გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა.
დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა.
მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა.
მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის არ აგვცდებაო იტყოდა ბაბუა“.
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ.
ნაშუადღევს დაიწყებდა, ჯერ ხოშხოშელას ჩამოყრიდა, მერე ფანტელად გადაიქცეოდა, მოდიოდა და მოდიოდა, შრაშუნით, შუშუნით, ნელა და ხვავრიელად..
თუ მოუქროლებდა და მარიამის გორიდან ნამქერს წამოიღებდა უცბად მობურდნავდა.
არ ჰქონდა ჩვენს სიხარულს საზღვარი.
საღამოს ბაბუა იტყოდა „ასე თუ ქნა, დილას სახლები დასათოლი იქნებაო“ თავის ცნობილ მოხრილპირიან ბამბისხის ნიჩაბს გამოაძრობდა საჩხინავიდან. ნაკვერჩხალზე ღორისქონიან ქილას შეათბობდა და ჭინჭით, საგულდაგულოდ გაპოხავდა ნიჩაბს. ჩახანის ნაპირს ჩამოფხეკდა, ჟანგარას მერდინში გამოცრიდა, ქონში გადაზელდა და მაღალყელიან, ტყავის ჩექმებს წასცხებდა.
„ზურიკონა, შენი ჭირიმე, რაღადროის შენხელა კაცის სახურავზე ბღოტიალია? არ ახვიდე ეგება წელს, ბიჭებმა ქნან..“
„ხომ კი? ბაღნები გუუშუა ზეთ და მე ფუხართან ვიჯდე, კი კი დაგიჯერეფ და ვიზამ მასე!!“
ყოველ წელს ერთი და იგივე სიტყვები..
„ღმერთო გამჩენელო, შვიდობა ქენი. შვიდობით მოსული შვიდობით წეიყვანე.“ ამ დღისთვის გადარჩეულ სიმინსდის ფრჩხილისხელა, თეთრ მარცვლებს ჩამოკიდებდა ბუხარში, ჟაჭვზე ჩახანით ბებია.
ასე დიდი თოვლი ერთხელ აუცილებლად მოდიოდა ყოველ წელს, ითვლებოდა დიდ წყალობად, დიდ საკრალურ ამბვად, ახლდა დარდი და ზორი და შრომა მაგრამ ბევრი სიხარული.
ძალის ძალად დაგვაძინებდნენ. დილით, დაორთქლილი ფანჯრიდან გადაბუმბლულ ეზოს რომ დავინახავდით ყვირილით ვიკლებდით იქაურობას.
ჩვენს გაღვიძებამდე ბაბუას გაკვალული ქონდა გზები ჭამდე, ფეხსალაგამდე წინა და სამეზობლო ჭიშკრებამდე. პატარა შენობებს, ნალიას, ხულას, საშეშეს, საბძელს, სათივეს, საქათმეებს და მისთანებს ზედ აუსვლელად, ბარნაბით გადმოთოლავდენ. სახლების გადმოთოვლა ცალკე საკაცებო, საერთო სამეზობლო საქმე და საკეთებელი იყო. დაუძახებდენ ერთმანეთს, ზურგზე ნიჩბიანი მეზობლის კაცები, უთქმელად იყო დადგენილი ჯერ ვისი სახლი ითოლება მერე ვისი და ბოლოს ვისი. პირველად უკაცო და ქვრივების სახლებს მიხედავდენ, სირცხვილად ითვლებოდა მთელი სოფლისთვის დაუთოლავობით სახლის დანგრევა და ამიტომ. შეძრებოდენ პარმაღიდან სხვენში და სხვენიდან სამტრედის პატრა ფანჯრიდან გამოდიოდენ სახურავებზე.
სახლიდან ჩამოსულებს ცხელ ბუხარს დაახვედრებდენ და პატარა სუფრას, მხოლოდ ერთს დალევდენ თაფლის არაყს „გულის სიმაგრიზა“ და ხაპის ნატეხს მიატანდენ. სახლზე ამსლელი კაცის არც დალევა ვარგა და არც სიმაძღრე.
ამ დღეს სხვანაირად ერთიანი და მხიარული იყო სოფელი, ყველა სახლი ითოლებოდა, ყველა ერთმანეთს ეხმიანებოდა სახურავებიდან, დაბნელებამდე იყო გადაძახილები..
ბაღნებისთვის სახლის წინ ჩიტების მოსახმობად ნაცარით მოაშავებდნენ მოტკეპნილ თოვლს და რაგვს გაგვიმართავდენ, ირენჭკაზე შეაყენებდა მამა დამხობილ გობს და ძაფის ბოლოს ფანჯარაში შემოყოფდა. მოგროვდებოდენ ჩიტები, გამოუშლიდით ფეხს და გობის ქვეშიდან გამოვიყვანდით გულაფართხალებულ ბეღურებს, ყელწიას, ღობემძრალას, იშვიათად წლევანდელი გამოუცდელი შაშვის ან ჩხართვის ბარტყიც გაებმებოდა მახეში, ვკიოდით სიხარულით, მოვეფერებოდით და ბებიას დარიგებით თავზე შემოვლებულს გავუშვებდით. მოხუცებს სჯეროდა რომ ყველა დაჭერილი და დახსნილი ჩიტი ბაღნების სატკივარს თან წაიღებს.
ბოლოს მიხედავდენ ნიჩბიანი კაცები ჩვენს სახლს, „აფერის დერდი არ მაქ, ზოტიდან ჩამოტანილი კაცისიმსხო კავი და სარაბახი მიწყვია ზეთ, ერთი კვირე ითუოს არ გაქანდება”“ იტყოდა ბაბუა ამაყად, მარა მაინც.. ამოისუნთქავდა სახლები, აღარ გაუდიოდა წაბლის ღოჯეს წკიპინი და დამშვიდდებოდენ ქალებიც.
სახურავიდან ჩამოყრილი თოვლი ამოყორავდა პირველი სართულის ფანჯრებს და ოთახებში ჩამობნლდებოდა, სხვანაირად დათბებოდა და დამყუდროვდებოდა.
ბოლო სახლში სანაქებო სადილს გაშლიდნენ მეზობლის ქალები, ფუთიან ქვის კეცს არეკავდა ბებია, ღორის ფერდი და კუპატი, თხილიანი ჯეჟერა ფხალის და კუხე პამიდორის მჟავე.
-ბეურ თოვლობას მოვსწრებოდეთო..
-რაფერც შვიდობით მოგვიბრძანე ისე შვიდობით დაგვეხსნასო..
-დღევანდელი თოლივით ხვავრიელი და ბარაქინი ქენი წრომანდელი წელიწადიო და ამის მაგვარები ბევრი, გვიანობამდე..
რახანია გურიაში სახლი აღარ დათოვლილა, აღარ მოდის თოვლი, ნეტა რამე ხომ არ დავაშავეთ და ვაწყენინეთ გამჩენელს?
ფოტო: გიორგი მახარაძე

მსგავსი სტატიები
- 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პროექტ ტრილოგიის ერთგვარ შეჯამებასაც წარმოადგენდა, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ, სიხარულს რომ ვერ მალავდა, ისეთი ემოციებით, იმ გამოწვევებსა და შედეგებზე ისაუბრა, რაც უკვე წარმატებით განხორციელდა და რისი იდეაც სამიოდე წლის წინ თავად გააჟღერა. 19-23 ნოემბრის ფარგლებში, ოზურგეთის სახელმწიფო… - 100
ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე, განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის… - 100
დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.… - 100
1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო… - 100
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…