ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან   ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“  ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ.

„სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ  40 წლის წინ ოზურგეთსა და  ნატანებში  გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია მამალაძის შესანიშნავი წერილი „მომწყურდი საოცარი ძალით“…

გიას და გოგის მამას -აკაკი ბეშიტაიშვილს კარგად ვიცნობდით. იგი „შვიდკაცას“ პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი იყო, 2002 წელს გარდაიცვალა.

ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ისინი ხომ 51 წლის მანძილზე მღეროდნენ, უცხოეთის არაერთი ქვეყნის სცენაზე გამოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ცხოვრობდნენ, გიას სამთავე შვილი ქართულად საუბრობს, უყვართ საქართველო, ოზურგეთი.

_ბოლო კონცერტი საფრანგეთში, იუნესკოს დარბაზში გვქონდა _გვითხრა გიამ.

_ოზურგეთში ხომ არ აპირებთ კონცერტის გამართვას _შევეკითხე.

_ეს ჩემზე არაა  დამოკიდებული_გვიპასუხა გიამ.

შემდეგ რამდენჯერმე გვქონდა სატელეფონო და სოციალური ქსელით საუბარი. იგი დათანხმა  ჩვენს თხოვნას და „ალიონის“ მკითხველებს ძმები ბეშიტაიშვილების შემოქმედების შესახებ ესაუბრება:

 

`გამარჯობათ ბატონო ნუგზარ!

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, ასევე იმ შესაძლებლობისთვის, რომ შევხმიანებოდი თქვენი შესანიშნავი გაზეთის „ალიონის“ მკითხველებს!

მე, გია აკაკის-ძე ბეშიტაიშვილი დავიბადე 1947 წლის 26 სექტემბერს, ვარ მონათლული ქართველი ქრისტიანი, მართლმადიდებელი.

გურიაში, კერძოდ მახარაძეში ბეშიტაიშვილები დიდი ხნის წინიდან ძირითადად ახლანდელ იაკობ  გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ და დღესაც იქ ცხოვრობენ.

ჩემ ბავშვობაში ყველა ოჯახში გაიგონებდით გურულ ხალხურ სიმღერებს, მაშინ ყველაზე მეტად გავცელებული იყო „საოჯახო“ ან „საგვარეულო“  ანსამბლები. ჟღერდა დღეს მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული მრავალხმიანი სიმღერები, მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა გურული ხალხური სიმღერები. მღეროდა ჩვენი ბაბუა გიორგის ოჯახიც, მისი ორი შვილი ვასო და აკაკი, მისი სამი ძმის მიშას, დავითის და ვარლამ ბეშიტაიშვილების ოჯახებიც. ჟღერდა გურული სიმღერები ხმაშეწყობილად და ემოციურად. არავის არ ჰქონდა უფლება მისი ხმის წინ გამოჩენით დაერღვია სიმღერის  ჟღერადობის ბალანსი. ეს კანონი, წესი იყო!

მაგრამ, როგორც დიდმა ვაჟა ფშაველმა გვიანდერძა „ბუნება მრძანებელია, იგივ მონაა თავისა“! ღვთისგან ადამიანისადმი მინიჭებული სასიმღერო ხმა მრავალნაირია – განსხვავდება ერთმანეთისგან ტემბრით, სიძლიერით, სიმტკიცით, ხმის სიმაღლით, სილამაზით და ა.შ.

თქვენი მკითხველისთვის უბრალო, გასაგებ ენაზე რომ მივმართო, გარდა საგუნდო მრავალხმიანი სიმღერებისა არის ქართული სიმღერები ერთი ადამიანის სოლოდ სამღერი, მაგალითად „იავნანა“, „ოროველა“, „ურმული“, „სისა ტურა“ და ა.შ. ასეთ სიმღერებს „გამორჩეული“ ხმა ჭირდება. საქმე იმაშია რომ, თუ შენ „ჩაკრულოს“ მღერი, ხმაც ამ სიმღერის შესაფერისი უნდა გქონდეს, წამყვანი მომღერლის, სოლისტის ხმა. ასეთი ხმას გუნდში მარტო სიმღერის დამწყებად თუ გამოიყენებენ ქორმეისტერები, თორემ სხვა შემთხვევაში მისი შესაძლებლობები შეზღუდულია,შებორკილია! როგორც კი ასეთი ხმის პატრონი იწყებს სიმღერას, ის ხელად იპყრობს

 მსმენელის ყურადღებას, თავისი ინდივიდუალობით. ეს როგორც ფეხბურთში – როგორც კი მიხეილ მესხი ბურთს მიიღებდა, მთელი სტადიონი ფეხზე დგებოდა იმ სასწაულის დასანახავად, რასაც ის აკეთებდა! უფრო მოკლედ

რომ ვთქვა არის – ხალხური ხმისგან გამორჩეული კლასიკური-საოპერო ხმა.

აქ მინდა გავიხსენო მამაჩემი – აკაკი ბეშიტაიშვილი, 16 წლის ყოფილა როცა კონცერტის დროს საქვეყნოდ ცნობილ ლოტბარის, ვარლამ სიმონიშვილის ყურადღება მიიპყრო, იმდენად სერიოზულად, რომ ვარლამ სიმონიშვილმა მამაჩემი მიიწვია აჭარის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტად, ხელფასიც სოლისტის დაუნიშნა. ამ ცნობილ ანსამბლში მამა 1936 წლიდან, ომის დაწყებამდე – 1941 წლის 22 ივნისამდე წარმატებით გამოდიოდა.

კიდევ ერთი პატარა, მაგრამ საინტერესო ამბავი ჩემი ბავშვობიდან –

ვსწავლობდი მახარაძის მესამე საშუალო სკოლაში, ვიქნებოდი მესამე კლასში, როცა მოწაფეები შეგვკრიფეს დიდ დარბაზში სიმღერის გაკვეთილზე, ახალი სიმღერის „მოდი, მოდი გაზაფხულო“-ს შესასწავლად. ეს ორად ორი სიტყვა უნდა ემღერა ერთ ბავშვს და მერე მთელი გუნდი მას  პასუხობდა „აბა ჩამოგვშორდი მარტის თვეო“. ჩვენ მასწავლებელთან ერთად იყო ვიღაც ჩემთვის უცნობი კაცი, რომელმაც რამოდენჯერმე  სიმღერის დროს ჩაგვიარ- ჩამოგვიარა წინა ხაზში მდგომ ბავშვებს და გაჩერდა ჩემ წინ, „აბა მარტო შენ იმღერე, დანარჩენებმა გაჩუმდითო“, როცა ვიმღერე შემაქო, თავზე ხელი გადამისვა და მასწავლებელს ეუბნება – „სოლო ამ ბავშვმა იმღეროსო“. მერე შემეკითხა „შვილო რა გვარის ხარო?“

 მე გვარი რომ უთხარი, ხელად მკითხა „მამაშენს რა ჰქვიაო?“„ კაკო-

მეთქი, გაეცინა „ახლა კი გასაგებია რატომ გაქვს ასეთი კარგი ხმაო“! წასვლის წინ კიდევ ერთხელ მომეფერა, შემაქო, „ძალიან კარგი ბიჭი ჩანხარო“, საღამოს მამას ვუთხარი „დღეს ლადიკო ბიძიამ, ლადიკო ერქომაიშვილმა შემაქო-თქო!“. ასეთი იყო პირველი შეხვედრა ამ დიდ, გამოჩენილ ადამიანთან, ლოტბართან, ლადიკო ერქომაიშვილთან! ამით იმის თქმაც მინდა, რომ ღვთისგან ასეთი ხმებით დაჯილდოვებულ ბავშვებს ქორმეისტერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, განსაკუთრებით გურიაში, სადაც ძირითადად მრავალხმიანი სიმღერები იმღერება.

პირველად დედამ – ია ილიას ასულმა გადელიამ შეამჩნია ჩვენში, შვილებში მუსიკისადმი მიდრეკილება – „თქვენ ხმებიც და მუსიკის ნიჭიც

მამისგან გამოგყვათო!“. დედამ ის სიმღერები შეგვასწავლა რასაც თავად მღეროდა: „ქალო ნარინჯიანო“, „ცირა“, „აშო ჩელა“, მალე მამამ გვიყიდა ფანდურები, შეგვასწავლა ფანდურზე დაკვრა და სიმღერები: „შენ საქართველო“ და „შატილის ასულო“.

 ხუთი და ექვსი წლისა ვიყავით როცა შედგა მახარაძის კულტურის სახლში ჩვენი პირველი გამოსვლა კონცერტის დროს! იყო 1952 წლის შემოდგომა! ასე „დაიბადა“ გოგი და გია ბეშიტაიშვილების, პატარა, გურული მომღერალი ბიჭების დუეტი. და დაიწყო ჩვენი საკონცერტო „მოღვაწეობა“. ყველა დღესასწაულის დროს, თითქმის ყველა კონცერტებში ჩვენ გამოვდიოდით, ვმღეროდით, ცეკვით კი ცეკვავდნენ გიორგი სალუქვაძის შვილები: გულღია და საყვალა.

1957 წელს მახარაძეში, კრიმანჭულის შესრულების დიდოსტატის – მიხაილშავიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ანსამბლი „შვიდკაცა“.ანსამბლის პირველ შემადგემლობაში მიწვეული იქნა ჩვენი მამაც – აკაკიბეშიტაიშვილი. ამ შესანიშნავმა ანსამბლმა „შვიდკაცამ“ დიდი წარმატებითმოიარა არა მარტო საბჭოთა კავშირის ქალაქები, ასევე დიდი წარმატებითმოიარეს ბევრი საზღვარგარეთის ქვეყნები. 

1959 წელს მახარაძეში ჩვენთან ჩამოვიდა კომპოზიტორი მიშა ჩირინაშვილი, ჩამოგვიტანა ჩვენთვის სპეციალურად დაწერილი მისი სიმღერა „ჩემი ლამაზი ქვეყანა“ პოეტ მირიანაშვილის ლექსზე. ამ

სიმღერით ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს პიონერთა და მოსწავლეთა ოლიმპიადაში და გავიმარჯვეთ! მოგვანიჭეს პირველი ადგილი და ლაურიატობის წოდება! გამარჯვებულთა კონცერტი შედგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. მთელი ოზურგეთის მოსახლეობა აღტაცებული იყო ჩვენი გამარჯვებით. ქუჩაში გვაჩერებდნენ, გვილოცავდნენ, გვკოცნიდნენ, გვეხვეოდენ, გვეფერებოდნენ. ის დიდი სიყვარული, რაც მაშინ გამოიჩინა გურულებმა ჩვენს მიმართ დაუვიწყარია ჩვენთვის! დიდი ყურადღება გამოიჩინა მახარაძის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელობამ და თანამშრობლებმა. მახარაძის რაიკომა ვახტანგ თოხაძის მეთაურობით.

1960 წელს მახარაძეში ჩამოვიდნენ თბილისის ცენტრალური მუსიკალურისკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმომადგენლები, მასწავლებლები –ბორის ბოხუა და ილარიონ ჭეიშვილი, მშობლებს შეუთანხმდნენ დამიგვიწვიეს თბილისში სწავლის გასაგრძელებლად .1961 წლიდან დაიწყო ახალი, სიურპრიზებით სავსე „თბილისის პერიოდი“. ამ პერიოდში ჩვენ ასაკის მიხედვით, ჩვენ დაგვეწყო ხმის მუტაცია. ჩვენი სიმღერა არ შეიძლებოდა. უნდა წლეები მოგვეცადა სანამ მუტაცია არ დამთავრდებოდა, ამ მიზეზით ჩვენ სკოლაში გაგვანაწილეს ჩასაბერი ინსტრუმენტების განყოფილებაში: მე ფლეიტის კლასში, გოგი კი კლარნეტის კლასში. ასეთმა სრულიად მოუნოდნელმა სიტუაციამ მშობლებთან მოწყვეტამ, ინტერნატში ცხოვრებამ თავიდან ძალიან შეგვაწუხა. მაგრამ მალე სიტუაცია სრულიად მოულოდნელად ჩვენდა სასიკეთოდ შეიცვალა! იმავე 1961 წელს დიდმა ქართველმა მომღერალმა, წარმოშობით გურულმა, სოფელ ბახვიდან – დავით იასონის ძე ანდღულაძემ მოინდომა ჩვენთან გაცნობა, ოლიმპიადეში გამარჯვებულ გურულ ბავშვებთან. მისმა ნათესავებმა დავით ანდღულაძის დავალებით მოძებნეს ჩვენი მშობლები და ჩვენც მშობლებთან ერთად ვესტუმრეთ მას ბინაში, გმირთა მოედანზე.

(გაგრძელება იქნება)

გაზეთი „ალიონი“, 16 აპრილი, 2025 წ. #6

მსგავსი სტატიები

  • 93
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 92
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 87
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
  • 84
    ლანჩხუთის კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებაზე შემოქმედებით კონკურს ,,მთიების“ გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ სპეციალური პრიზები გადასცეს. პროზაში პირველი ადგილი მიხეილ ბერიძემ დაიკავა, მეორე- ნიკოლოზ ჭანტურიამ, მესამე ადგილზე ეთერ თავდგირიძე გავიდა; პოეზია: პირველი ადგილი - ნიკოლოზ თადუმაძე, მეორე ადგილი- საბა მამულაიშვილი, მესამე ადგილი დავით ჩეჩელაშვილი; ფერწერა: პირველი ადგილი- რეზო კუპატაძე,…
  • 81
    დები სალუქვაძეები „სამზარეულოს ომების“ გამარჯვებულები გახდნენგურული, ოზურეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან  დები ეკა და ლანა სალუქვაძეები კულინარიული შოუ „სამზარეულოს ომების“ მე-8 სეზონის გამარჯვებულები გახდნენ. „სამზარეულოს ომების“ გამარჯვებულებს ორთაჭალა გეითის“ საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცათ.