გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც.
გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი:
„აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს – გენრიეტა ქუთათელაძეს ❤️
ამ თარიღის აღსანიშნავად, აჭარის მწერალთა სახლმა ქალბატონ გენრიეტას მიანიჭა „რჩეული შემოქმედის“ წოდება, ასევე, გამოსაცემად მზადაა და სულ მალე მკითხველი საზოგადოება იხილავს მის ახალ კრებულს „რეკვიემი დევნილთათვის“, რომელიც მწერალთა სახლის საიუბილეო სერიით გამოიცემა და რომლის პრეზენტაციაც, საიუბილეო საღამოსთან ერთად, აგვისტოს თვეში გაიმართება.
ვულოცავთ მნიშვნელოვან თარიღს და ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ დიდებულ შემოქმედს!
მწერალი და პუბლიცისტი გენრიეტა ქუთათელაძე დაიბადა 1943 წლის 14 აპრილს, ოზურგეთში. არის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ავტორია მრავალი პოეტური და პროზაული კრებულისა. მისი ნაწარმოებები შესულია არაერთ ანთოლოგიაში, სისტემატიურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით, არის ზურაბ გორგილაძისა და ნიკო ლორთქიფანიძის პრემიების ლაურეატი.“
ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვის
* * *
დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი,
ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს,
სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა,
დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო
(ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი).
შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს ცომივით აფუებულს რას მოთოკავდა…
ბულვარში ძელსკამზე თავჩაქინდრულს თავს ახსენებდა დავიწყებული ჰანგები,
წარსულის ლანდები,
მოგონებების ტყეში სოკოებივით რომ ამოზრდილიყვნენ და ცეკვა სურდათ მასთან –
ერთ დროს შუქმფინარსა და მშვენიერთან,
ახლა გალეულსა და დამფრთხალთან,
მოწყვეტილი ვარსკვლავის ტყუპისცალთან,
ჩამქრალი ოცნებების ხეივანში ჩრდილდაკარგული,
ყოველ გაზაფხულზე,წითელი ვარდების კარნავალზე
ცეცხლის სიმხურვალით რომ იწვის…რადგან ლექსები ფარფატით ეშვებიან დედამიწაზე
და ქალს აღარ ძალუძს დააფრთხოს ყვავი,რომელიც უპირებს ლექსების მოტაცებას…
ამიტომ უსაშველოდ მოიწყინეს გვირილებმა,
მინდორში მობიბინე გვირილებმა…
იქნებ მათაც სინამდვილიდან გაქცევა სურთ?
თავი რომ დააღწიონ ბათუმური წვიმების მისტერიას,
ქალის ჩანავლულ თვალებს –
ჩამავალი მთვარის სევდას,
ნაცნობ ხმებს-სასწრაფო დახმარების სიგნალს,
ანდა მედიდური მოქალაქის მზერას,
ახალგამდიდრებულის
დაკმაყოფილებულ ამბიციას:
__ყველაფერი ვიყიდე, რაც მინდოდა:მანქანა, აგარაკი, სასახლე, დიპლომი, ოფისი…
ო, ეს სიტყვები, სიცილი, მზერა!
ხმა ნაცნობია,
მაინც არ ესმის,ჰო, არ სურს გაიგოს,ან რას გაიგებს ტალღის ხმაურში,
ზღვა ღელავს , ღელავს…
აქაურობის არა,არ ესმის,
ის ზეცაშია სულით და გულით
და მაინც,უფრო მაღლა სურს ფრენა!
* * *
შეკრთნენ სიზმრები და სადღაც შორს, მიღმა გადაიხვეწნენ
და იმედებიც წაიყოლიეს.
გამოვიღვიძე,
ვაი ჩემს ყოფას/ნეტა მარტო მე ვიყო დევნილი/
აწმყო წარსულად მექცა უცაბედ
და მონატრებით არ ველი ხვალეს;
მოგონებებად დარჩა ბავშვობა,
ახლა სიბერეს ვუკმევ საკმეველს..
გარდაიცვალნენ თითქოს ფიქრები
და იმალება გაქრობის შიში,
დედა მზემ ჩემზე ხელი აიღო,
არც მთვარე მიწევს მამობას მიწყივ,
და-ძმა ვარსკვლავმაც ზურგი მაქცია
არ მინათებენ ცას ციმციმ-ციმციმ…
აქ უცხოები რიხით დადიან
და გნიასია სხვადასხვა ხალხის…
არ გადაიღო დელგმამ და თქეშმა,
აწვიმს ქალაქებს,სოფლებს,მთა-გორებს,
ჩემს სამშობლოში მე უცხო გავხდი,
ეჰ,დედინაცვლად მექცა ქვეყანა,
ლაბირინთში ვარ ,გზას ვეღარ ვაგნებ ,
არც თეზევსი ჩანს,არც არიადნე,
ვინ გამომიყვანს?
ვაი,სიცოცლეს ვემშვიდობები…
* * *
ჩემს ჩრდილსაც ისე ვერიდებოდი,
როგორც შარაზე ბრაზიან ძაღლებს,
წელში მოხრილი და დატანჯული
არ მსურდა ვინმეს რომ დავენახე…
შევცოდებოდი იქნება ვინმეს,
იქნება ხელიც გამოეწვდინა,
მაგრამ მითხარით ,ეს სიბრალული
მეტარებინა ამ გულით როგორ!
იქნებ,სხვას უფრო სჭიროდა შველა,
სულით უსუსურს და მომტირალეს…
მე კი ამ გზაზე ის მომყვებოდა,
ზეცნობიერი,მარადმღვიძარე,
მინთებდა სულში ჩაუმქრალ კანდელს
და მირონს მცხებდა უჩინარ ხელით,
ღვთის საუფლოში გასაგზავნ ლოცვებს
მიკარნახებდა ნაზად და სევდით…
და როს მზე დაჯდა ტახტზე მეფურად,
მე დავინახე
აყვავებული კვერთხი აარონის;
თავი ავიღე,გავსწორდი წელში,
ტკივილებიდან ხელახლა ვიშვი,
მე დავიბადე
და ჩემი ჩრდილიც დაგრძელდა გზაზე.
* * *
ძალიან დიდხანს ველოდი სასწაულს,
მოჩანდა ღრუბლის ბლონდებში სხივი,
სხივი,რომელიც გულში ჩასახლდა
უცებ,ერთ წამში ჩაქრა სრულებით
და დავჩი ასე ბნელს შეყუჟული,
ძირსჩამოცვენილ ფოთლებივით მოცახცახე და ფერწართმეული…
მზე ჩაესვენა ჩემს ჰორიზონტზე,
მზემ მიმატოვა,დიახ,სრულებით;
ვეღარ ვიგუებ ამიერ ნიღბებს,
უწინ ღიმილით რომ ვატარებდი…
დრო გამიბრაზდა,გამინაწყენდა,
რომ ვერ ვისწავლე მე მისი მართვა,
აღარ დამინდო ჟამმა უჟამომ,
თავს დამატეხა სასტიკი ხვედრი,
ვაიმე,შვილო,
სიკვდილს ჰქონია მსახვრალი ხელი…
შენს მონატრებას
ჩემი სიზმრების ჩავაცვი კაბა
და სასოებით გელი…
წუხელ ძილში გამომეცხადე,
ცას გახედეო,ჩამჩურჩულებდი,
სადაც ვარსკვლავი მონიშნე ერთი…
აწი იმ ვარსკვლავს ვესაუბრები
მე ყოველღამე.
* * *
მიზეზი?
მიზეზს რა დალევს ამ ქვეყანაზე,
რაც დავიბადე,მას მერე
ხანაც ვტირი და ხანაც ვიცინი…
ფარსაგთან ყოფნა ძნელი არის,
სჯობს ვიყო მარტო;
ფარისევლებს მირჩევნია სულაც ბოროტი,
ცხადად რომ მოჩანს….
მოყვარე მტერი? -ჩემს მტერს,ბატონო!
გლოვა და ლხინი —
ჩვენი ყოფის ორი პოლუსი,
ეს ორი ფერი –შავი და თეთრი
მადგას გვირგვინად…
რაც წლები გადის,მისი სიმძიმე
მაკრთობს,მაწუხებს,მხრებში ვიხრები,
მაინც ჩუმად ვარ,
რა წესია სხვა შევაწუხო,
მაგრამ სიჩუმე თვითონ ყვირის
და მშველელს უხმობს…
ჰო ცის გახსნას ველოდები
მე ყოველღამე.
* * *
გაფაციცებით გავყურებ შარას,
გზები იშლება ნარეკლიანი,
საით წავიდე?
რა გზას დავადგე?
აქ ყველაფერი ისე უცხოა,
ჩამოთესლილი როგორც სტუმარი,
დავალ მიწაზე,ვითომ ჩემია,
სინამდვილეში ჩემი არ არის,
ეჰ,სამშობლოში გავხდი ხიზანი..
გამისასტიკდა ლტოლვილის ბედი
და მოგონების ამარა დავალ,
დავტირი მამულს,უღმერთოდ დაჭრილს,
ომში დაკარგულ ბიჭებს დავეძებ…
ჰოი,მამულო,მკერდდაჩეხილო,
როგორ გიშველო თავად სნეულმა ,
გიწამლო ვითარ…
ცაზე ღრუბლები მოთქმით ტირიან,
ეს რახანია წვიმს
გამოიდარებს როდის?
* * *
ჰო, ამეღამაც ვერ დავიძინე,
ძლივს გავექეცი ფიქრთა ტორნადოს,
ჩამოვუქროლე უსახელო ვარსკვლავთა ხომლებს,
ღმერთო,ერთმაც კი არ შემიპატიჟა…
ფრთები დავკეცე და მთვარის ბილიკზე ჩამოვისვენე;
მესმოდა ხმები ირეალური-აბზუ მიხმობდა,
თითქოს გალობდა სიკვდილი, ჩუმად გალობდა…
ჩემს უთქმელ დარდთან გავინაპირე,
რა დამრჩენია სიკვდილის გარდა…
შენ კი… ისე შორსა ხარ,ხან ისე ახლოს,
რომ აღარ მჯერა,ნუთუ ეს შენ ხარ!
ჰოდა, მარტო ვარ ,აქ,ამ სიზმრების სამფლობელოში,
რა გაათენებს დილას ხვალინდელს,
ვით, ვით ვპოვო უფლის ნუგეში…
მათხოვარი ვარ-წყალობას ველი,
სასუფეველის გამიხსენ კარი,
ჰო, მე ვარ,მე ვარ-დევნილი და მიუსაფარი…
აქ, ამ მიწიდან რა ხანია ვითვლი ვარსკვლავებს/ისინი ჩემი შორეული ახლობლებია/
ფეხშიშველა დავდივარ და უხმოდ ვმღერი,
ღამით გზას მინათებენ ციცინათელები
და მამხნევებენ:-საცაა მიხვალ!
არადა,არ ჩანს ნავსაყუდელი,
მივაღწევ ვითომ?
ვპოვებ სავანეს,რასაც ველტვოდი?
ვინ გამიკარებს უცხოს,უსახოს,
ელვის მათრახით ზურგაჭრელებულს?!
ვერ გამოვფინე ცისარტყელები მშვიდობის ნიშნად
და სიყვარულის მარადიულ ომში
მარტოკა დავრჩი…
რა გაათენებს!
ველი მაინც ცისკრის დადგომას,
რამეთუ ხარ სასო ჩემდა,
შენ, ვის სახელსაც ვაღმერთებ გულში
და ვისაც ეკლის გვირგვინით გხედავ!
* * *
მრავალჯერ გავჩნდი ამ ქვეყანაზე,
მრავალჯერც მოვკვდი,
მზემაც ბევრჯერ გამიღიმა და წვიმამ გამლუმპა,
აღმოვაჩინე ეს სამყარო
საკუთარ თავში და
მრავალ ახალ დაბადებას კიდევ მოველი…
ჭეშმარიტების საძიებლად აღმართს შევუდექ,
გზა არის ძნელი,
ძალიან ძნელი…
ცისფერ სივრცეებს გადასწვდა მზერა,
უსაზვროებამ ამბორი მიძღვნა და
როცა ყველა სიტყვა გახუნდა,
მე გავიხედე სულ იქით,მიღმა…
რაღაც აენთო და საოცრად განათდა ჩემში და აღარ მაშინებს
სომატური დაბადება
და სომატური სიკვდილი ჩემი!
* * *
თუ ცოცხალი ხარ და სული გიდგას
გაგიელვებს ათასი ფიქრი,
ბევრი ძველი და ბევრიც -ახალი…
ჯერ კიდევ მაშინ,წლების წინათ,
როცა დავიწყე შეგროვება მე ამ ფიქრების,
უცხო ბილიკზე დაიღვარა სინათლის ჩქერი…
დავლანდე ფიქრი ფერმიხდილი,
მისუსტებული,
მოჩანდა კიდევ ეკლიანი,ძალზე საშიში,
ზოგიც ვამსგავსე ყვავილს საამურს,
ახალგაფურჩქვნილს…
და ამ ფიქრების კარნავალზე
როს ავირჩიე მე ერთი ფიქრი,
ცას შემოეხსნა ცხრაივე კარი,
წამის წამებში გადავლახე დროცა და სივრცეც…
აი პლანეტა,ეგზოპლანეტა-
ეს ჩვენი მომავალი დედამიწაა,
ახალ სიცოცხლის აკვნად ირწევა,
აქ ხეები შეფოთლილან უცხო ფერებით და წვიმას გადასდის ვარდის სურნელი;
მესმის გალობა,იდუმალი,
ყოვლისმომცველი…
და ჩემი გული, ფიქრებით რომ გათანგულა,
უცებ დამშვიდდა,
ჰო,ფიქრს შევეთვისე საკეთილოს და იმედიანს–
ჩვენ გადავრჩებით!
ახლა ფიქრს ვართავ უწყვეტ ძაფებად და ქსოვას ვიწყებ…
რას ვქსოვ?
გულთმისანი ხარ, თავად მიხვდები.
* * *
ჩაესვენება მზე მიმწუხრისა საცაა ზღვაში,
დღეც დასრულდება ხვალის ანონსით:-
პორტში მალე ჩამოდგება ხელმწიფის ნავი!
ათასჯერ თქმულა–
არ ჩაჯდეო ხელმწიფის ნავში,
სულის სიმშვიდეს გაუფრთხილდი,
თუ გიყვარს თავი.
თავს რას ვიწუხებ,
ვინ მიმიშვებს ხელმწიფის ნავთან,
არც მაქვს სურვილი,რა ჭირად მინდა!
მე სულ სხვა ნავის ვარ მოლოდინში,
დიახაც,მისით მგზავრობა მინდა.
და ველოდები,
მთელი ცხოვრება ჩრდილში მყოფი,ჩრდილდაკარგული…
მზეში რომ ვიყო,ვიქნებოდი ჩრდილი ღმერთისა
და თამამადაც ვიტყოდი:-მე ვხედავ ხვალეს.
დღეს კი..
დავდივარ ოცნებების უსიერ ტყეში,
სად ხეებს ავარაყებს მწუხრი ოქროსფრად
და ღრუბლებში მოციაგე სხივებს მიგზავნის,რომელსაც უნდა მივახარო:
– დღეს ლექსებმა ყვავილივით გაიხარეს!
ლანდები სიზმრის ირეკლება ყველა სტრიქონში,
ფურცლებს მივანდე გაქვავებული ცრემლი და დარდი,
წიგნად ვაქციე და ვით ძვირფასი სამკაული
უჯრაში გამოვკეტე,წიგნი,
რომელიც ხვალის წიგნია და ელოდება დღის სინათლეს.
ყველა რეაქცია

გენრიეტა ქუთათელაძე და 3 სხვა პიროვნება

მსგავსი სტატიები

  • 100
    იდგა გალაკტიონი...„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,  სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…
  • 100
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 100
    წარმატების გასაღები და გზა, გაღებულ კარს მიღმა არსებულიბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…
  • 100
    ...სტუმართმოყვარე, ტრადიციული სიკეთისა და სიყვარულის მიმართ, ჰაეროვანი, უდიდესი წარსულის მქონე და ულამაზესი საფრანგეთი......ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,…