გაზეთი „ალიონი“ წლებია მუშაობს მდინარეეების აუზში (სუფსა, ნატანები, ბჟუჟი, აჭისწყალი) ქვიშა-ხრეშის მოპოვების კანონიერების თემებზე. არასამთავროებთან, საზოგადოებასთან ერთად, მოწმეა თუ როგორ გახდა შესაძლებელი რიგ სოფლებში ქვიშა-ხრეშის ბარბაროსული მოპოვების შეწყვეტა.

3 წელია მდინარე სუფსის აუზში (ძიმითი, ნაგომარი, ჯუმათი, ბაილეთი, სილაური) ქვიშა-ხრეშის მოპოვების კანონიერებას ვიკვლევთ. სოფელ ძიმითის მოსახლეობამ შეძლო სოფლის ტერიტორიიდან გაეძევებინა ერთ-ერთი კომპანია. ხოლო სხვაგან, მოსახლეობის პროტესტის გამო, დროებით შეჩერდა სამუშაოები, თუმცა შემდეგ კვლავ გაგრძელდა.

მდინარე სუფსისა და მდინარე ნატანების აუზებში შემდეგი კომპანია მუშაობდა: „ნატა 2000“, „სამი ძმა,“ „ქიუ ემ სი“, „ბორან ქონთრაქშეინი,“„ჯორჯიან მინერალსი“, რომელთა უკან  საქართველოში გავლენიან პირებს ასახელებენ.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციების  სხვა თემებზე გადართვის გამო, კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი.

ამ თემაზე გაზეთი „ალიონი“ წერდა 9 აგვისტოს ნომერში: „გასწორხაზოვნება თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა.“

მესამე თვეა ოზურგეთი-ბაილეთი-ჯუმათის დამაკავშირებელი ხიდის ქვემოთ მუდმივად მუშაობს 4 ტრაქტორი და ათეულობით მაღალი ტვირთამწეობის მანქანით დღე-ღამის განმავლობაში ასეულობით რეისს ასრულებენ.

თუ წინა წლებში, ბაილეთი-სილაურის მოსახლეობამ არაერთი აქცია გამართა ხეობაში მომუშავე კომპანიების წინააღმდეგ, შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. ამაში წვლილი კომპანია „ქიუ ემ სის“ მიერ ხეობის სოფლებთან გაფორმებული მემორანდუმი იყო, რომლითაც აქაურ მცხოვრებლებს, საყანე ფართობების დამუშავებაში წილობრივი მონაწილეობას და სოფელ სილაურსა და ბაილეთში გზების კეთილმოწყობას დაპირდა.

„ქიუ ემ სიმ“ გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღო ყანების დახვნა-დათესვის კამპანიაში (1 ჰექტარ მიწის დამუშავებზე 500 ლარიდან 170 ლარი მათი წილი იყო) და რამდენიმე დღის წინ განაახლა სილაურ-ჯუმათის დამაკავშირებელი გზის შეკეთება.

კვლავ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს აქ არსებული 200 მეტრი სიგრძის, 9-მალიანი ხიდის (რომელიც რამდენიმე მილიონ ლარად არის შეფასებული) გვერდით ათასობით კუბური მეტრი ქვიშა-ღორღის ამოღება. ამ დარგის სპეციალისტები არ ვართ, მაგრამ ასეთი სახის გასწორხაზოვნების სამუშაოები ჯერ არ გვინახავს. ადგილობრივი სპეციალისტებიც სკეპტიკურად არიან  განწყობილი მიმდინარე სამუშაოების მიმართ და იგი საფრთხის შემცველად მიაჩნიათ ხიდისთვის.

კომპანია „ქიუ-ემ-სის“დირექტორ იაკობ ლექვინიძესთან საუბრის შემდეგ, როცა მან ადგილობრივი სპეციალისტები „უცოდინარად“ მონათლა,   წიაღის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ:

 „წიაღის ეროვნულ სააგენტოს

გთხოვთ მოგვცეთ  საჯარო ინფორმაცია კომპანია „ქიუ ემ სის“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებით.

 კომპანია „ქიუ ემ სი“ უშუალოდ ოზურგეთი-ბაილეთი-ჯუმათი-გულიანის დამაკავშირებელ გზაზე, ხიდს ქვემოთ, სოფელ ბაილეთის 26.07 და სილაურის 26.09 კვადრატებს შორის, „გასწორხაზოვნების“ მოტივით მდინარე სუფსის აუზში იღებს ათასობით კუბმეტრ ქვიშა-ღორღს.

გთხოვთ წერილობით (ან ელექტრონულად) გვიპასუხოთ:

აქვს თუ არა კომპანია „ქიუ ემ სის“ სუფსის ხიდის მონაკვეთზე წიაღის ეროვნული სააგენტოს ნებართვები გასწორხაზოვნების და იქ ქვიშა-ხრეშის მოპოვების შესახებ“.

ეს წერილი სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე 12 აგვისტოს, 15 საათსა და 02 წუთზე გავგზავნეთ. რადგან შუალედური პასუხი ვერ მივიღეთ, 31 აგვისტოს, 16 საათსა და 40 წუთზე შეხსენების წერილით მივმართეთ.

გაგზავნილ წერილზე პასუხის მიღების ყველა ვადა ამოიწურა.  წიაღის ეროვნული სააგენტომ ჩვენს წერილს არ უპასუხა.

ამ დროს კი, უხეში დათვლით, დღის განმავლობაში სუფსის აუზში მომუშავე მძიმე წონიანი მანქანები 500-დან 600 რეისს  ასრულებენ.

მხოლოდ ერთხელ, 5 სექტემბერს, ცოტა ხნით შეაჩერა მუშაობა კარიერზე „ქიუ ემ სიმ“, როცა პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი სოფელ ბაილეთში მხარდამჭერებს ხვდებოდა. საქმე ის არის, „ქართული ოცნების“ შტაბი უშუალოდ ცენტრალური გზის პირასაა და მანქანების გაუთავებელი მოძრაობისა და ხმაურის გამო, რითაც შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობა, შეხვედრაზე გამომსვლელთა მოსმენა შეუძლებელი გახდებოდა.

გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე განაგრძობს მუშაობას და შეეცდება წიაღის ეროვნული სააგენტოდან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს დახმარებით მიიღოს.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    „ამათ ხელში მწვანე გურია ფულის საჯიჯგნ გურიად გადაიქცა“წერილის დასაწყისშივე ვაცხადებთ, მივესალმებით ქვეყანაში ავტობანის მშენებლობას, მაგრამ იგი უპასუხისმგებლო ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანიების იმედად არ უნდა იყოს და ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს _ ჩვენს სოფლებს, მის მოსახლეობას ზიანი არ უნდა მიაყენოს. სუფსის, ნატანების და რეგიონის სხვა მდინარეების ხეობებში მოსახლეობის არა-ერთი საპროტესტო აქციები მიუთითებს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო ადგილებზე არ სწავლობს ამჟამად…
  • 63
    მდინარე სუფსას ნაპირები აღარ აქვს27 იანვარს, მიუხედავად ცუდი ამინდისა,  მძიმეწონიანი ავტომანქანები მდინარე სუფსის ხეობიდან ქვა-ღორღს ეზიდებოდნენ. გასული შემოდგომის შემდეგ სუფსის ხეობაში არ ვყოფილვართ. მიზეზი ის გახლდათ, რომ გარემოსდამცველების და ჟურნალისტების ბრძოლას, როგორმე შეეჩერებინათ სილაური-ბაილეთი-ჯუმათის მონაკვეთზე  ხეობის აოხრების სამუშაოები უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, კომპანია „ქიუ ემ სის“ ხელმძღვანელებისაგან დაცინვა მივიღეთ: _„ხომ ხედავთ, მდინარე სუფსის აუზის „გასწორხაზოვნებას“…
  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 54
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…