გზების რეაბილიტაცია

 

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა გაიმართა, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროექტები და პროგრამები წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება.

მინდა გაგაცნოთ ის სიახლეები, პროექტები და ინიციატივები, რომლის განხორციელებასაც ახლა ვაპირებთ. ტენდერები უკვე გამოცხადებულია შემდეგ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე: ლიხაურში, კვაჭალათის უბანში დავიწყებთ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. პროექტის განხორციელების შემდეგ 3,5 კილომეტრამდე სიგრძის განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 600-ზე მეტი ადამიანი. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 2 199 950 ლარი დაიხარჯება; ოზურგეთში ვგეგმავთ გორკის ქუჩის განახლებას, რომელსაც მოხმარდება 211 370 ლარი; ასევე, დაგეგმილი გვაქვს ოზურგეთში, სუბტროპიკების ქუჩის 2 კილომეტრზე მეტი საგზაო მონაკვეთის განახლება, რომლითაც 1000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.  ვიწყებთ ნატანებში ჯაფარაულა – ახალშენის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. პროექტის განხორციელების შემდეგ 5 კილომეტრამდე სიგრძის საგზაო მონაკვეთი სრულად  განახლდება, რომლითაც ისარგებლებს 2500-ზე მეტი ადამიანი. პროექტის ღირებულება 2 658 160 ლარს შეადგენს. ასევე, კონჭკათი-შრომის (ორმეთის) დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, პირველ ეტაპზე აშენდება 3 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლისთვისაც 2 430 428 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება დვაბზუ – ნასაკირალის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც. 5 კილომეტრამდე სიგრძის გზის განახლებას მოხმარდება 2 305 440 ლარი. 2500-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს განახლებული გზით,”_ განაცხადა თალაკვაძემ.

 

ოზგეთის მერის თქმით, კიდევ ერთი ახალი პროექტი არის ბაილეთის ცენტრიდან ჭანიეთურის მიმართულებით, 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 1 416 670 ლარს შეადგენს.

 

 

                                  ახალი ავტობუსები  ოზურგეთისთვის – მუნიციპალური ტრანსპორტი განახლდება

 

უახლოეს დღეებში ოზურგეთში 8 ახალი ავტობუსი ჩამოვა – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„ვასრულებთ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაპირებას ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით – უახლოეს დღეებში ოზურგეთში 8 ახალი ავტობუსები ჩამოვა და ჩვენს თანამოქალაქეებს კომფორტული, თანამედროვე ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება ექნებათ,“ _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

                                                       ოზურგეთში სახლმუზეუმების განახლება იწყება

 

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის და სოფელ ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის სახლმუზეუმების განახლება იწყება

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მალე დაიწყება შალვა რადიანის სახლმუზეუმის განახლებას გულისხმობს. ტერიტორიაზე არსებული სახლმუზეუმის, დამხმარე ნაგებობების განახლებასა და ეზოს კეთილმოწყობას 257 137 ლარი მოხმარდება. წელს, ასევე მოხდება ჩვენთვის საამაყო მამულიშვილის, გიორგი სალუქვაძის სახლმუზეუმის განახლება. პროექტისთვის გათვალისწინებულია 118 916 ლარი,“ _განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

                                                 ისტორიული ძეგლების და მემორიალების განახლება ოზურგეთში

ოზურგეთში ქალაქსა და სოფლებში ისტორიული ძეგლების და მემორიალების განახლება განხორციელდა – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„გასულ წელს დავიწყეთ სოფლებსა და ქალაქში ისტორიული ძეგლების და მემორიალების განახლების პროცესი. უკვე გავაკეთეთ: ქალაქ ოზურგეთში, ძიმითში, მაკვანეთში და ნაგომარში ომში დაღუპულთა მემორიალების განახლება; დაბა ლაითურში – 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის განახლება; სოფ. ოზურგეთში სამშობლოსათვის დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი მემორიალის რეაბილიტაცია; დაბა ნარუჯაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის მშენებლობა; ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის სრული განახლება,“ _ აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

მისივე თქმით ეს პროცესი წელსაც გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დაიწყება 1905 წელს, ნასაკირალთან მომხდარ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის რეაბილიტაციაც.

 

                                              ახალი პროგრამები  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით:

 

ავთანდილ თალაკვაძე: საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა იმ მოქალაქეებზე, ვისაც სოციალური პრობლემები აქვს და ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ახალი პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს.

„ 2024 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 18 სხვადასხვა პროგრამას დავაფინანსებთ. მერია დაეხმარება ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს, მრავალშვილიან დედებს, სოციალურად შეჭირვებულ ხანდაზმულ ადამიანებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს და სხვა ბენეფიციარებს. წელს მოხდება ძვირადღირებული კვლევის თანადაფინანსება ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის – პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (ე.წ. PET კატე) რომელიც ოქროს სტანდარტად ითვლება, და რომელიც 36% შემთხვევებში ცვლის მკურნალობის ტაქტიკას. მისი საშუალებით ხდება ონკოლოგიური დაავადების გავრცელების არეალის დადგენა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტის – ზომეტას დაფინანსებაც იწყება. ხოლო, 0-დან 18-წლამდე ბავშვებისათვის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას სახელმწიფო მოახდენს ყველა იმ შემთხვევაში, როცა სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდება საქართველოში შეუძლებელია,“_ აღნიშნავს თალაკვაძე.

მერის თქმით, იზრდება დაფინანსება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სათანადო სერვისების მისაწოდებლად – წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 45 000 ლარით მეტი დაიხარჯება. ასევე, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახებისთვის 100%-ით იზრდება პროგრამის დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს მათ გაძლიერებას. 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან კი სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასკოლო ნივთების შესაძენად მიიღებენ ვაუჩერს უკვე 100 ლარის ოდენობით.

 

                                                  ახალგაზრდების წახალისების და მხარდაჭერის პროგრამა ოზურგეთში:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად, 70%-იანი გრანტის მფლობელებიც წახალისდებიან _ ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„ 2024 წლიდან ვაფართოებთ  ჩვენი ახალგაზრდების წახალისების და მხარდაჭერის პროგრამასაც. კერძოდ: 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად, წახალისდებიან 70%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდებიც.მერის ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით დაუწესდება საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და ეუფლება შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: აგრონომია, სურსათის უსაფრთხოება, ვეტრენინარია და ენერგეტიკა,“ _ განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მისივე თქმით, დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 000 – პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდებათ 400 ლარით, ხოლო ყველა მომდევნო სემესტრის დაფინანსება განისაზრვრება წინა სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობით 300-დან 600 ლარამდე.

 

                                                              ოზურგეთის მერი რადიკალურ ოპოზიციაზე:

ავთანდილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია ნაცმოძრაობის საპარლამენტო სიაში მოსახვედრად ყველაფერს კადრულობს და საკუთარი ქალაქის, საკუთარი კუთხისთვის ტალახის სროლას არ ერიდება.

 

ოზურგეთის მერის თქმით, ისინი საკრებულოში პოლიტიკურ ისტერიკაში ვარდებიან როცა გაზრდილ ბიუჯეტს და დაგეგმილ პროექტებს ხედავენ. რაც მეტი კეთდება, მით უფრო უბედურად გრძნობს თავს რადიკალური ოპოზიცია.

მინდა გამოვეხმაურო რადიკალურ ოპოზიციას ჩვენს საკრებულოში, რომელთაგან თითოეული, ნაცმოძრაობის საპარლამენტო სიაში მოსახვედრად ყველაფერს კადრულობს და საკუთარი ქალაქის, საკუთარი კუთხისთვის ტალახის სროლას არ ერიდება. რაც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააფუჭეს და გაფლანგეს, მერე კი ოპოზიციაში ყოფნისას სიმართლის და რეალობის გადაკეთებით, ცილისწამებით და დეზინფორმაციით ზიანი მიაყენეს ქვეყანას – ახლა უსინდისობით და უნიჭო ვიდეოჩართვებით უნდათ გადაფარონ.  ოზურგეთში, ბოლო წლების განმავლობაში პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული, რადგან საკმაოდ თბილად იყვნენ. არჩევნები პირწმინდად წააგეს და ყველაფერი რატომღაც მერე გაახსენდათ: იმ სიახლეების და პროექტების ფონზე, რაც უკვე განვახორციელეთ, მაინც უტიფარი განცხადებებით გამოდიან და 2 წელიწადში ითხოვენ ჩვენგან იმ საქმის გაკეთებას, რისთვისაც ხალხმა მერი 4 წლით აირჩია. მოგიწევთ დაცდა და საკმაოდ დიდ ხანსაც, რადგან ხელისუფლებაში თქვენნაირი ანტიქართული და ანტიევროპული პარტია ვერასოდეს დაბრუნდება. რადიკალური ოპოზიციის წევრები ოზურგეთში, ხან ჩვენს მიერ განახლებულ შენობებთან და ახლად დაგებულ გზებზე დგანან და ისტერიულად გვაკრიტიკებენ, რომ არაფერი გაკეთებულა; ხან საქართველოს ევროპული წარმატებების ფონზე, ევროპელობას გვიწუნებენ; ხან საკრებულოში პოლიტიკურ ისტერიკაში ვარდებიან როცა გაზრდილ ბიუჯეტს და დაგეგმილ პროექტებს ხედავენ. რაც მეტი კეთდება, მით უფრო უბედურად გრძნობს თავს რადიკალური ოპოზიცია. არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე – გურიაში სტიქიამ რომ ჩაიარა, ბოტები ჩაიცვეს, პატარა ნაკადულში ჩადგნენ და იქედან აწონებდნენ თავს ერთმანეთს,“_ განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მერის თქმით, ოზურგეთში ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

 

„ რადიკალური ოპოზიცია რომელიც 11 წელია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, რა გასაკვირია რომ იგივეს აკეთებს ოზურგეთშიც? რაც მეტი კეთდება მით უფრო უბედურად გრძნობენ თავს. მივყვებით გეგმას – რაც იყო ჩვენს 8 პუნქტიან პროგრამაში – ყველაფერს თანმიმდევრულად გავაკეთებთ,“ _ აღნიშნავს თალაკვაძე.

 

                                                                                მუნიციპალური დოკუმენტი:

 

ოზურგეთში დასრულდა მუშაობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე.

„დაინტერესებულ მხარეებს მინდა ვუთხრა, რომ დასრულდა მუშაობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტზე – ეს არის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე. მასში გაწერილია ადგილობრივი ხელისუფლების ხედვა, მიზნები და ამოცანები, ასევე, მათი მიღწევის კონკრეტული მექანიზმები,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ გეგმით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი კურსი მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

„აქვე გეტყვით, რომ დასრულდა მუშაობა მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალურ დოკუმენტზე, რომელიც სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ პრიორიტეტებად განისაზღვრა 11 მიზანი და 30 ამოცანა. ეს დოკუმენტები საკრებულოს უკვე წარედგინა განსახილველად. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და ყველა საჯარო მოხელეს ვინც ჩართული იყო, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს დოკუმენტების შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის,“ _ აღნიშნა მერმა.

 

 

 

                                        2024 წელს ოზურგეთი მიიღებს დამატებით 3 ახალ ნაგავმზიდს, რომელიც მოემსახურება მუნიციპალიტეტს

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას

„წელს, ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას – ვზრდით დასუფთავების მომსახურების არეალსაც. ამ მიზნით, განხორციელდება მატერიელურ-ტექნიკური ბაზის განახლება: 2024 წელს ოზურგეთი მიიღებს დამატებით 3 ახალ ნაგავმზიდს, რომელიც მოემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს,“_  განაცხადა მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა მოხდება დამატებით ნაგავშემკრებ კონტეინერების შეძენაც. ამავე დროს, დაწყებულია დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი სისტემის დანერგვა, საიდანაც მიღებული შემოსავალი ისევ და ისევ სერვისის მიწოდებას და მის გაუმჯობესებას მოხმარდება.

 

                                                               კომპენსაციები სტიქიით დაზარალებულთათვის:

ოზურგეთში კომპენსაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 152-მა ოჯახმა მიიღო – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„ მთავრობასთან ერთად განვაგრძობთ მუშაობას გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. უკვე კომპენსაცია მიიღო 152 ოჯახმა და კიდევ 319 ოჯახს ვეხმარებით, რათა შეიტანონ განაცხადი და სათანადო დოკუმენტაცია კომპენსაციის მისაღებად. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება,“ _  განაცხადა მერმა.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 76
    კურორტ ბახმაროს ცენტრში „მაგთის“ ანძა უნდა აღმართონ?მოსახლეობა  კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
  • 75
    ადგილობრივი თვითმმართველობა და გამოწვევები განიხილეს2021 წლის 26 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021“ გაიმართა. კონფერენციაზე განიხილეს დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და გამოწვევები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდა კარგი პრაქტიკის გაზიარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წარმომადგნელებთან ერთად. დავით დარჩიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის…
  • 74
    ნაბეღლავში მეწყერი წამოვიდანაბეღლავში წამოსულია მეწყერი წაქცეულია ელექტრო-ენერგიის ბოძები გაფუჭებულია გზის საფარი ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო გზების დეპარტამენტი სამაშველო პოლიცია გზა გახსნილია მიმდინარეობს ეკექტრო-ენრგიის აღდგენითი სამუშაოები _წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,  ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ხევის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად მამალაძე. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია,ენერგო-პროსა და გზების დეპარტამენტის ბრიგადები.   ამ მომენტისთვის გზა გახსნილია. მიმდინარეობს გზის…
  • 71
    რას უწუნებენ საგზაო კომპანიას მაკვანეთელები_ ათეული წლებია  ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს  ერთი ფენა.(გვითხრეს,…