იერუსალიმი, ქანაანში მცხოვრებ იებუსეველთა ციხე-სიმაგრე, ისრაელის პირველი მეფეების, მოგვიანებით კი იუდას სამეფოს სატახტო ქალაქი იყო.
იერუსალიმმა გადაიტანა ძარცვა-რბევა ასურელთაგან, ბაბილონელთაგან, ბერძენ-რომაელთაგან, თურქთაგან. გაუძლო მამლუქებისა და ჯვაროსნების შემოსევებს და დგას, როგორც ყველაზე მშვიდობიანი ქალაქი, ანუ მშვიდობისათვის მებრძოლი თეთრი ქალაქი.
მშვიდობას იმთავითვე ესწრაფოდა ადამიანი, ხოლო ბიბლიის შემქმნელმა ერმა, ძველთაგანვე ამქვეყნიური ყოფის უზენაეს ნორმად გამოაცხადა იგი.
„ვერრა ჭურჭელი ვერ დაიტევს უფლის კურთხევას, მშვიდობის გარდა,“_  გვამცნობს ძველებრაული სიბრძნე და ალეგორიულად მიგვითითებს იმ უტყუარ ჭეშმარიტებაზე, რომ თვით უზენაესი მადლიც კი, მშვიდობის გარეშე, გატეხილ კოკაში ჩასხმულ წყალსა ჰგავს.
ებრაულად მშვიდობას „შალომ“ _  ჰქვია, მისალმებითაც ამ სიტყვით ესალმებიან ებრაელები ერთმანეთს, რადგან ცრემლებითა და სისხლისთხევით დამძიმებულ ათასწლეულებში ყველაზე მეტად მშვიდობას ისაკლისებდა მრავალტანჯული ერი ისრაელისა. ვინ იცის, იქნებ მშვიდობისადმი ასეთმა ნოსტალგიამაც განაპირობა თავიანთი მშობლიური ქალაქისათვის ეწოდებინათ „იერუშალაიმ“ , ანუ  – „ქალაქი მშვიდობისა“…
სიტყვა שלום , რომელიც მშვიდობას ნიშნავს. მისი ძირი ש. ל. ם. (შინი, ლამედი და მემი), აგრეთვე სრულყოფილებასა და სისავსეს აღნიშნავს. ანუ עיר שלום (ირ შალომ) შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც სრულყოფილების ქალაქი.
იერუსალიმის სახელწოდებასთან დაკავშირებით არის ლეგენდა: შემ-მა ნოახის ვაჟმა უწოდა ამ ადგილს „შალამ“ , აბრაჰამ-მა უწოდა მას  „ირე“. თქვა უზენაესმა :  „თუ ვუწოდებ ამ ადგილს „შალამ“ , როგორც შემმა უწოდა, მაშინ აბრაჰამი განაწყენდება. თუ ვუწოდებ მას „ირე“-ს როგორც აბრაჰამმა უწოდა მაშინ შემი განაწყენდება. მე დავარქმევ ამ ადგილს , რაც მათ ორივემ უწოდეს : „ირე-შალამ“ – იერუშალაიმ .
იერუსალიმს „ტაბურ ოლამს“ ,- მსოფლიოს ცენტრს, მსოფლიოს მჭიდს უწოდებენ. იგი მოიხსენიება ასევე, როგორც დავითის ქალაქი-„עיר דוד “, მართალი ქალაქი- „עיר צדק “, წმინდა ქალაქი -„עיר קודשז “, გამარჯვების ქალაქი- „עיר נצח“, და სხვა ბევრი ეპითეტით , რომელიც მან თავისი ისტორიული ყოფით დაიმსახურა.
იერუსალიმთან დაკავშირებით არის ლეგენდა:
ყველა ქალაქი გაზომა ღმერთმა და მხოლოდ იერუსალიმი ცნო ღირსად , რომ აქ აეშენებინათ  „ბეთ-ჰა-მიკდაში“
მის სილამაზეზე არის ლეგენდა:
„სილამაზის ათი განზომილება ებოძა უფლისგან მსოფლიოს. მათგან ცხრა ერგო იერუსალიმს, ხოლო ერთი მთელ დანარჩენ მსოფლიოს. “
ფრანგი თეოლოგი შარლ ვაგნერი წერდა: „ვერც ერთი ბრწყინვალე სახელწოდება ისტორიაში-თვით ეგვიპტე, ათენი, რომი- ვერ შეედრება იერუსალიმის მარადიულ ბრწყინვალებას“.
ამიტომაც, ხალხის რწმენით, ღმერთმა ვერ გაიმეტა იგი სამუდამო ხელყოფისათვის.
როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, იერუსალიმის ცეცხლმოკიდებული ტაძარი რომ იხილა, უფალი თურმე თავად შეძრწუნდა, ანგელოზებს უბრძანა, _ რაკი ,მთელი ტაძრის გადარჩენა შეუძლებელი იყო, დარჩენილი ბოლო კედელი მაინც ეხსნათ განადგურებისგან.
მაშინ ექვსი ანგელოზი ჩამომსხდარა თურმე ალმოდებული ტაძრის თაღებზე და ტირილი დაუწყიათ. მათი ცრემლები თურმე ცეცხლის დუღილს ანელებდა , საძირკვლის დუღაბში აღწევდა და კედელს ღონესა და გამძლეობას მატებდა.
ასე გადარჩა უწმინდესი „ბეთ-ჰა-მიკდაშის“ ერთადერთი კედელი-„გოდების კედელი“, რომელიც დღემდე დგას, როგორც ნაშთი აწგარდასული დიდებისა და მარადიული ერის უდრეკი და შეუპოვარი სულისა…
იერუსალიმი იმდენად წმინდა და სანუკვარ იყო ებრაელებისთვის, რომ ახალ ბაბილონური სამეფოს წარმომადგენლის, ნაბუქოდონოსორ მეორის, მიერ ძვ.წ-ით 586 წელს ბაბილონში გადასახლებული ებრაელები არ ივიწყებდნენ მშვიდობის ქალაქს და ბაბილონის მდინარეებთან სტიროდნენ.
გადმოცემით, ნაბუქოდონოსორი მიუახლოვდა თერმე მგლოვიარე იუდეველებს, მოუხმო ლევიტელებს, რომელთაც ოდითგანვე ლოცვა და გალობა ევალებოდათ ებრაულ ტაძრებში, და ასე მიმართა მათ: _ „ მოემზადენით! ამაღამდელ ნადიმზე თქვენ გევალებათ ქნარზე დაუკრათ ისრაელის საგალობლები, როგორც უკრავდით თქვენს ტაძარში, თქვენი ღმერთისთვის“.
შეძრწუნებულმა ლევიტელებმა თურმე ერთმანეთს გადახედეს და გაიფიქრეს. „ჩვენს ქნარებზე ამ უწმინდურების წინაშე როგორ უნდა დავუკრათ? “
ქნარები ძეწნის ტოტებზე ჩამოკიდეს და თითები გადაიმტვრიეს, რათა ქნარებზე ვეღარ დაეკრათ.
სწორედ ამ დროს შეიქმნა ეს უკვდავი სიტყვები, რომლებიც ფსალმუნთა წიგნშია ჩაწერილი.
„თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო,
დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.
მიეკრას ჩემი ენა სასას, თუ არ გაგიხსენო,
თუ არ დავაყენო იერუსალიმი
ჩემი მხიარულების სათავეში.“
სტატიის ავტორი:
აღმოსავლეთმცოდნე მარი მახარაძე
წყარო: ჯემალ აჯიაშვილი  „გამოიღვიძე ქნარო“

მსგავსი სტატიები

  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 73
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 71
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 68
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 68
    არასოდეს ყოფილა, და არც ახლა არის ადვილი ხელოვნების გზაზე შედგომა და მერე... ამ გზიდან არ გადახვევაავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 37 წელი  ოზურგეთს,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო  ღონისძიების  თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი  გამხდარა ოზურგეთელი  საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა  პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით. 19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა.  საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი…