1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო ჭელიძესთან ერთად გაზეთისათვის საინტერესო სამეცნიერო და სხვა სახის სტატიებს ამზადებდნენ მისი მეუღლე, პროფესორი ნათელა ჭახნაკია, ასევე მათი შვილები, ამჟამად ცნობილი პროფესორები ლადო და ედიშერ ჭელიძეები.
ქალბატონ ნათელა ჭახნაკიას ახლახან დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და გთავაზობთ მის წერილს „ბალადა ქართველი დედისა“, რომელიც 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.
„სილამაზით გამორჩეულ ქართველებს გლოვაც ლამაზი სცოდნიათო, შენიშნავდა რომელიღაც უცხოელი 9 აპრილს დაღუპულთა გლოვის დღეებში.. სწორედ ეს სიტყვები მაგონდება, როცა მივუყვებოდი იმ სამგლოვიარო პროცესიას რუსთაველის პროსპექტზე, როცა ერთად შევამკეთ ყვავილებით მოწამლულთა სისხლით მორწყული წმინდა ადგილი და როცა ყველანი ერთბაშად აღმოვჩნდით ცრემლით განბანილი ლამაზი სულების საუფლოში…
თითქოს ახალი ერა დაიწყოო, ამგვარი ტკივილიანი, მაგრამ გასუფთავებული გრძნობებით შევუდექით ახალ ცხოვრებას. მეტი სიახლოვე, მეტი ურთიერთგაგება… აი, ეს გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს. ჩვენი საერთო მიზანი კი ისაა, თუ ამ განწყობილებას ყველას გულებამდე მივიტანთ, გრძნობებს გავაფაქიზებთ… საინტერესოა, რომ ხალხური „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა,“რომლის ფინალშიც სიუჟეტი იშვიათ მხატვრულ სიძლიერეს აღწევს და საუკეთესო მორალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტში მჟღავნდება, ქართული ელიტარული სულის ერთი საუკეთესო დადასტურებაა, რაც მე ვნახე, რეალურად განვიცადე იმ დიდ ტკივილიან დღეებში.
გაზაფხულზე, აპრილის ბოლო რიცხვებში, წავედი რამდენიმე დღით დასავლეთში, სოფელ ლიხაურში. მეორე დღესვე მივედი სამძიმარზე 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის ოჯახში. სანამ სინამდვილეს გავიგებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნინო, ეს სოფლელი გოგონა, შემთხვევით დაიღუპა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნამდვილი გმირი ყოფილა. ნინო თოიძეს და მარტვილელ აზა ადამიას ერთად ფიცი მიუციათ და მოშიმშილეთა შორის მჯდარან. ორთავე მეგობარს ვაჟკაცური წინააღმდეგობა გაუწევია ჯალათებისთვის და დიდხანს თავგანწირვით ებრძოდნენ მკვლელებს, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად. ვაი, რომ ამაოდ…და მოწამობრივად დაიღუპნენ. დამგლოვიარდნენ ოჯახები, შემზარავი იყო დედათა გულის ჭიდილი უმაღლეს მწუხარებასთან. მოხდა საოცრება. დედებმა შეძლეს ლამაზად ეგლოვათ შვილები. უმძიმეს წუთებში, როცა არავის და არაფერს შეეძლო მათი ტკივილის შემსუბუქება, ერთნაირი მწუხარებით გულშეძრულმა დედებმა გადაწყვიტეს, ერთად დაეტირებინათ თავიანთი შვილები…
მართლაც დაინიშნა სხვადასხვა დაკრძალვის დღე და ნინო თოიძის დაკრძალვაზე ჩამოვიდა მთელი ჩოხატაურის რაიონი, თითქმის მთელი სამეგრელო. ასევე დაიტირეს ნატო გიორგაძე, ხოლო აზა ადამიას დაკრძალვაზე გურიიდან წასულ სამგლოვიარო პროცესიას, ზღვა თაიგულებითა და და ეროვნული დროშებით, დადსასრული არ ჰქონდა…დიდი მწუხარება საერთო-სახალხო გლოვად გადაიქცა. დედათა მოთქმა და ზარი დიდ ტკივილთან, დიდ უბედურებასთან შეერთებულად შეჭიდებას წარმოადგენდა ერთი საერთო გულით, ერთი საერთო ცრემლით და ერთი საერთო ნუგეშით.
ჭირის ჭირში გადატანა, საკუთარი მწუხარების სასწორზე სხვისი ტკივილის გათანაბრება მორალურ-ზნეობრივი კეთილშობილების უმაღლესი გამოხატულებაა, რაც ასე ნიშანდობლივი და დამახასიათებელია მხოლოდ ქართველი დედისთვის.
ჩვენს ჯიშსა და მოდგმას ეს დიდი შინაგანი კეთილშობილება დასაბამიდან მოსდგამს. „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, უბრალო ბალადა როდია, იგი ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სულის სარკეა. ძველთაძველი, თვალშეუდგამი მითოსური სამყაროდან რომ მოდის, თაობიდან თაობაში გადადის და მკვიდრდება, ქართველი ქალი, ქართველი დედა სამყაროს აღმოჩენაა, კეთილშობილებისა და ზნესრულობის ცოცხალი ხატია, რომელზედაც ბევრჯერ დაიწერა, ბევრი რამ ითქვა, მაგრამ მისი სულის ზეგრძნობადობა, ტკივილისა და მწუხარების საიდუმლოებაში ჩაკარგული, 9 აპრილის სისხლმა ყოვლის მომცველი ძლიერებით კვლავ გამოავლინა.
ნათელა ჭახნაკია,
„ლეხოური“ #1, 9 აპრილი, 1990 წ.
მსგავსი სტატიები
- 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პროექტ ტრილოგიის ერთგვარ შეჯამებასაც წარმოადგენდა, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ, სიხარულს რომ ვერ მალავდა, ისეთი ემოციებით, იმ გამოწვევებსა და შედეგებზე ისაუბრა, რაც უკვე წარმატებით განხორციელდა და რისი იდეაც სამიოდე წლის წინ თავად გააჟღერა. 19-23 ნოემბრის ფარგლებში, ოზურგეთის სახელმწიფო…
- 100
დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი…
- 100
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
- 100
დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
- 100
გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…