გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი:
_ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის ოჯახს, ხომ ვერ აღგვიწერდით მათ საქმიანობას საქართველოში ან ემიგრაციაში?
ავთო ბერიშვილი: მისი ბებია იყო მართა რამიშვილი, ნოე რამიშვილის-საქართველოს პირველი მთავრობის თავმჯდომარის – და, რომელიც მოსკოვის დავალებით მოკლეს პარიზში 1930 წელს, რადგან იგი ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახლდათ. მისი ბებია 85 წლის ასაკში, 1953 წელს, გადასახლების დროს გარდაიცვალა.
მის ოჯახში 50-ზე მეტი მოწამე იყო, მათგან 26-ზე მეტი სიკვდილით დასაჯეს.
მამამ, მამია ბერიშვილმა, ნოე ჟორდანიას დავალებით 3 საიდუმლო მოგზაურობა განახორციელა თურქეთსა და საქართველოს შორის (1949, 1951 და 1953 წლებში). შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროს, რომლის არქივებიც საქართველოს დაუბრუნა 1995-1996 წლებში. იგი ლევილის მამულს განაგებდა თავის ფრანგ მეუღლესთან, ქრისტიან ბერიშვილთან ერთად, რომელიც ნამო გოგუაძის გარდაცვალების შემდეგ ლევილის ქართულ საფლავებს უვლიდა.
ტიერი ბერიშვილმა 1987 წელს დააარსა საქართველოს თანმეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“. მან მოაწყო გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხალიჩებით კლერმონ-ფერანში, მარსელსა და პარიზის მახლობლად მდებარე სენ-კლუში. ორგანიზებას უწევდა ფრანგი მეგობრების მრავალ მოგზაურობას საქართველოში, დაგეგმა რამდენიმე გამოფენა ნანტში, ბერჟერაკში, ლაროშელში, კონდომსა და პარიზის რეგიონის რამდენიმე ქალაქში. წლების განმავლობაში მონაწილეობდა დიასპორის სამინისტროს მიერ ორგანიზებულს სხვადასხვა ფორუმებში, რომლებიც სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებს აერთიანებდა. მან ბოლო არქივების პარტიები გადასცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს. მისმა ასოციაციამ ხელი მოაწერა რამდენიმე თანამშრომლობის მემორანდუმს თსუ-თან, ეროვნულ არქივთან და ქალაქ მცხეთასთან.
ტიერი ბერიშვილმა წაიკითხა ლექციები თსუ-ში, გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში. მისი რამდენიმე წიგნი ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოიცა თსუ-ს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ეროვნული არქივის, იუსტიციისა და კულტურის სამინისტროების მიერ.
იგი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის თაობაზე და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებას; პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით იგი დაინიშნა ოჯახების წარმომადგენლად მართვის საბჭოში. მისი შრომის, იდეებისა და მამულის კარგად ცოდნის გამო, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იგი ლევილის მამულის დირექტორის მოადგილედ დანიშნა, სადაც იგი 2026 წლის 1 მაისამდე რჩებოდა. ახლა კი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს კულტურის ვიცე-პრემიერის მაკა გურგენიძისა და პროექტის ხელმძღვანელის, თამარ კვარაცხელიას მოთხოვნით.

1987 წლიდან 2024 წლის ოქტომბრამდე იგი ითვლებოდა პატრიოტად, რომელიც იცავდა ჩვენი სამშობლოს საქმეს, ახლა კი კულტურის სამინისტროს დისციპლინარულმა კომისიამ მას ბრალი დასდო და გაათავისუფლა, როგორც „მოღალატე“, „უუნარო“ და „პროექტის საბოტაჟორი“. მნიშვნელოვანია ვცადოთ იმის გაგება, თუ რა ხდება, რისთვისაც საჭიროა თავად ტიერ ბერიშვილის მოსაზრების მოსმენა.
_„მაინც რა ხდება ლევილის ისტორიული და კულტურული ცენტრის ტერიტორიაზე?“
ტიერ ბერიშვილი: ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა და კულტურის სამინისტრო საღ აზრს კარგავენ. დავით ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში მყოფმა პასუხისმგებელმა პირებმა დისციპლინარული კომისია აამოქმედეს ადგილობრივი გუნდის, კერძოდ ცენტრის დირექტორის, მისი მეუღლის (ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი პირი) და ჩემს წინააღმდეგ, როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილისა. აღსანიშნავია, რომ დირექტორი და მისი მეუღლე ამ პოზიციაზე 5 წელზე მეტია მუშაობენ. მე კი, როგორც ფირცხალავას ოჯახის წარმომადგენელი, ამ პროექტზე 30 წელზე მეტია ვმუშაობ, _ვაგრძელებ მამაჩემის საქმეს: 18 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისას, ოჯახებსა და საქართველოს მთავრობას შორის, 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან 10 წლის განმავლობაში და თითქმის 5 წელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. ამ თანამდებობებზე ჩვენ კულტურის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაგვნიშნა. დღეს კი სამინისტროს დისციპლინარულმა კომისიამ სამსახურიდან გაგვათავისუფლა.
_ რატომ გაგათავისუფლეს სამსახურიდან?

ტიერ ბერიშვილი: მიზეზები არ ვიცით, რადგან არც კულტურის სამინისტრო და არც ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა არ გვეუბნება მიზეზს. მარტში მივიღეთ კულტურის სამინისტროს ბრძანებულება, რომლითაც ჩვენ წინააღმდეგ დისციპლინარული კომისია შეიქმნა. კომისიის წევრებს არასდროს შევხვედრივართ. ისიც კი არ ვიცით, რამდენი წევრისგან შედგებოდა იგი და ვინ შედიოდა მასში. ბრძანებულება 11 კითხვით მომმართავდა:მაგალითად: „რა არის თქვენი როლი?“, და შეიცავდა თავდასხმებსა და საყვედურებს, რომლებიც არანაირ კონკრეტულ ფაქტს არ ეფუძნებოდა. პირადად მე 23-გვერდიანი პასუხი გავეცი (წერილობითი პასუხისთვის 2 კვირა მქონდა…). ჩემი პასუხების გაგზავნის შემდეგ აღარაფერი მსმენია. ხოლო 2026 წლის 1 მაისს, შრომისა და მშრომელთა საერთაშორისო დღეს, _ყოველ შემთხვევაში, დასავლეთ ევროპაში, სადაც ვერცერთი დამსაქმებელი ვერავის ათავისუფლებს, ელექტრონული ფოსტით მივიღეთ შეტყობინება ჩვენი დათხოვნის შესახებ. მასში არანაირი მიზეზი არ არის მითითებული!!!

_ თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
ტიერ ბერიშვილი: მიზეზი ბევრი და სხვადასხვა გვარია. როდესაც 2024 წლის ოქტომბერში კულტურის სამინისტროს ახალი გუნდი დაინიშნა, ძველი გუნდის წევრებს მუშაობის გაგრძელება აღარ სურდა, თან ისინი „აიძულეს წასულიყვნენ“. ლევილის ადგილობრივი გუნდის სამმა წევრმა (დირექტორმა, მისმა მეუღლემ და მე) დარჩენა და მუშაობის გაგრძელება გადავწყვიტეთ, ალბათ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს ფაქტია. დირექტორი და მისი მეუღლე ლევილში იმყოფებოდნენ, იქვე ცხოვრობდნენ, შესანიშნავად იცნობდნენ ფრანგულ კანონმდებლობასა დარეგულაციებს და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ ადმინისტრაციებთან, (მერიასა და დეპარტამენტთან). ჩემთვის კი, რადგან მშობლების საქმე გადავიბარე და ამ პროექტში სრულად ვიყავი ჩართული, ბუნებრივი იყო დამრჩენოდა და ორ ადმინისტრაციას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლი შემესრულებინა. სამწუხაროდ, სამინისტრომ და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობამ აირჩიეს ისეთი კადრები, რომლებსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვთ ევროპულ კანონებსა და რეგულაციებზე და, რაც მთავარია, არ გააჩნიათ მოსმენისა და მართვის უნარი. მაშინვე კულტურის ვიცე-პრემიერმა მაკა გურგენიძემ, პროექტის ახალმა ხელმძღვანელმა თამარ კვარაცხელიამ, სამინისტროს სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელმა დიმიტრი მუჯირმა და ლევილის სამშენებლო სივრცის „სუპერვაიზერმა“ ალენ-ტიმოთე ბერიმ (ქართველმა, რომელმაც სახელი და გვარი შეიცვალა… ასეთი შემთხვევა პირველად ვნახე!) დაგვიწყეს იმის მტკიცება, რომ კულტურის სამინისტროს ყოფილი გუნდის წევრებს „ქართული მართლმსაჯულება პასუხისგებაში მისცემდა“ ??? მეტიც, ეს პირები იგივე ბედით დაემუქრნენ ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიას. ლევილის ადგილობრივი გუნდი ძალიან გაოცებული დარჩა ასეთი მიდგომით, ხოლო იმ ფრანგული კომპანიების გუნდები, რომლებიც ლევილის სამშენებლო ობიექტებზე მუშაობდნენ, ჩვენზე მეტად გაოგნდნენ. ახალი გუნდის აზრით, რაც მათ მოსვლამდე გაკეთდა, ყველაფერი ცუდად იყო გაკეთებული! „თბილისელებსა“ და ლევილის ადგილობრივ გუნდს შორის მყისიერად აუტანელი ატმოსფერო შეიქმნა. ყოველ ჯერზე, როდესაც ამა თუ იმ წესსა თუ კანონს ვუხსნიდით, არ გვისმენდნენ და სამუშაოების შენელებაში გვადანაშაულებდნენ. მაგრამ ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ჩამოგვაშორეს ჩვენს მოვალეობებსა და გარკვეულ შეხვედრებს. მაგალითად, დირექტორი და მე სრულიად ჩამოგვაშორეს სატენდერო კომისიას.
_ ასეთი მნიშვნელოვანი იყო თქვენი ჩამოშორება ამ კომისიიდან? რა შედეგები მოჰყვა ამას?
ტიერ ბერიშვილი: კულტურის სამინისტროს ახალი გუნდის მოსვლისას, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების 80% ან მთლიანად დასრულებული იყო, ან დასრულების პროცესში.ყველა სამშენებლო ობიექტი გაშვებული იყო და ბოლო 3 ან 4 ტენდერი უკვე მომზადებული გახლდათ. მხოლოდ მათი გამოცხადება იყო საჭირო. თუმცა, „ახალი გუნდის ახალმა ექსპერტებმა“ მიიჩნიეს, რომ ეს ტენდერები თავიდან იყო დასაწერი… ამას მათ 6 თვეზე მეტი მოანდომეს, 6 დაკარგული თვე!

ჩვენ განზრახ ჩამოგვაშორეს სატენდერო პროცესს მთლიანად (ტენდერების პირობების შედგენას, იმ კომპანიების სიის განსაზღვრას, ვისაც წინადადებით მივმართეთ და, რაც მთავარია, კომპანიების შერჩევას!). როდესაც შედეგები შევიტყვეთ, აღმოვაჩინეთ, რომ შერჩეული კომპანიები მოყვანილი იყო „სუპერვაიზერ“ ტიმოთე ბერის მიერ. უცნაურია, კონკურსში მონაწილე 5 კომპანიიდან სწორედ „მისი“ კომპანიები შეირჩა… ამ „თავიდან დაწერილი“ ტენდერების შესწავლის შემდეგ შევნიშნეთ, რომ მათში იყო ზედმეტი პუნქტები, უკვე შესრულებული სამუშაოები, ხოლო ზოგიერთი საჭირო მოთხოვნა-გამოტოვებული და ა.შ. მაგრამ ყველაზე მძიმე ის იყო, რომ არსებობდა უცნაური მოთხოვნები, როგორიცაა 8 000 ტონა მიწის გადაადგილება რამდენიმე საფეხმავლო და საავტომობილო ბილიკის გასაკეთებლად. ეს 600-ზე მეტი სატვირთო მანქანის გადაადგილებას ნიშნავს!!! სამინისტროს მიერ შერჩეული კონტრაქტის ფორმიდან გამომდინარე, კომპანიისთვის თანხის გადასახდელად აუცილებელია სატვირთო მანქანების უწყვეტი კონტროლი. როდესაც ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელი გაოცდა მიწის გადასაზიდი ამ უზარმაზარი მოცულობითა და სატვირთოების რაოდენობით და ამ „ანომალიის“ შესახებ განაცხადა, ის, თითქოს შემთხვევით, სამსახურიდან გაათავისუფლეს (???). შესაბამისად, კონტრაქტის ამ ნაწილს უკვე ვეღარავინ გააკონტროლებს.
როდესაც დირექტორმა და მე შევამჩნიეთ, რომ ტენდერი არ ითვალისწინებდა აზბესტის დამუშავებას (რაც დასავლეთ ევროპაში აბსოლუტურად სავალდებულოა!) და სწორედ იმ შენობებში, სადაც ამ კომპანიის მუშები მუშაობდნენ, აღმოვაჩინეთ აზბესტით დაფარული მთელი კედლები, დირექტორმა და მე სამუშაოები შევაჩერებინეთ; ამის შესახებ შევატყობინეთ სამინისტროს, ფრანგულ კომპანიასა და „სუპერვაიზერს“. მადლობის მაგივრად, ყველამ ერთი კვირა მოანდომა რეაგირებას და სცადეს აზბესტის გატანა ყოველგვარი სპეციალური დამუშავების გარეშე!!! ეს ფრანგული მართლმსაჯულებით დასჯადი ქმედებაა. ამ კომპანიის მსგავსი მანევრების წინაშე, დირექტორმა და მე გადავამოწმეთ მისი გადახდისუნარიანობა. ვინაიდან საფრანგეთში ეს მონაცემები საჯაროა, აღმოვაჩინეთ, რომ „სუპერვაიზერის“ მიერ წარდგენილი და სამინისტროს მიერ შერჩეული ეს კომპანია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) პროცესში იმყოფებოდა და მის წინააღმდეგ 30-ზე მეტი კრედიტორის საჩივარი იყო შესული. ჩვენ სამინისტრო გავაფრთხილეთ ამგვარი სიტუაციის საფრთხეებზე. ამ კომპანიას ბალანსის წარდგენა (გაკოტრების გამოცხადება) რომ დასჭირვებოდა, საქართველოს მთავრობას შესაძლოა დაეკარგა 800 000 ევრო- 2025 წელს და კიდევ უარესი, 2026 წელს გაცემული ფინანსური ავანსები, რადგან კონტრაქტის ჯამური ღირებულება 3 300 000 ევროზე მეტს შეადგენდა.
სამივემ კეთილსინდისიერად შევასრულეთ ჩვენი საქმე. და აი, მადლობის ნიშნად, კულტურის სამინისტრომ და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობამ აამოქმედეს დისციპლინარული კომისია ჩვენს გასათავისუფლებლად! აღარაფერს ვამბობ დირექტორისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ მიმართულ შევიწროებისა და დამცირების მცდელობებზე.
_თქვენ ახსენეთ შევიწროება და დამცირება, შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამის შესახებ?
ტიერ ბერიშვილი: დისციპლინარული კომისიის „გამოძიების“ პერიოდში (საერთოდ თუ ჩატარდა?), სამინისტროს მიერ შერჩეულმა ფრანგულმა კომპანიამ, უსაფრთხოების საბაბით, რკინის ბადეები (ღობეები) აღმართა პირდაპირ დირექტორის, მისი მეუღლისა და მათი 3 წლის შვილის ბინის შესასვლელის გარშემო. მათ უფლება არ ჰქონდათ შაბათ-კვირას, როდესაც არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობდა, გაზონზე გამოსულიყვნენ. გარეული ცხოველებივით გამოკეტილები იყვნენ!
გარდა ამისა, სამინისტროს დაცვის თანამშრომლებს დავალებული ჰქონდათ ლევილის ცენტრის დირექტორის თვალთვალი… ჩვენ ხომ აღარ ვცხოვრობთ იმეპოქაში, როდესაც საქართველო უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ოკუპირებული; ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში. მაინტერესებს, ყველას აქვს თუ არა ეს გაცნობიერებული? თუმცა, 2026 წლის 16 მაისს-ბინიდან დირექტორისა და მისი მეუღლის წასვლის მეორე დღესვე-მუშების შვილები სამშენებლო მოედანზე თამაშობდნენ ისე, რომ დაცვის თანამშრომლებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ეს ნათლად აჩვენებს, რომ რეალურად იქ საფრთხე კი არ არსებობდა, არამედ ადგილი ჰქონდა ორმაგ სტანდარტს. მუშების შვილებს ჰქონდათ ამის უფლება, ხოლო დირექტორის-უფრო სწორად, უკვე ყოფილი დირექტორის შვილს კი-არა…

მეორე მაგალითი, რომელიც პირველზე უარესია: 1 მაისს სამსახურიდან გათავისუფლებული დირექტორი, მისი მეუღლე და შვილი საცხოვრებელი ბინიდან 15 მაისს უნდა გასულიყვნენ, თუმცა უკვე 4 მაისს მათ ბინაში ელექტროენერგია გაითიშა. საფრანგეთში ეს არის პერიოდი, რომელსაც „ყინვის წმინდანებს“ უწოდებენ-ცივი პერიოდი წვიმებით, ჭექა-ქუხილითა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნით. წარმოგიდგენიათ ოჯახი, რომელიც 3 წლის ბავშვთან ერთად ცხოვრობს შუქის, გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე? დირექტორმა დაურეკა ოპერატორს და შეიტყო, რომ ელექტროენერგიის გადასახადები სამინისტროს არ გადაუხდია… და ეს მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში დირექტორი ყოველთვის უგზავნიდა ინვოისებს სამინისტროს და ისინიც იფარებოდა. ეს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული პერსონალის შეცდომა იყო თუ სამინისტროს ადმინისტრაციის შურისძიება სამსახურიდან გათავისუფლებულებზე? არჩევანი თქვენთვის მომინდვია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სამინისტროს მუშაობის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. მათ ერთი კვირა მოუწიათ ასეთ პირობებში ცხოვრება. ეს სირცხვილია!
რაც შემეხება მე, ნუთუ დამამცირებელი არ არის, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლებას გიცხადებს დისციპლინარული კომისია, რომელიც საერთოდ არ შეგხვედრია? უფრო მეტიც, მე მივიღე გათავისუფლების ბრძანებულება ისე, რომ ჩემი დათხოვნის მიზეზებიც კი არ ვიცი… საფრანგეთში მსგავსი პროცედურები უბრალოდ შეუძლებელია. მე კარგად ვერკვევი ამ საკითხში, ვინაიდან 7 წლის განმავლობაში შრომითი დავების მოსამართლე (შრომითი ტრიბუნალის მრჩეველი) გახლდით!
ეს შევიწროება და დამცირება მეც გამოვცადე.
ლევილში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც მის მოსაზრებას არ დავეთანხმე, ვიცე-პრემიერი განრისხდა, შეურაცხყოფა მომაყენა და განაცხადა, რომ უჩნდებოდა კითხვა: „საერთოდ რატომ ამირჩიეს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე?“ (…) და რომ „მე არაფერი ვიცოდი!“. წამოვდექი, ჩანთა გავხსენი, ამოვიღე ჩემი წიგნები ლევილის ისტორიისა და პირველი რესპუბლიკის შესახებ, მაგიდაზე დავაწყვე და დავძინე: „ამ მაგიდის გარშემო არავინ იცის არც ლევილის მამულის ისტორია, არც სასაფლაოსი და მით უმეტეს, არც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“. გაბრაზებულმა დავტოვე დარბაზი.
რაც შეეხება პროექტის ხელმძღვანელს, ის დღეში 8-10 ელექტრონული წერილით გვავიწროებდა… ერთ დღეს მან მომთხოვა მომემზადებინა ანგარიშები ერთ-ერთი შენობის განსხვავებულ ზომებთან დაკავშირებით და ამეხსნა, რატომ არ იყო ისინი იდენტური. მე გადავხედე ყველა იმ პირის მიერ წარდგენილ გეგმებს, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა: ქართველი არქიტექტორის, 2 ფრანგი არქიტექტორის (მათ შორის იმის, ვინც მშენებლობის ნებართვა მოიპოვა), ნანგრევების გატანაზე პასუხისმგებელი კომპანიის და ა.შ. ამ ინფორმაციის გადამოწმებას, გაკონტროლებასა და ანგარიშის შედგენას 3 კვირა დასჭირდა. პროექტის ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ ეს ძალიან დიდი დრო იყო და საყვედური გამომიცხადა, თითქოს მასწავლებელი პატარა მოსწავლეს სჯიდეს… მას განზომილებებში დაშვებულ შეცდომაში დამნაშავის პოვნა სურდა. თუმცა ეს საერთოდ არ იყო მთავარი თემა-
ადრესატების სიაში ტიერი ბერიშვილი არ არის.
ეს არის ის, რასაც ჩვენ გაუთვალისწინებელ გარემოებას ვუწოდებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სწრაფი რეაგირება და იმის ნახვა, თუ როგორ უნდა გამოსწორებულიყო რეკონსტრუქცია ახალი ზომების შესაბამისად.
მეორე „საყვედურიც“ მივიღე, კიდევ ერთი მეორეხარისხოვანი ასპექტის გამო, მაშინ, როდესაც სამინისტროსა და მუზეუმის გუნდის გარკვეულ შეხვედრებზე საერთოდ არ მიძახებდნენ… როდესაც მინისტრ რუხაძის ხელმძღვანელობით სამინისტროს მთელი გუნდი ჩამოვიდა, ოჯახების ყველა წევრი და მართვის საბჭოს წევრები პარიზში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოში დაიბარეს. ყველა,ჩემს გარდა! ჩემმა ბიძაშვილმაც კი, რომელიც ახალ კალედონიაში, საავადმყოფოში იმყოფებოდა, მიიღო ეს მოწვევა, მაგრამ მე-არა…

ადრესატების სიაში ტიერი ბერიშვილი არ არის.
კულტურის სამინისტრომ და საფრანგეთში საქართველოს საელჩომ პარიზის ერთ-ერთ ცნობილ საკონცერტო დარბაზში ქართველი პიანისტების კონცერტი მოაწყვეს. ადგილები წინასწარ იყო დაჯავშნილი და საჭირო იყო დასტურის გაგზავნა. ყველანიმიიწვიეს, ჩემს გარდა… !

გაზეთი „ალიონი“, #11, 25 მაისი, 2026 წ; გვ. I-III.
მთავარ ფოტოზე: 2016 წლის 23 სექტემბერს ლევილის დარბაზში ხელი მოეწერა შეთანხმებას „ვალდებულებებით ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“.
მსგავსი სტატიები
- 100
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 100
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა… - 100
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 97
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს… - 97
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…