გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა.
„ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო…
ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა…
ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა…
ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“ _წერს სოციალურ ქსელში ეთერ შენგელია.
მართლაც ლამაზი საღამო იყო,საოცარ გარემოში, ღრმად ეროვნული და ეკლესიური ლექსებით, პოეზიის მოყვარული დასწრე საზოგადოებით.
ვუსმენდით ამ ნიჭიერ პოეტს და ვინიშნავდით გულში ჩამწვდომ ლამაზ სტრიქონებს:
„სანამ იცოცხლებს გენი ქართული, გადაშენება არ გვიწერია;“ „ხატის წინ ვდგავარ მამაო ჩვენო, გვწამს შენი რომ არ მიგვატოვებ;“„ბავშვობა ჩემი, ახალგაზრდობა, ლექსში ვერ ჩავრთე, ვერ ჩავეტიე…“„ამ წუთისოფელს რატომ გვასტუმრეს?! კლდის წვერზე ბუდე რატომ აქვს არწივს…“ „დიდება შენ და ღმერთო მაღალო…არ მოგვკლებოდეს უფლის წყალობა“.
საღამოს ფინალი: ვახოს დედის, შესანიშნავი ქალბატონის გულნაზი ნიკოლაიშვილის მიერ წაკითხული გალაკტიონის „მერი“…
_დღეს პირველად ჩავატარე ჩემი პოეზიის საღამო. ვინც მოვიდა ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ვისაც უნდოდა მოსვლა და ვინც ვერ მოვიდა ვწუხვარ მათ მაგივრად.
მადლობა კულტურის ცენტრს…განაცხადა ვახო ქართველიშვილმა.
გთავაზობთ ვახო ქართველიშვილის რამდენიმე ლექსს:
დიდება უფალს!!!
მშვიდობა ჩვენ და…!!!
გაგვთენებოდეს ნათელი დილა…!!!
მადლობა ღმერთო.. რომ მომავლინე…
ქართულ მიწაზე, ქართველის შვილად.
რომ მომეც პური არსობისა და…
სტუმართ-მასპინძლის ღრმა აზრი ღვთისა;
რომ არ ჩამიქრე იმედის სხივი,
კვლავ რომ ჩამთვალე სიცოცხლის ღირსად.
გულს რომ შევახევ ცოდვის ეკალზე,
მალამოდ მივლენ ლოცვას და წირვას
და რომ მინათებ გონებას რწმენით
კვლავაც რომ შევძლო სწორი გზის ხილვა.
უკვდავი იყოს სახელი შენი…
შეგვინდე…
ცოდვით გთხოვ არ დაგვღალო…
მოგვეც სიმშვიდე…
მშვიდობა ჩვენ და…
დიდება შენ და ღმერთო მაღალო!!!
* * *
დაბადებამდე ერთი დღით ადრე,
ჩვილმა ღმერთს ჰკითხა:
– როდის გავჩნდები?
– დედამიწაზე ვინმე თუ მელის?
– და ფათერაკებს როგორ ავცდები?
– შენთვის გავგზავნე მე ანგელოზი…
თავად გიპოვის… გაჩნდები როცა,
დაგიფარავს და შენზე იზრუნებს,
გასწავლის ჭამას… სიხარულს… ლოცვას…
ჩვილმა კვლავ ჰკითხა
: რომ ვერ ვსაუბრობ,
ჩვენ რა ენაზე ვილაპარაკებთ…?
ღმერთმა მიუგო:
– ის შეგასწავლის ენას, ბიბლიას
იგავ -, არაკებს…
და მას რა ჰქვია ღმერთო?!
გათენდა…
ვსუნთქავ, ვტირი და…
მის ცრემლებს ვხედავ…
– პატივი ეცი და გაუფრთხილდი
მე შენს ანგელოზს ვუწოდე
– “დედა”
* * *
წუთისოფელში თუ ვერ მივიღეთ,
ის, რაც მოგვწონს და რაც გულით გვინდა?!
უნდა დავფიქრდეთ სად ვართ და როგორ?
მწყურვალს რომ ვუსხამთ წყალს, თუა წმინდა?
თუ ვერ მივიღეთ რასაც ველოდით,
და მოლოდინი ჩვენ არ გვიმართლებს?!
დავფიქრდეთ თუნდაც სულ ერთი წუთით…
რომ დავინახოთ სრული სიმართლე.
სიმართლე რაა?!
ის კი არ არის…
ცალმხრივად რომ გვსურს მივიღოთ მხოლოდ.
ხომ გაგიგიათ “რასაცა გავცემთ”
დაგვიბრუნდება ისევ ის… ბოლოს…
მონაპოვარი ჩვენი არ მოგვწონს?!
სხვა გზას დავადგეთ,
შევცვალოთ კურსი…
რაც მიგვიღია, რასაც მივიღებთ…?!
სწორედ იმის ვართ მიღების ღირსი…
წუთისოფელი დიდი ფიქრია
წინ მივიწევთ და ხან…
არ გვიმართლებს,
ადამიანი იმას მიიღებს, რასაც ის სხვისთვის გულით ინატრებს.
თუ არ შეგვფერის რაც გვერგო წილად,
ვთვლით, რომ არ იყო წელს
კარგი “რთველი”…?!
უნდა შევცვალოთ ის რასაც გავცემთ,
რკინაში ოქროს ნურავინ ელის…!!!!
* * *
არ გიფიქრიათ რისთვის მოვედით?!
რატომ გახშირდა ძგერა გულისა.
თვალებზე ცრემლი რატომ დაგორდა,
ძალამ ჩვენ რატომ გაგვაგულისა?!
არ გიფიქრიათ რატომ მოგვნათლეს,
რისთვის შეავსეს მამებმა ყანწი?!
ამ წუთისოფელს რატომ გვასტუმრეს?!
კლდის წვერზე ბუდე რატომ აქვს არწივს.
არ გიფიქრიათ?
მე ხშირად ვფიქრობ…
რაა მიზანი…
თითქოს და ვიცი…
რატომ მერგუნა ამ გზებით მევლო
და რატომ დავდე ხატებთან ფიცი!!!
მე მიფიქრია…
ვფიქრობ და ხშირად
ვაწყდები ჩემ თავს ფიქრში გართული;
რასაც ვაკეთებ უნდა ვაკეთო…
და ჩავდო სული…
ნაღდი ქართული!!!
* * *
ვაკვირდებოდი ცეცხლის ალებს… კოცონთან წუხელ…
გავხედე ნაძვნარს, მთაზე ნისლში გახვეულიყო.
ვერ შევამჩნიე ფიქრთა ზღვაში მე…
დილის ცვარი…
მზის ნათება და…
არ მინდოდა დრო გასულიყო…
შენი ღიმილი გამახსენდა…
პირველი… მზერა…
გულს ეყრებოდა დენთად ცეცხლზე…
ცად ასულიყო…
წარსულზე ფიქრი… თითქოს ხილვას
და ზღაპარს ჰგავდა…
სხვა ფიქრნი ჩემნი…მინდოდა რომ
დაკარგულიყო…
ახალგაზრდობა ჩაიქროლებს
ვით წყნარი სიო…
ერთხელაც ხეებს დასცვივდებათ ფოთლები ხმელი…
თუმცა ჩვენი მზე…
უდროო დროს არ გაცივდება…
ფოთოლცვენამდე იბრწყინებს და…
იქნება მწველი.
ღრმად გამოვაღე მე წარსულის
ოთახის კარი…
შენი ღიმილი…. სანთლის სხივად
ანთებულიყო…
შემომხედე და…გამიცინე,..
როგორც იმ დილით…
კარი მოვკეტე… არ მინდოდა
დრო გასულიყო…
მოვა დრო როცა…ამ ლამპართან
სხვა იოცნებებს,
აზრი მოუვა ვინმეს მსგავსი…
ჩვენი ფიქრების…
დაჰკრავს წამი და…
შევერევით უსასრულობას…
ჩვენც ხომ ოდესმე,
ხმელ ფოთლებად გარდავიქმნებით.
სამწუხაროა მიჰქრის დრო და
ვერ შევაჩერებთ.
წუთის, წამებით შეჩერება
სცადეს ჩვენამდეც.
კოცონთან გავთბეთ…
მოჭედილა ცა
ვარსკვლავებით;
მინდა გიცქირო
უსასრულოდ…
ფოთოლცვენამდე…
მსგავსი სტატიები
- 95"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 95საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 9328 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 86ავტორი მარი კოძოევი უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციებს ოზურგეთიდანაც შეუერთდნენ. რუსეთის აგრესია ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. სხვა და სხვა სფეროსა და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ოკუპაციის და ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სწორედ ამ ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პედაგოგმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოს“ დამფუძნებელმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატომა, ირმა გორდელაძემ: _,,დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა.…
- 86„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ და მეღორეობას ან კიდევ…