1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო ჭელიძესთან ერთად გაზეთისათვის საინტერესო სამეცნიერო და სხვა სახის სტატიებს ამზადებდნენ მისი მეუღლე, პროფესორი ნათელა ჭახნაკია, ასევე მათი შვილები, ამჟამად ცნობილი პროფესორები ლადო და ედიშერ ჭელიძეები.
ქალბატონ ნათელა ჭახნაკიას ახლახან დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და გთავაზობთ მის წერილს „ბალადა ქართველი დედისა“, რომელიც 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.
„სილამაზით გამორჩეულ ქართველებს გლოვაც ლამაზი სცოდნიათო, შენიშნავდა რომელიღაც უცხოელი 9 აპრილს დაღუპულთა გლოვის დღეებში.. სწორედ ეს სიტყვები მაგონდება, როცა მივუყვებოდი იმ სამგლოვიარო პროცესიას რუსთაველის პროსპექტზე, როცა ერთად შევამკეთ ყვავილებით მოწამლულთა სისხლით მორწყული წმინდა ადგილი და როცა ყველანი ერთბაშად აღმოვჩნდით ცრემლით განბანილი ლამაზი სულების საუფლოში…
თითქოს ახალი ერა დაიწყოო, ამგვარი ტკივილიანი, მაგრამ გასუფთავებული გრძნობებით შევუდექით ახალ ცხოვრებას. მეტი სიახლოვე, მეტი ურთიერთგაგება… აი, ეს გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს. ჩვენი საერთო მიზანი კი ისაა, თუ ამ განწყობილებას ყველას გულებამდე მივიტანთ, გრძნობებს გავაფაქიზებთ… საინტერესოა, რომ ხალხური „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა,“რომლის ფინალშიც სიუჟეტი იშვიათ მხატვრულ სიძლიერეს აღწევს და საუკეთესო მორალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტში მჟღავნდება, ქართული ელიტარული სულის ერთი საუკეთესო დადასტურებაა, რაც მე ვნახე, რეალურად განვიცადე იმ დიდ ტკივილიან დღეებში.
გაზაფხულზე, აპრილის ბოლო რიცხვებში, წავედი რამდენიმე დღით დასავლეთში, სოფელ ლიხაურში. მეორე დღესვე მივედი სამძიმარზე 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის ოჯახში. სანამ სინამდვილეს გავიგებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნინო, ეს სოფლელი გოგონა, შემთხვევით დაიღუპა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნამდვილი გმირი ყოფილა. ნინო თოიძეს და მარტვილელ აზა ადამიას ერთად ფიცი მიუციათ და მოშიმშილეთა შორის მჯდარან. ორთავე მეგობარს ვაჟკაცური წინააღმდეგობა გაუწევია ჯალათებისთვის და დიდხანს თავგანწირვით ებრძოდნენ მკვლელებს, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად. ვაი, რომ ამაოდ…და მოწამობრივად დაიღუპნენ. დამგლოვიარდნენ ოჯახები, შემზარავი იყო დედათა გულის ჭიდილი უმაღლეს მწუხარებასთან. მოხდა საოცრება. დედებმა შეძლეს ლამაზად ეგლოვათ შვილები. უმძიმეს წუთებში, როცა არავის და არაფერს შეეძლო მათი ტკივილის შემსუბუქება, ერთნაირი მწუხარებით გულშეძრულმა დედებმა გადაწყვიტეს, ერთად დაეტირებინათ თავიანთი შვილები…
მართლაც დაინიშნა სხვადასხვა დაკრძალვის დღე და ნინო თოიძის დაკრძალვაზე ჩამოვიდა მთელი ჩოხატაურის რაიონი, თითქმის მთელი სამეგრელო. ასევე დაიტირეს ნატო გიორგაძე, ხოლო აზა ადამიას დაკრძალვაზე გურიიდან წასულ სამგლოვიარო პროცესიას, ზღვა თაიგულებითა და და ეროვნული დროშებით, დადსასრული არ ჰქონდა…დიდი მწუხარება საერთო-სახალხო გლოვად გადაიქცა. დედათა მოთქმა და ზარი დიდ ტკივილთან, დიდ უბედურებასთან შეერთებულად შეჭიდებას წარმოადგენდა ერთი საერთო გულით, ერთი საერთო ცრემლით და ერთი საერთო ნუგეშით.
ჭირის ჭირში გადატანა, საკუთარი მწუხარების სასწორზე სხვისი ტკივილის გათანაბრება მორალურ-ზნეობრივი კეთილშობილების უმაღლესი გამოხატულებაა, რაც ასე ნიშანდობლივი და დამახასიათებელია მხოლოდ ქართველი დედისთვის.
ჩვენს ჯიშსა და მოდგმას ეს დიდი შინაგანი კეთილშობილება დასაბამიდან მოსდგამს. „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, უბრალო ბალადა როდია, იგი ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სულის სარკეა. ძველთაძველი, თვალშეუდგამი მითოსური სამყაროდან რომ მოდის, თაობიდან თაობაში გადადის და მკვიდრდება, ქართველი ქალი, ქართველი დედა სამყაროს აღმოჩენაა, კეთილშობილებისა და ზნესრულობის ცოცხალი ხატია, რომელზედაც ბევრჯერ დაიწერა, ბევრი რამ ითქვა, მაგრამ მისი სულის ზეგრძნობადობა, ტკივილისა და მწუხარების საიდუმლოებაში ჩაკარგული, 9 აპრილის სისხლმა ყოვლის მომცველი ძლიერებით კვლავ გამოავლინა.
ნათელა ჭახნაკია,
„ლეხოური“ #1, 9 აპრილი, 1990 წ.
მსგავსი სტატიები
- 100დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
- 100დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 100გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 100დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და…
- 100სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…