ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა

 

დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით.

იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით.

გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი თამაზ სალუქვაძე წლების მანძილზე მუშაობდა ყაზბეგში გაზეთ „დარიალის“ რედაქტორად, ხევის სიძე გახლდათ. თამაზის რეკომენდაციით  ქირიკაშვილებმა პირველი ყურადღება მიგვაქციეს. შევხდით ცნობილი მთამსვლელის და სახალხო მთქმელის იაგორ კაზალიკაშვილის ოჯახის წევრებს.  ( იაგორის შვილიშვილი მერი კაზალიკაშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების ყაზბეგის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა), შემდეგ მყინვარწვერის პლატოზე 3700 მეტრ სიმაღლზე აგებულ უზარმაზარ მეტეოსადგურში, რომელიც ამჟამად მთამსვლელების ბაზაა, ამ შენობის ამგების, მთისპირელი კაცის დავით შარაშიძის სახელიც წაგვეშველა და მოკლედ, ჩვენი ტურისტული ჯგუფი გერგეტის მყინვარის გავლის შემდეგ მეტეოზე ავიდა.

ჩვენს ჯგუფს, ცნობილი მთამსვლელი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემიონი მთამსვლელობასა და მეკლდერულობაში, შხარაზე ცნობილი ასვლის დროს გურამ თიკანაძის მეწყვილე თამაზ ბაქანიძე ხელმძღვანელობდა.

გულთბილი მიღება, დაბინავება, და მომდევნო დღეებში დავიწყეთ მომზადება მწვერვალზე ასასვლელად.გულწრფელად გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას მეტეოსადგურზე მყოფი ქართველი და უცხოელი ალპინისტები. განსაკუთრებულად დაინტრესდნენ  სამჭედლოში სახელდახელოდ დამზადებული პრიმიტიული წრიაპებით, რომლის არცერთი ცალი ექსპედიციის დასრულების შემდეგ უკან არ გამოგვატანეს, სამახსოვროდ დაიტოვეს. ნამდვილი წრიაპი ჩვენს ჯგუფში მხოლოდ ბატონ თამაზს ჰქონდა. ჰო, დამავიწყდა, სპეციალური თოკი  საქართველოში მდგრადი ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა  ვანო ვაშაყმაძემ გადმოგვცა….

18-ში გერგეთის მყინვარზე „გენერალური“ ვარჯიში ჩაატარა ბატონმა თამაზმა. მთავარი ჯგუფის წევრები: რევაზ ცქვიტინიძე, შოთა ცხონელიძე და ამ სტრიქონების ავტორი ნაპრალების და სხვა წინაღობების დაძლევაში გვავარჯიშა. ისე „გავერთეთ“ ვარჯიშის დროს, რომ მწვერვალ „ორწვერის“მთავარი ქედის ძირში (4000მ.) კი ავედით. კარგი ამინდი იყო და შეგვეძლო ქედზეც ავსულიყავით, მაგრამ დაღამებამდე 2 საათიღა რჩებოდა და ასვლა არ გავრისკეთ. მეტეოსადგურში დავბრუნდით.

თამაზ ბაქანიძემ გვთხოვა, ადრე დაგვეძინა, რადგან მწვერვალზე საიერიშოდ ღამის 2 საათზე უნდა გავსულიყავით. კი დავწექით, მაგრამ არ გვეძინებოდა. 2-3 ჯერ ავდექი და გარეთ გამოვედი,  მწვერვალს  ვუცქერდი_ თითქოს აქვე,  ხელისგაწვდენაზე იყო მყინვარწვერი…

დახლოებით ღამის 01 საათზე ამინდი აირია. ეს მთაში ჩვეულებრივი მოვლენაა…ძალიან ვწუხდით. მალე თამაზმა გვითხრა, რომ ცუდ ამინდში მწვერვალზე ვერ ავიდოდით..

გათენდა. დანა პირს არ გვიხსნის. ჩაგვივარდა ექსპედიცია. აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით, რადგან ჩვენთან სხვებიც არიან და ასე მაღალ სიმაღლზე გაუჭირდათ აკლიმატიზაცია… დილით მთასვლელების ერთი ჯგუფი თბილისისაკენ გავაცილეთ. ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელს ვთხოვეთ, ორწვერზე ავსულიყავით…

ამინდი თითქოს ჩადგა და თამაზ ბაქანიძე დავითანხმეთ. ნელა მივიწევთ წინ. ცუდ ამინდში ქვათა ცვენაც გააქტიურებულია და ბედზე უსაფრთხოდ გავიარეთ ეს მონაკვეთი.

ამის შემდეგ გერგეთის მყინვარის ზედა მონაკვეთზე გავედით, სადაც არის უკიდეგანო ნაპრალები. თუ რა შედეგი მოაქვს, აქ უყურადღებობას, მყინვარის გაღმა დიდ ლოდებზე სურათებით და შესაბამისი სამწუხარო ინფორმაციებით მიხვდებით…

თოკში საიმედოდ ვართ ჩაბმულები. პირველი ჯგუფის ხელმძღვანელი მიდის. მას მე მივყვები, შემდეგ რეზო მოდის და ბოლოში შოთა არის ჩამკეტი.

ამინდი ნელ-ნელა კვლავ იცვლება. იმდენად დიდი იყო მწვერვალზე ასვლის სურვილი, რომ ჩვენ შიში დავძლიეთ და გზა განვაგრძეთ. ზოგან ნაპრალი თოვლითაა დაფარული და ვფრთხილობთ.

იმ ადგილამდე, წინა დღეს რომ ვიყავით, მშვიდობიანად მივედით. ქედზე უნდა გავიდეთ. გამოცდილი მთამსვლელი თამაზ ბაქანიძე ჭრის თოვლყინულზე საფეხურებს, თავადაც ადის და თოკს ზემოთ საიმედოდ ამაგრებს. მორიგეობით ავდივართ.

შოთას ასვლისას ქედიდან დიდი ქვა დაგორდა, თუმცა შოთა თითქმის ამოსული იყო, ქვის ვარდნის სიჩქარეც დაბალი, ხელით შეუცვალა მიმართულება   და გადავრჩით.

ორწვერის სიმაღლე ზღვის დონიდან 4222 მეტრია. გერგეთის მყინვარისა და მდინარე ქესიის წყალგამყოფი ქედის სიმაღლე ალბათ 4100 მეტრია. ქედზე რამდენიმე გუშაგია დასაძლევი, რომ მწვერვალამდე მიხვიდე. ქარია და სახიფათოა წინსვლა.

_თუ რომელიმეს ფეხი დაუცდეს და ხრამში გადავარდეს, მომდევნო მეორე მხარეს გადახტეს!_გვესმის თამაზის ხმა.

გაკვირვებულნი ვუყურებთ. გამოცდილი მთამსვლელი მიხდა, რომ ჩვენ ვერ ჩავწვდით ნათქვამის არსს და ჩაილაპარაკა: _მე გადავტები. ე.ი. ერთგავრ უნაგირს მოვაწყობო…

რევაზ ცქვიტინიძეს დიდი ვიდეო კამერა „პანასონიკი“ მოაქვს, მაგრამ ბევრ მომენტს ვერ იღებს, ისე ჭირს მოძრაობა და უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს…

გავიარეთ რამდენიმე გუშაგი და მწვერვალსაც მივადექით. ამაყად ავწიეთ წერაყინები და „ვაშა“ შემოვძახეთ. სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, სადაც მხოლოდ მწვარვალის თავი მოჩანს, დანარჩენი ნისლშია მოქცეული.

სწრაფად მოვძებნეთ წინა ჯგუფის მიერ დატოვებული წერილი, ავიღეთ (ჰოლანდილები იყვნენ) და ჩვენს მიერ საგულდაგულოდ შედგენილ წერილს ვტოვებთ სათანადო ადგილას. ყოველი შემთხვევისათვის წერილი ქართულ და ინგლისურ ენაზეა შედგენილი.

უკან დავბრუნდით. შოთა და რეზო მშვიდობიანად დავუშვით თოკით ქვემოთ,მაგრამ ჩვენ პრობლემა გვაქვს. ქედზე საიმედო ადგილი ვერ ვიპოვეთ თოკის დასამაგრებლად. ალბათ ნახევარი საათი დავკარგეთ. როგორც იქნა, დავეშვით ქვემოთ…

აქ კი მდგომარეობა შეიცვალა. ისეთი სიძლიერის ჭექა-ქუხილი დაიწყო, ორი წლის წინ გომისმთაზეც კი არ გვინახავს, როცა ზამთარში მყინვარწვერზე ასასვლელად ვემზადებოდით. გომისმთაზე უცებ მოვიდა დიდი თოვლი და მისმა საფარმა ზოგან 2,5-3 მეტრს მიაღწია. ჩვენი გადარჩენა, მხოლოდ უფლის წყალობა იყო და ჩვენს დიდ რწმენაზე დამოკიდებული…

ახლა კი უფლის წყალობასთან ერთად თამაზის გამოცდილებაზე ვიყავით დამოკიდებულები.

იგი ცდილობდა ჩვენ არ ჩავარდნილიყავით პანიკაში და არასწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა.

_გადაყარეთ რკინის საჭურველი…

ჩვენ უცებ გადავყარეთ მოშორებით წერაყინები და სხვა აღჭურვილი. რეზომ „პანასონიკიდან“ ძლივს  მოგროვილი ფულით ნაყიდი აკუმულიაოტორიც ამოიღო და უფრო შორს მოისროლა.

_არ იმოძრაოთ, ფეხის წვერებზე იყავით წრეში ჩამჯდარი _ახალი ბრძანება.

ჩვენ უსიტყვოდ ვემორჩილებით. ვხედავთ ელვა ჩვენს გარშემო და უფრო ქვემოთ იკლაკნება, რასაც გამაყრუებელი ჭექა-ქუხილი მოჰყვება. თითქოს დათბა, არადა ძლიერად ყინავს.

_სფერული ელვა _რეზომ თუ შოთამ შეამჩნია…

თამაზს შევხედე. ფერი ეცვალა კავკასიონზე, პამირ-ტიან შანში თუ ევროპის არაერთ მწვერვალზე ნამყოფ კაცს. ვხდები, რომ დიდი საშიშროების ქვეშ ვართ… ჭექა-ქუხილს ძლიერი სეტყვა მოჰყვა. თითქოს ქვები დაგვიშინეს. მჭიდრო წრე გადაკეთეთ და ნაწილობრივ ერთმანეთს ვიცავთ… საბედნიეროდ, სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა..

ქვემოთ დასაშვები გზა თითქოს წაიშალა. ჩვენი ნივთები კი მოვაგროვეთ, მაგრამ რეზოს ვიდეოკამერის აკუმულიატორი ვეღარ ვიპოვეთ. დროც არ გვაქვს. ღამდება. ჩვენს მიერ გზის ნიშნულებად დატოვებული ალპენშტოკები არც კი ჩანს. ნაპრალები გადაფარულია თოვლით. ერთ ადგილას რევაზი ჩავარდა ნაპრალში, მაგრამ თოკი დავქაჩეთ და ამოვიყვანეთ.

როგორც შემდეგ გვითხრა, როცა ქვემოთ ჩავიხედე, საშინელი უფსკრული და სიბნელე ჩანდაო.

გზაში მოწინავე შეიცვალა. თოკის თავში შოთა დგას. იგი ადრე სამთო ველოსიპედისტი იყო და კავკასიონის უღელტეხილებზე იყო ნამყოფი.როცა სამშვიდობის გამოვაღწიეთ, შოთამ გვითხრა _როცა მოვდიოდი, წინ მომიძღვოდა მანათობელი ხაზიო…

გვიან ღამით დავბრუნდით ბანაკში. ქართველი და უცხოელი მთამსვლელები უკვე ჩვენს დასახმარებლად აპირებდნენ გამოსვლას. ჩვენი ჯგუფის წევრის, ბადრი ინგოროყვას (აცხონოს უფალმა) ემოციური დახვედრა ხომ განსაკუთრებული იყო.

თამაზ ბაქანიძემ  ასეთ ცუდ ამინდში ასვლის გამო ალპურ კლუბში საყვედურებიც მიიღო. მიზეზი ჩვენ ვიყავით…

ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა. მადლობა უფალს.

ჩვენ შემდეგაც რამდენჯერმე ვიყავით კავკასიონზე, თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდა.

რევაზ და მამუკა ცქვიტინიძეების, შოთა ცხომელიძის ფოტოები.

მსგავსი სტატიები

  • 87
    „საუკეთესო ექიმი ხართ, მადლობა ჩემი ლაზარეს გადარჩენისთვის” - პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედის ემოციური პოსტი16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მოხდა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა. პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპ მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული…
  • 86
    ოზურგეთში მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვესგავცელებული ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში საშუალო ასაკის მამაკაცმა ს.ვ-მ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. იგი ქა. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ აიპში მუშაობდა. აღნიშნული მამაკაცი ჩამომხვრჩვალი რესტორან „ფიროსმანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მოხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.გვამი ექსპერტიზაზე ბათუმში წაიღეს.
  • 84
    სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი შენობა დაიწვადღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.
  • 83
    ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე ავტოასაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპაჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სამების ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცავია_ გიორგი ხაჯიბეგოვი სოფელ ვან ზომლეთიდან. ასევე დაღუპულია გოგა მეფარიშვილი (სოფელი გორა), თომა ჟღენტი. შემთხვევა დღეს მოხდა. 2 დაშავებული, ჩოხატაურში ჯანმრთელობის სახლ „გურიაშია“ გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
  • 82
    საქართველოში 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალაStopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 6021 შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გუშინ, გურიაში კოვიდინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 761 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 696 921, გარდაიცვალა 10 584 პაციენტი.