კომპანია ბახვი ჰესი _ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებსა და რეგიონის განვითარებაზე

 

(ინტერვიუ ბრენდის „ტაბერნე გურიაში _აცანა“ დამფუძნებელთან,   ქალბატონ  კესო მახარაძესთან)    

_ წლების მანძილზე როგორც ჟურნალისტი,   სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან ინტერვიუებს   ვამზადებდი და ვთავაზობდი  საზოგადოებას, ახლა ცოტა უჩვეულო ამპლუაში ვარ, ჩემთან ინტერვიუ მზადდება…

ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჟურნალისტის პროფესიას დავუთმე  ჩემი ცხოვრების გამორჩეული 15 წელი.

ტურიზმის სექტორში ჩემი გადასვლა კი,რამდენიმე გარემოებამ განაპირობა.

განვითარებაზე მუდმივად ორიენტირებული ადამიანისთვის ძიება ჩვეულებრივი ამბავია.

გამაჩნია  საბაზისო მატერიალური ქონება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში საცხოვრებელი სახლისა და ეზოს სახით, საქუხიას კანიონსა  და ელინაბადოს ჩანჩქერთან მიმდებარედ, რომელიც გამოირჩევა საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობით,  უნიკალური ხედებით, ირგვლივ მშვიდი, მწვანე, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, უნიკალური გარემოთი, წყლით, ჰაერითა და  მოწესრიგებული გზით,  ამ გარემოებამ გარკვეულწილად მიკარნახა და მე და ჩემს შვილებს და ,,გაგვაბედინა“ პირველი ნაბიჯების გადადგმა ტრიზმის მიმართულებით.

გავხდი მეწარმე ქალი და რამდენიმე საერთაშორისო პროექტის მხარდაჭერით დავიწყე სამეწარმეო უნარების განვითარება.

სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მცირე ბიზნესის დასაწყებად მუხლჩაუხრელ შრომასთან ერთად რამდენიმეწლიანი ფიქრი, მთელი ჩემი მატერიალური და არამატერიალური  რესურსი და ინტუიცია გახდა საჭირო. ხუთი წლის წინ გადავდგი პირველი ნაბიჯი და  შედეგი უკვე სახეზეა,ერთ-ერთი საერთაშორისო  პროექტის ფარგლებში ,,ტაბერნე გურიაში -აცანა“ უკვე არის ბრენდი,  ღირებულება, ბიზნესი, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატით დასტურდება.

აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ შესაძლოა მთელი ჩემი ძალისხმევა ფუჭად ჩავლილიყო, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიღებული რამდენიმე მცირე გრანტი და სხვადასხვა სარგებელი.

კონცეფცია, რაზეც დაფუძნდა  ,,ტაბერნე გურიაში -აცანა“-ს ღირებულება, გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გასტრონომიული ხაზი,  ვიზიტორებისთვის  განსაკუთრებული შეთავაზება _ გურული ბრინჯულას მასტერკლასი, რომელიც მზადდება ორასი წლის ისტორიის მქონე ავთენტურ გურულ საცხოვრებელში შუა ცეცხლზე გაცხელებულ ქვის კეცზე, მარგალიტა ბებიის რეცეპტით,  ბრინჯის ფქვილით, ყველით, კვერცხით და ჩემი პატარა საიდუმლოებით.

ქვის კეცზე ბრინჯის ფქვილით და ავთენტური რეცეპტით  ბრინჯულას მასტერკლასს   და დეგუსტაციას ვიზიტორებს სხვაგან არსად არ სთავაზობენ. აქ ასევე შესაძლებელია  ფილში ჩანაყული სუნელის,  სახელდახელო სალათის ან ფხალეულის მომზადება და დეგუსტაცია, სეზონური ხილისა და ბოსტნეულის დაკრეფა და დაგემოვნება.უახლოეს მომავალში, გაფართოების შემდეგ, სამზარეულოს მასტერკლასებს უკვე  ახალ  სივრცეში შევთავაზებთ  ვიზიტორებს.

შემდეგი  მიმართულება გახლავთ გურულ ავთენტურ სივრცეში  გამოფენილი ეთნო ნივთები, მათი ეთნო და ადამიანური ისტორიებით, რომელსაც ამდიდრებს ჩვენი ოჯახის რამდენიმე თაობის   საარქივო მასალები.

ტაბერნეს სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა  ბრინჯულას მომზადებისა და გამოცხობის პროცესში მოისმინონ რეალური და უნიკალური ადამიანური ისტორიები, რომელთა ბედი დაკავშირებულია ეთნოსივრცეში გამოფენილ ნივთებთან…

ოჯახის წინაპრების ისტორიები  ჩვენი სამშობლოს  სხვადასხვა ეპოქაში ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ეს ისტორიები მრავალფეროვანია, მოიცავს როგორც პოლიტიკური ნიშნით გაციმბირებულ  პოლიტმატიმრების, ისე მარჩენალის გარეშე დარჩენილი მოხუცებისა და ღვთის იმედზე დარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვების საოცრად ემოციურ ბიოგრაფიულ ფრაგმენტებს. მათ  ბიოგრაფიაში ერთი საერთო დეტალია, ცხოვრების გარკვეული პერიოდით ისინი ამ ორასი წლის ისტორიის მქონე სახლში ცხოვრობდნენ.

სხვათა შორის, ამ ნაწილშიც ძალიან გამომადგა ჩემი პროფესია, რადგან როგორც ჟურნალისტს, კომუნიკაბელურობის წყალობით არ მიჭირს ემოციური კავშირის დამყარება აუდიტორიასთან.  ოჯახის თხრობითი ისტორიები ჩვენს ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან დაფუძნებულია რეალურ ამბებზე და იწვევს დაუვიწყარ ემოციებს.

გასული სეზონიდან მოთხოვნა გაჩნდა ღამისთევის  სერვისზე და წელს ახალი სეზონიდან  ,,აწარმოე საქართველოს“ გრანტის ფარგლებში  ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ახალად აღჭურვილი ორი ორადგილიანი სასტუმრო ნომრით. ასე შეიქმნა საოჯახო სასტუმრო სახლი ,,ტაბერნე გურიაში-აცანა“.

აღსანიშნავია  ის  ფაქტიც, რომ თემის ქალების გაძლიერების მიზნით დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტაბერნე გურიაში ქალებისთვის’’. ორგანიზაციის დაფუძნება მიკარნახა თემში ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცის იდეამ და თემის ქალების გაძლიერების სურვილმა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მე მათთვის მოტივაცია გავხდი.

ვიზიტორების მხრიდან  მოთხოვნა გაჩნდა ეკოლოგიურად სუფთა  ადგილობრივ ნაწარმზე, როგორიცაა გურული ჯანჯუხა, სხვადასხვა ველური ყვავილებისგან ხელით დამზადებული ჩაი, თაფლი და თაფლის პროდუქტები, რძის პროდუქტები, ხელით ნაკეთი სუვენირები (თიხის, ბამბუკის ნივთები და ჭილით ნაქსოვები) და თემის ქალებსაც გაუჩნდათ შემოსავლის წყარო, ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რომელიც ერთმანეთის გაძლიერებას ემსახურება, მაგრამ ამ კუთხით მეტად განვითარებას ვისურვებდი, მაგალითად, როგორ შევფუთოთ ადგილობრივი ნაწარმი და როგორ შევქმნათ სარეალიზაციოდ შეთავაზების კალათა.

თემის ქალებთან ერთად მონაწილეობას ვღებულობ ასოციაცია ,,ჩაის გზის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალებში, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაციას.

_ქალბატონო კესო, თქვენ ჩვენს ბევრ კითხვას უპასუხეთ, თუმცა ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი განახლებადი ენერგიის შესახებ.

_როგორც სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალი და თან საოჯახო სასტუმრო სახლის მეპატრონე, ვფიქრობ გამოვიყენო შესაძლებლობა და გაზეთის ფურცლებიდან ორ მეტად სენსიტიურ საკითხზე, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობის თემაზე გიპასუხოთ: _ მოხარულივიქნები, თუკი,რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხელმისაწვდომი გახდება მცირე ბიზნესის სექტორში დასაქმებულთათვის განახლებადი ენერგიის ყოველდღიურობაში დანერგვადა გამოყენება. ჩემი ოცნებაა, საკუთარ სივრცეში ვიხილო მზის ელექტრო სადგური, რომლითაც შესაძლებელი გახდება გათბობის სისტემის დამონტაჟება ( ეს მეთოდი საგრძნობლად შეამცირებს ხარჯებს და არის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა).

ძალიან საჭირო და ერთგვარად მტკივნეული თემაა ასევე ბიოგამწმენდი საკანალიზაციო სისტემის თემა.მოგეხსენებათ, გურიაში სოფლებში არ არსებობს ერთიანი საკანალიზაციო სისტემა, რაც არსებობს, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს, აბინძურებს ნიადაგს, მდინარეებს, ღელეებს, მოქმედებს ფუტკარზე.თუკი,ბიოგამწმენდი დანადგარების შეძენა და დამონტაჟება მასიურად ხელმისაწვდომი გახდება, არა მარტო ეკოლოგიას მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, არამედ ბევრი უხერხულობა მოიხსნება დღის წესრიგიდან.

აქვე,აუცილებლად მინდა შევეხო მცირე ჰესების საკითხსაც, რომელთა გავლენა გარემოზე (ბახვი ჰესის მაგალითზე) მინიმუმამდეა დაყვანილი.მე ვფიქრობ, ასეთი მცირე ჰესები საბოლოო ჯამში უფრო მეტ სარგებელსა და პოზიტიურ გავლენას ახდენენ გარემოსა და ადამიანებზე.მიმაჩნია, რომ მათთან პროდუქტიული თანამშრომლობას ტრატეგიული და ეფექტური მეთოდია ჩვენს მოცემულობაში.

და ბოლოს,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და წარმატებები.

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი

წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან _მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 74
    „სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი იდენტობის უნიკალური ნიშაა, თავდაუზოგავი შრომითა და კარგი განათლებით გამოხატული“კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი  „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით,    კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი   გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული  ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის  იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
  • 74
    სოფელ ზოტის ეკონომიკის განვითარებაბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
  • 72
    გაუდაბნოება საქართველოში — როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულიადედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
  • 72
    აკაკი ღლონტი: „უნდა შევცვალოთ აზროვნება და მასთან ერთად შეიცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მათ შორის მიდგომებიც“„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…