ახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა.

გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის  ცნობილ მწვრთნელს ჟორა ერქომაიშვილს. ბესიკ ლომინაძეც ოზურგეთის სპორტსკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე  იყო, რომელიც ათეულობით მნიშვნელოვანი ტურნირის გამარჯვებული გახლდათ საქართველოს ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებზე, სტუდენტურ-სპორტულ თამაშებზე თუ  საკავშირო პირველობებზე.

1982 წელს ერთ-ერთი პირველი ოქროს მედალი ქ. სოხუმში მოიპოვა, სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ პირველობაზე, რასაც მოჰყვა კვლავ ოქრო საკავშირო პირველობაზე ქ. სოჭში. შემდეგ ქ. ერევანში კავკასიის ქვეყნების სტუდენტურ-სპორტული თამაშების გამარჯვებული გახდა…

ბესო ლომინაძემ გაიმარჯვა არაერთ რესპუბლიკურ პირველობაზე, იყო საქართველოს 1985,1986, 1987, 1988,1989 წლების, ამიერკავკასიის მრავალგზის ჩემპიონი; 1987 წელს   პროფკავშირების საკავშირო პირველობის გამარჯვებული გახდა. გაიმარჯვა სხვადასხვა სპორტული საზოგადოების პირველობაზე, უნივერსიადაზე. იყო მრავალჭიდში მრავალჯერ გამარჯვებული და შემდეგ სხვადასხვა ღია ჩემპიონატებზე მკლავჭიდშიც ჰქონდა წარმატებები.

იყო  სსრ კავშირის სპორტის ოსტატი.

ბესო ლომინაძემ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა და ოზურგეთში #5 სამშენებლო სამმართველოში მუშაობდა.

მან გარკვეული წლები გაატარა საჯარო სექტორში. 2010-2016 წლებში იყო  სოფელ შემოქმედის გამგებელი, ხოლო მას შემდეგ,  რაც კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიენიჭა და სოფელ შემოქმედს გამოეყო, იგი  ამჯერად  ოზურგეთის მერის პირველ წარმომადგენლად დაინიშნა დაბა გომისმთაზე.

ბესო სოფელ შემოქმედის გამგებელი იყო, სახალხო დღესასწაულს„გომისმთობას“ რომ ჩაეყარა საფუძველი. ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო სტუმრებისათვის აქ გამართული სპორტული შეჯიბრებები, განსაკუთრებით დოღში…

2019 წლიდან კურორტ გომისმთაზე ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნა. სააგარაკო ადგილების მაძიებლები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეესივნენ კურორტს, რაზეც მერის წარმომადგენლებმა დაბა გომისმთაზე მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად მნიშვნელოვანი მუშაობა გასწიეს ამ პროცესების შესაჩერებლად და დასარეგულირებლად. ამას მოჰყვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტი. ამ თემაზე ბესომ გაზეთ „ალიონს“ ვრცელი ინტერვიუც მისცა.

„გაუმარჯოს გომისმთას „რკოლების“ გარეშე! ჩვენ მივაღწევთ ამას“_ეს სიტყვები ბესოს ეკუთვნის.

ბესო მონაწილეობდა გომისმთის გზის რეაბილიტაციის პროექტში. მისი ინიციატივით ტურისტული კომპანიები შესაბამის ნიშნულებს დგამდნენ კურორტის ტურისტულ გზებსა და ბილიკებზე.

ბესოს წინაპრები მეცხოველეობასთან იყვნენ დაკავშირებული და ოჯახური ტრადიციებიც ჰქონდათ. ძალიან გულითადი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდათ მეზობელი აჭარის მცხოვრებლებთან, განსაკუთრებით შუახეველებთან,_ჭვანელებთან.

გომისმთაზე ახლაც იგონებენ თომა და ასლან ლომინაძეებს.

ბესოსაც ძალიან უყვარდა მეცხოველეობა და თანდათან გააძლიერა ფერმერული მეურნეობა. გომისმთისკენ მიმავალი მთის ყველა ბილიკი ზეპირად იცოდა.

_  ჩვენი საზაფხულო კარავი „მიხოს ნაკარვალის“ ქვემოთ „ლორის კარვის“ ტერიტორიაზე დგას, სადაც შორი მანძილიდან შეიყვანა სასმელი წყალი, ელექტროენერგია, გზაც გააჭრევინა  და  იქ ყოფნის ელემენტარული პირობები შექმნა. ეგ არის, ნაადრევი თოვლის მოსვლის შემთხვევაში ბარში ჩამოსადენად პირუტყვის ამოყვანა ჭირს, ამიტომაც გეგმავდა ბესო „მიხოს ნაკარვალის“ აღდგენას_ გვიყვება ბესოს მეუღლე, სოფელ შემოქმედის ოჯახის ექიმი ანა მაისურაძე.

_ ბესოს ძირითადი ფერმა მოლიანში ჰქონდა, სადაც მას 2 მწყემსი ეხმარებოდა.შალვა ღლონტი 15 წლის იყო ფერმაში რომ მოვიდა და 17 წელია ჩვენთან მუშაობს.. სხვა სოფლების ფართობებისგან განსხვავებით არ რჩებოდა მოლიანი დაუთესავი. კარგად ფლობდა ტექნიკას. ხვნავდა, თესავდა..ჩვენს თანასოფლელებს შემოდგომაზე ნალიებში სიმინდი ჰქონდათ…

იგი ყოველდღე დადიოდა მოლიანში. წასვლისას იტყოდა: _ბიჭებს დახმარება დასჭირდებათო…მან ყველაფერი იცოდა, რაც მეცხოველეობისთვისაა საჭირო. მის რთულ საქმიანობას პატივს ვცემდი და ვცდილობდი გვერდით დავდგომდი. ბოლო ორი წელია ხშირად დავყვებოდი გომისმთის საზაფხულო საძოვრებზე. საქონლისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი ახსოვდა. მახსოვს, საღამოხანს ხბოიანი ფურები რომ დაათვალიერა, მწყემსს უთხრა:

_შაკო, იმ ფურს (მიუთითა) ხბო აკლიაო.რა თქმა უნდა მოძებნეს და იპოვეს.მეორედ მეზობელ  კარავთან გავლისას, ჩვენი ფერმიდან დაკარგული ხბო შუბლზე ნიშნით იცნო…ასეთი მაგალითები ბევრი იყო…

ერთ წელს ნაადრევად მოვიდა თოვლი. 10-მდე გამოცდილი კაცი წაიყვანა მთაში დარჩენილი მწყემსების დასახმარებლად. ისეთი ადგილების გავლა მოუწიათ, ცულებით ჭრიდნენ ბილიკს…

ძროხებთან ერთად ცხენების რემაც ჰყავდა. წინა წელს ცუდ ამინდში მოუწიათ მათი ბარში გადმორეკვა. ცხენები ორად გაიყვნენ და მხოლოდ ერთი ჯგუფი ჩამოიყვანეს. 30-მდე ცხენი თოვლში მოიჩიხა. არც წყალი ჰქონდათ და არც საკვები. მაღალი ელექტრო გადამცემი  ხაზის  მშენებლებს სთხოვა ბესომ დახმარება. ტრაქტორით მიიკვლევდნენ მაღალ თოვლში გზას. ყველა ცხენი უვნებლად ჩამოიყვანეს.

ბესო განსაკუთრებულ პატივს სცემდა მთის ტრადიციებს. მამა- ბაბუის მსგავსად ისიც მეგობრობდა  გომისმთის იაილებზე (აჭარელი მწყემსების საზაფხულო სადგომი) მყოფ მწყემსებთან.  ბევრი მეგობარი ჰყავდა ჭვანას ხეობაში. ვალერი და ზებური ქარცივაძეების ოჯახთან  მეგობრობა თაობებში გრძელდება. საერთოდ, კეთილი კაცი იყო. უყვარდა სხვისთვის სიამოვნების მინიჭება_გვითხრა მეუღლემ, ქალბატონმა ანა მაისურაძემ.

ანა და ბესო 1992 წელს დაქორწინდნენ. ჰყავთ ორი ქალიშვილი: გვანცა და თამარი (ოზურგეთში „საქართველოს ბანკში“ და ბანკი „კრისტალი“ მუშაობენ). სიძეები გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი მახარაძე ახლა ბესოს დიდ საქმეს აგრძელებენ. შვილიშვილები _ დავითი, სანდრო და თომა (ამ დღეებში დაიბადა),  ბაბუის სახელს არ დაივიწყებენ.

ბესოზე ბევრი კარგი გვითხრეს, ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომელმა ამირან ვაშალომიძემ და მაკვანეთელმა  ნუგზარ კალანდარიშვილმა.

_მაგარი და გვერდში მდგომი კაცი იყო. ყველას გვეიმედებოდა. შრომისა და კარგი საქმის კეთებისთვის იყო შექმნილი. 56 წლისამ ნაადრევად დაგვტოვა.  ძალიან  დააკლდა ჩვენს ოზურგეთს _ გვითხრეს მათ.

დღეს მე-40 დღეა ბესოს გარდაცვალებიდან.

გაზეთი „ალიონი“, #2, 30 იანვარი, 2025 წ.

მსგავსი სტატიები

  • 93
    სოსო გაგუას 75 წელი შეუსრულდებოდაოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
  • 89
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 88
    მამა ნიკოლოზის ხსოვნასგარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა. ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება... ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები. 1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო…
  • 87
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 86
    ბახვა გიორგაძე 88 წლის გახდებოდასამი წლის წინ ფეხბურთის ცნობილი ფეხბურთის მენეჯერი და მწვრთნელი,ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიაში 80-იანი წლების „ოქროს ხანის“ შემქმნელი ბახვა გიორგაძე გარდაიცვალა.იგი ახლა 88 წლის იქნებოდა. მის სახელს უკავშირდება ლაითურის მეურნეობის ფეხბურთელთა გუნდ „გიგანტის“ წარმატებები გასული საუკუნის 70-იან წლებში. მისი თავკაცობით „გიგანტი“ საქართველოს პირველობის პირველ ჯგუფში ასპარეზობდა და ორჯერ საკავშირო „ოქროს თავთავის“ გამარჯვებული…