ავტორი : გიო კილაძე
ჰო, დღეს 13 მარტია _ ის დღე, როცა ჩემი საყვარელი გამომცემლობა დაიბადა. ათი წელი ვუჯექი ამ საქმეს ისე, რომ სკამიც კი არ გაცვდა – რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაჯდომის დრო არ მქონდა! მუხლჩაუხრელად კი არა, თავდაუხრელად ვმუშაობდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გავიფიქრე _ “კარგი, მგონი დროა წავიდე”.
არა, ნუ გაიფიქრებთ რომ გავიქეცი! უბრალოდ… სტრატეგიული უკანდახევა მოვახდინე. ჯერ მოადგილედ “დავქვეითდი” – სასკოლო წიგნების განყოფილებაში (სადაც ბავშვების ნაცვლად წიგნებს ვასწავლიდით როგორ უნდა ყოფილიყვნენ უფრო საინტერესოები). მერე კი, როგორც ჭკვიანმა კაცმა, საჯარო სამსახურში გადავბარგდი _ დროებით, როგორც მაშინ მეგონა. ახლა კი ვხვდები, რომ ეს “დროებითი” პენსიამდე გაგრძელდება (თუ პენსია მანამდე არ გაიქცა ჩემგან!).
ვწერ ამ სტრიქონებს ისე დაუვარცხნელად, როგორც ჩემი აზრები მოდის – მაგრამ მაინც უფრო დალაგებულად, ვიდრე ჩემი ცხოვრების ის პერიოდი იყო. წისქვილის ქვაზე კი არ ვფიქრობ _ რა უნდოდა ჩემს თავზე, მაგრამ რა ვქნა, როცა თვითონ მოვიდა! გამომცემლობა არც მონური შრომა ყოფილა და არც ღვთიური სასჯელი (თუმცა ზოგჯერ ორივეს ძალიან ჰგავდა). ეს იყო ჩემი მეორე ოჯახი – თბილისური ოჯახი, სანამ საკუთარს შევქმნიდი. და როგორც ყველა კარგ ოჯახში, აქაც იყო თავისი დრამა, კომედია და ტრაგიკომედია.
არ დავიწყებ იმის მოყოლას, როგორი გენიოსი ვიყავი დედის მუცელში (კიდევ კარგი არავინ მეუბნებიდა: უკვე მაშინ ვკითხულობდი!). არც იმას მოვყვები, როგორ ვაოცებდი ყველას ჩემი სიბრძნით ბაღში (სინამდვილეში უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ნამცხვრებს ვჭამდი: მორიდებიტ და მცირე ლუკმებად.).
მხოლოდ ორ ადამიანს გავიხსენე ჩემი სტუდენტობის წინა პერიოდიდან პირველი გახლავთ ერთი გურული გოგო, რომელმაც მისაღებ გამოცდაზე გალაკტიონის პატრიოტული ლექსები ისეთი არტისტიზმით მიკარნახა, რომ თვითონ გალაკტიონიც კი იტყოდა – “ეს როგორ დამიწერიაო?!” წერტილ-მძიმეებით ისე მანიშნებდა, გეგონებოდათ მორზეს ანბანს სწავლობდა პარალელურად. მეორე კი იყო ერთი გოგო – ჩემი კონკურენტი აბიტურიენტის და, რომელმაც ისეთი რწმენით მომიჭირა ხელი და ჩამჩურჩულა “აუცილებლად ჩააბარებო!”, რომ იმ წუთას მივხვდი _ თუ ვერ ჩავაბარებდი, ეს ხელის მომჭერი გოგო მომძებნიდა და უარესს მიზამდა! ასე რომ, ჩავაბარე _ თავის გადარჩენის მიზნით! ამ ორმა ადამიანმა ისეთი კვალი დატოვა ჩემს წინა სტუდენტურ ცხოვრებაში, რომ დღესაც კი, როცა წერტილ-მძიმეს ვხედავ ან ვიღაც ხელს მართმევს, გული საგულეს აღარ ჩერდება!
წიგნების სუნი
ოთახში იმდენი სიგარეტის კვამლი იდგა, გეგონებოდათ ორთქმავალი შემოვარდაო. ათი წელი არც ერთი არ მოუწევია და დღეს გადაწყვიტა დაენაღმა საკუთარი ფილტვები _ ყველა სიგარეტი სანახევროდ, როგორც ცუდი წიგნი რომ ვერ ამთავრებ ბოლომდე. საფერფლეში ნახევრად დამწვარი სიგარეტების არმია ჩამწკრივებულიყო, რამდენიმე ჯერ კიდევ “სულს ღაფავდა”.
კედელზე ჩამოკიდებული საათი, რომელიც ისეთივე მოთმინებით ითვლიდა წუთებს, როგორც კორექტორი _ შეცდომებს, ათ საათს უჩვენებდა. თავი უკვე მძიმედ ედო მაგიდაზე – თითქოს მთელი კვარტლის საგამომცემლო გეგმა დაეკისროს. მაგიდაზე ხელნაწერები და კორექტურები ისე მწყობრად ელაგა, როგორც სტამბის მუშები დილის მორიგეობაზე _ ელოდნენ როდის დააწითლებდა რედაქტორი მათ “სისხლისფერი” პასტით.
“დირექტორი”, _ გაიფიქრა და ისე გაეღიმა, თითქოს ვიღაცას “შექსპირის სონეტების” ნაცვლად “პეპი გრძელიწინდა” შემოეთავაზებინა საკითხავად. ეს სიტყვა ისევე უხდებოდა, როგორც მეთევზეს _ ფრაკი.
ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ ხალხი დარბოდა, როგორც ასოთამწყობები დედლაინის წინ. “ნეტავ რამდენი მათგანი ელოდება ჩვენს ახალ წიგნებს?” _ გაიფიქრა, _ “და რამდენმა იცის რა სუნი აქვს სტამბიიდან ახლად გამოსულ ფურცლებს _ ეს ხომ საგამომცემლო სამყაროს დაუფასებელი არომატია!”
გაახსენდა უნივერსიტეტის პროფესორის სიტყვები: “წიგნები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ ბინას იცვლიან _ როგორც სტუდენტები სესიების დროს”. ახლა ეს სიტყვები სხვანაირად ესმოდა _ წიგნები მართლაც არ კვდებოდნენ, უბრალოდ ზოგჯერ “ციფრულ კომაში” ვარდებოდნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის წერილი მაგიდაზე იდო _ სთავაზობდნენ არა უბრალოდ სამსახურს, არამედ მთელ საგამომცემლო პენსიას! საუკეთესო გზა იმის გასაგრძელებლად, რაც უკვე საუკეთესო იყო (თუ არ ჩავთვლით კაფეტერიის ფასებს).
ტელეფონმა დარეკა. ახალგაზრდა ავტორი იყო, უკვე საქვეყნოდ ცნობილი, და მაინც, ვისაც სულ რამდენიმე თვეღა ჰქონდა დარჩენილი ამიერში… ახალი ხელნაწერის შესახებ უნდოდა საუბარი. ყურმილს დახედა, როგორც ცნობილი პოეტი დახედავდა საკუთარ უკანასკნელ ხელნაწერს.
“არა”, – თქვა ისეთი სიმშვიდით, როგორც მკითხველი ამბობს უარს ბესტსელერზე, – “დღეს ვეღარ შევძლებ”.
საღამოს, როცა ოთახიდან გადიოდა, უკანასკნელად შეისუნთქა ნაბეჭდი წიგნების სუნი. ეს სუნი უკვე მის ბინაში იყო ჩაწერილი, როგორც კარგი ლიტერატურული გემოვნება _ გარდაუვალი და მემკვიდრეობითი.
ხვალ უკვე სხვა სუნი დახვდებოდა _ ძველი წიგნების, ტყავის ყდების და ისტორიის. როგორც ანტიკვარიატის მაღაზია _ ძვირფასი, მტვრიანი და სავსე საგანძურით, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი წიგნის ჭია იპოვის.
პირველი დღე
წვიმიანი სექტემბრის დილის 11.45-ია. ყოფილი სახელმწიფო ბანკის შენობის კიბეებს ის ნელა აუყვება, თითოეულ საფეხურს დააკვირდება. ქვის საფეხურები დროთა განმავლობაში გაცვეთილა _ ათასობით ფეხს გაუვლია მათზე, სანამ ეს შენობა ჯერ კიდევ ბანკი იყო. ახლა კი, როცა ეროვნული ბიბლიოთეკა გამხდარა, კიბეები კვლავაც აგრძელებენ თავიანთ უხმო მოწმობას დროის დინებაზე.
წვიმის წვეთები მის ქოლგაზე დააკაკუნებენ რიტმულად, თითქოს საათის წიკწიკს ბაძავენ. დრო აქ სხვანაირად არსებობს _ არა წუთებით და საათებით, არამედ საუკუნეებით. მონუმენტური სვეტები, რომლებიც შესასვლელს იცავენ, თითქოს სხვა ეპოქიდან მოსულ მცველებს ჰგვანან. მათ ძირში პატარა გუბეები დამდგარა, რომლებშიც ხვალ ცა აირეკლება _ ნაცრისფერი, მოღუშული, ოქტომბრისეული.
ვესტიბიულში შესვლისთანავე სხვა სამყაროში გადაინაცვლებს. გამომცემლობაში ყოველი დილა ახალი წიგნების სურნელით იწყებოდა _ საღებავის მწვავე არომატით, ახლად დაბეჭდილი ფურცლების სიახლით, წებოს მძაფრი სუნით. ეს სუნი ხშირად მთელი დღე სდევდა _ სახლშიც კი მიჰქონდა ტანსაცმელზე შემორჩენილი. მაგრამ აქ… აქ სულ სხვა სუნი დგას. დროის სუნი. წარსულის სუნი. საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის არომატი.
გაყვითლებული ფურცლების, ძველი ტყავის ყდების, მტვრიანი თაროების სურნელი ნესტიან ჰაერში ირევა. ეს არის სუნი, რომელიც მხოლოდ ბიბლიოთეკებში გხვდება _ იდუმალი, ღრმა, დამაფიქრებელი. თითქოს ყველა წიგნს, რომელსაც ოდესმე ხელი შეხებია, თავისი წვლილი შეუტანია ამ არომატში.
დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალ დერეფანში მისი ნაბიჯები ნელდება. კედლებზე ჩამწკრივებული პორტრეტები – მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები _ თვალს აყოლებენ. მათი მზერა მძიმეა, გამოცდილი. თითქოს ეკითხებიან: “შენ რა გინდა აქ? რა მოგაქვს ამ კედლებში?”
შეხვედრა დირექტორთან მოულოდნელად იწელება. საუბარი “ცისკრის” ბიბლიოგრაფიიდან იწყება და თანდათან ფართოვდება. საგამომცემლო განყოფილების შექმნაზე მსჯელობენ. დირექტორი _ მასზე რამდენიმე წლით უფროსი, მისი სიმაღლის, ოღონდ მოსული, მასზე განათლებული, კეთილთვალებიანი კაცია _ ნელა საუბრობს, თითოეულ მისკენ ნასროლ სიტყვას დიდი რუდუნებით წონის.
გამომცემლობაში ყველაფერი სხვანაირად იყო. იქ ერთი სიტყვა კმაროდა პროექტის დასაწყებად. “დავიწყოთ!” _ იტყოდნენ და უკვე მეორე დღეს მთელი გუნდი მუშაობდა. აქ კი… აქ ყველაფერს თავისი წესი აქვს, თავისი რიტუალი. თითოეული ნაბიჯი კარგად უნდა აიწონოს.
“ჩვენთან დრო სხვანაირად დის,” _ ამბობს დირექტორი, თითქოს მის ფიქრებს კითხულობსო. მის ხმაში რაღაც იდუმალი ჟღერს. _ “აქ წამი საუკუნეს უდრის და საუკუნე _ წამს. ზოგჯერ ერთი პროექტის დასრულებას წლები სჭირდება, მაგრამ შედეგი… შედეგი საუკუნეებს უძლებს.”
ეს სიტყვები აკრთობს. გამომცემლობაში მისი წიგნები რამდენიმე წელი ცოცხლობდნენ _ მერე ახალი გამოცემები ცვლიდა მათ. აქ კი… აქ წიგნები საუკუნეებს ცხოვრობენ.
დერეფნებში სიარულისას თვალს ვერ წყვეტს თაროებს. რამდენი ნაცნობი სახელი! რამდენი წიგნი, რომელთა გამოცემაზეც ოცნებობდა! ისინი აქ მშვიდად სხედან თავიანთ ადგილებზე, მოთმინებით ელიან თავიანთ მკითხველს. ზოგი მათგანი შეიძლება წლობით არ გაუხსნია არავის, მაგრამ ისინი მაინც იცდიან _ იციან, რომ ოდესმე ვიღაც მოვა და მათ სიბრძნეს აღმოაჩენს.
კაბინეტში შესულს მაგიდაზე “ცისკრის” ძველი ნომრები ხვდება. 1857 წელი _ თითქმის ორი საუკუნის წინანდელი ჟურნალები. ფურცლებს ფრთხილად ათვალიერებს. რამდენი ხელი შეხებია ამ გვერდებს? რამდენი თვალი გაჰყოლია ამ სტრიქონებს? რამდენი ფიქრი და ოცნება დაბადებულა ამ სიტყვების კითხვისას?
და ახლა მისი რიგია. უნდა აიღოს ეს ყველაფერი და ციფრულ სამყაროში გადაიტანოს. ახალი სიცოცხლე უნდა მისცეს მათ _ არა მხოლოდ შეინახოს, არამედ ხელახლა დაბადოს ახალი ეპოქისთვის.
ფანჯარასთან მიდის. აქედან ქალაქი სულ სხვანაირად ჩანს. გამომცემლობის ფანჯრიდან მხოლოდ მოპირდაპირე შენობა და გამვლელები მოჩანდნენ _ მუდმივი მოძრაობა, მუდმივი აჩქარება. აქედან კი მთელი პროსპექტი იშლება _ უზარმაზარი, მოძრავი, მაგრამ რაღაცნაირად შორეული. ხმაურიც კი აქამდე ძლივს აღწევს, თითქოს სხვა სამყაროდან მოდისო.
მაგიდას მიუჯდება და პირველი სამუშაო დღის ჩანაწერების კეთებას შეუდგება. ხელი ოდნავ უკანკალებს _ ისევე, როგორც მაშინ, როცა პირველად დაჯდა რედაქტორის მაგიდასთან. მაგრამ ეს სხვა კანკალია. მაშინ შიში და მღელვარება აკანკალებდა, ახლა კი… ახლა რაღაც სხვა გრძნობა ეუფლება.
თითქოს დიდი მდინარის პირას დგას. პატარა ნაკადულები, რომლებიც ამ მდინარეში ჩაედინებიან, მისი წარსული გამოცდილებაა _ ყველა წიგნი, რომელიც გამოუცია, ყველა სტატია, რომელიც დაუწერია. და ახლა ეს ნაკადულები ერთიანდება აქ, ამ უზარმაზარ მდინარეში, რომელსაც ისტორია ჰქვია.
“დღეს პირველი დღეა…” – წერს და ჩერდება. როგორ უნდა გადმოსცეს ეს გრძნობა? როგორ ახსნას, რომ აქ, ამ კედლებში, სადაც საუკუნეების განმავლობაში გროვდება ცოდნა, ახლა ისიც ხდება ამ დიდი ისტორიის ნაწილი?
წვიმა ისევ აკაკუნებს ფანჯარაზე. ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეში ეს ხმა განსაკუთრებით ნათლად ისმის. სადღაც შორს, დერეფნის ბოლოს, ვიღაცის ნაბიჯების ხმა ისმის და წყდება. დრო კი მიედინება _ ნელა, აუჩქარებლად, როგორც ყოველთვის ამ კედლებში.
წვიმაა დილით. წვეთები ისევ ეკიდება ეროვნული ბიბლიოთეკის კედლებს, როგორც ცრემლები დამშვიდობების შემდეგ. სველ სკამზე ცელოფანს აფენს და ჯდება. მისი პირველი დღე ბიბლიოთეკის დირექტორად სრულდება, მაგრამ წასვლა არ უნდა. ომის შემდეგ ასე მხოლოდ ჰოსპიტალში გრძნობს თავს _ თითქოს შენობას მისი სული შეესისხლხორცა. ერთი წუთით წარმოიდგენს, რომ ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს.
ბიბლიოთეკის ახალი მცველი
წვიმის წვეთები ჯერ კიდევ ციმციმებდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის კედლებზე. ჩვენმა გმირმა ცელოფნის პარკი გაშალა ჯერ კიდევ სველ ბაღის გრძელ სკამზე და ფრთხილად ჩამოჯდა. პირველი სამუშაო დღე დასრულდა, მაგრამ წასვლა არ უნდოდა. თითქოს რაღაც უხილავი ძაფები ეწეოდნენ უკან, შენობისკენ, როგორც მაგნიტი მაგიდაზე დაყრილ საკანცელარიო ჭიკარტზე.
დილით, როცა პირველად შევიდა თავის ახალ კაბინეტში, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა. ოთახის კედლები წიგნების თაროებს ეკავა, ძველი გამოცემები ოქროსფერი ასოებით ზურგებზე. ერთ-ერთ თაროზე შეამჩნია “იაშვილი, პაოლო (1894-1937),ლირიკა : რჩეული / [შემდგ.: ზაურ მეძველია ; რედ.: ლია შერვაშიძე ; მხატვ.: სპარტაკ ცინცაძე]. – თბ. : მერანი, 1995 (პირველი სტამბა). – 136გვ. ; 16სმ.см.. – სახელშეკრ. ფასი[MFN: 7187]UDC: 821.353.1-1/ჩეული. პაოლო იასვილიცელარიო ჭიკარტზე.მუყაოს მუყაოს ყდიანი გამოცემა, რომელიც თავადაც ჰქონდა გამომცემლობაში. ეს დამთხვევა ბედისწერის ნიშნად მიიჩნია.
ათი წელი გამომცემლობაში მუშაობის შემდეგ, ახალ თანამდებობაზე გადასვლა არ იყო მარტივი. გამომცემლობაში ყოველი ახალი წიგნის დაბადებას ესწრებოდა _ პირველი ხელნაწერიდან დაწყებული, საბოლოო ბეჭდვით დამთავრებული. ახლა კი იმ წიგნების ერთ-ერთი რიგითი მცველი გახდა, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს.
გაახსენდა ბორხესის “ბაბილონის ბიბლიოთეკა”. წარმოიდგინა უსასრულო ექვსკუთხა გალერეები, სადაც ყველა შესაძლო წიგნია თავმოყრილი _ ყველაფერი, რაც კი ოდესმე დაწერილა და დაიწერება. “ჩვენი ბიბლიოთეკაც ხომ პატარა სამყაროა,” _ გაიფიქრა, _ “აქაც ხომ ათასობით ადამიანის აზრები და ოცნებებია შენახული. ნეტავ რომელ დერეფანში იმალება ის წიგნი, რომელიც ყველა სხვა წიგნის გასაღებია?” დაფიქრდა ბორხესის ბიბლიოთეკარებზე, რომლებიც მთელ ცხოვრებას უძღვნიდნენ აზრიანი ტექსტების ძიებას უსასრულო ქაოსში. “მეც ხომ მათნაირი ვარ ახლა,” _ გაიღიმა, _ “ოღონდ ჩემი მისია განძის დაცვა და გაზიარებაა.”
ეკოს “ვარდის სახელიც” გაახსენდა _ ბრმა ბიბლიოთეკარი ხორხე, რომელიც ისე იცავდა არისტოტელეს დაკარგულ წიგნს სიცილზე, რომ საწამლავს უსვამდა მის გვერდებს. “რა საოცარია,” _ გაიფიქრა, _ “როგორ შეიძლება ცოდნის სიყვარულმა მის განადგურებამდე მიგიყვანოს?” გაახსენდა დილით ნანახი სტუდენტები, რომლებიც სამკითხველო დარბაზში ისხდნენ _ ზოგი ლექციებისთვის ემზადებოდა, ზოგი საკუთარი სიამოვნებისთვის კითხულობდა. “აი, რისთვის არსებობს ბიბლიოთეკა _ არა დასამალად, არამედ გასაზიარებლად.”
ბრედბერის “451° ფარენჰაიტით” ამოაგდო ტვინის არანაცრისფერმა უჯრედებმა. წარმოიდგინა მეხანძრეები, რომლებიც წიგნებს წვავდნენ, და ის ადამიანები, რომლებმაც მთელი წიგნები დაიზეპირეს მათი გადარჩენისთვის. მზერა მოავლო ბიბლიოთეკის ფასადს, სადაც ჩამავალი მზის სხივები ეთამაშებოდნენ წვიმისგან სველ კედლებს. “ჩვენც ხომ წიგნების მცველები ვართ,” _ გაიფიქრა, _ “ოღონდ არა მეხსიერებაში შენახვით, არამედ მათი ფიზიკური არსებობის დაცვით. თითოეული წიგნი ხომ პატარა სამყაროა, რომელიც გადარჩენას იმსახურებს.”
“ღრუბლების ატლასის” სონმი-451 გაახსენდა _ კლონი, რომელმაც სწორედ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა თავისუფლება და საკუთარი თავი. “საოცარია, როგორ მეორდება ეს მოტივი ლიტერატურაში _ ბიბლიოთეკა, როგორც განმანათლებელი, როგორც მხსნელი,” _ გაიფიქრა. დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეამჩნია, როგორ შედიოდნენ ადამიანები დაღლილი სახეებით და როგორ გამოდიოდნენ გაცოცხლებული თვალებით. “თითქოს აქ დრო სხვანაირად გადის,” _ გაიფიქრა, _ “წიგნების დრო.”
საღამოს ჰაერში წვიმის შემდგომი სისუფთავე იგრძნობოდა. ჩვენი უსახელო, პატარა ჩინიანი გმირი წამოდგა, ცელოფანი აიღო და კიდევ ერთხელ შეხედა შენობას. დღეს პირველად შეამჩნია, როგორ ჰგავდა ბიბლიოთეკის არქიტექტურა ღია წიგნს _ ცენტრალური შესასვლელი როგორც ხაზი ორ გვერდს შორის, ფანჯრები როგორც სტრიქონები.
“დილით წვიმდა, ახლა მზე ანათებს. თითქოს ბუნებამ გამომცემლობის დირექტორის მოადგილე ტირილით გამომაცილა, მერე მთელი დღე მამხნევებდა, და ახლა, როგორც ბიბლიოთეკის ახალ მცველს, მზის ღიმილით მესალმება,” _ გაიფიქრა და შინისკენ გაემართა, უკვე ფიქრობდა ხვალინდელ დღეზე, ახალ პროექტებზე _ როგორ გახადოს ეს საგანძური უფრო ხელმისაწვდომი, როგორ მიიზიდოს მეტი მკითხველი.
მის უკან ბიბლიოთეკის ფანჯრებში ჩამავალი მზის სხივები ირეკლებოდა, თითქოს ათასობით წიგნი ანთებულიყო შიგნით – არა ბრედბერისეული ცეცხლით გასანადგურებლად, არამედ შუქად, რომელიც ცოდნის გზას განათებს. თითოეული ფანჯარა თითო წიგნის გვერდს ჰგავდა, რომელზეც ოქროსფრად ციმციმებდა მზის შუქი, როგორც ასოები ძველი წიგნის ფურცლებზე. ბიბლიოთეკა ცოცხლობდა, სუნთქავდა, და გიორგიმ იცოდა, რომ ახლა ის ამ სულის ნაწილი იყო.
მეორე დღეს, როცა კვლავ შევიდა თავის კაბინეტში, თაროზე შემთხვევით წააწყდა პატარა, ტყავგადაკრულ კრებულ. გადაშალა _ ცარიელი იყო. პირველ გვერდზე მხოლოდ წარწერა იყო: “კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ისტორია”. გაიღიმა და კალამი აიღო. დრო იყო, საკუთარი თავიც შეემატებინა იმ უსასრულო ამბებისთვის, რომლებიც ამ კედლებში ინახება.
მსგავსი სტატიები
- 66https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
- 62„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის…
- 58თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
- 57ქალაქ ოზურგეთში, ღვაწლმოსილი ქართველი მუსიკოსის, ფოლკლორისტის და კომპოზიტორის ანზორ ერქომაიშვილის ძეგლი განთავსდება. _„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენი მომართვის და თხოვნის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ოზურგეთში, ზ. გამსახურდიას მოედანზე („ჭადრების ბაღი“) ღვაწლმოსილი ქართველი მუსიკოსის, ფოლკლორისტის და კომპოზიტორის, ჩვენთვის საამაყო ოზურგეთელის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის განთავსების თაობაზე. ამ ინიციატივით უკვე მივმართე ოზურგეთის…