტორს ეჭვი ეპარება ახალი გუნდის მიერ ჩატარებული 2 ტენდერის გამჭვირვალობასა და კანონიერებაში. წერს, რომ დირექტორი და მოადგილე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოაშორეს კომისიას. პირველ ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, აქედან ორთან სამინისტროს მიერ დანიშნულმა ექსპერტმა პირადად აწარმოა მოლაპარაკება და სწორედ ამ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რაც საეჭვო ალბათობაა… პარკის გზების მოწყობის ტენდერს კი, ის საეროდ ანომალიურს უწოდებს.
ტიერი ბერიშვილი წერს, რომ შეიცვალა მიზნობრიობა ლევილის ცენტრის 2 უმსხვილესი პროექტისა (პირველი რესპუბლიკის მუზეუმი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებული ერთადერთი მუზეუმი იქნება საქართველოს საზღვრებს გარეთ და ოდა-რესტორანი):
„პირველი პროექტის შემთხვევაში ახალმა გუნდმა გააუქმა კონტრაქტი ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც 12 კომპანიიდან შეირჩა. სამინისტრომ ჩამომაშორა აღნიშნული საქმის ტენდერს, მუზეუმის შექმნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაავალა. მას შემდეგ არანაირი სიახლე არ მიგვიღია. თუმცა დიდი ეჭვი მაქვს და ვფიქრობ, რომ საქმე გვექნება ორ სრულიად განსხვავებულ კონცეფციასთან: ერთი პასუხობს მესამე ათასწლეულის დასავლური მუზეუმების კრიტერიუმებს – თანამედროვე ტექნოლოგიებითა და „ეპოპეის“ ტიპის პრეზენტაციით, აერთიანებს ექსპოზიციებს, კედლის ფრესკებს, კომიქსებს, ინტერაქტიულ ეკრანებს, ჰოლოგრამებსა და ვიტრინებს, ხოლო მეორე (სამინისტროს შემოთავაზება) შეესაბამება XIX საუკუნის მუზეუმის მოდელს, როგორსაც საბჭოთა პერიოდში ვხედავდით, სადაც ძირითადად დოკუმენტები და ფოტოსურათებია წარმოდგენილი. თუ ეს უკანასკნელი პროექტი იქნება არჩეული, ვამტკიცებ, რომ იგი არ შეესაბამება 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების სულისკვეთებას.
ოდა-რესტორანი, რომელიც ლევილის ცენტრის პროექტის მეორე მთავარი ძლიერი მხარეა, ჩემი შეფასებით, გადახრილია თავისი პირვანდელი მიზნისგან. გვექნება ძალიან ლამაზი რესტორნის დარბაზი, ისეთი სამზარეულოთი, რომელიც ვერ იმუშავებს. ლევილის პროექტებზე მომუშავე ქართველი არქიტექტორის ერთ-ერთ ბოლო გეგმაში წარმოდგენილი იყო სრულად აღჭურვილი სამზარეულო, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ქართული კერძების მომზადებას. თუმცა, ჩემთვის უცნობი მიზეზით, სამინისტრომ მას მოსთხოვა „მინიმალური სამზარეულოს“ პროექტირება, ანუ აღჭურვილობის ნახევარზე მეტის ამოღება, ელექტრული სიმძლავრის შეზღუდვა. ამ ეტაპზე სამინისტრო საერთოდ არ იღებს ვალდებულებას სამზარეულოსა და რესტორნის აღჭურვილობაზე“.
პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის დირექტორის მოადგილის ამ ანგარიშში სხვა მრავალი საგანგაშო და ყურადსაღები ფაქტიცააა მოყვანილი. ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობამ ყველა ფაქტზე ოპერატიულად უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რადგან 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, გამორიცხული არ არის, რომ ჩამოგვართვან ლევილის მამული.
ტიერი ბერიშვილის დიდი ბებია გახლდათ მართა რამიშვილი, ნოე რამიშვილის და; მამა – მამია ბერიშვილი, ვინც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მართავდა ლევილის მამულს, ინახავდა შატოში დაცულ არქივს, რომელიც საბოლოოდ საქართველოს გადმოსცა.
ბატონმა ტიერმა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში მამის ადგილი 1995 წლიდან დაიკავა. 31 წელი სრულდება, რაც ის აღნიშნულ საკითხსა და პროექტის განხორციელებაზე მუშაობს. და რა უცნაური იქნება, რომ ასეთი წარმომავლობისა და გამოცდილების მქონე კაცი საერთოდ ჩამოაშორონ პროექტს კულტურის სამინისტროს დისციპლინური კომისიის მიერ მიღებული შესაძლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
სურათებზე: ლევილის განახლებული ბიბლიოთეკა და მედიათეკა (მთავარ ფოტოტო);ბატონების ტიერის, და ლავრენტი (ლორანი) ჩხაიძის შეხვედრა წიგნის ავტორთან; შატოს განახლებული გალავანი; რესტორანი „ოდა“; განახლებული ორანჟერია.
მსგავსი სტატიები
- 93
რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.… - 89
- 88
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 87
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა… - 87
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
