საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც.
ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი მიწის შვილობა განგებამ ხომ მათაც მიჰმადლა.
თუმცა მავანთ ასეთი ფიქრებიც მოსძალებიათ: – გახსოვდეთ, საშიშნი ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი მიწის ბატონ-პატრონად მიიჩნევენ თავს. ბევრი რამ აურ-დაურიეს, ბევრნი უღვთოდ შეაქეზეს, მშვენივრად გაატარეს -გახლიჩე და იბატონეს- პოლიტიკა. ერებიც ერთმანეთს წაჰკიდეს და მიწათა ბატონ-პატრონობის სურვილიც სხვაგვარად განუწესეს თავად ქვეყნებში და ქვეყნებს ერთმანეთში. უფრო სწორად პატრონობის სურვილი გვერდზე მიუწიეს და ბატონობა წამოუწიეს მაღლა მხოლოდ, და ასეთ ქაოსში გაბნეულ, დაბნეულ ადამიანებზე ბატონობით ხარხარებს უკეთური. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რწმენისანი, ან რომელი ერისანი იყვნენ, ან არიან.
ქართველობა ვახსენეთ ზემოთ და ქართველობით თამაში რაღაა. სწორედ ამ თამაშით იყიდებოდა საქართველო, იყიდება დღესაც. „იყიდება საქართველო, ყიდის ყველა…“ ამ ტკივილმა ამოაკვნესა ეს სიტყვები ნიკო ლორთქიფანიძეს, გული აუტირა, რომლის ტკივილიც სწორედ მოთამაშე ქართველებმა, ან კიდევ სხვებმა გააყოლეს იმ ქვეყნად, მასაც და ბევრ სხვასაც ღირსება რომ არ დაკარგეს, იმიტომ… ისევ ხარხარებს უკეთური…
ამ ამოკვნესებამ და ხარხარმაც კვლავ აიხმიანა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის ხილვისა და მოლოცვის შესაძლებლობა გვიწყალობა უფალმა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მამა ბასილი კვირჩილაძის წინამძღოლობით.
მეწამული ფერი ცისა და მიწის შესაყართან. ბალახსა და ყვავილებზე ალმასისფრად ფრქვეულ ნამში იმ მიწის ხიბლი ჩახატულიყო, გასაოცარი ენერგიით რომ გავსებს… მერე თანდათან აირეკლა ტაძარი ქვათაგან ნაშენი თუ ქვაში ნაკვეთი. ბუნებისა და ადამიანთა მიერ ხელქმნილი ერთობლივი საოცრება. ეს არ შეიძლება წარმოიდგინო, ეს უნდა ნახო და შეიგრძნო.
მიწა დუდუნებდა თითქოს, ფოთლებიც ჩურჩულებდნენ ამაზე, იმ მიწას გედავებიან, ასე რუდუნებით რომ პატრონობდნენ შენი წინაპრები, ექვსი ათასი მოწამე ბერის და კიდევ რამდენის სისხლით რომ მორწყოო დამპყრობელმა. ყაზბეგი გამახსენდა და საკუთარ გრძნობებსა თუ უგრძნობელობას აყოლილნიც. სამშობლოს სიყვარულზე მოსაუბრე, საკუთარი კეთილდღეობისთვის ქვეყნის გამყიდველნიც. დაუფიქრებლად რომ ყიდიან, იქნებ გამიზნულადაც, ან როგორც შეუძლიათ, ისე. ასე გაყიდეს და გააჩუქეს დღეს უკვე უცხოთა კუთვნილებად ქცეული რამდენი ნაწილი ქვეყნისა.
გარეჯში სოფელ უდაბნოს მცხოვრებ ახალგაზრდებს გავესაუბრეთ.
-აქ ეკომიგრანტები ვცხოვრობთ, რაჭველები, სვანები, მოხევეები. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. მრევლს საშუალება არ ეძლეოდა ჩვენს წმინდა ადგილებთან მიახლებისა. ახლა გვიშვებენ. ამბობენ ასე არჩევნებამდე იქნება, მერე ისევ დადგება ეს პრობლემაო. ამ საუბარს ერთ-ერთი დამთვალიერებელი შეესწრო აჭარიდან. რომელმაც თავისი ოჯახის წევრის ნაამბობი გაიხსენა. – ჩემი ოჯახის წევრი გონიოს ციხეში თურქ დამთვალიერებელთა ერთ-ერთ ჯგუფთან მოხვდა. მან თურქული კარგად იცის. თურქი გიდი უხსნიდა თურქ დამთვალიერებელს, რომ ეს ციხეცა და ტერიტორიაც თურქების იყო და იმედი აქვთ მალევე დაიბრუნებენო.
მ. ნ. _„გარეჯში საუბარია სამოცდაათი მეტრით საზღვრის გადმოწევაზე, რომლითაც უნდათ აზერბაიჯანული მოსახლეობის გულის მოგება ხმების სანაცვლოდ… იქაური მწყემსებიც გამიზნულად მოერეკებიან ჩვენსკენ საქონელს.“
მერე იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს ქვაში ნაკვეთი ტაძარი ვიხილეთ თავისი მოკრძალებით და დიდებულებით, მოწმე და სახე მოკვდავთა დიდსულოვნების და სულმდაბლობისაც. პირველი – უფლისმიერი შთაგონებით ქვასთან შერკინებულ დიდოსტატთა ხელთქმნილი და მეორე – ქვადნაკვეთ გუმბათს გაჩენილი ბზარები და განადგურებული ფრესკები, გასული საუკუნის ოციან წლებში ბოლშევიკთა „ნამოღვაწარი“.
სამწუხაროდ მეორდება ზოგჯერ მოვლენები, სხვადასხვა ფორმითა და სახით. კვლავ მოდავება, კვლავ წაკიდება, ხელის მოთბობა და ვაჭრობა იმ ქმნილებათა ხვედრით, რომელიც ზოგთათვის შემოსავლისა და მოგების მხარეა მხოლოდ, ზოგისთვის შურისგებისა, ზოგისთვის კიდევ სულის ტკივილი და სულიერების ამაღლება.
ნინო ნიკოლაიშვილი
24 სექტემბერი, 2012 წელი.
გაზეთი „ალიონი“ #34
მსგავსი სტატიები
- 100ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა…
- 100კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
- 100საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს: „ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!" ბარემ ერთი…
- 100დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. _აჯობებს…
- 100ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პროექტ ტრილოგიის ერთგვარ შეჯამებასაც წარმოადგენდა, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ, სიხარულს რომ ვერ მალავდა, ისეთი ემოციებით, იმ გამოწვევებსა და შედეგებზე ისაუბრა, რაც უკვე წარმატებით განხორციელდა და რისი იდეაც სამიოდე წლის წინ თავად გააჟღერა. 19-23 ნოემბრის ფარგლებში, ოზურგეთის სახელმწიფო…