წერილის დასაწყისშივე ვაცხადებთ, მივესალმებით ქვეყანაში ავტობანის მშენებლობას, მაგრამ იგი უპასუხისმგებლო ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანიების იმედად არ უნდა იყოს და ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს _ ჩვენს სოფლებს, მის მოსახლეობას ზიანი არ უნდა მიაყენოს.
სუფსის, ნატანების და რეგიონის სხვა მდინარეების ხეობებში მოსახლეობის არა-ერთი საპროტესტო აქციები მიუთითებს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო ადგილებზე არ სწავლობს ამჟამად არსებულ მდგომარეობას, მოსახლეობა არ იცნობს ლიცენზიის პირობებს და მათი საკარმიდამო თუ საყანე ფართობების გვერდით ტრაქტორების აგუგუნების შემდეგ იგებენ, რომ ქვიშა-ღორღის მორიგი კარიერი გაიხსნა.
13 აგვისტოს სოფელ სილაურისა და ბაილეთის საზღვარზე, მდინარე სუფსის ხიდთან ამ ორი სოფლის მცხოვრებლების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ ლანჩხუთი-ჯუმათი-ოზურგეთის ავტომგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კომპანია „სამი ძმის“ მიერ სუფსის ხეობაში ქვიშა-ღორღის მოპოვების განახლებას აპროტესტებდნენ.
გზის გადაკეტვის გამო პროტესტს გამოთქვამდა მდინარე სუფსის ხიდზე და მდინარის გაღმა გაჩერებული ათეულობით მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.
_მესმის, რომ აქციაა, მაგრამ ჩემი უფლებებიც ხომ ირღვევა. სახლში დროულად უნდა მივიდე, _ აცხადებდა იანეთელი (ჯუმათი) გოჩა ბიწაძე.
_ჩვენ მხოლოდ სასწრაფო და სახანძრო ბრიგადებს გავატარებთ, ამბობდნენ აქციის მონაწილეები, თუმცა ისინი გზას უთმობდნენ იმ ავტომობილებს, რომლებშიც მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოძახებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა გაახსნევინა. აქცია გზის მიმდებარედ გაგრძელდა.
აქცია არ იყო კარგად ორგანიზებული. მათი მოთხოვნა, რომ მათთან ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და კომპანიის „სამი ძმა“წარმომადგენლები მისულიყვნენ, უშედეგო აღმოჩნდა.
_რატომ არ მოდიან ხალხთან ამ კომპანიის წარმომადგენლები. ისინი ჩვენ არად გვაგდებენ,მაგრამ არ სცოდნიათ ხალხის ძალა. ახლა ამბობენ, საბუთები გვაქვს ადგილმონაცვლეობაზე ბატონი კოტე შარაშენიძის ხელმოწერილიო, მაგრამ არც ამ საბუთის შესახებ ვიცით სინამდვილეში. თავის დროზე პრეტენზიები გვქონდა მეორე კომპანიის „ქიუ ემ სის“ მიმართაც, მაგრამ შემდეგ ამ კომპანიამ ამ ხეობის 4 სოფელთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც მილიონიან დაფინანსებას ითვალისწინებს. ყანებს დაგვითესავენ, გზებს გააკეთებენ, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარნენ _გვითხრა აქციის მონაწილე ლია პაიჭაძემ.
მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჭანუყვაძის ინფორმაციით, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 აპრილს გასცა ლიცენზის კომპანია „ჯორჯიან მინერალსზე“ სუფსის ხეობაში ქვიშა-ღორღის მოპოვების თაობაზე. 2019 წლის იანვარში აღნიშნულმა კომპანიამ ეს ლიცენზია „ნატა 2000“ გადასცა. ამჟამად ამ კონტურებში კომპანია „სამი ძმა“ მუშაობს. რაც შეეხება მემორანდუმს კომპანია „ქიუ ემ სის“-თან ჭანუყვაძის თქმით, იცის, რომ იგი დასრულებული არ არის.
_არანაირი თანხმობა კარიერის გახსნაზე ან ადგილმონაცვლეობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას არ გაუცია -გვითხრა მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ. რადგან კომპანია „ქიუ ემ სი“ ვახსენეთ, გავიხსენებთ, რომ გასულ წლებში, ამ კომპანიის მიმართაც ჰქონდა სოფელ ახალსოფლის (ბაილეთის თემი) მოსახლეობას პრეტენზიები და საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.
აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ სილაურელებმა და ბაილეთელებმა აქცია წელს, 6 მარტსაც გამართეს.
მემორანდუმის საგანია (მუხლი 2) „კომპანიის“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ფარგლებში ქვიშა-ხრეშის მოპოვების სანაცვლოდ „მუნიციპალიტეტი“-ს მიერ შესაბამისი პირობების დადგენა, კერძოდ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სილაურის, ბაილეთის, ჯუმათის და კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულების ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ჩატარების უზრუნველყოფა“.
აღნიშნული მემორანდუმის პროექტის გაპიარებამ მოსახლეობის განწყობა შეცვალა.
გაზეთი „ალიონმა“ სოფელ ბაილეთის მაჟორიტარ დეპუტატს პაატა კიღურაძეს სთხოვა ამ თემებზე კომენტარი:
_მე ჩემი თანასოფლელების გვერდით ვდგავარ. კარგია, რომ მემორანდუმი ფორმდება. მე მოვაწერე ხელი. შესაბამისად „ქიუ ემ სის“ მიმართ მოსახლეობის განწყობა შეიცვალა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი კომპანია „სამ ძმაზე“, როცა მოსახლეობა გამოდის, ისინი არ ჩნდებიან. წავა მოსახლეობა და შემოდის ტრაქტორი ჭალაში. მუდამ ამ ჭალაში ხომ ვერ ვიქნები, არადა თანდათან იძაბება დამოკიდებულება მოსახლეობასა და ამ კომპანის შორის. რაიმე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს, ვინაა პასუხისმგებელი?
გაზეთი „ალიონი“ სოფელ ჯუმათის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ბერიძეს დაუკავშირდა;
_ვადასტურებ, რომ მემორანდუმზე ხელი არ მომიწერია. თუკი სოფელს არ გავაცანი და მათგან არ მივიღე დასტური, ისე არ მოვაწერ, არადა, სოფლის სუფსისპირა სავარგულების მესამედზე მეტი ამ კარიერების არასწორი ექსპლოატაციის შედეგად წაღებულია. ვიცი, მართებული შენიშვნები ექნება სოფლის მოსახლეობას. ოჯახური მდგომარეობის გამო ახლა სოფელში არ ვიმყოფები. დაბრუნებისთანავე შევხვდები მოსახლეობას და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, მოვაწერ თუ არა ხელს. გაზეთი „ალიონი“ შპს „ქიუ ემ სის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს იაკობ ლექვინიძესაც ესაუბრა. იგი ადრე სოფელ სილაურში კომპანია „ჩი ენ ჯის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
_ რა გაინტერესებთ, იცით კი რა არის მშენებლობა? ან რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იცით ამის შესახებ? მსგავსი გინახავთ რეგიონში? ვეხმარებით სოფლებს, მემორანდუმიც გავაფორმეთ. გინახავთ ეს დოკუმენტი? _კითხვები აქეთ დაგვისვა ლექვინიძემ.
_კი ბატონო, მშენებლობა როგორ არ ვიცით, მაგრამ მდინარის ხეობის აოხრებას (ქვიშა-ღორღის ამოღების წესების უგულვებელყოფას) თქვენ მშენებლობას ეძახით? მემორანდუმის პროექტს კი ვიცნობთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს პროექტი დოკუმენტი არ არის, რადგან მასზე ხელმოწერა არ დასრულებულა _ვუპასუხეთ ჩვენ.
ამჟამად, მდინარე სუფსაზე სათემო ორგანიზაცია „ეკოს“მოსთხოვნით, „ქიუ ემ სის“ დოკუმენტაციის სრული პაკეტის წარმოდგენა-შესწავლამდე სამუშაოები ერთი კვირით შეჩერებული აქვს.
-მწვანე გურია ფულის საჯიჯგნ გურიად იქცა. მდინარის ფსკერსაც აღარ ტოვებენ _ამბობს ირმა გორდელაძე.
მდინარე ნატანების ხეობაში გარემოსდამცველთა პრეტენზიებია კომპანია „ნალუთო +“ს მიმართ, რომელსაც ქვა-ღორღის მოპოვებაზე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კომპანია „აქ-ვასთან.“
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო“ „ნალუთოს“ უკანონო წარმოებაზე ედავება და ხელშეკრულებას სამართლებრივად გაუმართლებლად მიიჩნევს, გაატაროს რეაგირება(?!)
გუშინ, 16 აგვისტოს სოფელ სილაურისა და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები კომპანია „სამი ძმა“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ისინი ამ კომპანიისაგან სოფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და კონკრეტულ წინადადებებს ითხოვენ.
(ამ სტატიის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ `ალიონის~ 17 აგვისტოს ნომერში).
მსგავსი სტატიები
- 69"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 69საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 67კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ. მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…
- 65ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 63გაზეთი „ალიონი“ წლებია მუშაობს მდინარეეების აუზში (სუფსა, ნატანები, ბჟუჟი, აჭისწყალი) ქვიშა-ხრეშის მოპოვების კანონიერების თემებზე. არასამთავროებთან, საზოგადოებასთან ერთად, მოწმეა თუ როგორ გახდა შესაძლებელი რიგ სოფლებში ქვიშა-ხრეშის ბარბაროსული მოპოვების შეწყვეტა. 3 წელია მდინარე სუფსის აუზში (ძიმითი, ნაგომარი, ჯუმათი, ბაილეთი, სილაური) ქვიშა-ხრეშის მოპოვების კანონიერებას ვიკვლევთ. სოფელ ძიმითის მოსახლეობამ შეძლო სოფლის ტერიტორიიდან გაეძევებინა ერთ-ერთი…