საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, სერგო მეგრელიშვილს და დავით ჟღენტს.
ამირან გულუაშვილის განცხადებით, პროკურატურა დაკავებული ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით დაკავებულნი არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ, ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე განცხადებებს აკეთებდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხუთივე ბრალდებულმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.
პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ ძალადობრივი მოქმედების ორგანიზატორები და მასში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, იერიში მიიტანეს, ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს დამცავი ღობე და შეიჭრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში, შენობის ხელში ჩაგდების და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამავდროულად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას. მათი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე. ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 6 ოქტომბერს დააკავეს. ცამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე) წარედგინათ“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 91
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული…
- 88
შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა. შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო…
- 87
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული…
- 87შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი…
- 85
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. საქმე ეხება ბიუჯეტიდან თანხის დაუფლებას. წარდგენილი ბრალის და დანაშაულებრივი სქემის შესახებ ბრიფინგი უწყების უფროსის მოადგილემ, ელგუჯა თავბერიძემ გამართა. მისი თქმით, დანაშაულებრივ ჯგუფში 12 პირი მონაწილეობდა, ხოლო დაუფლებული…