_ კომპანია „პოლატის“მიერ ინერტული მასალების შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ვანდალური მოპოვების შედეგად 1,7 ჰექტარი მიწა დავკარგე, აქედან 0,7 ჰექტარზე პავლონია და კაკალი მქონდა გაშენებული. ამჟამად მიყენებული ზარალი 100 000 ლარი მაინც იქნება, _ გვითხრა სოფელ გურიანთაში მცხოვრებმა, ცნობილმა ფერმერმა აკაკი ღლონტმა.
აკაკი ღლონტის ფართობი ახლოსაა ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებასთან, რომელიც აქ მდინარე ნატანებს კვეთს და ლაითურის გავლით ქობულეთისკენ მიემართება. არც ამ გაზსადენს ადგას კარგი დღე. გურიანთის მხარეს მოწყობილი კაპიტალური ყორე, რომელმაც იგი უნდა დაიცვას მდინარის შემოტევიდან, ნაწილობრივ ჩამოშლილია. არც გასხვისების ზონაა (25 მეტრი) დაცული და გაზსადენის საყრდენი ბოძები გაშიშვლებულია. „პოლატი“ პირდაპირი გეზით მდინარის ხეობის გაყოლებით ოზურგეთისკენ მიიწევს.
როგორც არაერთხელ ვწერდით, (http://alion.ge/2022/02/საბრძოლო-პოლიგონად-ქცეულ/ ) ხელისუფლებამ ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“ უფლება მისცა ზღვიდან 20 კილომეტრიან ზოლში, მდინარე ნატანებზე, ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის 2020 წლის 4 სექტემბერს. სასწრაფოდ შევიდა ცვლილებები 2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების“ .
„პოლატმა“ შარშან აპრილიდან დაწყებული სექტემბრის თვის ჩათვლით, მდინარის ხეობაში ერთი მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო. სამტრედია-ქობულეთი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება და „პოლატი“ წელსაც აგრძელებს მეორე მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ამოღებას, თუმცა არ თვლის საჭიროდ მედიას და გარემოსდამცველებს შესაბამისი ნებართვა აჩვენოს. უშუალოდ მდინარეში ინერტული მასალის ამორება ყოველივე დადგენილი წესების დარღვევით რომ ხდება, ამას მოწმობს თუნდაც რამდენიმე დღის წინ, პატრულის მიერ კახურის ტერიტორიაზე გაჩერებული ინერტული მასალით დატვირთული სატვირთოების დიდი კოლონა.
ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე წიაღის მომპოვებლები დადგენილ ნორმაზე გაცილებით ქვემოთ ჩავიდნენ, მდინარის ფსკერს მიადგნენ და ტალახიანი ხრეშით დატვირთული ავტომაქანები ოზურგეთი-ნატანების მაგისტრალს ისე აბინძურებდნენ, რომ ავტოცისტერნის წლის ჭავლი ვერ უმკლავდებოდა მასიურ ტალახს და მაგისტრალზე მოძრავ ტრანსპორტს უქმნიდა საფრთხეს.
სამწუხაროდ, გაზეთ „ალიონის“ მიერ გაჟღერებულ ამ ფაქტზე გარემოსდამცველების რეაგირების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ.
ან რა მნიშვნელობა აქვს, როცა წელს, ივნისის დასაწყისში, როცა მდინარის აუზში ჩამდგარი ექსკავატორები, როგორც ადრე დაახლოებით 3,5 მეტრი სიღრმიდან იღებდა ინერტულ მასალას. ამას ისიც მოწმობდა, რომ მდინარის პირას დასაწყობებულ ქვა-ღორღს მიწის ფერი ჰქონდა და მიწის ნარევიც მაშინაც თვალშისაცემი გახლდათ.
გაზეთ „ალიონის“ და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ გამოჩენის შემდეგ სწრაფად წავიდა გადარეკვა-გადმორეკვები და ექსკავატორები მდინარიდან ამოვიდნენ და სწრაფად გაეცალნენ იქაურობას.
ჩვენ ცხელ ხაზზე დავუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომლის წარმომადგენლები გარკვეული დროის შემდეგ მოვიდნენ.დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს ბენო ხომერიკს ავუხსენით არსებული მდგომარეობა, ვაჩვენეთ გადაღებული ვიდეოები და ფოტოები და ვუთხარით, რომ არც კომპანია „POLAT YOL &MAPA“ არ გვაძლევს ინფორმაციას მათზე გაცემული ლიცენზიის შესახებ, ვინაა ქვეკონტრაქტორები, აქვთ თუ არა წიაღისეულის მოპოვების გეგმა, რა რაოდენობის ინერტული მასალა უნდა ამოიღონ, თუკი სწორად იღებდნენ, რატომ ამოვიდნენ ტრაქტორები მდინარიდან, როცა ჩვენ იქ მივედით და ა.შ.
ბენო ხომერიკმა გვითხრა, რომ წელს ისინი ამ კარიერზე საერთოდ არ შემოსულან… წერილობით შევადგინეთ განცხადების ტექსტი თუ რა სახის ინფორმაცის ვითხოვდით და გვითხრა, რომ კომპანიიდან მათზე დოკუმენტების წარმოდგენამდე კარიერი დროებით შეაჩერებდა მუშაობას, ამის შესახებ აქ მომუშავეებსაც მიეწოდათ ინფორმაცია. კარიერზე მუშაობა დროებით შეჩერდა. ნაწილი დასატვირთად მოსული მძიმეწონიანი ავტომანქანა უკან დაბრუნდა.
ამის შემდეგ გარემოსდამცველები მდინარის აუზში ინერტული მასალების ამოღების სიღრმის გასაზომად გაემართნენ. ჩვენთვის უცნობია, ვისთან ჰქონდათ მათ სატელეფონო საუბარი, თუმცა გარემოსდამცველებმა შემდგომ გვაცნობეს, რომ კარიერს მუშაობა უნდა გაეგრძელებინა…
ამჟამად, ვიზუალური თვალთახედვით და ბატონი აკაკი ღლონტის თქმითაც, მდინარე ნატანების აუზი თანდათან იზრდება სიგანეში და მალე ალბათ რიონის ხეობას გაუტოლდება. „პოლატი“ აკაკი ღლონტის საკარმიდამო ნაკვეთის მსგავსად ექცევა სხვა კერძო მესაკუთრეებს და გარკვეული მეთოდის გამოყენებით მდინარეს მიაქვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
_აქ ადგილობრივი კომპანიებიც მუშაობდნენ ადრე, მაგრამ ისინი საკარმიდამოსთან ახლოს არ მოდიოდნენ და არც შეუქმნიათ ჩემთვის პრობლემა, ახლა კი პავლინიის ფართობს, რომელიც ჯერ-ჯერობით გადარჩა, გახმობის პროცესი ემუქრება _გვითხრა აკაკი ღლონტმა.
გაზეთ „ალიონის“ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ამ თემაზე კომპანია „პოლატის“ წარმომადგენლებთან, აკაკი ღლონტმა გვიპასუხა, რომ იგი ესაუბრა იქ მომუშავე პარმენ ახობაძეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია. აკაკი ღლონტი მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.
გაზეთი „ალიონი“ ამ თემას კვლავ დაუბრუნდება, ნატანების ხეობაში შექმნილ მდგომარეობის გამო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გააქტიურდნენ.
მსგავსი სტატიები
- 88"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 88საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 8228 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 82აკაკი გობრონიძე - 100 ავტორი თემურ მარშანიშვილი ივლისში ბატონი აკაკი გობრონიძის დაბადებიდან 100 წელი გასრულებულა. ამის შესახებ მისმა ყოფილმა თანამშრომელმა და უმცროსმა მეგობარმა ბატონმა რეზო თედორაძემ გვაცნობა ჩოხატაურიდან. აკაკი გობრონიძე ის კაცია, რომლის სახელი და გვარი, თავისი, ქვეყნისა და ხალხისთვის ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, არასოდეს ამოიშლება გურიის ისტორიიდან. შეიძლება ითქვას,…
- 80დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…