ოცდამეხუთე-ოცდამეექვსე წერილი

1981 წლის ოქტომბრიდან ანსამბლ «მუსიკასთან» ერთად ჩვენ კონცერტებით მოვიარეთ რუსეთის დიდი ქალაქები: სვერდლოვსკი, ჩელიაბინსკი, კურგანი, მაგნიტაგორსკი, ჩიტა! ნოემბრის თვიდან ვიყავით გასტროლებით თურქმენისტანში, ბელორუსიაში, ქ. როსტოვში. დავბრუნდით მოსკოვში და მაქსიმ გორკის სახელობის პარკში 23-დან 26-ის ჩათვლით ჩავატარეთ დღეში ორ-ორი კონცერტი. ხოლო დეკემბრის 4-დან 26-ის ჩათვლით გასტროლებით მოვიარეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ქალაქები: ბარნაული, რუბცოვსკი, კრასნოიარსკი, ნოვოსიბირსკი, ბრატსკი, ირკუსტკი, ულან-უდე, ხაბაროვსკი, ვლადივასტოკი, ბლაგოვეშენსკი!
1982 წლის 21 იანვრიდან 16 თებერვალის ჩათვლით გასტროლებით ვიყავით: კიროვში, პერმში, ტიუმენში, იჟევსკში, სტერლიტამაკში და უფაში!
24 მარტიდან 20-ი აპრილის ჩათვლით გასტროლებით ვიყავით ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში: გროზნოში, კისლავოდკში, პიატიგორსკში, ესენტუკში, ჩერკესკში და ელისტაში!
ასე დაწვრილებით იმიტომ დავწერე ჩვენი გასტროლების მარშრუტის შესახებ, რომ თქვენ გაგეგოთ, თუ რამდენად დაძაბული, დატვირთული სამუშაო გვქონდა «მოსკონცერტში»! ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასტროლებიდან დაბრუნების მეორე დღიდანვე უკვე დაგეგმილი იყო ჩვენი გამოსვლები და კონცერტები მოსკოვის საკონცერტო დარბაზებში! ასეთი დიდი დატვირთვით მუშაობა გვიწევდა თვეების განმავლობაში!
რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიცნეს გასტროლების დროს მაყურებლებმა და საკონცერტო დარბაზების ხელმძღვანელებმა, განსაკუთრებით დაგვიმახსოვრეს ფილარმონიის დირექტორებმა. ასე დაიწყო ყოველ წლიური მოწვევები ფილარმონიებიდან კიდევ და კიდევ ჩავსულიყავით კონცერტებით მათ ქალაქებში! ასე, რომ რამოდენჯერმე მოვიარეთ საბჭოთა კავშირის დიდი თუ პატარა ქალაქები. აქვე ავღნიშნავ, რომ იგივე ხდებოდა სოციალისტური ქვეყნების დედაქალაქების საკონცერტო ორგანიზაციებიდან სადაც კი იდგა საბჭოთა ჯარების ნაწილები!

ია და ეკა ბეშიტაიშვილები

მოსკოვში გრძელდებოდა ჩვენი შემოქმედებითი კავშირი პოეტ ხუტა გაგუასთან. 1982 წლის განმავლობაში შეიქმნა კიდევ ოთხი სიმღერა: «ბასკურ-მესხური», «ბათუმო ჩემო», «ჩიტუნია», «პეპელა». ყველა ეს სიმღერა დაემატა ჩვენ რეპერტუარს! სიმღერა «პეპელა» მიუძღვენით ჩვენ პატარებს, იას და ეკას, პირველი კლასის მოწაფეებს, რომლებიც მალე სექტემბრიდან მეორე კლასის მოწაფეები გახდებოდნენ.

ივნისის თვეში გასტროლებით გაგვიშვეს ქ. სოხუმში, მთელი თვით! რიგი იდგა, მოსკონცერტის არტისტები, ყველას უნდოდა ჩვენთან ერთად გასტროლებზე წამოსვლა, თან ემუშავად და თანაც დაესვენათ სოხუმში, ზღვის პირას.
ყველაფერი ისევე გამეორდა, როგორც წინა 1981 წელს. ყოველ საღამოს ორი კონცერტი, დღისით კი რამოდენიმე გასვლითი კონცერტები.
ჩვენ დიდ, მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას ახალი შვიდი ქართული სიმღერა შეემატა პოეტ ხუტა გაგუას შესანიშნავი ლექსებით! მაყურებლებს მოწონდათ ჩვენი კონცერტები, განსაკუთრებით ახალი ქართული სიმღერები. სოხუმელმა მუსიკოსებმა ხელად აიტაცეს სიმღერა «პეპელა»-ს სიტყვები: «სხვაგან სად არის ამდარი დარი, აღარსად არის ვფიცავ! ღვთით დალოცვილი ამ დარი დარი, ამდარი ცა და მიწა!». ასევე ანსამბლის მუსიკოსებმა გაიგონეს ჩვენი სიმღერა «ჩიტუნია», რომელსაც გიტარის აკომპონიმენტით მღეროდნენ ზღვის სანაპიროზე კაფეში.
ივნისის თვეში კიდევ ერთი ქართველი ადამიანი მოავლინეს ჩვენ კოლექტივში, აკაკი (არკადი ივანიჩი) ახობაძე. ჩვენი დირექტორის ლადო სამადბეგაშვილის მოადგილედ, დამხმარეთ საორგანიზაციო საკითხებში. ბატონი აკაკი სოხუმიდან აღმოჩნდა. თავის მშობლიურ სახლში მიგვიწვია, ოჯახის წევრებს და ნათესავებს გაგვაცნო. მანქანით აფხაზეთში რაც კი რამ საინტერესო იყო ყველაფერი გვაჩვენეს, რიწის ტბაზეც წაგვიყვანეს. ლამაზი, ზღაპრული, დაუვიწყარი ბუნება და კეთილი, მხიარული ადამიანები! ჩვენი კოლექტივის წევრები გაოცებული იყვნენ ქართველების სტუმართ-მოყვარულობით! იმ დროს ერთად-ერთი რაც ჩვენ არ გვყოფნიდა, იყო თავისუფალი დრო. ყოველ საღამოს ორ-ორი კონცერტი მაყურებლებით გავსებულ საზაფხულო თეატრში! ასე ბედნიერად გაიარა ივნისის თვემ! გამოვემშვიდობეთ აფხაზეთს, ქ. სოხუმს და გავემგზავრეთ ქ. ბათუმში, აჭარის დედაქალაქში.
1982 წლის ივლისში ისევ საზაფხულო თეატრის შენობაში მოგვიწია კონცერტების ჩატარება! უკვე გველოდებოდნენ ბათუმლები. აქაც ჩვენმა ქართულმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ადგილობრივმა მუსიკოსებმა კონცერტის დროს ჩაიწერეს ჩვენი ქართული სიმღერები. მთხოვეს და მე მივეცი სიმღერების ტექსტები და ბათუმის, მახინჯაურის და ჩაქვის კაფე-რესტორნებში დიდი წარმატებით ასრულებდნენ ჩვენ სიმღერებს «წყურვილს», «ნანაიას» და რა თქმა უნდა სიმღერას «ბათუმო ჩემო»!
ფილარმონიის დირექტორმა ამჯერადაც უარი გვითხრა ქ. მახარაძეში კონცერტის ჩატარებაზე, ვინაიდან ბათუმის ფილარმონიიდან დაგეგმილი იყო ჩვენი კონცერტები ქობულეთში, ფოთში, ზუგდიდში, სამტრედიაში, გორში და ქუთაისში.
ამ ქალაქებში უკვე გველოდებოდნენ. ყველგან გამოკრული იყო ჩვენი აფიშები. კონცერტების ჩატარების დრო და დღეების გადატანა არ შეიძლებოდა.
ყოველი წლის ივლისის თვეში დედა და ბავშვები ისვენებდნენ ქობულეთში, მამის მეგობრის, ახმეტ (თუ არ ვცდები) გოგიტიძის სახლში. გამოსასვლელ დღეებში, შაბათ-კვირას მამაც ჩადიოდა ქობულეთში, ოჯახთან ერთად ზღვაზე დასასვენებლად.

ჩვენი კონცერტი ჩატარდა ქ. ქობულეთის ცენტრში, კლუბის სცენაზე, ხალხით სავსე პატარა დარბაზში. ეს იყო ჩვენი ბოლო კონცერტი, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი დედა. იყო 1982 წლის ივლისი – ბედნიერი დღე ჩვენ ცხოვრებაში! კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონებით ჩაიარა. განსაკუთრებით მოეწონათ მათთვის უცნობი ჩვენი ახალი ქართული სიმღერები. მშობლები კმაყოფილები და გახარებული იყვნენ. არასდროს არ დამავიწყდება დედას სიტყვები, რომელიც კონცერტის მერე მითხრა: «ხელად ვიცანი შენი ხმა, როცა კონცერტის დროს კულისებიდან სიმღერა გაისმა!». კონცერტში ჩემი პირველად სცენაზე გამოსვლისთვის ვიყენებდი ცნობილ იტალიურ სიმღერას «ილ ტემპორალე ნონ ჩე პიუ», რომელსაც კულისებში ვიწყებდი და მერე შემოვდიოდი სცენაზე.
მაშინ დედისა და შვილების ურთიერთობაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი,
აბა რა ფიქრი უნდოდა, დედა და მამა ყველაზე ახლობელი ადამიანები რომ
იყვნენ მთელ დუნიაზე ისედაც კარგად ვიცოდით! მაგრამ დროთა განმავლობაში, ექიმებისაგან და მეცნიერებისაგან დამტკიცდა დედისა და შვილის განუწყვეტელი კავშირი, რომელიც არ ექვემდებარება არც დროს, არც მანძილს. მეცნიერთა ამ აღმოჩენამ გამახსენა ოდესღაც წაკითხული თუ გაგონილი ერთი გულში ჩამწდომი ძველი თქმულება: საყვარელმა ქალმა მოითხოვა ახალგაზრდა კაცისაგან: «თუ გინდა შენი სიყვარული ნამდვილად რომ დავიჯერო, წადი და დედაშენის გული მომიტანეო!» დედამ როცა გაიგო რას ითხოვდნენ მისი შვილისაგან, გული ამოიღო, მისცა შვილს და უთხრა: «აი, ჩემი გული. წაიღე და მიუტანეო!». დამწუხრებულმა, გონება-დაბინდულმა შვილმა გზაზე ფეხი ქვას წამოკრა, დაეცა და ტკივილისგან დაიყვირა: «ვაი, დედა». ამ დროს გაისმა დედის ხმა: «ვაიმე შვილო, რამე ხომ არ იტკინეო!». ძალიან სევდიანი, ბევრის მთქმელი თქმულებაა! ალბათ ადამიანებმა ასეული საუკუნეების ცხოვრებისეული გამოცდილებით დიდი ხნის წინ მიხვდნენ ამ ჭეშმარიტებას!

დედა-ია გადელია

ჩვენი გასტროლები წარმარტებით გაგრძელდა ქ. ფოთში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, სადაც ჩვენ პირველად ვიყავით. ორი დღის განმავლობაში ორ-ორი კონცერტი მაყურებლით სავსე კულტურის სახლში! აქ ჩვენ კონცერტის მერე გაგვეცნენ იმჟამად ფოთში, შაუმიანის ქუჩის № 4 -ში მცხოვრები გივი და თალიკო, დედით ბეშიტაიშვილები. მათი გაცნობა ძალიან გაგვიხარდა. გამოირკვა, რომ მათი დედა, თამარი ესეფეს ასული ბეშიტაიშვილი ბათუმიდან სამუშაოდ ჩამოსულა ქ. ფოთში და შემდეგ აქვე დარჩენილა საცხოვრებლად. მათ ჩვენ გამომშვიდობისას სამახსოვროდ ვაჩუქეთ ჩვენი პლასტინკები და აფიშები!
შემდეგი ქალაქი იყო სამტრედია, ჩვენი დედის, იას მშობლიური ქალაქი, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა! აქ ცხოვრობდნენ დედის მხრიდან ჩვენი ნათესავები: გადელიები, მელქაძეები, ვაშაკიძეები და შენგელიები. იმავე ქუჩაზე, მათ გვერდით ცხოვრობდა მიქელაძეების დიდი ოჯახი. როცა ჩემი ძმა გოგი კულაშში, ბებიას სახლში დაიბადა, გოგი ჯიმი მიქელაძეს მოუნათლავს. მთელი ნათესაობა ესწრებოდა ჩვენ კონცერტებს სამტრედიის კულტურის სახლში. სამი დღის განმავლობაში აქ ჩვენ ჩავატარეთ ექვსი კონცერტი. მოვინახულეთ დედის ღვიძლი ძმის, მიტუშა ბიძიას და ნათელა ბიცოლას ოჯახი. მათი ორსართულიანი სახლი დაბა კულაშის დასაწყისში, ტექნიკუმთან ახლოს, სადაც ბავშვობაში მშობლებს ხშირად დავყავდით ჩვენი ბებიის, გუგული მელქაძის და ნათესავების სანახავად! სიხარულით სავსე სამი დღე გავატარეთ ნათესავებთან შეხვედრისას.
შემდეგ გავემგზავრეთ ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელოს დედაქალაქში, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა თავისი გამორჩეული ლამაზი ქუჩებით, ძველებური სტილის სახლებით და რაც ძალიან მომხიბვლელი იყო, მეგრელი ადამიანების სილამაზით. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, კოხტად, ლამაზად ჩაცმულები ამაყად დასეირნობდნენ ქალაქის მთავარ ქუჩაზე!
ქ. ზუგდიდშიც ექვსი კონცერტი დიდი წარმატებით ჩავატარეთ, განსაკუთრებით აღფრთოვნებული იყვნენ ჩვენი სიმღერით «ნანაია»-თი, პოეტ ხუტა გაგუასაგან სამეგრელოსადმი მიძღვნილ ლექსით. ყველა კონცერტის ბოლოს გვთხოვდნენ ამ სიმღერის გამეორებას და მთელი დარბაზი ჩვენთან ერთად, ფეხზე იდგა და მღეროდა: «გესმის, ნანაია, ცრემლით დანამული, კვნესის ნანაია, ჩემი სალამური».
პირველსავე კონცერტზე ჩვენთან მოვიდა და გაგვეცნო პოეტი გენო კალანდია. სოხუმში ვიღაცას ჩვენ შესახებ უთქვამს: «ხუტა გაგუას ლექსებზე სიმღერებს მღერიანო». ბატონმა გენომ ხუტაზე მოგვიყვა: «ახალგაზრდობიდან ვიცნობდით ერთმანეთსო!». ხუტა გაგუა გენოზე და მის ძმებზე, რენეზე და ზაურიზე უმფროსი ყოფილა! 1974/76 წლეებში ხუტა გაგუა აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავჯდომარედ მუშაობის დროს მწერლებს, პოეტებს, მათ შორის სამივე ძმებს კალანდიებს: გენოს, რენეს და ზაურის შემოქმედებით წინსვლაში ეხმარებოდა. ბატონმა გენომ გამომშვიდობისას ჩვენ გვაჩუქა მისი და მისი ძმების ლექსების კრებულები სამახსოვროდ: «იქნება ჩვენ ლექსებზე სიმღერები დაწეროთო!». ჩვენ კი სამახსოვროდ ვაჩუქეთ ჩვენი საკონცერტო აფიშა, ანსამბლის ყველა წევრის და ჩვენი ავტოგრაფებით! ბატონი გენოსაგან ნაჩუქარი ლექსები იმავე ღამით წავიკითხე და მართლაც, სამივე ძმები დიდი პოეტური ნიჭით ყოფილა დაჯილდოებულები. ძალიან კარგი, სიყვარულით სავსე ლირიული ლექსები დაუწერიათ. რამოდენიმე წლის შემდეგ გოგიმ დაწერა სიმღერა «გზა» გენო კალანდიას ლექსზე, რომელიც დიდი წარმატებით სრულდებოდა ჩვენ კონცერტებში.
პატარა, კოხტა ქალაქ გორის თეატრის შენობაში ორი დღე ვიმუშავეთ. ალბათ ყველას გსმენიათ სიმღერა: «პატარა გორი დიდია, ბევრის მომსწრე და მნახველი, იქ დაიბადა სტალინი, მის სახელს ვენაცვალები!». კონცერტის წინ ჩვენთან მოვიდნენ დაახლოებით ჩვენი ასაკის ახალგაზრდა ქალი და კაცი, შეგვეკითხენ: «აბა თუ გვიცანითო ?» ჩვენი პაუზის შემდეგ გაეცინათ: «იმდენი დრო გავიდა, რომ ალბათ ვერც ჩვენ გიცნობდით თქვენი გვარი რომ არ წაგვეკითხა აფიშაზეო». საუბარში გავიხსენეთ, რომ 1959/60 წლის საქართველოს პიონერთა და მოსწავლეთა ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ჩვენ, მე და გოგი მახარაძიდან გაგვიშვეს ქ. გორში, რომელიღაც ფესტივალის კონცერტში მონაწილეობისთვის. სამი დღის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეები ქ. გორის ბავშვების ოჯახებში გაგვანაწილეს. სწორედ ამ ახალგაზრდა და-ძმის ოჯახში გაგვიტარებია ის სამი დღე! მეორე დღეს ოჯახში დაგვპატიჟეს, თბილი, მეგობრული შეხვედრა მოგვიწყვეს. იოსებ სტალინის საინტერესო მუზეუმიც მოვინახულეთ. რა თქმა უნდა მქონდა ჩაწერილი მათი სახელები, გვარი და მისამართიც მაგრამ …
ქ. გორიდან დილით ადრე ჩავედით ქ. ქუთაისში. შეგვხვდა ფილარმონიის ადმინისტრატორი ჯანსუღ ჯიმშელეიშვილი. სასტუმროში მოწყობის შემდეგ, ჩვენი თხოვნით ბატონმა ჯანსუღმა წაგვიყვანა ქ. ქუთაისის ისტორიული ადგილების დასათვალიერებლად. ვნახეთ გელათის გასაოცარი კომპლექსი, რომელიც 1106 წელს ქართველთა დიდ მეფეს დავით აღმაშენებელს აუშენებია. მერე ქალაქის ულამაზესი ცენტრი მოვიარეთ. ვინაიდან კონცერტის ჩასატარებლად უნდა მომზადებულიყავით ბაგრატის ტაძარის და სხვა საინტერესო ადგილების ნახვა შემდეგი დღისთვის გადავიტანეთ!
კონცერტებმა გულითად ვითარებაში, როგორც ქუთაისლებს ჩვევიათ, მაყურებლის დიდი მოწონებით ჩაიარა. ადგილობრივი მუსიკოსები ჩვენი ქართული რეპერტუარით დაინტერესდნენ: « ქართული სიმღერები რომელმა კომპოზიტორმა მოგცათ? ეს სიმღერები პირველად გვესმისო». მეორე დღეს მოვინახულეთ ბაგრატის ტაძარი და ცნობილი «თეთრი ხიდი» მდინარე რიონზე! ფილარმონიას უნდოდა ჩვენი გასტროლების გაგრძელება კიდევ ერთი დღით ქუთაისში, მაგრამ ბათუმის ფილარმონიამ სასწრაფოთ მოითხოვა ჩვენი უკან ბათუმში დაბრუნება.

კონცერტის დროს

ქ. ბათუმში კიდევ ერთი კვირა ვიმუშავეთ და გავემგზავრეთ მოსკოვში, გზად სოჩის ფილარმონიის მოთხოვნით ჩავატარეთ კონცერტები ადლერში, გაგრაში და სოჩში!
მოსკოვში მოსკონცერტის დირექტორმა საფონოვმა დამიბარა, მესაუბრა, გამომკითხა ჩემი ოჯახის ცხოვრების პირობებზე და მითხრა, რომ მოსკონცერტის ადმინისტრაციას მიუღია გადაწყვეტილება მოსკონცერტისთვის გამოყოფ საცხოვრებელ ფონდიდან გამოეყოთ ჩემთვის, როგორც წამყვან მომღერლისთვის და ჩემი ოჯახისთვის სამ ოთახიანი ბინა!

* * *

ვაგრძელებ მოგითხროთ ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერის და ბინის მოცემის შესახებ. ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ. მოსკონცერტის დირექტორისთვის მე არ დამიმალავს, რომ საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიის და საკავშირო რადიოში ჩემი მუშაობის დროს (1976-1980), გოსკომიტეტის თავჯდომარემ გ. ლაპინმა ორჯერ ეცადა ამ ჭირვეული საკითხის გადაწყვეტას! მიუხედავად იმისა, რომ გოსკომიტეტი ხაზგასმით მიანიშნებდა მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელ ფონიდან გამოყოფილ ბინის მისამართს, სადაც ამ საკითხის დადებითად გადასაწყვეტათ იქნებოდა შესაძლებლობა ჩაეწერათ ჩვენი მრავალშვილიანი ოჯახი და მოეცათ ბინა! მაგრამ ორივეჯერ მიიღეს უარი. სრულიად გაუგებარი, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული! უარი იმ მოტივით, რომ ჩვენ ოჯახს არა აქვს მოსკოვში ჩაწერა!!! ჩვენ ოჯახს მოსკოვში ჩაწერა რომ ჰქონოდა, მაშინ გოსკომიტეტს თავად შეეძლო, ყოველგვარი მიმართვის გარეშე გადაეწყვიტა ეს საკითხი! მოსკონცერტის დირექტორს მივუტანე და ვაჩვენე გოსკომიტეტის ოფიციალური დოკუმენტების ფოტო ასლები!
მიუხედავად ამისა, ამ საკითხის კიდევ ერთხელ ოფიციალურად გადასაწყვეტად მოსკონცერტის დირექტორის რჩევით მე დავწერე განცხადება დირექციის სახელზე თხოვნით, დახმარება გაეწიათ ჩემი ოჯახისთვის ცხოვრების ცუდი პირობების გაუმჯობებაში. ჩემი განცხადების საფუძველზე დაყრდნობით მოსკონცერტის დირექციამ: დირექტორის, პარტიის კომიტეტის და პროფკავშირის ხელმძღვანელების ხელმოწერით დაიწყეს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა!

 

მოსკონცერტის მიმართვა ბუგაევს

ძალიან რომ არ გამიგრძელეს ამ საკითხზე შეჩერება, წინასწარ გეტყვით, რომ ჩვენი «მოსკონცერტში» მუშაობისას 1980 – 2001 წლის ჩათვლით, ორგანიზაციის დირექციამ ორჯერ, უშედეგოდ სცადა დახმარებოდა ჩემ ოჯახს, მაშინაც კი როცა კოოპერატიული სახლებში შეიძლებოდა ბინის ყიდვა! მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, როცა მილიციის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო კონცერტს ვატარებდით, ჩვენი კადრების განყოფილების გამგეს მეშვეობით (რომელიც ასეთ კონცერტებზე ყოველთვის თან გვახლდა), მილიციის სამართველოს მაღალ-ჩინოსანთან საუბრისას გამოირკვა, რომ მოსკოვის საპარსპორტო სამართველოში არსებობდა «საიდუმლო» კანონი, თუ «თხოვნა», არ ჩაეწერათ ქართველები მოსკოვში საქართველოს მთავრობის სპეციალური ნებართვის გარეშე!
მე დღემდე მადლიერი ვარ მოსკონცერტის ხელმძღვანელობი ჩემს მიმართ კეთილი დამოკიდებულებით, არა მარტო ბინის საკითხში, ასევე იმით, თუ როგორ ცდილობდა მოსკონცერტის დირექცია გია და გიორგი ბეშიტაიშვილებს მიეღოთ რუსეთის სახალხო არტისტის წოდება! ამის შესახებ ცოტა უფრო გვიან, ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იქნება! ახლა მინდა დავუბრუნდე პოეტ ხუტა გაგუას, მასთან შემოქმედებით ურთიერთობას!
შემოქმედებით ურთიერთობას მუსიკოსისა, რომელიც პოეზიაში ზედაპირულად ერკვეოდა და ნიჭიერი პოეტისა, რომელსაც არ ქონდა მუსიკალური განათლება!
არსებობს მოსაზრება, რომ თუ ადამიანი გამორჩეულად ნიჭიერია, ასეთი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერი არისო! ასეთ ნიჭიერ ადამიანების რიგს მიეკუთვნებოდა პოეტი ხუტა გაგუა!
პოეზია და მუსიკა ღრმა განცდების და ემოციების სამყაროა. ამ სამყაროს წარმომადგენელმა ადამიანებმა: მწერლებმა, მხატვრებმა, კომპოზიტორებმა, არქიტექტორებმა, ფილოსოფოსებმა და კიდევ ბევრმა სხვამ, უნდა ბოლომდე გაიცნობიეროს მისი დანიშნულება. რატომ და რისთვის მიანიჭა მას უფალმა გამორჩეული ნიჭი. ცნობილია ისიც, რომ გამორჩეული ნიჭის გასანვითარებლად საჭიროა სერიოზული ცოდნა და დიდი გამოცდილება! ასეთ ადამიანებს ჭირდებათ სიღრმისეულად გაეცნონ წარსულის თუ დღევანდელი კოლეგების ცხოვრების გზას, მათ ნამუშევრებს და მიღწეულ შედეგებს. ეს დაეხმარება მათ სხვებისაგან გამორჩეული, პროგრესიული აზროვნების ჩამოყალიბებაში. ასევე სწორად დაინახონ თავისი შემოქმედებითი გზა! მინდა აქ მოვიხსენიო დიდი ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის ცნობილი ფრაზა: «ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?».
ჩვენი თავდაპირველი შეთანხმების საფუძველზე დაყრდნობით მე მევალებოდა: მუსიკის მოსმენის დროს, ბატონ ხუტასთვის ბევრი ინფორმაცია მიმეწოდებია ჩემ მელოდიაზე: რამ განაპირობა ამ მელოდიის წარმოშობა, რას მოგვითხრობდა. რა განწყობილებასთან, რა ემოციებთან იყო დაკავშირებული და აუცილებლად მეთქვა მელოდიისთვის ჩემგან დათქმეული სახელი! მე კი ვთხოვდი მას, რომ ლექსი ყოფილიყო გაერთიანებული ერთი გრძნობით, ერთი განწყობილებით!
ბატონ ხუტას რომ გაადვილებოდა ლექსის მუსიკასთან დამთხვევა, შერწყმა, მე ვცდილობდი მუსიკის არა ნოტებით, არამედ გრაფიკის სახით ახსნას, მიწოდებას! ამ «ხერხმა» კარგი შედეგები გამოიყო! ასე შეიქმნა სიმღერა «პეპელა», რომელიც ჩვენ პატარა პრინცესებს იას, ეკას და მანანას მიუძღვენით! იხილეთ №2 სიმღერა «პეპელას» გრაფიკა.
შემოქმედებითი ურთიერთობა კომპოზიტორის და პოეტისა ჩვენ საერთო ინტერესებს დაეყრდნო! აღმოჩნდა, რომ ქართველებისა და ბასკების ურთიერთობის ისტორია ორივეს ძალიან გვაინტერესებდა. ბატონ ხუტას უმოგზაურია ბასკეთში, საბჭოთა მწერალთა დელეგაციასთან ერთად. მაჩვენა მის რვეულში ჩაწერილი ბევრი ბასკური სიტყვები, რომლებიც ჟღერადობითაც და შინაარსობითაც ზუსტად ემთხვეოდა ქართულს! გავიხსენეთ, რომ ქართულ ცეკვა «ხორუმში», მეომარი მამაკაცები ქმნიან ერთმანეთის მხრებზე დაყრდნობილ სამ სართულიან წრეს! ასეთი ცეკვა მსოფლიოში მხოლოდ ქართველ ხალხს და ბასკებს გააჩნიათ! საბედნიეროდ მე უკვე მქონდა საკმაოდ დიდი მუსიკალური ჩანახატი, ორი ძმის, ბასკის და მესხის ურთიერთ-კავშირზე, სადაც ვცდილობდი მეჩვენებინა მათი ემოციური კავშირი ჩემი მელოდიის «ხორუმის» და «ფლამენგოს» რითმების აკომპონიმენტზე! სიმღერის საბოლოოდ შესაქმნელად დარჩენილი იყო მხოლოდ ლექსის დაწერა. ამ მელოდიას მე თავიდანვე დავარქვი «ბასკურ-მესხური», მაგრამ ხუტა გაგუას თხოვნით სიმღერას დაერქვა «სისხლის ყივილი!».
იყო 1982 წლის ოქტომბერი! ჩვენი ბავშვები ია და ეკა უკვე მახარაძის რუსული სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები იყვნენ! დანარჩენები, ჩემი მანანა და კაკო, გოგის გია და ხუტას ბიჭები კი რუსეთში იზრდებოდნენ! დედები რუსულად ელაპარაკებოდნენ, ჩვენ კი, მამები ქართულად! სრულიად თავისუფლად ითვისებდნენ ორივე ენას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, განსაკუთრებით გოგი და მე ხშირად ვიყავით ოჯახს მოწყვეტილები, გასტროლებით და კონცერტებით დაკავებულები!

ია და ეკა სკოლის სასადილოში

მე მქონდა იაკობ გოგებაშვილის «დედა ენა», ქართული ზღაპრების კრებულები, პოეტების ლექსების კრებულები და ხუტასგან ნაჩუქარი ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის მოთხრობების წიგნი «შორი თეთრი მწერვალი». შესანიშნავი, საოცარი მოთხრობების წიგნი, გამოცემული თბილისში 1976 წელს, გამომცემლობა «ნაკადული»-საგან, რომელსაც დღემდე როგორც საგანძურს ვინახავ! ამ წიგნის მოთხრობებზე, ვაჟა ფშაველას და დავით გურამიშვილის ლექსებზე გავზარდე შვილები, ვასწავლე ქართულად წერა-კითხვა!

პატივცემულო გაზეთ «ალიონის» მკითხველებო! მე თქვენ ყურადღებას ბევრ საინტერესო ამბებზე არ შევაჩერებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ჩემი ცხოვრების ყველაზე სერიოზული ამბები გავიხსენო! ის რომ სამშობლოს გარეთ ვცხოვრობდით და მოღვაწეობდით, პოეტი ხუტა გაგაუა და გოგი და გია ბეშიტაიშვილები! რომ არ არსებობდა ჩვენთვის დიდი და პატარა სამშობლო! ჩვენ გვაწუხებდა ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ხვალინდელი ბედი. ყოველ ჩვენ შეხვედრაზე ეს იყო ძირითადი, ყველაზე მტკივნეული საკითხი! ჩვენ არ წავედით უბრალო, ადვილი გზით. უაზრო, ერთ დღიანი ლირიული, ვითომც სასიყვარულო და ვაშა-ვაშა პატრიოტული სიმღერების შექმნით! გამოითქვა ათასი აზრი, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებია ქართველ ხალხს ჩვენი უძველესი, დიდი წარსულის მქონე სამშობლოს განსაკუთრებულობა!
მე მოვასმენიე გოგის და ხუტას კიდევ ერთი სიმღერის მუსიკის ჩანაწერი, სადაც მისამღერში ვმღეროდი: «ადიდეთ ჰანგი დედის და მამის, მამის მზიური ჰანგები! ჰანგი დედის და მამის, მამის ღვთიური ჰანგები!». ეს სიტყვები ორივეს მოეწონათ! მერე გოგიმ გამოთქვა თავისი აზრი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბატონი ხუტა სიმღერის ლექსში ხაზს გაუსვამდა როგორ იცავდნენ ქართველები სიცოცხლის ფასად ტაძრებს და ციხე-სიმაგრეებს. დაასახელა რამდენიმე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სადაც ქართველებს დაუმარცხებიათ მრავალ-რიცხოვანი მტერი! ამ დროს ბატონი ხუტა თითქოს თანხმობის გამოსახატავად თავს გვიქნევდა და რაღაცას იწერდა თავის რვეულში! ასეთი ერთიანი შემართებით, სამშობლოს სიყვარულით, შეიქმნა ყველა ჩვენი სიმღერები, მათ შორის სიმღერა «დიდგორული ბგერები».

„დიდგორული ბგერები“; ტექსტი ხუტა გაგუას

კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ყველა ჩვენი სიმღერების მოსმენა შეგიძლიათ იუტუბზე არსებულ ქართულ საიტებზე: 1. www.youtub.com/@georgianmusiconvinyl იუტუბის არხი»ქართული მუსიკა ვინილზე/Georgian On Vinil», რომელიც ემსახურება ქართული მუსიკის პოპულარიზაციას მსოფლიოში. 2. www.youtube.com/@RamShemqmnaAdamianad ასევე იუტუბზე მაქვს ჩემი საიტი @ГиаБешитаишвили
ამავე დროს გრძელდებოდა ჩვენი კონცერტები მოსკონცერტის სახელით!
კონცერტების მსვლელობის დროს მე და გოგი ხშირად ვიყენებდით სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას: ფლეიტაზე, ტენორ საქსაფონზე, გიტარაზე და დასარტყმელ ინსტრუმენტზე, რაც ჩვენ წარმოგვაჩენდა როგორც მუსიკოსებს და იმსახურებდა მაყურებელის დიდ მოწონებას! გამოიკვეთა მოსკოვის იმ საკონცერტო დარბაზების ხელმძღვანელები ვისაც მოსწონდა ჩვენი საკონცერტო პროგრამა და სხვებზე უფრო ხშირად გვიწვევდნენ სოლო კონცერტებით! მათ რიცხვს დაემატა მოსკოვის საერთაშორისო კულტურული ცენტრის «დრუჟბა ნაროდას» საკონცერტო დარბაზი! მოსკოვში ჩამოსულ საზღვარგარეთის პოლიტიკურ თუ სოციალურ დელეგაციებს, საპატიო სტუმრებს, სწორედ ამ დარბაზში იწვევდნენ კონცერტებზე. ხელმძღვანელობას ძალიან აწყობდა ჩვენი იტალიური, ესპანური და ქართული სიმღერებზე აწყობილი პროგრამა. მალე ჩვენი შუამდგომლობით კონცერტებში ჩართეს მოსკოვის ბავშთა ქართული ცეკვების ანსამბლი «კოლხიდა», რევაზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით! ჩვენი ტანდემი მალე გადაიქცა დარბაზის კონცერტების ტრადიციად და დიდი წარმატება ჰქონდა საზღვარგარეთელ სტუმრებში, რომლებიც მაღალ შეფასებას აძლევდნენ კონცერტში მონაწილე არტისტების შესრულების მაღალ დონეს სტუმრების წიგნში!
«ხალხთა მეგობრობის» მოსკოვის ცენტრში ჩვენ გავიცანით იტალიური ენის შესანიშნავი მცოდნე ვალენტინ ჩესნიკოვი, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია იტალიური სიმღერების სწორი ტექსტების ამოწერაში! აქვე გავიცანით პოეტი ვალერი კრასნოპოლსკი, რომელმაც ჩვენ იტალიურ სიმღერებს გაუკეთა შესანიშნავი, პოეტური რუსული ტექსტები, რაც დროთა განმავლობაში აისახა ჩვენ პირველ, დიდი ფორმატის ვინილის ფირფიტაში 1984 წელს, სადაც იტალიურ სიმღერებს ჩვენ ვასრულებთ ორ ენაზე: იტალიურად და რუსულად! რუსეთში ამ პლასტინკის გაყიდვა რამოდენჯერმე გაიზარდა. ადამიანებმა რომლებმაც იცოდნენ მხოლოდ ადვილად დასამახსოვრებელი იტალიური სიმღერების დასახელება, როგორც იქნა რუსულად გაიგეს სიმღერის შინაარსიც, თანაც მართლაც კარგი, პოეტური ლექსების მეშვეობით!
1982 წლის ბოლოს დიდი წარმატებით მოვიარეთ გასტროლებით უნგრეთი და ჩეხოსლოვაკია! წინ გველოდა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის დამანგრეველი, სამწუხარო 1983 წლის წელი!
1983 წლის იანვრის დასაწყისში მოსკონცერტის ხელმძღვანელობამ მოსკოვის საპასპორტო სამართველოდან უარყოფითი პასუხი მიიღო ჩვენი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე. ჩვენმა დირექტორმა შემპირდა: «არ შევეშვები, სანამ შენ და შენ ოჯახს მოსკოვში ჩაწერას არ მოგცემენო!»
                                                                              გია ბეშიტაიშვილი.

გაზეთი „ალიონი“, ##5,6, 2026 წ.

მსგავსი სტატიები

  • 93
    „მომწურდი საოცარი ძალით“                            წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით…
  • 84
    ყველა დიდ ამბავს აქვს გაგრძელება.ავტორი გიორგი გორდელაძე ამა წლის მარტის თვეში, ესტონეთში უდიდესი მსოფლიო კომპოზიტორის - Arvo Pärdi Keskus / Arvo Pärt Centre არვო პიარტის ცენტრს ვესტუმრეთ. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, თავად კომპოზიტორთანაც მოვახერხეთ შეხვედრა. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ყოველთვის სწორი და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი…
  • 84
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                                   წერილი მეორე საქვეყნოდ ცნობილ, დიდ ქართველ მომღერალთან, დავით იასონის ძე ანდღულაძესათან შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს მახსოვრობაში! ჩვენ წინ იდგა მაღალი, ათლეტური აღნაგობის, გასაოცრად ლამაზი ადამიანი –  «კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო» გვითხრა და…
  • 83
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 83
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…