გოგია ღლონტის სახელი ბავშვობიდან მესმოდა. სტუდენტობისას ექადიელმა (უბანი ქ. ოზურგეთში), 90 წლის ალფესი ევგენიძემ მიამბო, 1923 წლის ზამთარში როგორ მოკლა გოგია ღლონტმა გურიის გურიის ცნობილი მაოხრებელი ობოლაძე.
ეროვნული მოძრაობის წლებში ექვთიმე თაყაიშვილის და 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის მშობლიურ სოფელ ლიხაურში ნინო თოიძის საზოგადოებს შეიქმნა. 1990 წლის აპრილიდან გამოდიოდა საზოგადოების გაზეთი „ლეხოური,“რომელსაც პროფესორი გიზო ჭელიძე და ამ სტრიქონების ავტორი ხელმძღვანელობდა. უფრო მეტად დავინტერესდით წითელი ურჩხულის მკვლელობის საკითხით და ლიხაურის შესასვლელში, კვაჭალათზე 95 წლის ექადიელი ლუკა ვასაძე მივიწვიეთ. მან ზუსტად გვაჩვენა ის ადგილი, სადაც ჩეკისტებმა 80-მდე პედაგოგი და გლეხი დახვრიტეს.
ამ საქმის შემდეგი ეტაპი ცნობილ ისტორიკოსთან, ოზურგეთის მუზეუმის დირექტორთან ენვერ გოგუაძესთან შეხვედრა იყო _მას „ლეხოურისთვის“ სტატიის მომზადება ვთხოვეთ გოგია ღლონტის ცნობილი ვენდეტას შესახებ. ნიჭიერი ისტორიკოსი ამ თემით დაინტერესებული იყო და მაქსიმალურად იმუშავა, რომ სტატია საინტერესო გამოსულიყო. ერთად მოვინახულეთ გოგია ღლონტის ძმისშვილის ოჯახი. მოგონებები ჩავიწერეთ, ენვერმა საარქივო მასალებიც მოაგროვა და „ლეხოურში“ დავიწყეთ ვრცელი სტატიის დაბეჭდვა.
ისე მოხდა, რომ ამ ნომერში ამ სტრიქონების ავტორის ინტერვიუც დაიბეჭდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთან ზვიად გამსახურდიასთან. გაზეთის ეს ნომერი თანამებრძოლებმა ზვიადს მიუტანეს. ზვიადს იმდენად მოსწონებოდა სტატია გოგია ღლონტზე, ქ. ოზურგეთის ცენტრში ამჟამინდელ ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე ათასობით ოზურგეთელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ოზურგეთში გოგი ღლონტის ძეგლს დავდგამთ!“
როცა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვიდა, კვაჭალათზე რეპრესიების მსხვერპლთა დახვრეტის ადგილის შემოღობვისა და მემორიალის დადგმის შესახებ გავაქტიურდით. შეიქმნა გოგია ღლონტის სახელობის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელსაც ომარ ქართველიშვილი ჩაუდგა სათავეში. გადაწყდა _დიდი ტირაჟით დაგვებეჭდა კალენდარი ( 50 000 ცალი) და წიგნი „ხალხის ქომაგი _გოგია ღლონტი,“ 12-ათასიანი ტირაჟით. შემოსავალით კი მემორიალი მოგვეწყო. მე ამ წიგნის და კალენდრის რედაქტორი ვიყავი. გამოცემლობა „სამშობლოში“ კალენდარი და წიგნი გამომცემლობის მთავარმა მხატვარმა, წარმოშობით ლიხაურელმა მურმან ჭანიშვილმა გააფორმა.
როგორც ხდება ხოლმე, გამომცემლობამ კალენდრის და წიგნის გამოშვება დააგვიანა. კალენდრის მისაღებად 1991 წლის დეკემბრის მძიმე დღეების წინ ჩავედით. კალენდრის თითქმის მთლიანი ტირაჟი რუსთაველზე, ფოსტის შენობის მე-5 სართულზე „სოიუზპეჩატს“ ჩავაბარეთ და შესაბამისი ხელშეკრულება გავაფორმეთ…ფანჯრიდან ვხედავდით თბილისი #1 სკოლის წინ მოწყობილ ბარიკადებს _მძიმეწონიან „კრაზებს,“ სხვა მანქანებს, მაგრამ ერთი წუთითაც არ გვიფიქრია ქართველები ერთმანეთს ესროდნენ.
ოზურგეთში გვიან დავბრუნდით.ნინოშვილის ქუჩაზე, ომარი ქართველიშვილის სახლთან მისულებს ომარის მეუღლე გულნაზი ნიკოლაიშვილი აცრემლებული შემოგვეგება და გვითხრა : _სამოქალაქო ომი დაიწყოო…„სოიუზპეჩატში“ მიტანილი კალენდრები ფოსტის შენობის მარცხენა ფლიგელთან ერთად დაიფერფლა. წიგნი მოგვიანებით გადმოგვცეს და სოლოლაკში 2 წელი ეწყო ერთ-ერთი მეგობრის ბინაში…ადამიანები გადარჩენისთვის იბრძოდნენ და ვიღას ახსოვდა 1923 წლის კვაჭალათის ბრძოლა და წიგნი…
ორიოდ სიტყვით ობოლაძის მკვლელობასთან დაკავშირებით და „ჩეკას“ შემდგომ რეპრესიებზე:
ტყეში გაჭრილ ყაჩაღებთან უძლური ობოლაძე, შურს მშრომელ ადამიანებზე იძიებდა. ეს ჯალათი ხვრეტდა გლეხებს და მათ გვამებს ყვავ-ყორნების საჯიჯგნად ყრიდა ოზურგეთის შემავალ გზებზე, რათა ასეთი შემზარავი სურათებით ტერორის ქვეშ ჰყოლოდა მოსახლეობა. მრავალთა შორის დაწვა ვასილ მანწკავას სახლი და გულქვა სადისტმა ცეცხლში ჩააგდო და ცოცხლად დაწვა სახლის პატრონის 12 წლის ვაჟი.
საშა ობოლაძის რაზმის წევრები 1923 წლის 10 თებერვალს ჭანიეთისა და ქაქუთის თემს დაეცნენ.მას შემდეგ, რაც ობოლაძის 100-კაციანმა რაზმმა სოფელი ქაქუთი აიკლო და ხავთასები საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები გადაწყვეს, რომლის დროსაც დაიკარგა პატარა გიორგი, ოჯახის წევრები დააპატიმრეს და ოზურგეთში წამოვიდნენ. კვაჭალათზე, ეტლს, რომელშიც ობოლაძე, სანიკიძე და ჩუბინიშვილი ისხდნენ, გოგია ღლონტი შეუვარდა და სანიკიძეს შესძახა, გადმოსულიყო ეტლიდან, მაგრამ ობოლაძემ ეტლიდან გადასვლაზე სანიკიძეს უარი უთხრა. ობოლაძემ მოულოდნელად ესროლა გოგია ღლონტს და დაჭრა მხარში. გოგიამ ბომბი დაახალა ეტლში მჯდომთ და სამივენი გამოასალმა სიცოცხლეს.
ობოლაძის რაზმის წევრებმა ოზურგეთის საბყრობილეში წამოიყვანეს და საპყრობილეში ჩასვეს ხავთასნების ოჯახის წევრები. მეორე დღეს მოიდანახის სასაფლაოზე მშობლების თვალწინ დახვრიტეს ილია, ხოლო მეორე დღეს მამა _პლატონი.
საშა ობოლაძის სიკვდილის შემდეგ ოზურგეთის მაზრაში დაიწყო არნახული „წითელი ტერორი“. საგანგებო კომისიამ დახვრიტა ათეულობით ადამიანი, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები…
სიმონ გოგიბერიძის წიგნში (პარიზი, 1938 წ.) აღნიშნულია, რომ ობოლაძის მოკვლის საპასუხოდ ჩეკამ ოზურგეთის ციხიდან 13 უდანაშაულო პატიმარი გაიყვანა და საღამოს ობოლაძის თავდასხმის ადგილას დახვრიტა. მათ შორის იყო ხიდისთაველი 20 წლის ისიდორე კალანდაძე.
იმავე დროს ოზურგეთშივე, ექადიის მთის ძირში დახვრიტეს 92 გურული, რომელთა შორის 6 ასკანელი ასათიანი იყო…
გოგია ღლონტი და მისი მეუღლე პისტი ქადეიშვილი სტამბოლში გადასულან. იქედან კი საფრანგეთში. 1961 წლამდე მილიციასთან ერთად გოგია ღლონტის წერილები მოსდიოდა მისი ძმისშვილების ოჯახს.
საშა ობოლაძის მიერ ცეცხლით დასეტყვილ გურიაში დღესაც ხმიანობს ერთი ფრთიანი ლექსი:
„ატყდა სროლა კვაჭალათზე,
ჩააძაღლეს ობოლაძე,
გურიაში რა გინდოდა,
თუ სიკვდილი არ გინდოდა“
მსგავსი სტატიები
- 88დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 82გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 82სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 811918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 80სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…