1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო ჭელიძესთან ერთად გაზეთისათვის საინტერესო სამეცნიერო და სხვა სახის სტატიებს ამზადებდნენ მისი მეუღლე, პროფესორი ნათელა ჭახნაკია, ასევე მათი შვილები, ამჟამად ცნობილი პროფესორები ლადო და ედიშერ ჭელიძეები.
ქალბატონ ნათელა ჭახნაკიას ახლახან დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და გთავაზობთ მის წერილს „ბალადა ქართველი დედისა“, რომელიც 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.
„სილამაზით გამორჩეულ ქართველებს გლოვაც ლამაზი სცოდნიათო, შენიშნავდა რომელიღაც უცხოელი 9 აპრილს დაღუპულთა გლოვის დღეებში.. სწორედ ეს სიტყვები მაგონდება, როცა მივუყვებოდი იმ სამგლოვიარო პროცესიას რუსთაველის პროსპექტზე, როცა ერთად შევამკეთ ყვავილებით მოწამლულთა სისხლით მორწყული წმინდა ადგილი და როცა ყველანი ერთბაშად აღმოვჩნდით ცრემლით განბანილი ლამაზი სულების საუფლოში…
თითქოს ახალი ერა დაიწყოო, ამგვარი ტკივილიანი, მაგრამ გასუფთავებული გრძნობებით შევუდექით ახალ ცხოვრებას. მეტი სიახლოვე, მეტი ურთიერთგაგება… აი, ეს გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს. ჩვენი საერთო მიზანი კი ისაა, თუ ამ განწყობილებას ყველას გულებამდე მივიტანთ, გრძნობებს გავაფაქიზებთ… საინტერესოა, რომ ხალხური „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა,“რომლის ფინალშიც სიუჟეტი იშვიათ მხატვრულ სიძლიერეს აღწევს და საუკეთესო მორალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტში მჟღავნდება, ქართული ელიტარული სულის ერთი საუკეთესო დადასტურებაა, რაც მე ვნახე, რეალურად განვიცადე იმ დიდ ტკივილიან დღეებში.
გაზაფხულზე, აპრილის ბოლო რიცხვებში, წავედი რამდენიმე დღით დასავლეთში, სოფელ ლიხაურში. მეორე დღესვე მივედი სამძიმარზე 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის ოჯახში. სანამ სინამდვილეს გავიგებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნინო, ეს სოფლელი გოგონა, შემთხვევით დაიღუპა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნამდვილი გმირი ყოფილა. ნინო თოიძეს და მარტვილელ აზა ადამიას ერთად ფიცი მიუციათ და მოშიმშილეთა შორის მჯდარან. ორთავე მეგობარს ვაჟკაცური წინააღმდეგობა გაუწევია ჯალათებისთვის და დიდხანს თავგანწირვით ებრძოდნენ მკვლელებს, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად. ვაი, რომ ამაოდ…და მოწამობრივად დაიღუპნენ. დამგლოვიარდნენ ოჯახები, შემზარავი იყო დედათა გულის ჭიდილი უმაღლეს მწუხარებასთან. მოხდა საოცრება. დედებმა შეძლეს ლამაზად ეგლოვათ შვილები. უმძიმეს წუთებში, როცა არავის და არაფერს შეეძლო მათი ტკივილის შემსუბუქება, ერთნაირი მწუხარებით გულშეძრულმა დედებმა გადაწყვიტეს, ერთად დაეტირებინათ თავიანთი შვილები…
მართლაც დაინიშნა სხვადასხვა დაკრძალვის დღე და ნინო თოიძის დაკრძალვაზე ჩამოვიდა მთელი ჩოხატაურის რაიონი, თითქმის მთელი სამეგრელო. ასევე დაიტირეს ნატო გიორგაძე, ხოლო აზა ადამიას დაკრძალვაზე გურიიდან წასულ სამგლოვიარო პროცესიას, ზღვა თაიგულებითა და და ეროვნული დროშებით, დადსასრული არ ჰქონდა…დიდი მწუხარება საერთო-სახალხო გლოვად გადაიქცა. დედათა მოთქმა და ზარი დიდ ტკივილთან, დიდ უბედურებასთან შეერთებულად შეჭიდებას წარმოადგენდა ერთი საერთო გულით, ერთი საერთო ცრემლით და ერთი საერთო ნუგეშით.
ჭირის ჭირში გადატანა, საკუთარი მწუხარების სასწორზე სხვისი ტკივილის გათანაბრება მორალურ-ზნეობრივი კეთილშობილების უმაღლესი გამოხატულებაა, რაც ასე ნიშანდობლივი და დამახასიათებელია მხოლოდ ქართველი დედისთვის.
ჩვენს ჯიშსა და მოდგმას ეს დიდი შინაგანი კეთილშობილება დასაბამიდან მოსდგამს. „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, უბრალო ბალადა როდია, იგი ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სულის სარკეა. ძველთაძველი, თვალშეუდგამი მითოსური სამყაროდან რომ მოდის, თაობიდან თაობაში გადადის და მკვიდრდება, ქართველი ქალი, ქართველი დედა სამყაროს აღმოჩენაა, კეთილშობილებისა და ზნესრულობის ცოცხალი ხატია, რომელზედაც ბევრჯერ დაიწერა, ბევრი რამ ითქვა, მაგრამ მისი სულის ზეგრძნობადობა, ტკივილისა და მწუხარების საიდუმლოებაში ჩაკარგული, 9 აპრილის სისხლმა ყოვლის მომცველი ძლიერებით კვლავ გამოავლინა.
ნათელა ჭახნაკია,
„ლეხოური“ #1, 9 აპრილი, 1990 წ.
მსგავსი სტატიები
- 100
გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
- 100
„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად, სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
- 100
საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
- 100
დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და…
- 100
დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი…