წერილი მეორე

საქვეყნოდ ცნობილ, დიდ ქართველ მომღერალთან, დავით იასონის ძე ანდღულაძესათან შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს მახსოვრობაში! ჩვენ წინ იდგა მაღალი, ათლეტური აღნაგობის, გასაოცრად ლამაზი ადამიანი –  «კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო» გვითხრა და მიგვიწვია ბინაში. მალე მისი მეუღლეც –  ვარვარა მიხაილოვნაც შემოგვიერთდა, ბავშვებს მოგვეფერა და ჩუმათ გვითხრა «იცოდეთ, დავით იასონოვიჩი თქვენით ამაყობსო»! ალბათ გულისხმობდა ჩვენ გამარჯვებას ბავშთა ოლიმპიადაში. ეს ამბავი ნიკოლაი ნადიბაიძეს უხარებია ბატონი დავითისთვის «გურულმა ბიჭებმა ყველაზე კარგად იმღერეს და კიდეც მოიგეს ოლიმპიადაო».

 

დიდხანს, თითქმის მთელი საღამო ისაუბრეს მამამ და ბატონმა დავითმა. საღამოს ბოლოს კი ბატონმა დავითმა ნება დაგვრთო დავსწრებოდით მის გაკვეთილებს სტუდენტებთან, მიაჩნდა, რომ ეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ვოკალური სმენისთვის განვითარებისთვის. მხოლოდ არ მოეწონა ჩვენი ფლეიტაზე და კლარნეტზე სწავლა: «ხმის მუტაციის დროს არც სიმღერა, არც ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრა არ არის მიზანშეწონილიო»!

მთავარი ჩვენთვის კი ის იყო, რომ ამ დიდმა მომღერალმა და პედაგოგმა იმ საღამოს კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენში რწმენა, რომ გავხდებოდით მომღერლე

ბი, ოპერის მომღერლები.

60-იანი წლეების დასაწყისში საქართველოში გაიყიდა რობერტინო ლორეტის ფირფიტები, გავიგონეთ მისი მომხიბვლელი ლამაზი ხმა, მისი «ავე მარია», «სანტა

ლუჩია», «მამმა». მე დღესაც კი დიდი სიამოვნებით უსმენ მის ბავშვობის ჩანაწერებს. როცა რობერტინოს ხმის მუტაცია დაეწყო, ბევრი მუსიკის მოყვარული განიცდიდა დაუბრუნდებოდა თუ არა ამ საოცარ ბავშვს სასიმღერო ხმა. იტალიურ  პრესაში დიდი დებატები იმართებოდა, ზოგიერთებს მიაჩნდათ, რომ სასიმღერო ხმა არ დაუბრუნდებაო. ამ ამბავმა ჩვენც დაგვაფიქრა და შეგვაწუხა, ჩვენც ხომ ხმის მუტაცია გვქონდა დაწყებული?! ლაპარაკის დროსაც კი ბავშვის ხმის მაგივრად დაბალი, ბოხი ხმით ვლაპარაკობდით. დრო კი გაუჩერებლად წინ მიიწევდა!

პროფესორი გაკვეთილებს ატარებდა როგორც კონსერვატორიაში, ასევე მის ბინაშიც. ის პრაქტიკულად, თავისი გასაოცარი ხმით აჩვენებდა სტუდენტებს როგორ და რანაირად უნდა ემღერათ, ყველა მისი შენიშვნები ჩვენთვისაც გაკვეთილი იყო! თანდათანობით ჩვენც აუღეთ ალღო მის მოთხოვნებს და შენიშვნებს.

ამ გაკვეთილებზე ჩვენ გავიცანით დ. ანდღულაძის ყველა მოწაფე, თბილისის ოპერის წამყვანი სოლისტები. ყოველი მათგანი სპექტაკლის წინ მოდიოდნენ მაესტროსთან სამეცადინოთ. თვით ზურაბ ანჯაფარიძეც კი, როცა გასტროლებზე ჩამოდიოდა თბილისში პ. ჩაიკოვსკის «პიკის ქალის» სამღერლად, რამოდენიმე დღით ადრე იწყებდა მეცადინეობას მაესტროსთან, «ხმის კარგ ფორმაში აღსადგენად».

მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამავე დროს ჩვენ ვსწავლობდით უნიკალურ, მუსიკალურ სკოლაში, «ნიჭიერთა ათწლედში», სადაც კონსერვატორიის პროფესორები, დოცენტები და ცნობილი მუსიკოსები მუშაობდნენ შეთავსებით. ასეთმა უნიკალურმა შერწყმამ  ნიჭიერი ბავშვებისა და გამოცდილი სპეციალისტებისა, მრავალწლიანმა ერთობლივმა შრომამამ დიდი შედეგები გამოიღო, ბევრი მსოფლიო დონის მუსიკოსები მისცა ამ სკოლამ საქართველოს, ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, შესანიშნავი კომპოზიტორები იოსებ კეჭაყმაძე, ფილიპე ღლონტი, მომღერლები ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე და ბევრი სხვანი.

სკოლაში ფლეიტაზე დაკვრას მე მასწავლიდა მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი მუსიკოსი, ფლეიტისტი მამია ნოეს ძე კახიანი, რომელსაც ჩამოყალიბებული ჰქონდა ფლეიტაზე დაკვრის მისი სკოლა, მისი სწავლების მეთოდი, ისევე როგორც დავით იასონის ძე  ანდღულაძეს – თავისი ვოკალური სკოლა, მომღერლის აღზრდის თავისი მეთოდი. ჩვენი სკოლის ძირითადი მიზანი იყო აღეზარდა ახალი, საუკეთესო მუსიკალური თაობა! ამ სკოლაში ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტალური განათლება!

ყოველ შაბათს და კვირას, სრულიად უფასოდ დავყავდით ოპერის თეატრში, სპექტაკლების მოსამენად და სანახავად, სადაც ორკესტრში უკრავდნენ ჩვენი მასწავლებლები, სცენაზე მღეროდნენ შესანიშნავი მომღერლები, სადირიჟორო პულტთან კი იდგნენ ისეთი დიდი დირიჟორები როგორიც იყო დიდიმ მირცხულავა და ოდისეი დიმიტრიადი, მაპატიეთ მაგრამ ყველა გვარებს აქ ვერ ჩამოვთლი. სამწუხაროდ სპექტაკლები სრულდებოდა რუსულ ენაზე, ასე იყო «მიღებული» მთელ საბჭოთა კავშირში, ყველა საოპერო თეატრში, იმ მოტივით,  თითქოს ოპერის შინაარსი ყველა მსმენელთათვის ადვილად გასაგები რომ ყოფილიყო.

ჩვენ ცენტრალურ მუსიკალურ სკოლას ქონდა ორი შენობა, ერთი დიდი კორპუსი ათარბეგოვის ქუჩაზე, სადაც შენობის მეორე სართულზე იყო ბუფეტი და სასადილო ზალა, მესამე სართული დაკავებული ქონდა საშუალო სკოლის კლასებს, ხოლო მეოთხე სართულზე იყო ინტერნატი რაიონებიდან, სოფლებიდან ჩამოყვანილი ნიჭიერ ბავშვებისთვის. ყველა ოთახში იდგა ოთხი საწოლი, მაგიდა და ოთხი სკამი, ერთი დიდი შიფანერი (შკაფი) ტანსაცმელისთვის და აუცილებლად პიანინო. ინტერნატში ვიყავით დაახლოებით 40 — 50 ბავშვი, მათ შორის გოგონებიც. ჩვენ გვპატრონობდა ოთხი აღმზრდელი ქალი: ვერა ხარლამპოვნა ქიქოძე, თამარ ბეჟუაშვილი, ნონა მიხაილოვნა და დეიდა სულიკო. ძალიან კეთილი და განათლებული ადამიანები. მკაცრად იცავდნენ დღის წესრიგს! ამოწმებდნენ ჩვენ სწავლების პროცესს, ჰქონდა მუდმივი კავშირი მშობლებთან და მასწავლებლებთან. საუზმეს, სადილს და ვახშამს «სამხედრო» წესით მივირთმევდით გარკვეულ დროზე! დავყავდით ოპერის თეატრში, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, რუსთაველის თეატრში, მუზეუმებში და კონცერტებზე კონსერვატორიაში. ამგვარად თანდათანობით ყალიბდებოდა ჩვენი მსოფლმხედველობა!

სკოლის მეორე პატარა შენობა იყო წინა შენობის უკანა ეზოში, სადაც ძირითადად ტარდებოდა მუსიკალური გაკვეთილები და სასკოლო კონცერტები, ამ კონცერტებში არა ერთხელ მივიღეთ მონაწილეობა და თავი არ შეგვირცხვენია.

გარდა ინტერნატში მცხოვრები ბავშვებისა, დიდი ნაწილი სკოლის  მოსწავლეებისა იყვნენ თბილისელი ბავშვები, ჩვენზე არა ნაკლებ «ნიჭიერები», ძირითადად მუსიკოსების შვილები. სწორედ «თბილისელობით» იგრძნობოდა ჩვენთან ურთიერთობაში მათი დამოკიდებულება, რატომღაც მათ ქონდათ თავისი «წრე», ჩვენ კი ჩვენი «წრე». მაგრამ დრომ თავისი გააკეთა და რომ წამოვიზარდეთ თანდათანობით დავმეგობრდით!

ჩვენამდე გურიიდან «ნიჭიერთა ათწლედში» სწავლობდა –  იოსებ კეჭაყმაძე, ერთერთი უდიდესი კომპოზიტორი საქართველოს მუსიკალურ ისტორიაში, მისი ნაწარმოებები კიდევ მრავალჯერ გააოცებს მსოფლოს მუსიკალურ საზოგადოებას! ასევე სწავლობდა  ილარიონ ჭეიშვილი – შესანიშნავი მუსიკოსი, ვიოლინჩელოზე დაკვრის დიდოსტატი. ასევე ფილიპე ღლონტი – შესანიშნავი კომპოზიტორი და მუსიკოსი.

როცა ჩვენ ამ სკოლაში ჩაგვრიცხეს იქ უკვე სწავლობდა კიდევ ერთი ბავშვი გურიიდან – რებული მჟავანაძე, სოფელ მახარაძიდან, ვალტორნის სპეციალობით ბორის ბოხუას კლასში. ღვთისაგან ნაბოძები საოცარი ნიჭიერებით, მას ქონდა არა მარტო გასაოცარი აბსოლიტური სმენა, ასევე გააჩნდა გასაოცარი მუსიკალური მახსოვრობაც. რომ გეთქვა « გუშინწინ მოსმენილ  ოპერიდან ინტერმეცოს მუსიკას დაუკრავ? », დაჯდებოდა პიანინოსთან და დაუკრავდა, თანაც შეუცდომლად იმავე ტონალობაში რა ტონალობაშიც ეს ინტერმეცო კომპოზიტორისაგან იყო დაწერილი! პატარა ვიყავი, მაგრამ გაოცებულმა მაშინ ვიფიქრე – ღმერთს ეს ბიჭი დირიჟორობისთვის გაუჩენია-მეთქი. მართლაც უფროს მუსიკოსებიდან ვინმეს მისთვის სათანადო ყურადღება რომ მიექცია უსათუოდ დიდი, სასახელო დირიჟორი შეემატებოდა საქართველოს და შესაძლებელია არა მარტო საქართველოს!

ჩვენზე ცოტა უფრო გვიან სკოლაში შემოგვიერთდა ბახვა ბურჭულაძეც,  ჩვენი მშობლების დიდი ხნის მეგობრების ნიკოლოზ და ჯულიეტა ბურჭულაძეების შვილი. ისიც ჩაირიცხა ფლეიტის მამია კახიანის კლასში.

დადგა 1965 წელი, სკოლაში სწავლების დამთავრების წელი.  იანვარში ჩვენ ინტერნატში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, მოვიდა ერთი კაცი, რომელიც ეძებდა მოწაფეებს შორის ვის ქონდა კარგი ხმა ან ვინ მღეროდა კარგად ესტრადულ სიმღერებს. როგორც მერე გამოირკვა ეს ადამიანი იყო უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი გოგი შიოშვილი, რომელიც დაინტერესებული იყო ინსტიტუტში საესტრადო კოლექტივის ჩამოყალიბებაში. მიუთითეს ჩვენზე, მოისმინა როგორ ვიმღერე ნეაპოლიტანური სიმღერა «ოი, მარი» და ჩვენდა გასაოცრად შემოგვთავაზა ორივე ძმებს უცხო ენათა ინსტიტუტში გაგვეგრძელებინა სწავლა. ეს იმ შემთხვევისთვის თუ რაღაც საოცრებით ჩვენ კონსერვატორიაში ვერ ჩავაბარებდით!

ასე, რომ ჩვენ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დავდექით გზაჯვარედინის წინაშე: «კონსერვატორია თუ უცხო ენათა ინსტიტუტი?!»

                                                                                                                                                                                   გია ბეშიტაიშვილი

სურათებზე:  ძმები ბეშიტაიშვილები როიალთან დედასთან ერთად; დავით ანდღულაძე, გია ბეშიტაიშვილი, კონცერტმაეისტერი; სტუმრად ვახტანგ ბალავაძესთან; დავით ანდღულაძის ავტოგრაფი.

 

მსგავსი სტატიები

  • 91
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან   ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“  ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ  40 წლის წინ ოზურგეთსა და  ნატანებში  გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…
  • 88
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 86
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 82
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
  • 78
    ლანჩხუთის კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებაზე შემოქმედებით კონკურს ,,მთიების“ გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ სპეციალური პრიზები გადასცეს. პროზაში პირველი ადგილი მიხეილ ბერიძემ დაიკავა, მეორე- ნიკოლოზ ჭანტურიამ, მესამე ადგილზე ეთერ თავდგირიძე გავიდა; პოეზია: პირველი ადგილი - ნიკოლოზ თადუმაძე, მეორე ადგილი- საბა მამულაიშვილი, მესამე ადგილი დავით ჩეჩელაშვილი; ფერწერა: პირველი ადგილი- რეზო კუპატაძე,…