ოზურგეთის რაიონულ სამასამრთლოში (მოსამართლე თამთა საჯაია) დაიწყო სასამართლო პროცესი კოოპერატივ „ულეველას“ მიერ მოიჯარესათვის _სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის  გურიის მთებში  აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე.

„ულეველას“ ისტორიიდან: ნევრიზ მიქელაძე (2023 წელს ჩავწერეთ) :

_„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ   არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე  იჯარით გადმოგვეცა 536 ჰექტარი  სათიბ-საძოვარი, რომელიც მხოლოდ ზაფხულობით 3 თვის განმავლობაში გამოიყენება.აქვეა ათასობით ჰექტარი სათიბ-საძოვარი, რომელზეც არასდროს ყოფილა გადასახადი.

ამ პერიოდში გადმოგვეცა 5 ცალი ხელის მოტობლოკი, რომლის ღირებულების ნაწილი სააგენტოსთან ერთად ბენეფიციარებმაც გადავიხადეთ. აღნიშნული ტექნიკა სათიბ ფართობებში უნდა გამოგვეყებინა.

შემდეგ გადმოგვეცა 240 000 ლარის ღირებულების ტექნიკა (ტრაქტორი, გუთანი, ფარცხი, სათიბელა, თივის პრესის დამამზადებელი და მისაბმელი); მათ შორის თანხის 10%  კოოპერატივმა გადაიხადა.

სახელმწიფოს (საქ. მთავრობის დადგენილება #265, 29 მაისი, 2017 წ.)  სათიბ-საძოვრებამდე უნდა გაეყვანა სამანქანე გრუნტის გზა, რაც არ გაკეთებულა. თავდაპირველად ჰექტარზე სიმბოლურად ვიხდიდით 1 ლარს, ხოლო შემდეგ გადასახადი 15 ლარი გახდა. მიწის აუთვისებლობის გამო გადახდა ვერ შევძელით და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოგვივიდა შეტყობინება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ, რამაც 2 წელიწადში 17 778 ლარი შეადგინა.  ამას პირგასამტეხლო 8 569 ლარიც დაემატა.“

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად „ულეველამ“  შეძლო  2023 წლის 20 მაისს, სოფელ ზოტში გაეხსნა რძის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც მათ  ყველა პირობების დაცვით ნედლი რძისაგან სხვადასხვა სახის ყველის დამზადება დაიწყეს.

რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამით  სააგენტომ დაფარა 250 000 ლარი, კოოპერატივის გადასახდელი გახდა 100 000 ლარი, რაც იაფიანი კრედიტით იქნა განხორციელებული.  მათ ააგეს რძის გადამამუშავებელი საწარმოს შენობა.

შემდეგი ეტაპი: ბრენდირება, შეფუთვა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის დანერგვა უნდა ყოფილიყო;

კოოპერატივის 41 წევრი, კოოპერატივის მეპაიეა, გაერთიანებული ჰყავთ 200 ფური. წლის განმავლობაში, დაახლოებით 45 ტონა რძის გადამუშავებას გეგმავდნენ. გამოუშვებდნენ: სულგუნს, დაწნულ ყველს, იმერულ ყველს, ნადუღს, ნაღებს, პასტერიზებულ რძეს…

მალევე მიიღეს შეკვეთები ქუთაისიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, მაგრამ  მუშაობა ვეღარ გააგრძელეს, რადგან მოსახლეობა მთაში საზაფხულო საძოვრებზე წავიდა და რძის საზიდი ავტოცისტერნის უქონლობის გამო რძის ჩამოტანა მთიდან ვერ შეძლეს. მთა კიდობანამდე, სადაც ძირითადად ზოტელი მემთეურები არიან, 17-18 კილომეტრია.

ბანკის ვალების, სს „ზოტი ჰიდროს“, რომელმაც არ შეასრულა „ულეველასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ვერ შეძლეს მეორადი „პიკაპის“ შეძენა და უკვე 2 წელია თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო არ ფუნქციონირებს.

ამონარიდი ნევრიზ მიქელაძის მიერ სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მამალაძისადმი გაგზავნილი წერილიდან:

„ზოტის მოსახლეობა და ჩვენც ზაფხულის პერიოდში მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით. ზაფხულობით ვართ მთის საძოვრებზე, რომელსაც იაილებს ეძახიან. 40 მეპაიე 7 იაილაში ვცხოვრობთ. (მთაში არაა ელექტროენერგია, მობილური კავშირი, ლამფის შუქზე ცხოვრობს ხალხი და არც სამანქანე გზაა სახარბიელო). ამ იაილებს იმდენად დიდი საძოვრები აქვს, რომ ჩვენს მიერ მიღებულ საძოვრებამდე საქონელი არც კი მიდის.

250 ჰექტარი სათიბ-საძოვარი, რომელიც შუაგორასა და ირემაძეების სათიბების მიმართულებით გვქონდა იჯარით გადმოცემული, 15 კმ. სამანქანე გზა იყო გასაკეთებელი, რაც ჯერ-ჯერობით არავის გახსენებია და ისიც აუთვისებელია.

სახელმწიფოს მიერ ჩვენზე იჯარით გადმოცემული საზაფხულო საძოვრის გვერდით არის შუახევის მუნიციპალიტეტის (გრძელგორის მთა) მოსახლეობის 1000 ჰექტარი საძოვარი, მაგრამ ეს საძოვრებიც გამოუყენებელია, რადგან 250 ოჯახიდან, წელს მხოლოდ 18 ოჯახი იყო. ჩვენს მთებში მოსახლეობა შემცირებულია და საძოვარიც გამოუყენებელი რჩება, ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, რატომ ვერ ვსარგებლობთ იჯარით აღებულ საძოვარს, მითუმეტეეს ეს საზაფხულო საძოვარი 130 წელია ხალხს აქვს უფასოდ და თავის საკუთრებად მიაჩნიათ. როცა პროგრამას ვიხილავდით, მეპაიებმა უარი თქვეს იჯარით საძოვრის აღებაზე, მაშინ მე მეპაიეებს დავპირდი, თუ პროექტში გავიმარჯვებდით, 2 წლის განმავლობაში იჯარის გადასახადს ჩემი ხელფასიდან გადავიხდიდი (პედაგოგი ვარ), შემდეგ წლებში კი კოოპერატივის შემოსავლებიდან.

პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობა ხელუხლებელია. ზოტში ან მთაში ამ ტექნიკის გამოყენების 1 პროცენტი  შესაძლებლობაც არაა, რთული რელიეფის გამო.“...

კოოპერატივ  „ულეველას“გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მიქელაძის მიერ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამთა საჯაიასადმი გაგზავნილი ახსნა-განმარტებიდან:

„დიდი იმედი მქონდა მოიჯარის, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული შემოსავლების სამსახურის შემოწმების, ქუთაისის სასამართლოს. 2024 მთლიანი წელი დასჭირდა  მათ და ერთი ნაბიჯითაც ვერ წასწიეს საქმე წინ და 8063 ლარი კვლავ დაგვიმატეს და ჯარიმაც. როგორც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელიდან გავიგეთ, _  25 ლარი ყოველდღე ჯარიმად გვეწერება _ასეა კანონიო.

...მეიჯერეს სარგებლობაში უნდა გადმოეცა ქონება (სათიბ-საძოვარი) და თან საიჯარო დროის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. მეიჯარემ სარგებლობაში ვერ გადმოგვცა ქონება და მან ვერ უზრუნველყო ნაყოფის მიღების შესაძლებლობა _ამ შემთხვევაში თივა. სწორედ ამ ნაყოფს უნდა მოეცა შემოსავალი. შემოსავალს გაუკეთდება რეალიზაცია, მიიღებოდა ფული და გადაიხდებოდა საიჯარო ქირა.“

რა შეთანხმების წინადადებას სთავაზობს „ულეველა“მოსარჩელე მხარეს გურიის მთებში იალაღებზე იჯარის საკითხთან დაკავშირებით:

სამანაქანე გზის მიყვანას სათიბ-საძოვრებამდე; იჯარის ფართობის შემცირება 538 ჰექტარიდან 305 ჰექტარამდე, რაც კანონით ეკუთვნით; საიჯარო ქონების გეოგრაფიული მდებარეობის გამო იჯარის ფასის დარეგულირებას, რადგან ფაქტობრივად საიჯარო ფართობი წელიწადში მხოლოდ 3 თვეს გამოიყენება. დანარჩენ პერიოდში სუსხის, ყინვისა და თოვლის გამო შეუძლებელია ტერიტორიის სრულად ათვისება. ამ შეთანხმების შემდეგ გაადვილდება განვლილი 6 წლის შეფასებაც.

მომდევნო სასამართლო სხდომა 11 ივნისს ჩაინიშნა.

 

მსგავსი სტატიები