ავტორი გია ბეშიტაიშვილი

(წერილი მე-15, მე-16)

1975 წლის 12 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად ჩავირიცხეთ მოსკოვის
კამერულ მუსიკალურ თეატრში სოლისტებად. არა სტაჟიორებად, არამედ
სოლისტებად. ამ თეატრში ყველა მომღერალი ითვლებოდა სოლისტად! ვინაიდან თეატრს საშტატო ერთეულში არ ყავდა საოპერო გუნდი, ყველა სოლისტი საჭიროების შემთხვევაში ვალდებული ვიყავით შეგვესრულებინა გუნდის ფუნქციაც!
აი ასეთი თავისებური სპეციფიკა გააჩნდა კამერულ მუსიკალურ თეატრს!
მიმაჩნია, რომ ინფორმაციის უქონლობის გამო, ჩვენ სამწუხაროდ დაუშვით
შეცდომა. მივატოვეთ გორკის პარკში საათივით აწყობილი სამუშაო ადგილი,
საუკეთესო პირობებით: ხელმძღვანელობის კეთილი დამოკიდებულებით, საკმაოდ მაღალი ხელფასებით და რაც მაშინ ჩვენთვის მთავარი იყო – დღის სამუშაო დროის განაწილებით. პარკში საღამოს საათებში მუშაობა გვაძლევდა დილიდან საღამომდე თავისუფალ დროს, რასაც მთლიანად ვიყენებდით საკავშირო რადიოში ჩაწერების გასაკეთებლად! თეატრში მუშაობით კი ეს შესაძლებლობა გვეკარგებოდა! თეატრში მუშაობის განრიგი ასეთი იყო: დილის 10 საათიდან რეპეტიციები 14:00 საათამდე, საღამოს კი 18:00 საათიდან 23:03 საათამდე სპექტაკლები.
ცოტა მოგვიანებით გამოირკვა, რომ თეატრი შედიოდა რუსეთის საკონცერტო
ორგანიზაციის «როსკონცერტის» შემადგებლობაში, შეზღუდული საშტატო და
ფინანსური შესაძლებლობით! ფიზიკურად თეატრის შენობა იმყოფებოდა მეტრო
«სოკოლ»-თან, იქ სადაც უფრო ადრე იყო კინოთეატრი «სოკოლი». მრავალ-
სართულიან შენობის სარდაფში, საომარი თავდასხმის დროს თავშესაფარში, ე. წ.
«ბომბეუბეჟიშეში».
შესაფერისად თეატრის შინა სივრცის მოცულობა სარდაფში ძალიან
შეზღუდული იყო. დარბაზი იტევდა დაახლოებით 100/120 მაყურებელს, პატარა
სცენით, სადაც ორკესტრი და მომღერლები გაჭირვებით თავსდებოდნენ. ორი
პატარა გრიმიორკით არტისტებისთვის, სარეპატიციო სამი პატარა ოთახით და
კაბინეტით თეატრის დირექციისთვის. ასეთი პირობების მიუხედავად საღამოებით ამ დარბაში ხდებოდა რაღაც სასწაული, დარბაზი მთლიანად ივსებოდა მაყურებლებით! დამატებითი სკამების დადგმაც კი არ შველოდა და ბევრი მაყურებელი ფეხზე დამდგარი ბოლომდე უყურებდა საოცარ საოპერო შედევრებს, რომელსაც ახორციელებდა გენიალური ოპერის რეჟისორი ბორის ალექსანდრეს ძე პოკროვსკი!


თეატრის ძირითად მაყურებელს წარმოადგენდა მოსკოვის ინტელიგენცია. ვის
არ ნახავდა ადამიანი ამ სპექტაკლებზე: ოპერის მოყვარულებს, მწერლებს,
კინორეჟისორებს, პოეტებს, არტისტებს, ბორის პოკროვსკის რეჟისურით
დაინტერესებულ სპეციალისტებს, მაღალი თანამდებობების პირებს. პოკროვსკის
სპექტაკლებზე დასწრება მაშინ კარგ ტონად ითვლებოდა!
თეატრის რეპერტუარს შეადგენდა იშვიათი და მსმენელისთვია ჯერ კიდევ
უცნობი მუსიკალური ნაწარმოებები, თანამედროვე კომპოზიტორების ერთ აქტიანი ოპერები. რა თქმა უნდა ყველაფერი სრულდებოდა რუსულ ენაზე! ჩვენი რუსულ ენაზე ლაპარაკი ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ წაიწია წინ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა გვჭირდებოდა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ამას კიდევ რაღაცა ეშველებოდა დიდი მონდომების წყალობით, მაგრამ თეატრის
რეპერტუარში არ აღმოჩნდა არც ერთი იტალიელი კომპოზიტორის ოპერა, სამწუხაროდ ეს უკვე აღმოჩნდა მეორე დამახასიათებელი სპეციფიკა მოსკოვის კამერული მუსიკალური თეატრის!
ჩვენ დაგვევალა შეგვესწავლა ა. ხოლმინოვის ოპერები «შინელი», «კოლიასკა»
და დიმიტრი შოსტაკივიჩის „ნოს». დაგვინიშნეს რეპეტიციები ჯერ
კონცერტმეისტერთან და ცოტა უფრო მოგვიანებით რეჟისორის ასისტენტთან.

ჩვენდა მოულოდნელად თეატრის წამყვანმა მომღერალმა ქალმა, მარია
ლემეშევამ დაჟინებით მოითხოვა, რომ ჩვენ ასევე შეგვესწავლა მოცარტის ოპერა
«დირექტორ თეატრა», სადაც თავად მღეროდა მთავარ პარტიას! მარია აღმოჩნდა
ცნობილი რუსი მომღერლის, სერგეი ლემეშევის ქალიშვილი, მისი დედა –
სახელგანთქმული მომღერალი ირინა მასლენნიკოვა თავის დროზე გაშორებია
სეგეი ლემეშევს და ცოლად გაყოლია ბორის პოკროვსკის. ამიტომ თეატრის
მთავარი რეჟისორი ბორის პოკროვსკი ითვლებოდა მარიას მამინაცვალად! აი ასე
მარია ითვლებოდა ორი დიდი ხელოვნის შვილად!
მინდა შეგახსენოთ, რომ სერგეი ლემეშევი პირველი მოსმენის დროს
არ მიიღეს დიდ თეატრში სოლისტად. განაწყენებულმა დატოვა მოსკოვი და
წავიდა სვერდლოვსკში, სადაც დაიწყო მუშაობა ოპერის თეატრში! ვიდრე
ლემეშევი დაბრუნდებოდა მოსკოვის დიდ თეატრში, როგორც უკვე
სახელგანთქმული მომღერალი, ის კარგა ხანს მუშაობდა თბილისის ოპერის
თეატრში. ჩვენთან გაცნობისას, მან დიდი მადლიერებით გაიხსენა თბილისში
მუშაობის პერიოდი, დიდი სიყვარულით მოიხსენია ოპერის თეატრის მთელი დასი, განსაკუთრებით კი დავით ანდღულაძე, როგორც საუკეთესო ტენორი!
ჩვენი თეატრში გაფორმების დღესავე დირექტორმა მ. ოსიპოვმა გააგზავნა
კულტურის სამინისტროში ჩვენი საბუთები, შუამდგომლობით, დაენიშნათ ჩვენთვის სამომღერლო 10 მანეთიანი განაკვეთები! ჩვენ კი დიდი მონდომებით დავიწყეთ ახალი ნაწარმოებების შესწავლა, დავდიოდით რეპეტიციებზე და ვესწრებოდით საღამოს სპექტაკლებს! მალე ჩვენ დავიწეთ მონაწილეობის მიღება კომპოზიტორ ა. ხოლმინოვის ოპერა «კალიასკის» წარმოდგენებში. კომპოზიტორი, კოლეგები და ხელმძღვანელობა ჩვენით კმაყოფილები იყვნენ, მათი დამოკიდებულება ჩვენსმიმართ იყო საუკეთესო, ჩვენ კი უკვე ამ დროისათვის ძალიან კარგად გვესმოდა, რომ კამერული მუსიკალური თეატრი თავისი სპეციფიკური რეპერტუარით, არ იყო «ჩვენი თეატრი»! ხელფასებიც ძალიან პატარა გვქონდა, რაც პრობლემას წარმოადგენდა ჩვენი ოჯახებისთვის!
ამ დროს დახმარება გამიწია ისევ იური სილანტიევმა, შემომთავაზა გამეკეთებია
სიმღერების არანჟიროვკები მისი ორკესტრისთვის, მას მოწონდა ჩემი ნამუშევრები:
«შენი გაკეთებული არანჟიროკებით ჩემი ორკესტრი სულ სხვანაირად, უკეთესად
ჟღერსო». მაძლევდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერების კლავირებს, რომ
გამეკეთებინა არანჟიროვკა ორკესტრისთვის!

საკავშირო რადიოში არანჟიროვშიკებს თითოეულ ტაქტში უხდიდნენ
10 კაპიკს, თქვენთვის გასაგები რომ იყოს, თუ სიმღერა მოიცავდა 100 ტაქტს,
ეს ნიშნავდა, რომ გამოვიმუშავებდი 10 მანეთს! თუმცა ეს არ იყო დიდი
ანაზღაურება ამ საკმაოდ რთული და მძიმე სამუშაოსთვის, მიუხედავად ამისა
ბევრი ცნობილი მუსიკოსი არ თაკილობდა არანჟიროვშიკად მუშაობას! უფრო
მეტიც, სასახელოდაც კი მიიმჩნევდნენ გამორჩეულნი ყოფილიყვნენ საუკეთესო
მუსიკოსთა შორის. უკვე დადგა ის დრო, როცა კომპოზიტორისა და პოეტის
გვარების გამოცხადებისას, ასახელებდნენ არანჟირების გამკეთებლის გვარსაც.
აქ მუშაობდა გიორგი გარანიანი, ფირმა მელოდიის ანსამბლის დირიჟორი,
კომპოზიტორი ვალერი ზუბკოვი – მხატვრული ფილმის «ციგან»- ის მუსიკის
ავტორი. კომპოზიტორები: რაიმონდ პაულსი, ევგენი დოგა, ალექსანდრ ზაცეპინი, ალექსეი ეკიმიანი, გიორგი მოვსესიანი, დავით ტუხმანოვი, იგორ ბრილი. შეიძლება ახალგაზრდა თაობისთვის ეს გვარები უცნობიც კი იყოს, მაგრამ ამ მუსიკოსებმა თავის დროზე შექმნეს საბჭოთა სიმღერების ახალი საესტრადო ეპოქა!
მინდა გავიხსენო ერთი პატარა ეპიზოდი საკავშირო რადიოში ჩემი მუშაობის
დროს: იური სილანტიევმა არანჟირების გასაკეთებლად გადმომცა კომპოზიტორ
ალექსანდრა პახმუტოვას სიმღერის კლავირი, მიძღვნილი საბჭოთა კავშირის
პირველ კოსმონავტის იური გაგარინისადმი «ზნაეტე, კაკიმ ონ პარნემ ბილ». თან
გამაფრთხილა, რომ კოსმონავტიკის დღესთან დაკავშირებულ კონცერტისთვის ეს
სიმღერა სასწაფროდ უნდა ჩავწეროთ, დიდი თეატრის სოლისტ ალექსანდრე ვოროშილოსთან ერთადო! ერთი კვირის შემდეგ, რადიოს №1 სტუდიაში შედგა ამ სიმღერის ჩაწერა, რამაც სტუდიაში მუსიკოსების, დირიჟორის და სოლისტის. ხმის ჩასაწერ ოთახში კი ხმის რეჟისორის არკადი მელიტონიანთან ერთად კომპოზიტორ ალექსანდრა პახმუტოვას ჯერ გაურკვევლობა, შემდეგ კი გაოცება გამოიწვია!
ვცდილობდი სიტყვებით ამეხსნა თქვენთვის, გაზეთის მკითხველებისთვის თუ რამოხდა, რამ გამოიწვია გაურკვევლობა და გაოცება სიმღერის ჩაწერის დროს,
მაგრამ არაფერი არ გამომივდა. ამიტომ გთხოვთ გაიხსენოთ ათასჯერ
ტელევიზორში ნანახი კოსმოსური რაკეტის კოსმოსში გაშვება ბაიკანურიდან, როცაგაისმის სიტყვა «სტარტ», ამ დროს რაკეტის ძრავების ჩართვის ხმა ისმის, უფრო სწორად ხმაური, რომელიც თანდათანობით ძლიერდება და რაკეტა იწყებს ფრენას ზეცისკენ, კოსმოსისკენ! თუ წარმოიდგინეთ და გაიხსენეთ ეს მომენტი, სწორედ ეს სასტარტო ხმაური გაიგონეს სტუდიაში მყოფმა მუსიკოსებმაც, დირიჟორმაც და სოლისტმაც. კიდევ უფრო გაოცებულები იყვნენ ალექსანდრა პახმუტოვა და პოეტი ნიკოლაი დობრონრავოვი, რადგანაც ყველა მიხვდა, რომ ეს ილუზია «რაკეტის აფრენის მომენტი» შექმნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ორკესტრის ინსტრუმენტების მეშვეობით!!!
მაშინ საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ არ არსებობდა არანაირი სინთეზატორი,
რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ეფექტის მიღწევა!
აღტაცებულები ადამიანები მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ, მილოცავდნენ წარმატებას,
ყველას აინტერესებდა როგორ მივაღწიე ასეთ ეფექტს ორკესტრის საშვალებით!
ალექსანდრა პახმუტოვას და იური სილანტიევის თხოვნით საკავშირო რადიოს
ხელმძღვანელობამ ასეთი წარმატებისთვის დამაჯილდოვა საპატიო სიგელით! ამ
ამბავმა არანჟიროვშიკების წრეში დიდი აღიარება მომიტანა! ჩემთვის კი
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როცა სატელევიზიო კონცერტში
ამ სიმღერის გამოცხადებისას, კომპოზიტორის და პოეტის გვარების მერე
გამოაცხადეს არანჟიროვშიკის გია ბეშიტაიშვილის გვარი.
1975 წლის განმავლობაში ჩვენ ჩავწერეთ საკავშირო რადიოს ოქროს ფონდში
თორმეტი ყველაზე პოპულარული ნეაპოლიტანური სიმღერა! ფირმა «მელოდიამ» კი ეს სიმღერები დაბეჭდა და გამოუშვა პლასტინკების სახით, გასაყიდად მთელ საბჭოთა კავშირში. ჩავწერეთ ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერები, რამაც განსაკუთრებით დიდი მოწონება იქონია რადიოს მსმენელთა შორის.
წერილებით პირადად მოგვმართავდნენ როგორც ჩვენ ასევე ათასობით წერილებს
უგზავნიდნენ საკავშირო რადიოს და ტელევიზიის რედაქციებს თხოვნით –
გადმოეცად სიმღერები ჩვენი შესრულებით.
მოსკოვში საქართველოს საელჩოს კულტურის განყოფილებამ წერილით
მიმართა საკავშირო რადიოს ხელმძღვანელობას, სადაც მადლობას უხდიდნენ
ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის და დახმარების გაწევისთვის! სწორედ ამ პერიოდში საელჩომ დაიწყო ჩვენი, როგორც მომღერლების მიწვევა
კონცერტებში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარებისას, როგორც
მოსკოვში, ასევე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. საქართველოს კულტურის
დღეებში მონაწილეობას ჩვენთან ერთად იღებდნენ თამარ გვერდწითელი,
მომღერალი ბოჯგუა და ქართული ცეკვების ანსამბლი «კოლხიდა» რევაზ
ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით!
მინდა გავიხსენო იმ დროინდელი ერთი არასასიამოვნო ამბავი ჩვენი
ცხოვრებიდან. ისეთი ცუდი ამბავი, გურიაში რომ იტყვიან: «ძაღლის ნაკბენივით
დამამახსოვრდაო!» სწორედ იმ დროს, როცა საქართველოს საელჩომ წერილობით
მადლობა გადაუხადა საკავშირო რადიოს მუსიკალურ რედაქციას, მთავარმა
რედაქტორმა გენადი ჩერკასოვმა მე და გოგი დაგვიბარა თავის კაბინეტში.
მოგვიყვა ამბავი, რომელიც ჩვენ პირადად გვეხებოდა! წინა დღით მასთან მისულა ერთი ცნობილი ქართველი მომღერალი და აღელვებული ტონით უკითხავს: «რატომ ჩემ ჩანაწერებს არ იღებთ ოქროს ფონდშიო?» პასუხად ჩერკასოვს უთქვამს:

– თქვენ კითხვაზე შეგიძლიათ მიმართოთ სამხატვრო საბჭოს.
– განა თქვენ არა ხართ მთავარი რედაქტორი? – ჩაძიებია მომღერალი!
_  დიახ, მთავარი რედაქტორი ვარ! მაგრამ მე არ მაქვს უფლება ჩავერიო
სამხატვრო საბჭოს საქმიანობაში.
_  არაფერი არ მესმის! იმ ქართველი ბიჭების ჩანაწერებს ოქროს ფონდში რომ
იღებთ, ეს როგორ გავიგო? ჩემზე უკეთესად მღერიან?
_  ვერც მაგ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. სამხატვრო საბჭო არ წყვიტავს საკითხს
ვინ უფრო კარგად მღერის. საბჭოს მოვალეობა არის, რომ ოქროს ფონდში
მიღებული ჩანაწერი პროფესიონალურად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს
შესრულებული! კიდევ ერთხელ გირჩევთ მიბრძანდით სამხატვრო საბჭოს
თავჯდომარესთან და იქ მიიღოთ პასუხი ყველა თქვენ კითხვებზე.
გენადი ჩერკასოვს არ დაუმალავს ჩვენთვის იმ მომღერლის სახელი და გვარი.
მე არც ერთ შემთხვევაში, არამც თუ გაზეთში, არსად, არასდროს არ დავასახელებ
მის სახელს და გვარს. თუ გინდაც იმიტომ, რომ თქვენთვის ის არის კარგად
ცნობილი მომღერალი და თქვენთვის სახელოვანი ადამიანი! მირჩევნია თქვენ
მახსოვრობაში ის დარჩეს ღირსეულ ადამიანად! ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი შურიანი და ბოროტი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ მე არ ვაპირებ არავის
განკითხვას. გამიგია «კარგ ოჯახში ერთი მახინჯიც გამოერევაო!». მე გავიხსენე ის მომღერალი იმიტომ, რომ მან ჩვენ ცხოვრებაში კიდევ რამოდენჯერმე გამოიჩინა თავი, თავისი სიმახინჯით. თქვენ ალბათ უკვე მიაქციეთ ყურადღება, რომ მე ყოველთვის მიუთითებ დღეს, თვეს და წელს ყველა იმ ფაქტებზე, რაზეც
მოგითხრობთ გაზეთ «ალიონში»!
დაუბრუნდეთ მოსკოვს! 1975 წლის 30 დეკემბერს «როსკონცერტის»
დავალებით კამერული თეატრის დირექციამ მიგვავლინა «ვტმეი»-ში, «საკავშირო საესტრადო ხელოვნების შემოქმედებით სახელოსნოში», იმ მიზნით, რომ მოგვემზადებია საესტრადო დიდი პროგრამა ცნობილი მომღერლის გიორგი
ვინოგრადოვის ხელმძღვანელობით. ვინაიდან წინასწარ იყო ცნობილი, რომ 1976
წლის ზაფხულში, რუსეთში ჩატარდებოდა საკავშირო კონკურსი ესტრადის
მომღერალთა შორის. სწორედ ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
მიგვავლინა თეატრის ხელმძღვანელობამ «ვტმეი»-ში. ერთდროულად ჩვენ
ვაგრძელებდით მუშაობას და ოპერების შესწავლას კამერულ მუსიკალურ თეატრის რეპერტუარი
                                                      * * *

1975 წლის 30 დეკემბერს მოსკოვის საკონცერტო ორგანიზაციამ
«როსკონცერტმა» ჩვენ მიგვავლინა «საკავშირო საესტრადო ხელოვნების
შემოქმედებით სახელოსნოში», ე. წ. «ვტმეი»-ში, საესტრადო დიდი პროგრამის
მოსამზადებლად! ეს დაწესებულება იმყოფებოდა «ვედენხას» ტერიტორიაზე,
«კოსმოსის» პავილიონთან ახლოს, საზაფხულო თეატრის დიდ შენობაში. სადაც
უამრავ სარეპეტეციო ოთახებში, სხვადასხვა ჟანრის არტისტები ამზადებდნენ
თავიანთ საკონცერტო ნომრებს, სპეციალისტების ხელმძღვანელობით!
«ვტმეი»-ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რუსეთის სახალხო არტისტი
ლეონიდ მასლიუკოვი. ვოკალისტების განყოფილებას, სადაც ჩვენ ვიყავით
მივლინებული, ხელმძღვანელობდა ცნობილი რუსი მომღერალი გიორგი
ვინოგრადოვი. ამ დაწესებულების მოვალეობაში შედიოდა როგორც სწავლა-
აღზრდა ახალგაზრდა შესრულებლებისა, ასევე კვალიფიკაციის ამაღლება უკვე
ცნობილი არტისტებისა, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან!
ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდა «ვტმეი»-ში სწავლების
პერიოდი. მინდა გავიხსენო ორი კონცერტმეისტერი: ტამარა ზახაროვსკაია და
ლუდმილა ნიკოლაევა, მაღალი დონის პროფესიონალები. ისინი ჩვენთან
ყოველდღიურად მუშაობდნენ რუსული სიმღერის ტექსტებზე, გვიხსნიდნენ,
გვაჩვენებდნენ როგორ წარმოითქმება თითოეული ბგერა რუსული ენაში. ამ
მუშაობას თვალყურს ადევნებდა გიორგი ვინოგრადოვი. ასე გრძელდებოდა
თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რამაც საბოლოოდ ძალიან კარგი შედეგი
გამოიღო.
«ვტმეი»-ში მიღებული იყო ყოველ თვეში ორჯერ, ახალი ნომრებით მიგვეღო
მონაწილეობა კონცერტებში, საზაფხულო თეატრის სცენაზე. ამ თეატრის ღია
დარბაზი «ვედენხაზე» სასეირნოდ შემოსულ 3000-მდე მაყურებელს იტევდა და
მათვის კონცერტზე დასწრება სრულიად უფასო იყო. ყოველი ჩვენთაგანის
გამოსვლას კონცერტის შემდეგ დაწვრილებით განიხილავდა სასწავლებლის
სამხატვრო საბჭო, ლეონიდ მასლიუკოვის ხელმძღვანელობით. უყურადღებოდ არ რჩებოდა არაფერი და ყველა ჩვენთაგანს ევალებოდა შენიშვნების გამოსწორებაზე მუშაობა!
1976 წლის 30 ივნის მოსკოვის კინოს სასახლეში შედგა საჩვენებელი კონცერტი
«როსკონცერტის» ახალგაზრდა არტისტების მონაწილეობით, სადაც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა.

რაც შეეხება მუსიკალურ კამერულ თეატრს, ჩვენ თანდათან, კიდევ ორ ოპერაში
დავიწყეთ მონაწილეობის მიღება! თეატრის მთავარმა რეჟისორმა ბორის
პოკროვსკიმ, რომელიც ერთ დროულად იყო მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი
რეჟისორიც, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდ თეატრის სტაჟიორთა ჯგუფში
ჩასარიცხავად გამოცხადებულ კონკურსში გოგის მიეღო მონაწილეობა. მისცა
დავალება ამ კონკურსისთვის მოემზადებია შესაფერისი პროგრამა
კონცერტმეისტერთან ერთად! თუ როგორ ჩაიარა ამ კონკურსში ჩემი ძმის
მონაწილეობამ, ამაზე ცოტა უფრო გვიან მოგახსენებთ!
ახლა ცოტა ხნით მინდა დაუბრუნდე საკავშირო რადიოში ჩვენ მუშაობას!
საესტრადო განყოფილების რედაქტორმა ჯულიეტა მაქსიმოვამ შეგვახვედრა და
გაგვაცნო კომპოზიტორი რაიმონდ პაულსი. მოასმენინა მას რამოდენიმე ჩვენი
ჩანაწერი და გაგვიწია შუამდგომლობა, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა
მომღერლებს. რაიმონდ პაულს მოეწონა ჩვენი ჩანაწერები, შეგვაქო და გამოთქვა
სურვილი ჩვენთან შემოქმედებითი ურთიერთობისა. დაგვიტოვა მისი ახალი
სიმღერის, «პოდბერუ მუზიკუ»-ს კლავირი და შეგვპირდა, რომ აუცილებლად
მოისმენდა ამ სიმღერას ჩვენი შესრულებით! გოგის ძალიან მოეწონა სიმღერის
ტექსტიც, მელოდიაც და დაიწყო სიმღერის შესწავლა. მე კი გადავწყვიტე
გამეკეთებინა ამ სიმღერის თანამედროვე ჟღერადობის არანჟიროვკა!

საბჭოთა კავშირში უკვე ცნობილი კომპოზიტორი, რაიმონდ პაულსი ცხოვრობდა
და მოღვაწეობდა ლატვიის დედაქალაქში, რიგაში! იმ დროისთვის პრიბალტიკის
რესპუბლიკებში მუსიკოსების დაინტერესება თანამედროვე მუსიკისადმი იყო უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში. შესაძლებელია იმიტომ, რომ
პრიბალტიკა ტერიტორიულად ძალიან ახლოს იყო ევროპის ქვეყნებთან. რაიმონდ პაულსი ხელმძღვანელობდა ქალაქ რიგის ფილარმონიასთან არსებულ
თანამედროვე საესტრადო ორკესტრს. აღჭურვილს საუკეთესო სახმო აპარატურით, ელექტრო გიტარებით, ელექტრო პიანოთი
და საუკეთესო სინთეზატორებით! რა გასაკვირია, რომ მისი ორკესტრის
ჟღერადობა ძალიან გამოირჩეოდა, თუ გინდაც მოსკოვის ანსამბლებისგან,
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მუსიკოსები ყველა ხერხს იყენებდნენ იმისთვის, რომ როგორმე შეეძინათ თანამედროვე სინთეზატორები.
მე გადავწყვიტე რ. პაულსის სიმღერის არანჟირებისთვის მომეძებნა და
გამომეყენებია თანამედროვე ელექტრო-ინსტრუმენტები. ამ განზრახვით
დაუკავშირდი ვიჩესლავ ვალერიანეს ძე მიშერინს, აუხსენი სიტუაცია. მან მიმიწვია რადიოს № 3 სტუდიაში, სადაც მისი ანსამბლი ატარებდა რეპეტიციებს!
ორიოდე სიტყვა ამ ანსამბლის შესახებ: 1973 წლის თებერვლიდან, როცა
ჩვენ პირველი ჩანაწერები გავაკეთეთ საკავშირო რადიოში, გარდა დიდი
სიმფონიური და საესტრადო-სიმფონიური ორკესტრებისა, ასევე იყო ელექტრო-
მუსიკალური ინსტრუმენტების ანსამბლი «აემი», ვიაჩესლავ ვალერიანის ძე
მიშერინის ხელმძღვანელობით. რადიო კომიტეტის ხელმძღვანელობისაგან ეს
კოლექტივი წარმოჩენილი იყო, ვითომც საბჭოთა კავშირში შექმნილ
თანამედროვე ელექტრონული ინსტრუმენტების მქონე, ელექტრონული
ჟღერადობის კოლექტივი! სინამდვილეში კი ანსამბლის ყველა მუსიკალურ
ინსტრუმენტს დაუმაგრეს პატარა მიკრაფონები ბგერის გასაძლიერებად და ამის
გამო ინსტრუმენტების ბუნებრივ ბგერებს დაემატა რაღაც ელექტრონული, არა
ბუნებრივი, უსიამოვნო ჟღერადობა!
ჯერ კიდევ 1973 წელს, როცა ჩემგან გაკეთებულ არანჟიროვკებს მიაქციეს
ყურადღება რადიოში მომუშავე კოლექტივების დირიჟორებმა, მათ შორის
იყო ვიჩესლავ მიშერინიც, შესანიშნავი მუსიკოსი და გონებამახვილი ადამიანი.
ძალიან გულახდილად მთხოვა დავხმარებოდი მისი ანსამბლის წინსვლაში.
ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ მის ანსამბლს ახალი, უკეთესი
ჟღერადობისთვის აუცილებლად სჭირდებოდა თანამედროვე ელექტრონული
ინსტრუმენტები. მაშინ მე ვურჩიე მას, რომ მიემართა თხოვნით რადიოს
ხელმძღვანელობისთვის გამოეყოთ თანხა თანამედროვე ელექტრო-
ინსტრუმენტების შესაძენად! ასე დაიწყო ჩვენი შემოქმედებითი, კეთილი
დამოკიდებულების გრძელი გზა!
სამი წელიწადი ელოდა ვ. მიშერინი შეპირებულ სინთეზატორებს და როგორც
იქნა საბჭოთა საელჩოს დახმარებით ჩამოუტანეს იაპონური, იმ დროისთვის
საუკეთესო ორი სინთეზატორი! მართლაც ძნელი წარმოსადგენი და გასაოცარი
იყო, რომ ამ პატარა, პიანინოს კლავიშებიან ინსტრუმენტს, ათასნაირი
ჩასართველი თუ გამოსართველი ღილაკების მეშვეობით, მართლაც შეეძლო
100 % შეეცვალა მთელი ორკესტრის ჟღერადობა! კიდევ უფრო გასაოცარი იყო
სხვა და სხვა ინსტრუმენტების ხმათა შერწყმა, სინთეზირება!
აი, ამ სინთეზირების ფუნქციის გამო ასეთ ინსტრუმენტებს მიენიჭა სახელად
სინთეზატორი! საკმაოდ ბევრი დრო დაჭირდა ჩვენგან სინთეზატორის ათვისებას,
მითუმეტეს, რომ არ იყო არც აღწერილობა და არც არანაირი ინსტრუქცია რუსულ
ენაზე. და მაინც შესანიშნავ მუსიკოს-კლავიშნიკის ალიკ ნიკიტინის დახმარებით
შევძელი მომეძებნა არანჟიროვკისთვის შესაფერისი ბგერები.
ერთი თვის შემდეგ სტუდიაში რაიმონდ პაულსთან ერთად ვისმენდით სიმღერის
«პოდბერუ მუზიკუ»-ს ჩვენებურ ჩანაწერს გოგის შესრულებით! ჩვენებურს იმიტომ, რომ მე ამ სიმღერას გაუკეთე ახალი შესავალი, სრულიად განსხვავებული პაულსის სიმღერის კლავირისაგან. ისეთი შესავალი რომელიც შეამზადებდა მსმენელს განწყობილიყო მელოდიისა და სიტყვების შესაფერისად. როგორც კი შესავალი
დამთავრდა პაულსმა მოითხოვა თავიდან მოესმინა სიმღერის შესავალი! ორჯერ
მოსმენის მერე შეგვეკითხა:
_  შესავალის მუსიკა ვინ დაწერა? ვინ გააკეთა არანჟიროვკა ?!
_ მე გავაკეთე. თქვენ არ მოგეწონათ?
_ პირიქით, ძალიან მომეწონა. სად მიიღე მუსიკალური განათლება?
_ თბილისში, «ნიჭიერთა ათწლედში» და კონსერვატორიაში!
_  კარგი მასწავლებლები გყოლიათ! დიდი მადლობა საუკეთესო
შესავლისთვის. არ დაგენანათ ასეთი კარგი მუსიკა სხვისი სიმღერისთვის
რომ დაწერეთ?
_ არა, არ დამენანა! თქვენ მართლაც შესანიშნავი სიმღერა დაგიწერიათ.
_ კეთილი. მაშინ თქვენი გაკეთებული შესავალი დავტოვოთ! ახლა კი
მომღერალს მოუსმინოთ, საინტერესოა როგორ მღერის ის ჩემ სიმღერას!
გოგის შესრულებით მისი სიმღერის ჩანაწერმა პაულსის დიდი აღტაცება
გამოიწვია. ძალიან გახარებული ჩანდა. მადლობა გადაგვიხადა ჩვენც და
რედაქტორსაც. სთხოვა აუცილებლად გაეტანა ეს ჩანაწერი სამხატვრო
საბჭოზე და რადიოს ყველა საკონცერტო გადაცემებში ჩაერთოთ მისი
სიმღერა გოგის შესრულებით!
რაიმონდ პაულსმა ასევე ჩვენი თანდასწრებით დაურეკა ცენტრალური
ტელევიზიის მუსიკალური განყოფილების მთავარ რედაქტორს და სთხოვა
სიმღერა «პოდბერუ მუზიკუ» ჩაერთოთ სატელევიზიო გადაცემებში გიორგი
ბეშიტაიშვილის შესრულებით! მას ჩვენთვის არ დაუმალავს, რომ სიმღერა
«პოდბერუ მუზიკუ» უკვე ჩაუწერია მომღერალ იაკ იოალას ქ. რიგის რადიოში და
ამიტომ ის ითვლება ამ სიმღერის პირველ შემსრულებლად! რაიმონდ პაულსთან
გაცნობამ შემდგომში ძალიან კარგი, კეთილი შედეგები გამოიღო!
თითქმის იგივე ამბავი გამეორდა ალექსანდრა პახმუტოვას სიმღერის «კაკ
მოლოდი მი ბილი»-სთან დაკავშირებით. 1975 წელს სპეციალურად დაწერილი
«კაზახფილმის» სტუდიის მხატვრული ფილმისთვის «მაია ლუბოვ ნა ტრეტემ
კურსე», ეს სიმღერა ჩაწერილი კაზახეთში ალექსანდრე გრადცკის შესრულებით
ძალიან მალე გახდა პოპულარული მაყურებელთა შორის. მაგრამ საკავშირო
რადიოს სამხატვრო საბჭომ ამ ჩანაწერს ხარისხი დაუწუნა და არ მიიღო ოქროს
ფონდში! ალექანდრა პახმუტოვას მონდომებით და თხოვნით ა. გრადცკის კიდევ
ორჯერ მისცეს საშუალება ჩაეწერა ეს სიმღერა საკავშირო რადიოში, მაგრამ ყველა
ცდა უშედეგო გამოდგა! როგორც სჩანს საშა გრადცკისთვის დიდი მნიშვნელობა არ
ქონდა საკავშირო რადიოს ოქროს ფონდში მიიღებდნენ თუ არა მის ჩანაწერს.
მთავარი მისთვის ის იყო, რომ ყველა სხვა რადიო სადგურები ყოველ დღე
გადასცემდნენ ამ სიმღერას და ამით იზრდებოდა მისი პოპულარობა!
კომპოზიტორ ალექსანდრა პახმუტოვასთვის და პოეტ ნიკოლაი
დობრონრავოვისთვის ამ სიმღერის ოქროს ფონდში მიღებას დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა. საკავშირო რადიო იყო სახელმწიფო დონის რუპორი. ამიტომ მათი
თხოვნით ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა სილანტიევის ორკესტრის
თანხლებით სცადეს ამ სიმღერის ჩაწერა რადიოს პირველ სტუდიაში, სადაც იმ
დროისთვის საუკეთესო ხმის ჩასაწერი აპარატურა იდგა. როცა მათაც არაფერი არ
გამოუვიდათ, მაშინ მოიწვიეს ცნობილი ოპერის მომღერლები! მათი შესრულება
თვით ა. პახმუტოვას არ მოეწონა! მოკლედ ეს ცდები დიდხანს გაგრძელდა.
უშედეგობით გაღიზიანებულმა იური სილანტიევმა უთხრა ა. პახმუტოვას – მე
დამიჯერე, მიცი უფლება «მაიმ გრუზინამ», რომ სცადონ ამ სიმღერის ჩაწერაო!
ბატონი იური ჩვენ ხან სახელებით, ხან კი სიტყვით «გრუზინი» -თ მოგვმართავდა.
თუმცა პახმუტოვა დაეჭვებული იყო, ქართველისგან ამ სიმღერის უაქცენტოდ
შესრულებაზე, მაგრამ უარი არ უთხრა იური სილანტიევს! რამოდენიმე დღის

შემდეგ გოგიმ კომპოზიტორისა და პოეტის თანდასწრებით ჩაწერა სიმღერა «კაკ
მოლოდი მი ბილი»! რადიოს სამხატვრო საბჭომ ყველასთვის მოულოდნელად,
შენიშვნების გარეშე, გოგის ჩანაწერი მიიღო ოქროს ფონდში! ყველა გაოცებული
იყო ჯერ გოგის ხმით და მერე ქართველისაგან ყოველგვარი აქცენტის გარეშე ამ
სიმღერის ემოციური შესრულებით! სიამაყით სავსე იური სილანტიევი ყველას
ეუბნებოდა: «ჩემი აღმოჩენილია ეს მომღერლებიო!» ალექსანდრა პახმუტოვამ
იმავე დღესვე მიგვიწვია მის სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობის
მისაღებად! ნახევარი წლის განმავლობაში «ვტმეი» -ში კონცერტმეისტერთან
რუსული სიმღერების ტექსტებზე და აქცენტებზე მუშაობამ კარგი შედეგები
გამოიღო, მითუმეტეს, რომ პახმუტოვას სიმღერა «კაკ მოლოდი მი ბილი» გოგის
საკონცერტო პროგრამაში შედიოდა.
ორიოდე სიტყვა კომპოზიტორებისა და მომღერლების «ავადმყოფურ»
ურთიერთ დამოკიდებულებაზე! იმ დროისათვის და შეიძლება უფრო ადრეც კი
სიტუაცია ასეთი იყო: იმ მუსიკოსებს ვინც არ იყო კომპოზიტორთა კავშირის წევრი, არ თვლიდენ კომპოზიტორებად! ეს იმას ნიშნავდა, რომ მათი ნაწარმოებების ნოტებად დაბეჭვდა, ოფიციალურად ჩაწერა და გამოცემა პლასტინკების სახით არ შეიძლებოდა, დანაშაულად ითვლებოდა! აქ არ შეუდგები იმის აღწერას ვინ და როგორ ცდილობდა ამ აკრძალვების გვერდით ავლას!
ყველა კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის წევრი დაინტერესებული იყო,
რომ მისი მუსიკა გამხდარიყო პოპულარული. ამის მისაღწევად ყველაზე ადვილი
და ხელსაყრელი იყო პატრიოტული სიმღერის შექმნა. ვინაიდან მაშინ
კომპოზიტორს რომ ეცადა თავი გამოეჩინა თავისი სიმღერების შესრულებით
როგორც მომღერალს, ამას ჩაუთვლიდენ ცუდ ტონად, უღირს მოქმედებად! ჯერ
კიდევ არ დამდგარა ის «დრო», როცა კომპოზიტორებმა და მომღერლებმა აურიეს
ერთმანეთში თავიანთი ნამდვილი ფუნქციები: «მომღერალს ემღერა,
კომპოზიტორს კი მუსიკა დაეწერა!». აი, ამ «ხელოვნურად შექმნილმა»
კანონებმა ჩამოაყალიბეს «ავადმყოფური» კომპოზიტორ-მომღერლის ტანდემები!
ამ ტანდემების ახალი კანონით, მომღერალს არ ქონდა უფლება შეესრულებია სხვა კომპოზიტორის სიმღერა, რაც ჩაითვლებოდა «ღალატად» და არც კომპოზიტორს შეეძლო მომღერალთან შეთანხმების გარეშე სხვისთვის მიეცა თავისი ახალი
სიმღერა! მოკლედ შეიქმნა «შეუღლების და გაყრის» მაგვარი გასაოცარი
ურთიერთობები! მაგალითისთვის, უფრო მაღალი დონის, ნამდვილად ნიჭიერი
ორი ადამიანის «ტანდემი» იყო – არნო ბაბაჯანიანი და მუსლიმ მაგომაევი, კიდევ –რაიმონდ პაულსი და ლაიმა ვაიკულე! მაგრამ მათ შორის მოხდა განხეთქილება, როცა პაულსმა ტანდემში აირჩია ალა პუგაჩოვა. ან კიდევ ჩვენი ვახტანგ კიკაბიძე და გიორგი მოვსესიანი! უფრო მეტიც, კომპოზიტორები როცა ქმნიდნენ თავისი მომღერლებისთვის სიმღერას უკვე გულისხმობდნენ მისი სიმღერის მანერას,დიაპაზონს, ხმის ტემბრს და ხმის შესაძლებლობას! ჩვენ არ ვიყავით არავის ტანდემში. ჩვენ ვიყავით თავისუფალი შემსრულებლები, ყველასგან დამოუკიდებლები, ჩვენი ხმების ტემბრებით, დიაპაზონით და შესაძლებლობით!
ახლა სრულიად რუსეთის საბჭოთა სიმღერის შემსრულებლების კონკურსის
შესახებ, რომელიც ჩატარდა 1976 წლის 22 ოქტომბრიდან 03 ნოემბრამდე, ქალაქ
სოჩის ფილარმონიის დარბაზში, სადაც მე მივიღე მონაწილეობა! გოგი ამ დროს
ემზადებოდა დიდ თეატრში გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსისთვის!
მოსკოვიდან სოჩში მოსკოველი მომღერლები გავემგზავრეთ მატარებლით.
როცა მიუახლოვდით სოჩს და ჰორიზონტზე გამოჩნდა ჩვენი მთები, მე გავიფიქრე და რატომღაც ხმამაღლა ქართულად ვთქვი: « თქვენ მე აქ ვერ მაჯობებთ!». კუპეში ჩემს გარდა კიდევ სამი მომღერალი იყო და შემეკითხეს რა თქვიო? მე უპასუხე, რომ სოჩი და მთელი ეს მხარე, რასაც ახლა თქვენ ხედავთ ჩემი სამშობლოს, საქართველოს განუყოფელი ნაწილია-მეთქი! რამაც მათში დიდი გაკვირვებაგამოიწვია, რა თქმა უნდა პირველად ესმოდათ, რომ ეს მხარე საქართველოა, მაგრამ კამათი არ დაუწყიათ, დიდი ინტერესით მოისმინეს ჩემგან საქართველოსისტორიის პატარა მონაკვეთის ამბები!
პირველი ტურის მოსმენა დაიწყო 22 ოქტომბერს და მიმდინარეობდა ორი დღის
განმავლობაში, დილით და საღამოს. 120 კონკურსანტიდან ნახევარზე მეტი
გამოეცალა კონკურს! მე პირველ ტურში მივიღე 28 ქულა, რაც როგორც
გამოაცხადეს უდრიდა ქულების შესაძლებელ მაქსიმალურ ოდენობას! ჩემთან
ერთად მეორე ტურში გავიდნენ ალბერტ ასადულინი და ზაურ ტუტოვი, მაგრამ
ჩემთან შედარებით გაცილებით ნაკლები ქულებით.
ჟიურის წევრებად იყვნენ რუსეთის ყველა საკონცერტო დაწესებულების
ხელმძღვანელები, მათ შორის ჩვენი «ვტმეი»-ს დირექტორი მისაედოვიც, ასევე
ყველა ფილარმონიების დირექტორები, კულტურის სამინისტროების
ხელმძღვანელები, კომპოზიტორები და ცნობილი საბჭოთა მომღერლები,
სამწუხაროდ ჟიურში არ იყო ალექსანდრა პახმუტოვა!

მეორე ტურშიც მივიღე 28 ქულა, შესაძლებლობის მაქსიმუმი! გახარებულმა
დაურეკე და მამას ვთხოვე ჩამოსულიყო სოჩში, ძალიან მინდოდა მესამე ტურში
ჩემი გამოსვლა მოესმინა! მართლაც მამა ჩამოვიდა და ველოდებოდით მესამე
ტურში დაშვებული მონაწილეთა სიის გამოცხადებას! ჩვენდა გასაოცრად ჩემი
გვარი არ გამოაცხადეს. ვიფიქრე ალბათ ტექნიკური შეცდომის გამო გამორჩათ-
მეთქი, მაგრამ შევცდი, მართლაც ჩემი გვარი არ იყო დაშვებული მესამე ტურში.
სხვათაშორის არც ალბერტ ასადულინისაც, რომელიც ქულებით ჩემს მერე მეორე
ადგილს იკავება! ისედაც კონკურსანტებს შორის ბევრი მომღერალი ჟიურის
ძალიან უკმაყოფილო იყო, ამას დაემატა ჩვენს მიმართ ასეთი უსამართლობა და
ფილარმონიის წინ შეიკრიბა საპროტესტო დემონსტრაცია. როცა არავინმა ამ
ადამიანებს არ მიაქცია ყურადღება, კონკურსის მონაწილეებს დაემატა ალბათ მათი ახლობლებიც, ასევე ზოგიერთი მაყურებელიც ! საპროტესტო დემონსტრაცია გამოვიდა ქუჩაში და გაემართა სოჩის კომპარტიის შენობისკენ. მოკლედ ძალიან არა სასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. მე და მამამ გადავწყვიტეთ არ ჩავრეოდით ამ ამბებში და მამის მანქანით წამოვედით მახარაძეში! იქ დავრჩი ერთი კვირა, მოვინახულე ნათესავები, მეზობლები, მოვეფერე ჩემ პატარა იას, ჩემ დედიკოს და დავბრუნდი მოსკოვში! ვერ ვიტყვი, რომ ამ ამბავმა ჩემზე არ იმოქმედა, მაგრამ მაინც სწორად მივიჩნიე, რომ არ შეუერთდი დემონსტრანტებს!
«ვტმეი» -ის დირექტორმა მისაედოვმა დამიბარა და გადმომცა «პაჩიოტნაია
გრამოტა» ჟიურის ყველა წევრების ხელმოწერით!

ამისგაკეთების უფლება მათ არ ქონდა იმიტომ, რომ მე მესამე ტურში მონაწილეობა არმიმიღია და არანაირად არ მეკუთვნოდა ეს გრამოტა! არ ვიცი რას ფიქრობდნენ,მაგრამ მე დამრჩა იმ ადამიანების ხელმოწერა, ვინც ასე უნამუსოდ მოიქცნენ ჩემს მიმართ!
გოგის მონაწილეობას დიდი თეატრის კონკურსში შემდეგ წერილში
მოგითხრობთ! დიდი მადლობა ყურადღებისთვის გაზეთ «ალიონის» მკითხველებს!
ყველას ჯამრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!

გაზეთი „ალიონი“, #20,#21, 2025 წ.

 

მსგავსი სტატიები

  • 94
    „მომწურდი საოცარი ძალით“      წერილი მეთერთმეტე_მეთორმეტე 1973 წლის სამ მარტს, თავის კაბინეთში დაგვიბარა საკავშირო რადიოს მუსიკალური გადაცემების მთავარმა რედაქტორმა გენადი ჩერკასოვმა. თავდაპირველად გულითადად მოგვილოცა დიდი წარმატება, ჩვენი ორი სიმღერის მიღება «დკს»-ში. შემდეგ დაწვრილებით აგვიხსნა, თუ რა«გზას» გაივლიდა ეს სიმღერები საკავშირო რადიოს სისტემის მეშვეობით, ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად! ვფიქრობ,  გაზეთ «ალიონის» პატივცემულო მკითხველებო…
  • 91
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან   ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“  ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ  40 წლის წინ ოზურგეთსა და  ნატანებში  გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…
  • 83
    როგორ გავხდი და აღარ ვარ გამომცემელიავტორი : გიო კილაძე ჰო, დღეს 13 მარტია _ ის დღე, როცა ჩემი საყვარელი გამომცემლობა დაიბადა. ათი წელი ვუჯექი ამ საქმეს ისე, რომ სკამიც კი არ გაცვდა - რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაჯდომის დრო არ მქონდა! მუხლჩაუხრელად კი არა, თავდაუხრელად ვმუშაობდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გავიფიქრე _ "კარგი,…
  • 80
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                                   წერილი მეორე საქვეყნოდ ცნობილ, დიდ ქართველ მომღერალთან, დავით იასონის ძე ანდღულაძესათან შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს მახსოვრობაში! ჩვენ წინ იდგა მაღალი, ათლეტური აღნაგობის, გასაოცრად ლამაზი ადამიანი –  «კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო» გვითხრა და…
  • 73
    ოზურგეთში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგმებაროგორც ვწერდით, ქ. ოზურგეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის დასაწყისში შოთა რუსთაველის ბიუსტი განთავსდება. ამის შესახებ განკარგულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ რუსთაველის ბიუსტი უსასყიდლოდ ოზურგეთს გადასცა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, ქართული კულტურის დესპანმა, მწერალმა დავით შემოქმედელმა და ქუთაისის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ, დ. ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა, ქუთაისის…