გია ბეშიტაიშვილი

წერილი მეცხრამეტე-მეოცე

მოსკოვში, საქართველოს საელჩოში, ელჩის კაბინეტის კარებთან ახლოს,მე და ჩემი ძმა ვიჯექით სავარჯლებში და ველოდით როდის დაგვიძახებდნენ, რომ გადმოეცად ჩვენთვის საპატიო სიგელები რუსეთში საქართველოს კულტურის დღეებში აქტიური მონაწილეობისთვის. კაბინეტიდან გამოვიდა ელჩის მოადგილე ამირან როგავა, ჩვენ ხელით გვანიშნა «იჯექითო» და სწრაფად გაემართა შემოსასვლელი კარებისკენ. სწორედ ამ დროს კარებში რამოდენიმე კაცის თანხლებით შემოვიდა ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი!

ჩვენც სწრაფად წამოვდექით. ბატონმა ედუარდმა ხელი ჩამოართვა როგავასდა შეეკითხა: «როგორ არის თქვენი საქმეებიო?!», საპასუხოდ როგავამ ხელი ჩვენსკენ გამოიშვირა და უპასუხა: «აი, ახალგაზრდა მომღერლებს საპატიო სიგელებით ვაჯილდოვებთო». ბატონი ედუარდი ჩვენსკენ წამოვიდა, მოგვესალმა, ხელი ჩამოგვართა, წამით დაგვაკვირდა და შეგვეკითხა:

  • ძმები ხართ?
  • დიახ.
  • რა გვარის?
  • ბეშიტაიშვილები. მან თვალები ცოტათი მოჭუტა, თითქოს რაღაცას იხსენებსო. «თქვენ ის გურული ბიჭები ხომ არა ხართ ოლიმპიადაზე მაგრად რომ მღეროდითო?», ჩვენ გავიღიმეთ. «გასაოცარია რა ჩქარა გარბის დრო! აქ რას საქმიანობთ?» – «ვმღერივართ. საკავშირო რადიოსა და ცენტრალური ტელევიზიის სოლისტები ვართ. რადიოში ქართული სიმღერების ჩანაწერებს ვაკეთებთ». ბატონმა ედუარდმა გაგვიღიმა და გვითხრა: «ყოჩაღ ბიჭებო! იცით?! მეც მიყვარს სიმღერა!»
  • კი, ვიცით.
  • საიდან იცით? ვინ გითხრათ? – შეგვეკითხა გაკვირვებულმა.

ჯიმი მიქელაძემ. ჯიმი ჩემი ნათლია არის, უთხრა გოგიმ. ბატონ ედუარდს გულიანად გაეცინა: «მართალი უთქვამს! ჯიმის კარგი ხმა აქვს და ხანდახან ერთად ვმღერივართ».

უცებ სერიოზულად შეგვეკითხა: «ჩემგან დახმარება ხომ არ გჭირდებათ?!

ჩვენ შევჭოჭმანდით. ვერ გაუბედეთ თხოვნით მიმართვა. მიხვდა, რაღაცის თქმა რომ გვინდოდა, მაგრამ არ უთხარით. ერთ მკვრივი აღნაგობის კაცს ხელით ანიშნა მოდიო და უთხრა: «ეს ახალგაზრდები ჩვენი საამაყო მომღერლებია! კარგად მოუსმინე მათ, რასაც გთხოვენ გააკეთე და მე მომახსენეო!». ჩვენ გამოგვემშვიდობა და შევიდა ელჩის კაბინეტში. იმ კაცმა:«ხვალ დილით მოდით, მიგიღებთ და დაგელაპარაკებითო». ჩემს მაშინდელ რვეულებში მე კი მქონდა ჩაწერილი იმ კაცის სახელიც და გვარიც, მაგრამ …  ახლა სამწუხაროდ ვერაფრით ვერ გავიხსენე ვინ იყო!

მეორე დღის დილის 10 საათზე უკვე ვიყავით საელჩოში. ამირან როგავამ გვითხრა: «ის ადამიანი როცა გათავისუფლდება მე გეტყვითო».

ჩვენ დავჯექით სავარჯლებში ელჩის კაბინეტთან ახლოს. ცოტა ხნის მერე კაბინეტიდან მოგვესმა იმ კაცის ხმამაღალი, გაბრაზებული ხმა. ვიღაცას მაგრად  ლანძღავდა. გვინდოდა ჩვენ თუ არ გვინდოდა ისე ხამამაღლა ყვიროდა, რომ ყველაფერი გვესმოდა და ერთ მომენტში კიდეც გავიფიქრე, იქნება არ ჯობს ახლა ამ ადამიანთან დალაპარაკება-მეთქი, მაგრამ ამ დროს მოვიდა ჩვენთან ბატონი ამირანი და გვითხრა: «როგორც კი დაამთავრებს ლაპარაკს ხელად შედით და დაელაპარაკეთო, თორემ სასწრაფოდ წასასვლელია და ვერ მოასწრებთ დალაპარაკებასო».

როცა შევედით კაბინეტში იმ ადამიანმა ჩვენც იგივე ხმით დაგვიყვირა: «რა გინათ ბიჭო თქვენო?!». გაოგნებულები საუბრის ასეთი დაწყებით უთხარით: «არაფერი არ გვინდა ბატონო! თქვენ გუშინ თვითონ დაგვიბარეთ დილით მოდით და დაგელაპარაკებითო!». უცებ სახე შეეცვალა, ალბათ გავახსენდით. დაჯდა და დაბალ ხმაზე გვითხრა: «ახლოს მოდით, დაჯექით და მითხარით რა გინდათო». ჩვენ რაც შეიძლება მოკლედ აუხსენით, რომ გვაქვს მხოლოდ ერთი პატარა თხოვნა: «საქართველოს რადიომ გადასცეს ჩვენი სიმღერების ჩანაწერები». «თუ სულ ეს არის თქვენი თხოვნა? მაშინ მომეცით თქვენი ჩანაწერები და თბილისში გადავცემ რადიოს უმფროსო!». ჩვენ აუხსენით, რომ ჩანაწერების წაღება არ არის საჭირო იმიტომ, რომ თბილისის რადიოში უკვე აქვთ ჩვენი ჩანაწერები საკავშირო რადიოდან გაგზავნილი! ჩვენ არავის მიმართ არავითარი პრეტენზიები არ გაგვაჩნია, უბრალო თხოვნა გვაქვს, რომ ჩვენი ჩანაწერები ხანდახან მაინც გადასცენ საქართველოს რადიოთი, რათა ჩვენ მშობლებს, ნათესავებს და მეგობრებს შეეძლოთ ჩვენი სიმღერების მოსმენა! ამ ლაპარაკის დროს კიდევ ერთხელ ხაზგასმით უთხარით, რომ არავისთან არავითარი პრეტენზია არ გაგვაჩნია, მხოლოდ ეს პატარა თხოვნა გვაქვს! ბოლოს მან ჩაიწერა ჩვენი სახელები, გვარი და შეგვპირდა ყველაფერს გავარკვევ და ბატონ ედუარდს მოვახსენებო! ისეთი მკაცრი ხმით თქვა «ყველაფერს გავარკვევო», რომ ამ სიტყვების გაგონებაზე გულმა მიგრძნო, ამ ადამიანმა დახმარების მაგივრად რამე ცუდი არ გაგვიკეთოს-მეთქი. რაღაც ის არ ჩანდა ისეთ ადამიანად, მშვიდობიანად რამე რომ გაერკვია!

მართლაც, რამოდენიმე წლის შემდეგ გავიგეთ ჩემი თანაკურსელისაგან, ის იმ წლეებში მუშაობდა რადიოში ხმის რეჟისორად, რომ თბილისის რადიოს თავჯდომარისთვის გამოუცხადებიათ მკაცრი საყვედური! ამ საყვედურისთვის კი რა თქმა უნდა ჩვენ დაგვადანაშაულეს: «გია და გოგიმ მოსკოვიდან გვიჩივლესო!». აი, ასე გაარკვია და დაგვეხმარა იმ ადამიანმა. ისედაც არ გადაცემდნენ ჩვენ ჩანაწერებს და ახლა ასეთი დანაშაულისთვის თბილისის რადიო კომიტატში ალბათ ალუმინის ყუთში ჩაყარეს, დიდი ბოქლომი დაადვეს ჩვენ ჩანაწერებს და დააწერეს «არ გამოიყენოთ!».

1977 წლის განმავლობაში ორჯერ მოვახერხე მახარაძეში ჩასვლა, მონატრებული მშობლების და ჩვენი პატარების იას და ეკას ნახვა. იცით როგორი მადლობელი ვარ ჩემი ბიძაშვილის იური ბეშიტაიშვილის? ღმერთო ნათელში ამყოფე მისი კეთილი სული! ყოველ ჩასვლაზე წაგვიყვანდა მის ფოტო სტუდიაში და სამახსოვრო სურათებს იღებდა! დღეს, როცა უყურებ ამ სურათებს თითქოს ახალგაზრდობაში ვბრუნდები. ჩემ შვილებსაც უყვართ ეს ფოტოები და კეთილად იხსენებენ იური ბიძიას!

1977 წლის ბოლოს ფირმა «მელოდიამ» გამოუშვა ჩვენი შესრულებით მესამე და მეოთხე  პატარა პლასტინკები! კიდევ რვა მსოფიოში ყველაზე ცნობილი ნეაპოლიტანური სიმღერებით, ჩაწერილი იტალიურ ენაზე! ამ პლასტინკებს ჰქონდა გასაოცარი წარმატება და გაიყიდა ნახევარ მილიონამდე ცალი, არა მარტო მთელ საბჭოთა კავშირში და ყველა სოციალისტურ ქვეყნებში, ასევე რაც ჩვენთვის მოულოდნელი იყო იტალიაშიც! საკავშირო რადიოს იტალიური გადაცემების რედაქციამ გადაუგზავნა ეს ჩანაწერები საკონტაქტო რედაქციას იტალიაში და იტალიის რადიოებმა თავის გადაცემებში ისეთი დიდი რეკლამა გაუკეთეს ამ პლასტინკებს, რომ იტალიის ცნობილმა მუსიკალურმა ფირმამ

ამ პლასტინკების დიდი რაოდენობა შეუკვეთა ფირმა «მელოდიას»!

ასეთი დიდი წარმატებისთვის ფირმა «მელოდიის» ხელმძღვანელობამ დაგვალჯიდოვა ფულადი პრემიით 200-200-სი მანეთით და საპატიო დიპლომით «როგორც პოპულიარული კლასიკური ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლები». რა თქმა უნდა დიდი მადლობა მათ ჩვენი ასეთი მაღალი შეფასებისთვის, მაგრამ აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა ოდენობის ფულადი  შემოსავალი მიიღო სახელმწიფომ, მაშინ  როცა ერთი პლასტინკის ფასი იყო სამი მანეთი და 50 კაპიკი! წარმოიდგინეთ? ჩვენ კი 200 — 200 მანეთი მოგვცეს როგორც ფულადი პრემია!

1977 წლის დეკემბერში მოსკოვის კიდევ ერთ საესტრადო კონკურსში წარმატებით მივიღე მონაწილეობა და თითქოს რაღაც მიღებული წესების თანახმად ისევ პირველი ადგილი არავის არ მიანიჭეს, მე მომცეს მეორე ადგილი  და მესამე ადგილი კი ზაურ ტუტოვს! ეს იყო მოსკოვის ახალგაზრდა მომღერლების კონკურსი, მიძღვნილი კომუნისტურ პარტიის რომელიღაც წლისთავთან დაკავშირებით. გულახდილად გეტყვით ვერ გავიხსენე რომელ თარიღთან იყო დაკავშირებული.

1978 წელი არაფრით არ განსხვავდებოდა წინა წლისგან: ჩანაწერები რადიოში, კონცერტები მოსკოვში და გასტროლები სოცილისტურ ქვეყნებში. ათასობით წერილებს იღებდა საკავშირო რადიო და ცენტრალური ტელევიზია კმაყოფილი რადიო მსმენელებისგან, ჩვენი რადიო კონცერტებში მონაწილეობისთვის და  ითხოვდნენ ტელევიზიის კონცერტებში ეჩვენებინათ მათი საყვარელი მომღერლები! მაგრამ ტელევიზიას ჯერ კიდევ ჩვენთვის არ ეცალა!

ჩვენი ცუდი საცხოვრებელი პირობები ისევ ისეთივე იყო ჩემი ოჯახისთვის, ჯერ კიდევ გვპირდებოდნენ გაზის და სასმელი წყალის შემოყვანას სახლებში! დაპირებების ქვეყანაში ვცხოვრობდით! დრო კი ჩქარა გარბოდა, დროს ვინ გააჩერებს?! ბავშვები იზრდებოდნენ. ჩვენი ია და ეკა ბებია ბაბუასთან მახარაძეში, საქართველოში. მანანა კი ფირსანოვკაში, რუსეთში!

1978 წლის კონცერტებიდან მარტო ერთი კონცერტის პროგრამა დამრჩა, ისიც შემთხვევით! ეს კონცერტი შედგა სახელმწიფო ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში 1978 წლის18 იანვარს. სადაც მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის და რუსეთის სახალხო არტისტები ვიჩესლავ მეშერინის ანსამბლის თანხლებით!

    წინ იყო 1979 წელი! ჩვენი ოჯახის სასიხარულო, ბედნიერი წელი!

                                                     * * * 

დადგა 1979 წელი! ბედნიერი წელი ორივე ძმებისთვის! 1979 წლის 17 აპრილს გოგის და ირას ოჯახში დაიბადა ბიჭი! ასეთ ოჯახს, სადაც გოგონაც ჰყავთ და ბიჭიც, ამბობენ «ოქროს» ოჯახიაო! სახელად დაარქვეს გია! ჩემი სახელი.

ძალიან გამიხარდა ასეთი პატივისცემა ჩემს მიმართ, ჩემი ძმისგან და რძალისგან!

ჩემ სახელს უკვე მეორედ ართქმევდნენ ჩემი მკვიდრი ძმები თავიანთ შვილებს! მახარაძეში ჩვენ ყველა გვიცნობდა როგორც ორ ძმას, გოგი და გიას! ალბათ ბევრს გაუკვირდება საიდან მესამე ძმა?! არა მესამე, არამედ ჩვენი მამის პირველი შვილი – ომარი! ჩვენი ნათესავებისთვის და მამის მეგობრებისთვის

ეს ამბავი, ეს ინფორმაცია არასდროს არ ყოფილა საიდუმლო, დამალული.

ომარი დაიბადა 1944 წლის 5 ნოემბერს წაღვერში! ბავშვის დაბადების სიხარულს მოჰყვა განუზომელი დიდი მწუხარება. მისი ახალგაზრდა დედა ქეთო სოლომონის ასული გელაშვილი სამწუხაროდ ბავშვის დაბადების

დროს გარდაიცვალა! საშინელი დრო იყო! შესაფერისი სამედიცინო დახმარების გარეშე ვერ გადაარჩინეს!

ვინ იცის ვის რა ბედი უწერია. სამწუხაროდ ასეთი ყოფილა ახალგაზრდა ქალის, ქეთოს ბედი. მისი მშობლების ლიზას და სოლომონის, მისი შვილის ომარის და ქმრის, მამაჩვენის აკაკის ბედი! იყო მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში სისხლიანი, მეორე მსოფლიო ომის დრო! ისე სწრაფად გარბოდა დრო, რომ ადამიანს სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად დრო არ რჩებოდა. არავინმა არ იცოდა, ხვალ ცოცხალი დარჩებოდა თუ არა! ამ საშინელი ომის გზები ვის სად მიიყვანდა არავინმა არ იცოდა. მამა იმ დროს გენერალ ჩხობაძის ადიუდანტი იყო და მისი გზა გადაიკვეთა ჩვენი დედის ია ილიას ასული გადელიას გზასთან ახალქალაქში, სადაც დედა პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით მუშაობდა ახალქალაქის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად!

ჩვენი მშობლები დაქორწინდნენ 1945 წლის ბოლოს. მამას  თავიდან არ გაუმხელია ცოლისთვის მისი ბავშვის ისტორია, სანამ ჩვენ არ წამოვიზარდეთ. როცა ბევრი წლეების შემდეგ მე და მამა საღამოობით ვსაუბრობდით ფირსანოვკაში, ერთხელ მან მითხრა: « როცა დავრწმუნდი დედაშენის ადამიანობაში, მის კეთილ გულში, მხოლოდ მაშინ გავბედე და მოუყევი ჩემი ბავშვის, ომარის შესახებ. გამოუტყდი, რომ მისგან დამალულად რამოდენჯერმე ვიყავი წაღვერში ომარის ბებია-ბაბუასთან, მაგრამ ბავშვი არ გამომატანესო! მაშინვე მითხრა: «ახლავე წავიდეთ წაღვერში შვილებთან ერთადო». გაყიდა მისი ერთად ერთი კარგი კაბა, მე კი ჩხობაძის ნაჩუქარი რევოლვერი მივყიდე ჩვენ მეზობელს, კარლო ნადარეიშვილს და იმ ფულით წავედით წაღვერშიო!».

 

ომარის ბებია და ბაბუა ვერც ამჯერადაც ვერ დაითახმეს: «ამ ბავშვის მეტი

ჩვენ არავინ არ დაგვრჩნიაო. სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენთან იყოს და თუ

ისე მაგრად მოვხუცდებით, რომ არ შეგვეძლება მისი პატრონობა, მაშინ წაიყვანეთო!» შეთანხმდნენ მხოლოდ იმაზე, რომ არდადეგებზე ჩვენთან, მახარაძეში გამოუშვებდნენ ომარის დასასვენებლად! დედიკო ქეთოს სიკვდილით გამოწვეულ დიდ ტკივილს ომარი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში გულში ატარებდა, კისერზე ერთი პატარა მედალიონი ჰქონდა ჩამოკიდებული, სადაც მისი დედიკოს სურათი იყო ჩადებული .

მამას ხშირად ჩამოყავდა მახარაძეში. ჩვენ რომ დაგვინახავდა, მოვარდებოდა, გვკოცნიდა და გვეუბნებოდა: «როგორ ხართ თქვენ ციგნებო?! უჩემოდ ხომ არ მოიწყინეთო?!». მერე, როცა წამოიზარდა, თვითონაც ჩამოდიოდა ჩვენ

სანახავად. დედასთან და მამასთან ძალიან მორიდებული ბიჭი იყო. ორივე უყვარდა. განსაკუთრებით დედა ია! გრძნობდა, რომ ამ ადამიანმა  ის შვილად მიიღო და საკუთარ შვილებისგან არ განასხვავებდა!

ჯარში სამსახური თურქმენისტანის დედაქალაქში, აშხაბადში მოუწია. იქვე დაამთავრა სამშენებლო ტეხნიკუმი და მუსიკალური სასწავლებელი. მასაც ჩვენი მამისგან კარგი ხმა გამოყვა. აშხაბადში საესტრადო კონკუსში პირველი ადგილი დაუკავებია! მეგობრები მას მარიოს ეძახოდნენ, მარიო ლანცას გვაგონებსო, ასე შერჩა მას ეს სახელი სიცოცხლის ბოლომდე, რითაც ძალიან ამაყობდა! იქვე აშხაბადში დაქორწინდა და როცა პირველი ვაჟიშვილი 1968 წლის 4 ივლის გაუჩნდათ, ჩემი სახელი გია დაარქვეს! ასე გაჩნდა ჩემი პირველი სეხნია დედამიწაზე.

ამასობაში დადგა ჩემი ოჯახისთვის კიდევ ერთი ბედნიერი, გამორჩეული

დღე! ჩვენთვის სასწაული დღე! დაიბადა ჩემგან დიდი ხნის ნანატრი ბიჭი! გვარის გამგრძელებელი! მისი დაბადების დღეს, 1979 წლის 18 მაისს სახლში ვიყავი, ფირსანოვკაში. მე და ჩემ ცოლს ტატიანას ექიმები გვარწმუნებდნენ, რომ გოგო დაიბადებაო! მეც მივეჩვიე იმ აზრს, რომ გაგვიჩნდებოდა გოგო! ბოლოს და ბოლოს არაფერი ხომ არ იყო ამაში ცუდი?! კიდევ ერთი სიყვარული, კიდევ ერთი პატარა პრინცესა მიემატებოდა ჩვენ ოჯახს. მთავარი იყო მშობიარობას ჩაევლო მშვიდობიანად. ვინაიდან ჯერ კიდევ სახლში ტელეფონი არ გვქონდა, დილით ადრე წავედი ფირსანოვკის ტელეფონის ჯიხურისკენ, სამშობიარო სახლში დასარეკად. ავკრიფე სამშობიაროს ნომერი. ქალს, რომელმაც ზარზე მიპასუხა, დაუსახელე ცოლის გვარი და ვთხოვე გაეგო როგორ იყო ჩვენი საქმე. ცოტა ხანში ქალმა მიპასუხა: «უ ვას როდილსა სინ!». მე ვიფიქრე ეშლება-მეთქი და ვთხოვე – ალბათ გვარი შეგეშალად და თუ შეიძლება კიდევ ერთხელ შეამოწმეთ-მეთქი! იმ ქალს ნერვებმა უღალატა, აყვირდა და დამიწყო ლანძღვა: «როცა საწყალი თქვენი ცოლები აქ მწვალობენ, თქვენ «კაზლებო» ამ დროს ლოთობის მეტი არაფერი არ გახსოვთო! რა უნდა შევამოწმო? ბიჭი დაიბადაო!» ეს რომ გავიგონე, სიხარულისგან ინსტიქტურად ავხტი, ჯიხურის რკინის სახურავს თავი ისე მაგრად მივარტყი, რომ ტკივილისაგან თვალებში სინათლე დამიბნელდა. როცა როგორც იქნა თვალებში სინათლე დამიბრუნდა, ალბათ მაშინ ჩემზე უფრო ბედნიერ ადამიანს ამ ქვეყანაზე ვერსად ვერ იპოვიდით!

როცა ხუთი დღის მერე ცოლი და ბავშვი სახლში მოვიყვანე, მე და ტატიანამ გადავწყვიტეთ ჩვენი შვილისთვის ჩემი მამის სახელი აკაკი, კაკო დაგვერთქვა! თუმცა ძალიან კარგად გვესმოდა, საქართველოში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სახელი აკაკი, რუსეთში ადამიანისთვის დამამცირებლად, შეურაცმყომფლურად იყო მიმჩნეული მწერალი ნიკოლაი გოგოლის მოთხრობის «შინელი»-ს გმირის «აკაკი აკაკიევიჩის» წყალობით.

მე, სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ოჯახით დავბრუნდებოდით საქართველოში საცხოვრებლად! მშობლებს გაუგზავნეთ დეპეშა: «მოგილოცავთ! დაიბადა პატარა ბიჭი აკაკი!». წარმომიდგენია რა სიხარულს განიცდიდნენ ჩემი მშობლები!

აი, ასეთი ბედნიერი აღმოჩნდა 1979 წლის დასაწყისი ჩვენი ოჯახებისთვის!

იმავე წელს, უკვე მეორედ ცენტრალური ტელევიზიისა და საკავშირო რადიოს ხელმძღვანელობამ მიმართა რუსეთის კულტურის სამინისტროს და მოსკოვის ქალაქის საბჭოს შუამდგომლობით, სამი ბავშვიანი ოჯახისთვის ბინის გამოყოფის შესახებ! პროსპექტ მირაზე მაღალ სართულიან სახლში, სადაც ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლები ცხოვრობდნენ გათავისუფლდა სამოთახიანი ბინა და ითხოვდნენ ამ ბინის ჩვენთვის გადმოცემას! მაგრამ იმავე მიზეზით, რომ ჩვენ ვცხოვრობდით მოსკოვის ახლო გარეუბანში და ვიყავით ჩაწერილი კერძო სახლში, სამწუხაროდ ისევ უარი მიიღეს მათ თხოვნაზე!

1979 წელს მთელი საბჭოთა კავშირი ემზადებოდა 1980 წლის ოცდამეორე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში, 23 ივლისიდან 3 აგვისტომდე! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ასეთი დიდი ღონისძიება პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! გასაოცრად ბევრი რამე გააკეთა სახელმწიფოს მთავრობამ თავის გამოსაჩენად. აშენდა ახალი და გარემონტდა ბევრი სპორტიული ნაგებობები, სასტუმროები, პარკები და ბაღები! გარემონტდა ქუჩები, გალამაზდა ეზოები. კულტურის სფეროშიც შეიმჩნეოდა დიდი ცვლილებები, ყველა ორკესტრის მუსიკოსებს, გუნდებისა თუ ცნობილ ანსამბლებს წევრებს შეუკერეს ახალი საკონცერტო ტანსაცმელი. კომპოზიტორებისთვის გამოცხადდა ოლიმპიადის გასახსნელი და დასახურავი სიმღერების კონკურსი, ჩამოყალიბდა უცხო ენების მცოდნე ვოლონტიორების ჯგუფები და ა. შ.

რაც მთავარია 1980 წლის მაისის თვიდან მოსკოვის ქუჩებიდან «გაქრა  მათხოვრები, მაწანწალები და აღრიცხვაზე აყვანილი ლოთები.» ხალხში ხმები დადიოდა, რომ ყველანი 101-ე კილომეტრზე დროებით გადაასახლესო, გადამალესო!

1979 წლის სექტემბერში საქართველოდან გვესტუმრა დედა, თან ჩამოიყვანა ჩვენი ია და ეკა! რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს იყო დიდი სიხარული. თან ჩამოგვიტანა მახარაძის გაზეთ «ლენინის დროშა»- ში 1978 წლის 18 აგვისტოში დაბეჭდილი გურამ კუნჭულიას დიდი სტატია «სიმღერა აერთიანებს თაობებსაც». დედამ იცოდა, რომ მე ვაგროვებდი ყველა ინფორმაციას ჩვენ საქმიანობის შესახებ! თუმცა ჩვენი გვარი შეცდომით მოიხსენიებოდა გაზეთის

სტატიაში, მიუხედავად ამისა ეს სტატია მაინც იყო ერთად ერთი ინფორმაცია ხალხისთვის, გამოძახილი ჩვენი საქმიანობის შესახებ!

    რამდენი ახალგაზრდა თუ ცნობილ კომპოზიტორების სიმღერები ჩავწერეთ საკავშირო რადიოში. მათი სიმღერების საბჭოთა კავშირის რადიო მსმენელებისთვის გასაცნობად ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ: არანჟირებაც, რადიოში ჩაწერაც, კონკურსებში და კონცერტებშიც მათი სიმღერებს, ქართულ სიმღერებს ვასრულებდით!!! ერთს, რომელიმე მათგანს მაინც ამოეღო ხმა ჩვენ შესახებ! სიტყვიერად მაინც ეთქვათ: «დიახ, მოსკოვში მუშაობენ, მაგრამ ჩვენი ქართველი მომღერლებია, საქართველოს საქმეს აკეთებენო და მიაქციეთ ყურადღებაო!».

მინდა ცენტრალური ტელევიზიის მუშაობის იმ დროინდელი სხემებს გაგაცნოთ, ვფიქრობ თქვენთვის ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება! რამოდენიმე წლით ადრე ცენტრალური ტელევიზია კონცერტებში მომღერლების დასახარისხებლად იყენებდა «კოლოფების», მე ვიტყოდი «ზოოპარკის» სისტემას: სხვა და სხვა «კოლოფებში», «კლეტკებში» იყვნენ მოთავსებული რესპუბლიკების რადიო-ტელევიზიის კომიტეტებიდან «მივლინებული შემსრულებლები», ორი ან სამი მომღერალი თითოეული რესპუბლიკიდან! ლატვიიდან ესენი, ესტონეთიდან ისინი, უკრაინიდან კი ესენი და ა.შ. თითქმის ყველა სხვა რესპუბლიკებიდანაც!

ამიტომ ყველა ცენტრალური ტელევიზიის კონცერტებში თითქმის ერთი და იგივე მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას! დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა მომღერლების წინაშე, არავითარ შემთხვევაში არ მინდა შეურაცყოფა მოგაყენოთ თქვენ! მე აქ განვიხილავ მხოლოდ ტელევიზიის მუშაობის სისტემებს! შეიძლება რომ ასეთი «სისტემით» ტელევიზიის თანამშრობლებს უადვილდებოდა მუშაობა. შემდეგ მომღერლების სიას დაემატა სხვა მომღერლებიც, სხვა და სხვა რესპუბლიკების დამსახურებული არტისტები! ამ «სისტებამაც» კარგა ხანს იმუშავა! მაგრამ «სისტემების» განითარების სპირალმა კიდევ უფრო მაღლა აიწია, როცა მოქალაქეების ბინებში თუ სახლებში გაჩნდა ტელევიზორები!

1979 წლისთვის მან მის კულმინაციურ სიმაღლეს მიაღწია! ტელევიზია გახდა ყველაზე დიდი საინფორმაციო ორგანო მოსახლეობისთვის, ტელევიზიიდან ნათქვამი სიტყვა თითქმის კანონის ძალას იღებდა! ასეთივე ძალა ჰქონდა ხელოვნების ყველა დარგისთვის! ვისაც ტელევიზია ხშირად აჩვენებდა ის ითვლებოდა საუკეთესოდ მის დარგში!

ტელევიზიის უმაღლესი ხელმძღვანელობიდან დაწყებული რედაქტორების თუ სხვა მუშაკების ჩათვლით ყველამ იგრძნო, რომ სწორედ მათზე იყო დამოკიდებული ამა თუ იმ ადამიანის პოპულარობა, იგივე იგრძნეს კომპოზიტორებმაც, მომღერლებმაც და დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა მაღალი ადგილებისთვის! ამისთვის გამოიყენებდნენ ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ ხერხებს: დიდი ადამიანების მხარდაჭერას, ნაცნობობას, პირად ურთიერთობას, ქრთამებს ა ა. შ.

მე და ჩემი ძმა რუსეთვის ვიყავით რუსეთში დროებით მომუშავე ქართველი მომღერლები, რომლებიც არ შედიოდნენ არც საქართველოს ტელევიზიიდან მივნილებულ მომღერლების სიაში, არც საქართველოს დამსახურებულ არტისტების სიაში! რომლებიც ალბათ მალე უკან დაბრუნდებიან სამშობლოში!

საქართველოს ჩვენთან, ქართველ მომღერლებთან თითქოს არაფერი არ აკავშირებდა! ვითომც და ქართველი ადამიანი რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მოღვაწეობდეს საქართველოსთვის არ მოღვაწეობს?!  მითუმეტეს იმ დროისთვის, საბჭოთა წყობილების დროს, ჩვენ ვმუშაობდით მოსკოვში, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში. მოკლედ ჩვენ არავის არ ვეკუთნოდით, არც რუსეთს და არც საქართველოს! ამ საჭირბოროტო თემას მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები მომავალ სტატიებში.

ახლა ისევ დაუბრუნდეთ დედაჩემის ჩვენთან სტუმრობას! მაშინდელი საბჭოთა მოქალაქეთა რეგისტრაციის წესით, დედა ერთი წლით, ჩვენი ფირსანოვკის  სახლში ჩავწერეთ. დედა უჩიოდა მაღალ წნევას და ჭირდებოდა დროულად სამედიცინო დახმარება: ანალიზების ჩაბარება და სწორი დიაგნოზით მკურნალობა. იმ დროს ყველა ადამიანი მოსკოვში ჩამოდიოდა სამკურნალოდ! გოგის ცოლის, ირას დები ვალენტინა და ლიუდა ორივენი ექიმები იყვნენ და დიდი დახმარება გაუწიეს დედას. ახალი წამლების მიღებამ ჩვენდა გასახარად თითქოს საგრძნობი შეღავათი მისცა, მაგრამ პრობლემა ბოლომდე ვერ გადაწყვიტა! მაშინ კი არა, დღესაც კი მაღალი თუ დაბალი წნევის მკურნალობა ძალიან რთულ საქმედ ითვლება!  გარდა ექიმებისა დაგვყავდა ჩვენ კონცერტებზე სხვა და სხვა ორკესტრებთან ერთად! დედა პირველად არ იყო მოსკოვში, ის ერთხელ უკვე თან ახლდა მამას მოსკოვში, როცა მახარაძის «შვიდკაცა» გამოდიოდა კონცერტებით სასოფლო სამეურნეო მიღწევების გამოფენის, «ვდნხა»-ს პავილიონების სცენებზე.

 

გასაოცარი დრო იყო, სიხარულით სავსე! მონატრებული დედა შენ გვერდით რომ გეყოლება, როცა გინდა მოეფერები, მის გაკეთებულ საჭმელს შეჭამ, ვითომ ასი წლის მშიერი იყო! ყველას დაგილოცავთ მშობლებს! უფალმა დიდხანს გიცოცხლოთ! ვისაც გყავთ ბედნიერები ხართ! თუ იმიერში არიან მათი არ დავიწყება იყოს და ნათელში ამყოფოს მათი სულები უფალმა!

პატივისცემით გია ბეშიტაიშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                                                              წერილი მეშვიდე-მერვე ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1971 წლის ოქტომბერში კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთხელ შეახსენა ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს ჩემთვის, როგორც წარჩინებულ…
  • 94
    მრავალენოვანი დღე  ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო ფესტივალის VIII დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში ვიხილეთ ორი სპექტაკლი- მცირე სცენაზე ბერძნული ვოლტ თეატრ პლუსის დადგმა- „ლეგენდა კარაისკაკენაზე“ (რეჟისორი- დიმიტრი კარაციასი), ხოლო დიდ დარბაზში ქართულ-აზერბაიჯანული კოპროდუქცია - „კუკარაჩა“ ( რეჟისორი- ვასო ჩიგოგიძე). გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე, სადაც მსახიობმა სოფია კაფსოურუმ  (პიესის…
  • 92
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
  • 92
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(გაგრძელება) უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი  გოგი შიოშვილი დიდებული ადამიანი აღმოჩნდა, მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ცხოვრების გზაზე. ჯერ კიდევ 1965 წლის იანვარში, როცა კონსერვატორიაში გამოცდების ჩაბარებამდე რჩებოდა რაღაც  4 - 5 თვე, ბატონმა გოგიმ მიგვამაგრა ინგლისური ენის მასწავლებელთან, ახალგაზრდა ასპირანტ ქალთან,  რომელიც კვირაში სამჯერ, სამი საათის განმავლობაში გვიტარებდა გაკვეთილებს. ამ…
  • 89
    ყაზახურად აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VII დღეს მხოლოდ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ — ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის მიერ თანამედროვედ აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟისორი — აბაი დაულეთი). მხატვარმა (რომელიც თავად რეჟისორიცაა) შექმნა პირობითი გარემო — ოთხკუთხედად დალაგებულია საბავშვო სათამაშო ჯარისკაცები, იარაღები,…

არ გამოტოვოთ