სამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორს დიდი სცენისკენ მიუთითა
ოზურგეთის განახლებულმა თეატრმა თავის 153-ე თეატრალურ სეზონში მეექვსე პრემიერად მაყურებელს მცირე სცენაზე წარუდგინა ვაცლავ ჰაველის „ვერნისაჟი“ _ აბსურდის კომედია ერთ მოქმედებად. დადგმა თეატრის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა რეჟისორს მამუკა ბაბილოძეს მიანდო და არც შემცდარა, თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ.
საწყენად ნურავინ მიიღებს _ იმის გამო, რომ ჩვენი მაყურებელი ზედმეტად პოლიტიზებულია, იგი ვაცლავ ჰაველს პოლიტიკური მოღვაწეობით (დისიდენტი, ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი, უფლებადამცვლელი, ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი) უფრო იცნობს, ვიდრე დრამატურგიით, არადა, მისი 20-ზე მეტი პიესა თითქმის მუდმივად ზის ევროპის წამყვანი თეატრების რეპერტუარში, ესსეები კი მოკლე ლიტერატურული ჟანრის თანამედროვე საუკეთესო ნაწარმოებებად არის მიჩნეული.
ვასო ჩიგოგიძეს ასეთი რამ როგორ გამოეპარებოდა და, რასაკვირველია, გურულების ერთადერთი სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში ჰაველი სავსებით ლოგიკურად ჩაჯდა.
„ვერნისაჟი“, რომელშიც სულ სამი პერსონაჟია, საოცრად დინამიკური კომედიაა და მსახიობს სცენაზე ოდნავი მოდუნების, თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. არ ვიცნობ სხვა თეატრების ვერას, მიხალისა და ბედროიხს, მაგრამ მათ განსასახიერებლად რომ თამარ მდინარაძემ, ვახტანგ ჩხარტიშვილმა და გიორგი ჩავლეშვილმა მაქსიმუმი გაიღეს, ეს უტყუარია.
თამარ მდინარაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი, როგორც მსახიობის, შესაძლებლობები უკიდეგანოა, პლასტიკა _ შეუდარებელი და ენერგია _ამოუწურავი. ამ როლში თამარის შესაფასებლად პიესიდან მიხალის სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენ: `თამარი რომ არა, ვერას როლს სხვა ვერა მოუხდებოდა!~
ვახტანგ ჩხარტიშვილის მოქნილობას მიჩვეულები ვართ. ახალგაზრდა მსახიობი სცენაზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, იმ განსხვავებით, რომ პირი წყლით არა აქვს სავსე, მოქმედებითაც და სიტყვითაც კარგად მიჰყავს თავისი გმირი მაყურებლამდე.
რაც შეეხება გიორგი ჩავლეშვილს, რამდენიმე წლის წინ, მისი სახით კარგი შევსება მიიღო თეატრმა. გიორგის თავისი, სხვებისგან განსხვავებული, დახვეწილი მანერა აქვს სცენაზე, მისი ბედროიხი მომთმენიცაა და ფეთქებადიც.
ცალკე უნდა აღინიშნოს მომცრო სცენაზე მსახიობების უშეცდომო ტემპერამენტიანი გადაადგილება, სცენის ბოლო წერტილამდე უზუსტესად გამოყენება და მაყურებელთან ახლო კონტაქტი.
მივედით მამუკა ბაბილოძემდე. ეს ახალგაზრდა რეჟისორის მეხუთე პრემიერა იყო ოზურგეთის თეატრში. ხუთბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, მამუკამ, ჩემი აზრით, 25 ქულა დაიმსახურა ამ პრემიერებისთვის. სხვანაირად არც ეკადრებოდა ჩვენი შოთა ბაბილოძის ვაჟს, რომელიც მამის სათქმელს და საკეთებელს განაგრძობს მშობლიურ თეატრში. ასეა ეს: კვიცი გვარზე ხტის!
ყველაზე ნაღდად მამუკა მაინც ბატონმა ვასომ შეაფასა, როცა პრემიერის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა რეჟისორს დიდი სცენისკენ მიუთითა, უკვე დროა, შვილო, იქეთ გადაინაცვლოო. სამხატვრო ხელმძღვანელის ამ თბილ წინადადებაში საუკეთესო შეფასებაც იკითხება და დიდი ნდობაც.
და ბოლოს ერთ ფრაზას კიდევ დავესესხები ჰაველს, თუ ზუსტად ჩავინიშნე, პერიფრაზირების გარეშე: „ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც სახლი აქვს მოწყობილი“. ჩვენი თეატრი კი როგორი სახლია, კარგად მოგეხსენებათ.
ავტორი თემურ მარშანიშვილი
მსგავსი სტატიები
- 79ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 76დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 75ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
- 70ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 671964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…